Category: არქივი

  • აცრემლებული ტოჩინოშინი – ლევანი უსამართლო მარცხს უემოციოდ ვერ შეეგუა

    ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინსა და ასანოიამას შორის გამართული ორთაბრძოლა სუმოს სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბრძოლა თითქოს ქართველის გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო, რადგან მან მეტოქე დოჰიოს კიდეზე დაანარცხა და გიოჯიმაც გუმბაი ტოჩინოშინის მხარეს ასწია, თუმცა ამის შემდეგ დოჰიოზე შიმპანები (სუმოს მსაჯები) ამოვიდნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში განიხილავდნენ გიოჯის გადაწყვეტილებას. 

    საბოლოოდ მათ გააუქმეს ტოჩინოშინისთვის მიკუთვნებული გამარჯვება და მოგება ასანოიამას ჩაუთვალეს იმ მიზეზით, რომ ტოჩინოშინმა გდების შესრულებამდე თვითონ გადადგა ფეხი დოჰიოს მიღმა. მაგრამ გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ შიმპანებმა შეცდომა დაუშვეს და ქართველ გოლიათს რეალურად ფეხი დოჰიოს საზღვარს გარეთ არ გადაუდგამს. გამეორების ნახვის შემდეგ ტოჩინოშინმა ემოციები ვერ შეიკავა.

  • “საკითხი დასვა თვითონ და პასუხი არ აინტერესებს’- სერგო მეთოფიშვილი ანა დოლიძეზე

    მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრს ანა დოლიძეს იმის გამო აკრიტიკებს რომ ის იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დაესწრო. სხდომაზე სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიდნენ კენჭს. 

    „ის საკითხი, რომლის გამო გადავდეთ და შესვენება გამოვაცხადეთ, იყო ამ არაკომპეტენტური ანა დოლიძის მიერ დაყენებული. ეს საკითხი დასვა თვითონ და პასუხი არ აინტერესებს. გესმით რა ხდება? მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ მთავარია, კითხვა დასვა და წავიდა, ამდენად აინტერესებს ეს საკითხი,” – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

    საბჭოს სხდომას ასევე არ ესწრება არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. უცნობია, რა მიზეზით არ ესწრება სხდომას ანა დოლიძე. სწორედ ამის გამო, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ის კრიტიკის ობიექტი გახდა.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7802 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7799 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1102 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.48 თეთრი შეადგინა.

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  11 პირი შეიწყალა.  8 მსჯავდებული პირი დღესვე დატოვებს საპატიმროს.პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული მათ შორის ერთ-ერთი ქალია და ისინი სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

    “პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

    ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან,”-  ნათქვამია განცხადებაში.

  • „ოცნების“ აქტივისტი აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა

    სულ ცოტა ხნის წინ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადა ამოიწურა.

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 9 კანდიდატი მიიღებს. კანდიდატთა სია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

    დირექტორობის კანდიდატები არიან:

    მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;

    დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;

    გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი;

    გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;

    ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;

    ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

    ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის ჟურნალისტი;

    ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი

    თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური,  მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ჯერ კიდევ კაპანაძის  გადაყენებამდე გაჩნდა ვერსიები, რომ  მაუწყებლის შემდეგ დირექტორად თორნიკე მჟავანაძე მოიაზრებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მჟავანაძე  „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. 

    აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

    განცხადების გადარჩევის შემდეგ, კანდიდატებთან შედგება გასაუბრება.

    მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს  არაუგვიანეს 4 ივნისისს აირჩევს.

  • გურჯაანის საავადმყოფოში პაციენტს კლინიკაში არ უშვებდნენ

    გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

    გიორგი ხეტეშვილი, რომელსაც უბნის ექიმის დახმარება სჭირდებოდა, კლინიკის მენეჯერმა შენობაში არ შეუშვა. პაციენტის თქმით, ამისთვის რუსუდან კუპატაშვილმა დაცვის თანამშრომლების მობილიზება გამოაცხადა.

    გიორგი ხეტეშვილის განცხადებით, კუპატაშვილს მასთან პირადი დაპირისპირება აქვს. მისი მტკიცებით, გასულ კვირას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს მის მცირეწლოვან შვილსაც.

