Category: არქივი

  • სუფსაში ავტოავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ავარიას ლანჩხუთის რაიონში 4 ადამიანი ემსხვერპლა.  სუფსაში მთავარ მაგისტრალზე ერთმანეთს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ.

    მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. 

  • მემუქრებიან, რომ გეი ვარ და მომკლავენ-სამოქალაქო აქტივისტი

    „ნათესავები მემუქრებიან, რომ გეი ვარ და მომკლავენ“, – ივა ყურშუბაძემ “რადიო თავისუფლებასთან” მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ ისაუბრა.  

    სამოქალაქო აქტივისტის მიმართ აგრესია და მუქარა საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მიერ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 17 მაისს გადაცემა “ჰეშთეგში” ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

    მისი თქმით, , რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, სოფელ ჩაისუბანში მარტო მცხოვრებ მის 86 წლის ბებიას ნათესავები მოსვენებას არ აძლევენ და შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.

    „ბებიას ეუბნებიან, გვარის შემარცხვენელია და უნდა მოვკლათო… მისი თავით ფეხბურთს ვითამაშებთო… თანაც, ჯერ გვარი გამოიცვალოსო და ისე მოვკლავთო… სულ შიში მაქვს, რომ შეიძლება მართლა მომკლან და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს… ეს არის საშინელაბა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ივა ყურშუბაძე.

    შექმნილი ვითარების გამო უფლებადამცველებს ყურშუბაძე გადაადგილების მარშუტს ყოველ ჯერზე აწვდის. 

    ივა ყურშუბაძის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. მათ უკვე  მიმართეს პროკურატურას მომხდარი ფაქტის შესახებ. 

  • სააკაშვილმა ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართა

    საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართა.ამის შესახებ უკრაინული პრესა წერს. შესაბამისი განცხადება სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანა.

    შეგახსენე ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრიანის მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს.

    ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა, ამ დროს სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა.

    ამავე წლის სექტემბერში სააკაშვილმა თავის მომხრეებთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა,სადაც დაპირისპირება მოხდა. სასამართლომ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სააკაშვილი დამნაშავედ სცნო.

  • თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    3 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოები სახელდება.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის “ნატბეურების” დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, მირიან მეფის, ნიკოლოზ ბერაძის და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, ტყვიავის, სანაპიროს, რომის, სანკტ-პეტერბურგის, ზაქარია ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ნეკრასოვის, მოსე გოგიბერიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, წყაროთუბნის, ვლადიმერ ნანეიშვილის, კეცხოველის, ანგია ბოჭორიშვილის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, მაჩაბლის, მოსე ხონელის და სოლოლაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

  • რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით,გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 20 მაისს რუსთავში პარკში თავს დაესხა 1988 წელს დაბადებულ ქ.ს.-ს და მისი გაუპატიურება სცადა ქალმა მას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ჯ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მეორე დღეს რუსთავში დააკავეს. გამოძიება გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

    დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • შვილის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის საქმეზე დამატებითი მოკვლევა დაიწყო.რატომ არ მოხდა დროული რეაგირება არასრულწლოვანის მშობიარობის ფაქტზე

    კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარმა შემზარავმა ამბავმა არაერთი კითხვა გააჩინა. 16 წლის გოგონამ 7 თვის შვილი გაგუდა და მიიმალა. გარდაცვლილი ჩვილი მამამ საწოლში იპოვნა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და წავიდა. ოჯახის ახლობლების თქმით მან მკვლელობის შემდეგ თბილისში ვიღაც ბიჭს ჩააკითხა. გოგონა პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. წარმოშობით ქუთაისელი 16 წლის მ.შ.–ს ქმარი ოცი წლის არის. შსს–ს ინფორმაციით დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

    ოჯახი თვლის რომ გოგო უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში პირები უკვე გამოკითხა.მათ შორის გამოიკითხა 21 წლის რ.ჩ., რომელთანაც 16 წლის გოგონას, სავარაუდოდ, სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.

    მომხდარის გამო საზოგადოების აღშფოთების პარალელურად გაჩნდა კითხვა, რატომ არავის ჰქონდა აქამდე რეაქცია როცა არასრულწლოვანი გოგონა დედა გახდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა დასჯადია. გოგონას და ბავშვის ასაკიდან გამომდინარე კი სავარაუდოდ მისი სექსუალური ცხოვრება 14 წლის ასაკში დაიწყო.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ ამ ფაქტზე თავის დროზე არასაკმარისი რეაგირება მოხდა და ამის გამო შიდა მოკვლევა დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით,
    2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
    ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
    “შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.
    ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.
    გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.“–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
  • დიეგო მარადონა დააკავეს – არგენტინის პოლიციამ ის აეროპორტში აიყვანა

    გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო მარადონა მექსიკიდან შინ ბრუნდებოდა, ბუენოს აირესის აეროპორტში ჩასული კი იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.

    არგენტინელი ფეხბურთის ლეგენდა მისი ყოფილი მეწყვილის რიკო ოლივიას საჩივრის გამო დააკავეს. ოლივია მარადონასგან 5 მილიონ ფუნტს ითხოვს. რიკო ოლივია მიიჩნევს, რომ ეს თანხა მისი ,,კომპენსაციაა”.

    შეგახსენებთ, მათ ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს და 6 წელი იყვნენ ერთად, გასული წლის დეკემბერში კი წყვილმა დაშორება გადაწყვიტა.

    პოლიციამ დიეგო სასამართლოში დაიბარა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა. სასამართლო სხდომა 13 ივნისს უნდა გაიმართოს, მაგრამ როგორც ცნობილია დიეგო მარადონა იქ მისვლა არ აპირებს და მის უფლებებს მისი წარმომადგენელი მატიას მორლა დაიცავს.

  • რა შეეშალა პრეზიდენტს.ვიდეო რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წყალტუბოში სიტყვით გამოსვლის ეპიზოდი ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურების მიზეზი გახდა. 

    ზურაბიშვილი ფორუმს დაესწრო სახელწოდებით “რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები”. მან ქვეყნის რეგიონების პოტენციალზე ისაუბრა.

    ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას უცნაური შეფასებები გააკეთა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მან ასევე  სიტყვების დიდი ნაწილი არასწორად წარმოთქვა, რასაც სოციალურ ქსელში მალევე მოჰყვა უარყოფითი და კრიტიკული რეაქციები. 

  • პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს განმარტავს

    ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.მას ასევე გამოაკლდება 6 თვე, რომელიც მან პატიმრობაში უკვე გაატარა და შესაბამისად ეს ვადა მოხდილად ჩაეთვლება. განაჩენის გამოტანის შესახებ პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

    „გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ დ.ღ-მ ჩაიდინა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა.ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

    კერძოდ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დ.ღ-მ მიუთითა, რომ დავით სარალიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული იყო მ.კ-ც, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო ფიზიკურ დაპირისპირებაში მ.კ-ს მონაწილეობა.ამასთან დ.ღ-მ, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში განმარტა, რომ არ შესწრებია დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტს, რადგან მისი მეგობრის შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახეში, გონება დაკარგა და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დავით სარალიძე უკვე დაჭრილი იყო.

    აღნიშნული მოქმედებით დ.ღ.-მ აირიდა პასუხისმგებლობა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი, ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა.

    გარდა ამისა, მოწმე დ.ღ.-მ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრისას მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის ფაქტი, გამოძიებით კი დადგინდა, რომ მათ შორის შეხვედრასა და საუბარს რეალურად ჰქონდა ადგილი 2018 წლის თებერვალში. სამართალდამცველების მიერ 2018 წლის 19 ივლისს დ.ღ ქ. თბილისში დააკავეს.

    პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

  • კალაძის მიერ მხარდაჭერილ AiCar-ის პროექტს რუსული კომპანია ახორციელებს

    თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებულ მანქანების გაზიარების პროექტს, რუსული კომპანია ახორციელებს. აპლიკაცია AiCar-ზე რეგისტრაციის დროს, მოქალაქე უთითებს ყველა პერსონალურ მონაცემს, საბანკო ანგარიშების ჩათვლით.

    AiCar-ის ღია მხარდამჭერი თბილისის მერიაა. ამ პროექტით, ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეეძლება ელექტრომობილების სადგომზე გაჩერებული მანქანა წაიყვანოს, ერთ გავლილ კილომეტრზე 45 თეთრი უნდა გადაიხადოს, ამას ემატება მანქანაში გატარებული დრო 1 წუთის რვა თეთრი. პროექტის PR კამპანიაში  თბილისის მერი კახა კალაძე პირადად მონაწილებს. დღეს თბილისის მერმა თქვა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ კი ეს ბიზნესი რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდება.

    ის, რაც კახი კალაძეს ალოგიკურად ეჩვენება, რეალური საფრთხეა პროგრამისტებისა და იურისტებისთვის. იხსენებენ, რომ 2008 წელს ომის დროს, მოსკოვმა სამთავრობო საიტები რუსული სოციალური ქსელებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გათიშა. ჰიბრიდული ომისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში, სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების მონაცემებს საკუთარი ხელით აძლევს.

    AiCar-ის მესაკუთრე კომპანია ”ქართლიკარია”, რომლის 100% წილის მფლობელი რუსულ-უზბეკური კომპანია “ბიგ სერვისია”, რომელიც ხუთიდან ორი მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა, 25 %-იანი წილს კი დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობს. ძმები დიმიტრი და ზურაბ აბდუშელიშვილები ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები არიან. ზურაბ აბდუშელიშვილი „ომეგა ჯგუფის“ სკანდალში ფიგურირებდა, ცოტა ხსნის წინ კი, დიპლომატიური გამოცდილების გარეშე, ის უზბეკეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

    კომპანიის რუსული წარმომავლობისა და დიმიტრი აბდუშელიშვილის შესახებ კითხვებს არ პასუხობენ AiCar-ში. AiCar-მა სულ 300 ელექტრომობილი უნდა შემოიყვანოს, აბდუშელიშვილმა უკვე დაიწყო ამ ტიპის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ქუთაისში. იგეგმება აბასთუმნის ეკო-ქალაქად გამოცხადება.