Category: არქივი

  • “დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი”-იაგო ხვიჩია

    “დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი თავისი ბიძინათი და მიშათი”,- ასე ეხმაურება დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია.

    ხვიჩიას აზრით, 26 მაისი, ზეიმის დღე არაა და შესაბამისად რუსთაველის გამზირზე “ტაშფანდურიც” ზედმეტია.

    “26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა ჩვენ დავკარგეთ. თან დავკარგეთ ისე რომ მის მერე 70 წელი მონობაში ვიცხოვრეთ.

    ამ 70 წლიანი მონობის შედეგია ის რომ ამ დღეს ისე აღვნიშნავთ, როგორც მანამდე 1917 წლის 7 ნოემბერს.
    ამ მონობის შედეგია ის, რომ რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ჩაშლის რისკის გამო, გავლახეთ და დავხოცეთ ადამიანები, ხოლო ვინც ეს ფირზე აღბეჭდა დავაპატიმრეთ.

    ამ მონობის შედეგია ის, რომ ფაქტობრივად არ გვყოლია ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისას ჰქონდა გააზრებული, რომ ოდესმე სხვაზე უნდა გადაებარებინა მმართველობა და პოსტსაბჭოთა ძალოვნების გამოყენებით არ უნდა ეცადა მისი შენარჩუნება.

    ამ მონობის შედეგია ის, რომ ქვეყნის მმართველებს ტრადიციულად ჯიბეში უზით სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ბიუროკრატია და მათ იყენებენ ადამიანის წინააღმდეგ, თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად
    ამ 70 წლიანი მონობის შედეგია, ისიც რომ პოლიციელს, მოსამართლეს, პროკურორს და ბიუროკრატს ეს ნორმალური ჰგონია.

    ქვეყნის დამოუკიდებლობა საზეიმო მაშინაა, თუ ეს ადამიანის თავისუფლების გაზრდასაც მოიცავს სახელმწიფოსგან.

    დღევანდელი საქართველო მხოლოდ იმით სჯობს სსრკ-ს, რომ აქ მაინც მეტი თავისუფლებაა ერთი ადამიანისთვის.

    ისე დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი თავისი ბიძინათი და მიშათი.

    ამ მონობის შედეგია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ვერ შეძლო შეექმნა ერთი პოლიტიკური ლიდერიც კი, რომლის ამბიცია ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება კი არ იქნებოდა, არამედ ვადის გასვლის მერე, ძალაუფლებაზე დემონსტრაციულად უარის თქმა და ისტორიაში წესიერად შესვლა.

    ამ მონობის შედეგია ის, რომ ნაცვლად თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწეებისა, ათწლეულებია საშუალო კალიბრის პოსტსაბჭოთა ადამიანები გვაზიან თავზე და ყველაფერს აკეთებენ რომ არასოდეს მოგვცილდნენ.

    26 მაისი, ზეიმის დღე არაა, სასაცილოდ გამოიყურება 1918 წლის 26 მაისის ზეიმი, ხო გვესმის როგორც დამთავრდა ეს.

    ჩემი აზრით, ეს დღე ჩვენი ისტორიის გააზრების დღე უნდა იყოს და რუსთაველზე ტაშფანდური კი არ უნდა გვქონდეს მოწყობილი, უნდა ვსაუბრობდით იმაზე თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და მართლა დამოუკიდებლები ვართ თუ არა მაშინ, როცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის მერეც ვერ გაგვირკვევია რა არის ადამიანი და სად არის მისი ადგილი სახელმწიფოში”, – წერს ხვიჩია.

  • არასრულწლოვნებმა ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზია, აფთიაქი და სალონი გაქურდეს

    ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე გვიან ღამით რამდენიმე მაღაზია, აფთიაქი და სილამაზის სალონი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.

    ფაქტის ამსახველ ფოტოებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაზარალებულები ამბობენ, რომ წაღებულია სალაროებში დატოვებული ხურდა ფული. საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს მინის კარი დილით აგურით დახვდა ჩამტვრეული.

    გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. შსს-სინფორმაციით,დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები  არასრულწლოვნები არიან.

  • რუსული დროშების გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

    აჭარის განათლების მინისტრი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან – ინგა შამილიშვილი აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობა მინისტრს ბათუმში რუსული სიმბოლიკით მოწყობილი მსვლელობის გამო დაატოვებინეს.

    დღეს დილით, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე რუსულმა ანსამბლმა ოკუპანტი ქვეყნის დროშებითა და სახელმწიფო სიმბოლიკით ჩაიარა.

    მსვლელობაში ფოლკლორულ ფესტივალზე დასასწრებად ჩამოსული სხვადსხვა ანსამბლები მონაწილოებდნენ, მათ შორის კი იყო როსტოვიდან ჩამოსული დასიც.

    ფესტივალის და მსვლელობის ორგანიზატორი აჭარის განათლების სამინისტრო იყო.

    მომხდარზე განცხადება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სამწუხარო ფაქტი იყო.

    “ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი, პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი,”-აცხადებს რიჟვაძე.

  • რუსული დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს

    რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით “RUSSIA” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-   ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე  მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა.

    ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, მისთვის ცნობილია რა დღეს აღნიშნავს დღეს საქართველო და ისინი ბათუმში ფესტივალის ორგანიზატორის მოწვევით ჩამოვიდნენ.

    ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.

    ”ეს არის ბავშვთა ფესტივალი და არა პოლიტიკა”-განაცხადა მინისტრმა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.

  • ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისალოცი წერილი ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

    „ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ თქვენ და ვულოცავ თქვენ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!

    აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ. მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება, კმაყოფილებას იწვევს.

    დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ურთიერთნდობას და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განვითარდება და გაფართოვდება, ჩვენი ხალხების ინტერესების გათვალისწინებით.

    ამ შესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს – კეთიდლღეობას და აყვავებას ვუსურვებ“, – წერია ილჰამ ალიევის მისალოც წერილში.

  • თელავში საზეიმო ღონისძიებისთვის აშენებული სცენის კონსტრუქცია ჩაინგრა

    თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის დამონტაჟებულ სცენაზე გადახურვა ჩაინგრა. ფოტომასალა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. რკინის კონსტრუქცია იმ დროს ჩავარდა, როცა კონცერტის სამზადისი სცენის მიღმა მიმდინარეობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მიზეზით კულტურულ ღონისძიებებში ცვლილება შევიდა. პირველი კონცერტი პირველის ნახევარზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ის სცენის აღდგენამდე გადაიდო.
    ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, კონსტრუქციის მაღლა აწევის დროს ძლიერმა ვიბრაციამ გამოიწვია. ამ წუთებში სცენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში კი დამთვალიერებელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებულ ტექნიკას, ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას იხილავს. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინოები. დღევანდელი დღე მოწვეული მომღერლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
  • “დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე” – სალომე ზურაბიშვილი


    დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს 5 რეგიონში 463-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას თბილისში, თავისუფლების მოედანზე მთავრობის წევრები და თავდაცვის ძალების სარდლობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    ფიცის დადებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
    შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, სიტყვით ქვეყნის მთავარსარდალი გამოვიდა.
    „ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე. ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა. გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას. დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლის თავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ მუდმივად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი გამტკიცებისთვის დღევანდელ გამოწვევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. მისგან საბოლოოდ ყოველ მხრივ გათავისუფლება არის ერთ ერთი რთული გამოწვევა. ბევრად უფრო რთული ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნება, ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია. მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, ოკუპაციის დაძლევას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ცხოვრობს სხვადასხვა ეთნოსის ბევრი მოქალაქე, რომელიც უნდა ფლობდეს ქართულ ენას. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს, რომ ყველა მოქალაქემ მცირე ასაკიდან ისწავლოს ქართული ენა.
    საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ იმ დრომდე სანამ რუსული მავრთულხლართებია საქართველოში, მისი დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება.
    “დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ჩვენი მოქალაქეები, რუსეთის ძალადობრივი რეჟიმის მძველები იქნებიან,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    საქართველოს პრეზიდენტი ასეე დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიესალმება კომისიის მუშაობის განახლებას.
  • დამოუკიდებლობის დღე თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება

    საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სხვადსხვა კულტურულ-ეკონომიკური ღონისძიებები გაიმართება.

    გამოფენები, მუსიკალური ღონისძიებები, ჯამბაზები, წარმოდგენები, ინსტალაციები, კონცერტები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სხვადასხვა გასართობი პროგრამებისა, რომელიც თბილისის ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახვდებათ.

    „წლევანდელი კონცეფცია არის – გააზიარე ცოდნა და ცოდნა თავის აზრში რა თქმა უნდა თავისუფლებას გულისხმობს. წარმოდგენილი არის ისტორიის ლაბირინთი, სადაც ჩვენ ვყვებით თბილისის ისტორიას სხვადასხვა ფოტომასალით. ასევე წარმოდგენილები არიან ის ადამიანები, ვინც ასე აკინძეს თბილისი და მოიტანეს ქალაქი დღემდე. ასევე ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართა,“-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ.

    აწარმოე ქართულის პროექტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ეკონომიკური სივრცეც, სადაც მცირე და მიკრო მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს.

    „დღევანდელ დღეს ეკონომიკის სამინისტრო ეგებება მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი სამეწარმეო გემოფენებით. ჩვენ მოწყობილი გვაქვს ჩვენი მცირე და მიკრო მეწარმეების, ჩვენი პროგრამების ბენეფიციარების და პოტენციური ბენეფიციარების გამოფენები სხვადასხვა ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს არამხოლოდ პროდუქციის გამოფენა და იმის წარმოჩენა თუ ჩვენი დახმარებით როგორ მუშაობენ, როგორ ამარაგებენ საქართველოს ბაზარს, როგორ გადიან ექსპორტზე,“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

    ღონისძიებაში მონაწილეობენ სტუდენტებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.