Category: არქივი

  • ნატო-მ, რუსული საფრთხის გამო, სამხედრო სტრატეგია შეცვალა

    რუსული საფრთხის გამო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო სტრატეგია შეცვალა.განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყოველკვირეული გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

    იენს სტოლტენბერგის თქმით, უსაფრთხოების სფეროში წარმოიქმა ახალი ვითარება და რუსეთიდან მომდინარე მზარდ ბირთვულ საფრთხეზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

    სამხედრო სტრატეგიის შეცვლის გადაწყვეტილება ნატო-მ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად მიიღო.

  • ” ქალაქში უკანონობა არ უნდა მოხდეს”- კალაძე

    ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის ბანერები თბილისის ცენტრის ქუჩებიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა. ოპოზიციის ინფორმაციით, კანონი ბანერებს არ კრძალავსმ რის გამოც ისინი მომხდარს შალვა შავგულიძის დისკრიმინაციად აფასებენ. პარტიაში თვლიან, რომ ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ პირველ ტურში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და ქართულ ოცნებას შიში აქვს, რომ მათი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურს წააგებს.

    ევროპული საქართველოს დღევანდელ ბრალდებას უპასუხა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდა , რასაც შესაბამისი რეაგირება მოყვა. კალაძის განცხადებით, ქალაქში უკანონობა არ უნდა ხდებოდეს.

    „ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება, მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ქალაქში უკანონობა არ უნდა მოხდეს,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

    შავგულიძის ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ბარამიძემ, გააკეთა.

    მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი შტაბის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გააკრეს, თუმცა, დღეს დილას ადგილზე მისულებს ჩამოხსნილი დახვდათ.

    სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ბანერი თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან არჩევნების პირველ ტურში ამავე ქუჩებზე სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არ ჩამოუხსნიათ.

  • საპროტესტო აქცია ახალქალაქში – ოპოზიციის დაკავებული მხარდამჭერის გათავისუფლება პოლიციის უფროსს მოსთხოვეს

    საპროტესტო აქცია ახალქალაქის ცენტრში – ოპოზიციის დაკავებული მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის, ახლობლები ადგილობრივი პოლიციის უფროსს შეხვდნენ. აქციის მონაწილეები იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კუნგოიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

    მათი თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს. კუნგოიანის დაკავებას მისი ახლობლები პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირებს და აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ხელისუფლებამ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავა. მათი თქმით, სამართალდამცველებმა მას იარაღი ჩაუდეს.

    საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კუნგოიანს თავდებში უდგებოდა. მიუხედავად ამისა, პოლიციის უფროსმა დაკავებულის მამას და დეპუტატს განუცხადა, რომ ეს მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა და ამ შუამდგომლობით მათ სასამართლოსთვის მიემართათ.

    სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ უნდა იმსჯელოს, ზეგ გაიმართება. დაკავებულის ახლობლები აპირებენ, რომ აქცია სასამართლოსთანაც გამართონ და კიმ კუნგოიანის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვონ.

    „გუშინ მოვედი, რომ გამეგო, რატომ მიიყვანეს ჩემ შვილი განყოფილებაში. მითხრეს, რომ ნახევარი საათი დამეცადა. ველოდეთ. გავიდა ერთი საათი. დაიწყო წვიმა, ცუდად გავხდი და დაცვას ვთხოვე, რომ სასწრაფო გამოეძახებინა. მითხრეს, რომ უფლება არ ჰქონდათ და ამის ნებას არ აძლევდნენ. იძულებული გავხდი, თავად დამერეკა სასწრაფო დახმარებაში. დაკავების შემდეგ, დაახლეობით, საღამოს 7 საათზე სახლშიც მოვიდნენ და გაჩხრიკეს. დაწერეს, რომ ვერაფერი აღმოაჩინეს და ამას ჩვენც მოვაწერეთ ხელი. შემდეგ კი წავიკითხე სტატია, რომელშიც ეწერა, რომ ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი იპოვეს. ჰქონდათ უფლება, ასეთი არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ მთელი ერისთვის?“ – განაცხადა დაკავებულის დედამ.

    კიმ კუნგოიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეგიონში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ აქტიურობდა.

    სპეცოპერაცია ოპოზიციის მხარდამჭერის დასაკავებლად ახალქალაქში გუშინ ჩატარდა. დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა.

  • “გავედით კივილის ხმაზე და ვნახეთ ბავშვი ეგდო” – ტრაგიკული შემთხვევა დიდ დიღომში

    ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში. 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადავარდა, რომელიც ღია იყო, დედა კი ამ დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.

    „გავედით კივილის ხმაზე და ვნახეთ ბავშვი ეგდო და ეს დასტიროდა ზედ. რაღაცებს ცდილობდა დახმარებას, დავრეკეთ სასწრაფოში და სასწრაფო მოვიდა და გარდაცვლილი იყო ბავშვი, უგონოდ იყო,“ – ამბობს ადგილობრივი.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • საირმის ქუჩაზე მანქანა გაქურდეს

    საირმის ქუჩაზე, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის კუთვნილი ავტომობილი გაქურდეს.შემთხვევა წუხელ მოხდა.
    ძვირადღირებულ ჯიპს ჩამტვრეული აქვს ფანჯარა.
    ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დილიდან მუშაობდნენ.
    ავტომობილი რომ, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ეკუთვნის, ამაზე საქარე მინაზე მოთავსებული საშვი მიუთითებს. თავად მანქანის პატრონი კამერების წინ არ გამოჩენილა.
  • შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში – საპროტესტო აქციამ მთელი ქალაქი მოიცვა

    უმწვავესი პროტესტის და შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში – საპროტესტო აქციამ დღეს უკვე მთელი ქალაქი მოიცვა. მოშიმშილეები და ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები კარვებიდან დროებით გამოვიდნენ და საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გამართეს.

    ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე 9 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვას.

    აქციის მონაწილეებს თანამოაზრეები ყოველდღიურად ემატებიან.

    „პროტესტის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად, სანამ შედეგს არ დავდებ, სანამ არ მივიყვანთ ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. მაგრამ, როგორც ასეთი, არის ნიუანსები, რომელიც უნდა შეიცვალოს. ერთმანეთში აქვთ საუბრები მთავრობას და ჩვენს წარმომადგენელ კომპანიას, რომელმაც გაგვიშრო უკვე წლებია, სისხლი… შაბათ-კვირა უნდა მივცეთ დრო. მგონი, ამ შაბათ-კვირას დააფიქსირებენ ჩვენს სახალხო აზრს… ველოდებით, თუ არადა მოუწევთ თითოეულ მათგანს, დატოვონ სამსახურები,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

    აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ შედეგი არ დადგება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

    „მივმართავთ კომპანიას, რომელიც ეწევა დაშინების და ზეწოლის კამპანიას, უგზავნის მესიჯებს, მუდმივად საუბრობს სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობაზე და ამით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მაღაროელებზე. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ კომპანიისგან კანონის ენით ლაპარაკი, რომელიც მუდმივად არღვევს შრომით კანონმდებლობას, გარემოს დაცვით კანონმდებლობას. ასევე, მივმართავთ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ამ ადამიანების შრომითი უფლებების დაცვა,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

    გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

  • ვიდეოკადრები, როგორ ცვივა ბათუმში ქარის გამო მშენებლობიდან ხარაჩოები

    სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო და ფოტო კადრები , როგორ ცვივა ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მშენებლობიდან სამშენებლო მასალები და ხარაჩოები. ამ ვიდეოზე ორბის მშენებლობაა გადაღებული:

  • საქართველოს სანაპირო დაცვამ მალტის დროშით მცურავი გემი დააკავა და დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი “MARVEA” დააკავეს.

    ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

    “MARVEA”-ს კაპიტანს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

  • 25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
    ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს.
    გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ.
    27 მაისიდან რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.