Category: არქივი

  • ვინ არის 16 წლის გოგონა, რომელსაც მდინარეში ეძებენ

    გუშინ კახეთში, უბედური შემთხვევა მოხდა. ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის მოსწავლე ხევში გადავარდა.

    16 წლის გოგონა კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეა. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ ის ბლოგერისა და სოციალური მედიის მენეჯერის სალომე ბარკერის უმცროსი და არის.

    “ვე­ძებთ სო­ფის”,-დაწერა სალომე ბარკერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

    ლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს მაშველები გუშინ საღამოდან ეძებენ.
    სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ გოგონას ადგილსამყოფელი ცნობილია, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება, რის გამოც მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ.

  • რუსთავში ჯარისკაცებმა ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს

    რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხანძრის დროს, სამმა სამხედრო მომსახურემ  ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგლობრივი მედია”ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახლში ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა. მცირეწლოვნები სახლიდან ჯარისკაცებმა გამოიყვანეს.

    მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს – კლინიკა “რუსთავში“ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

  • „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,მასში ის პირობებია ის პირობებია ჩამოთვლილი, რომელიც გაფიცულებს გუშინ  შესთავაზეს.

    “1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან – 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან – 10%-იანი ზრდა;

    2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი ივლისიდან – ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა;

    სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე.

    3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;

    4. სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

    5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა;

    6. 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

    7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

    8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

    9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

    10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

    აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე – რიგითი ჭიათურელებისთვის.

    სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ“- ნათქვამია ჯორჯიან მანგანეზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ექსკურსიებისა და მოსწავლეების ტრანსპორტირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ

    დღეს, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტს განიხილავენ.

    საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სასკოლო ღონისძიებების დროს მძღოლებს მოსწავლეების გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას წარადგენენ.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც
    „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ჯარიმები წესდება.

  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

    ლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ  მოსწავლეს მაშველები გუშინ საღამოდან ეძებენ, 16 წლის გოგონას   ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.

    სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება, რის გამოც მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ.

    უბედური შემთხვევა გუშინ  მოხდა. კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

  • ქართული ოცნების საზეიმო მიღება და ივანიშვილის მიმართვა(ვიდეო)

    26 მაისს საღამოს ხელისუფლებამ მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ ანდერვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. მიღებას პრემიერი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. ივანიშვილს ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია, თუმცა პრესსამსახურმა გაავრცელა ჩაწერილი ვიდეო მიმართვა, რომლითაც ქართული ოცნების თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
    „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო-სახალხო დღესასწაულად გადაიქცა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
    მისი თქმით, წლევანდელი წელი შეიძლება განსაკუთრებული იყოს იმით, რომ ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად განათლება გამოაცხადა და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება მიმართული ხელისუფლების ძალისხმევა.
    „ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრორიტეტად განათლება გამოცხადდა. მოგეხსენებათ, განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • “ის იყო ჩემი მეზობელი.ორი დღის გაცნობილი მყავდა“–რატომ გაუწია ხუხაშვილმა გახარიას რეკომენდაცია ივანიშვილთან

    ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ხუხაშვილმა გადაცემაში კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად მოყვა, რა ვითარებაში გაიცნო გახარია და როგორ მოხვდა ის თავის დროზე ივანიშვილის გუნდში. ხუხაშვილი არ მალავს, რომ დღევანდელი შს მინისტრი ბიძინა ივანიშვილთან მისი რეკომენდაციით მოხვდა. გახარია ამაღლების ქუჩაზე გია ხუხაშვილის მეზობელია და ერთმანეთიც აქედან გაიცნეს:
    “ასე მოხდა თავის დროზე, რომ ჩვენ რაღაც პოზიციაზე გვჭირდებოდა ადამიანი. ის იყო ჩემი მეზობელი, რომელიც სულ ორი დღის გაცნობილი მყავდა. იმიტომ არ გამიკეთებია რომ ჩემი მეზობელია.
    ჩვენ გვყავდა ბიზნეს ომბუდსმენი დასანიშნი და პრობლემა იყო ის, რომ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა ბიზნესი და არ უნდა ყოფილიყო არცერთი ბიზნეს დაჯგუფების წარმომადგენელი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა გარკვეულ დაძაბულობას.
    მოგეხსენებათ რომ საქართველოში ბიზნესები დაჯგუფებებია ბიზნესი რომ ესმოდეს და არცერთ დაჯგუფებაში არ იყოს ასეთი ადამიანის პოვნა იყო ძალიან ძნელი. და რომელიმე ერთი ინტერესჯგუფიდან რომ აგვერჩია ვინმე სხვები იფიქრებდნენ, რომ ამათ ვლობირებთ და ასე შემდეგ. გახარია იყო ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მე რომ გავიცანი იმ დღეს ჩამოვიდა საქართველოში. არავის არ იცნობდა.კომპეტენცია ეტყობოდა. მე მას ვესაუბრე. ის იყო ლუფთჰანზას წარმომადგენელი და ეს არ არის მარტივი პოზიცია ლუფთჰანზამ რომ აგარჩიოს.
    არავინ რომ არ იცნობდა და არცერთ ინტერესჯგუფს არ წარმოადგენდა,რისკი არ გვქონდა. რომ გავესაუბრე არც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ იმ დღეს ბიძინა ივანიშვილთან საუბარში დადგა საკითხი, რომ იმ ბიზნესს უნდა შევხვედროდით და ვიღაცა სწრაფად აგვერჩია და უცბად გამახსენდა, დღეს გავიცანი ერთი კარგი ბიჭიმეთქი.
    კითხვაზე, კონკრეტულად როგორ გაიცნო გახარია, ხუხაშვილი პასუხობს, რომ გახარიას მამამ ხუხაშვილის მეუღლეს სთხოვა ისინი ერთმანეთისთვის შეეხვედრებინათ.
    “მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის. ის აღმოჩნდა რომ კომპეტენტურია და მე ნამდვილად არ მრცხვენია ამ გადაწყვეტილებების . თუ ვინმეს რამე შეუძლია ამ მთავრობაში გახარიაა. თავის პლიუსებით და მინუსებით. მე მის პლიუსებსაც ვხედავ და მინუსებსაც. მე ვფიქრობ რომ ეს საამაყო გადაწყვეტილებაა,თუმცა პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, იმიტომ რომ იყო გადაწყვეტილებები, რაც მას ლაქად დაეტყო.“– განაცხადა ხუხაშვილმა. ის ამბობს, რომ ამჟამად გახარიასთან ურთიერთობა არ აქვს და მხოლოდ შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს ავტოფარეხში.
    გია ხუხაშვილმა გახარიას ამჟამინდელ მოღვაწეობაზე და მის სამომავლო პერსპექტივებზეც საუბრობს:
    “სკეპტიკურად ვუყურებ გახარიას გაპრემიერებას. სისტემა არ გულისხმობ ქარიზმატულ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე და კრიზის მენეჯმენტზე ორიენტულ ლიდერებს. ასეთი ლიდერები არ არის მოთხოვნადი, თუმცა საჭიროა გარკვეული შეზღუდული კომპეტენციით.
    გახარიას მინუსი კიდევ ის გახლავთ, რომ გახარიამ ვერ მოახერხა გუნდის ფორმირება. ის მაინც მარტოა. სისტემაში მარტოა. ფაქტობრივად ის ზის აღმოსავლეთის ექსპრესში. სახელისუფლო გუნდში ყველა მისი მტერია. მას მეგობარი არ ყავს. გახარია არის ყველასთვის დისკომფორტის შემქმნელი. მას არ ყავს მოკავშირე. ის იქ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ის საჭიროა. იმიტომ რომ ოპერატიული კრიზის მენეჯმენტის უნარები ამ ხელისუფლებაში არავის არ აქვს. ხომ გვახსოვს რომ ერთი ტყლაპოდან მეორეში ხდებოდნენ.“– ამბობს ექსპერტი.
    კითხვაზე, თვითონ ხომ არ ქმნის გახარია კრიზისებს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ის ასე არ ფიქრობს და მას კრიზისებს სხვები უქმნიან. თუმცა, კონკრეტულად პანკისის კრიზისზე არ თვლის, რომ თავიდანვე გახარიას წინააღმდეგ იყო ჩაფიქრებული.
    “არ ვარ დარწმუნებული, რომ პანკისი თავიდანვე იყო მის წინააღმდეგ ორგანიზებული ისტორია, მაგრამ ისტორია რომ დაიწყო ამით ვიღაცამ ისარგებლა და შეეცადა რომ მის წინააღმდეგ შეეტრიალებინა.
    რამდენიმე ინტერესჯგუფია. არცერთის ინტერესში არ არის გახარიას გაძლიერება.იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი.
    ხელისუფლება როგორ ლაგდება: არის ერთი ადამიანი რომელიც ზის ოლიმპზე და არის პატარ–პატარა ბოსტნები და პატარა ადამიანები ცდლილობენ, რომ თავისი ბოსტანი გააფართოვონ ან მის ბოსტანში არავინ არ ჩაერიოს.
    გახარიას არ აქვს თავისი ბოსტანი.გახარიას დისკომფორტი ზუსტად ამაშია. ის თამაშობს მეველის როლს,რომელსაც აქვს უფლება ნებისმიერ ბოსტანში შეიხედოს.
    და ეს არავის არ უნდა ბუნებრივია. ყველას აქვს მათ შორის თავისი ეკონომიკური ინტერესი.
    სუსში თუ ვინმეს უქმნის გახარია დისკომფორტს იმიტომ, რომ საფრთხეს წარმოადგენს გარკვეული სქემების გამჟღავნების და კომპრომეტირების კუთხით და რაც მთავარია ამბის მიმტანია ბიძინა ივანიშვილთან.
    როგორ გგონიათ მაგალითად პროსტიტუცია ან ნარკობიზნესი სისტემის მიღმაა? არ არის სისტემის მიღმა და გახარია არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ მიმართულებით კონკრეტულ ადამიანებს შეუქმნას პრობლემა.
    გახარია იქნება მანამდე, სანამ მისი ალტერნატივა არ მოიძებნება. მის ალტერნატივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ კრიზის მენეჯმენტის თვალსაზრისით. გახარიას გარეშე ისინი პირველივე კრიზისზე ჩახტებიან დიდ ტყლაპოში. ეს ივანიშვილმა კარგად იცის. ამ ადამიანს ოპერატიული კრიზის მენეჯმენტის უნარები აქვს. სტრატეგიული მენეჯმენტი არ იცის.ცეცხლს აქრობს, მაგრამ ნაღვერდალს ტოვებს.“– ამბობს გია ხუხაშვილი
  • ლაგოდეხში მდინარის მიერ გატაცებულ გოგონას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

    უკვე რამდენიმე საათია მაშველები უშედეგოდ ეძებენ ლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას, რომელიც მდინარე მგაიტაცა.
    ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით სამძებრო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, თუმცა სამაშველო ჯგუფები ძებნას მაინც განაგრძობენ.
    რომ ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.
    შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.
    საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებითცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე – წყალში.
    ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
  • საბავშვო ბაღი საპირფარეშოს გარეშე

    სოფელ ზერტში მდებარე საბავშვო ბაღში, აღსაზრდელები ბუნებრივ მოთხოვნილებებს სათლებში იკმაყოფილებენ.

    ინფორმაცია „დიანიუსმა“ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ზერტის ბაღში მეორე სართულზე კუსტარული საპირფარეშო პლასტმასის სათლებით მოაწყეს. 

    ბაღის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ბაღი ნაქირავებ შენობაში მეორე სართულზეა, სადაც საპირფარეშო არ არის. გარეთ ბავშვების ჩაყვანა ზამთარში უჭირდათ. ტუალეტი ეზოშია, თუმცა უნიტაზის გარეშე.

    ბაღში 114 ბავშვია და მხოლოდ 7 საწოლი დგას, რაც იმას ნიშნავს, მოზარდების უმეტესობა ძილს ვერ ახერხებს. მშობლები, ამბობენ რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამიტომ პრეტენზიაც არ გამოუთქვამთ.

    გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ სათლებით მოწყობილი კუსტარულ საპირფარეშოში შესახებ თავიდანვე იცოდა და აღნიშნა, რომ ქოთნების შეძენას განიხილავენ.

    გარდა ამისა, შენობაზე, რომლის მეორე სართულზეც საბავშვო ბაღია განთავსებული, კომუნისტური ლოზუნგებიცაა გამოფენილი. ქოთნებზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ დილა-საღამოს ბავშვები სტალინის ანფასს შეჰყურებენ.

  • “მე წამოვიწყე ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები”–პრეზიდენტი გარეჯში სიტუაციის გამწვავების მის განცხადებებთან კავშირს აღიარებს

    საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.
    „მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.