    საავადმყოფოს მენეჯერი შენობაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ადგილზე ტელევიზია მივიდა. ხეტეშვილს სამედიცინო დახმარება მხოლოდ ტელევიზიის გამოჩენის შემდეგ გაეწია.

  • სახალხო დამცველი გაფიცულ მაღაროელებს ხვდება

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში გაფიცულ მაღაროელებს ხვდება.

    “რასაც სახალხო დამცველი მიაქცევს ყურადღებას, პირველ რიგში ეს ეხება შრომით პირობებს, ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების და სამუსაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას, იმიტომ რომ დღეს რაც მოვისმინე ის 12 საათიანი რეჟიმი 2 კვირის ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილია მაქსიმუმ სამუშაო საათებად, მითუმეტეს მათ უწევთ ძალიან მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

    შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი სულ უფრო მასშტაბური ხდება. მათი ნაწილი შიმშილობს.

    სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

  • მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესეს

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

    იუსტიციის საბჭოს მდივანს განაცხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზეც ჰქონდა შეტანილი, თუმცა კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის საბჭომ მიქაუტაძე  საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გაამწესა.

    კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს დასრულდება. საბჭო მოსამართლეებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილზე დანიშნავს. 43 ვაკანტურ ადგილზე 72 კანდიდატის განაცხადია შესული.

  • 25 მაისიდან ჭიათურაში შიმშილობის დაწყებას ქალებიც გეგმავენ

    ჭიათურაში გაფიცვა მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. ქალაქში ყველა მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. 

    25 მაისიდან ჭიათურაში შიმშილობას ქალებიც დაიწყებენ -ამის შესახებ აქციის მონაწილე ქალბატონებმა განაცხადეს.

    ერთ-ერთი ქალის თქმით,  თუ  „ჯორჯიან მანგანეზი“ დღეს საღამომდე არ დადებს პირობას, რომ  მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ,  შიმშილობას ქალებიც დაიწყებენ. მაღაროელების აქციაზე საღამოს ბაზრობაზე დასაქმებულებიც მივიდნენ, მანამდე კი პროტესტს ტაქსის და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ. 

    “ჩვენც დავსხდებით აქ, ქალები. ჩვენი გულისთვის რატომ უნდა იყვნენ ესენი მარტო, ვიქნებით აქ, ვიშიმშილებთ. ისიამოვნოს ჩვენმა მთავრობამ და „ჯორჯიან მანგანეზმის“ ხელნძღვანელობამ, ან დააკმაყოფილონ მოთხოვნები, ან წავიდნენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

    სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული.  ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

  • მე არ ვიცი „არკო“, „მარკო“ და „პარკო” – კალაძის პასუხი ოპოზიციას

    თბილისის მერი კახი კალაძე საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც, მერიამ შპს „არკოს“ 4000 კვ.მ.-ის სატყეო ფართობის სანაცვლოდ, საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად 37 ათასი კვ.მ. მისცა. კალაძის განცხადებით, ადგილმონაცვლეობას მერია ტერიტორიის საფასურის მიხედვით აკეთებს.

    „ადგილმონაცვლეობისას ტერიტორიების შეფასებას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან აკრედიტებული ბიუროები აკეთებენ.მე არ ვიცი ზუსტად „არკო“, „მარკო“ და „პარკო”. გეტყვით იმას, რომ მონაცვლეობა ხდება ძალიან მარტივი სქემით. ხდება შეფასება სამხარაულის მიერ, ან დიდი ოთხეულიდან, ან აკრედიტებული ბიუროებიდან და ფასების მიხედვით ხდება მონაცვლეობა. შეიძლება იყოს 100 კვადრატული მეტრი ვაკეში, რუსთაველზე და პირობითად, მისი ღირებულება 1000 ლარი იყოს, ასევე იყოს 500 კვ.მ. გლდანში და მისი ფასი იყოს გაცილებით ნაკლები“, – განაცხადა კახი კალაძემ.

    რაც შეეხება თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მეორე ბრალდებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია გზების გასაკეთებლად პროცენტიან სესხს იღებს კომერციული ბანკებიდან. კალაძე ამბობს, რომ სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის მიწოდება ვერ ხდება, მერია ხსნის საკრედიტო ხაზს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდეს.