Category: არქივი

  • პეტერ ჩეხმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

    დღევანდელობის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ პეტერ ჩეხმა გუშინდელი მატჩის შემდეგ კარიერა დაასრულა. პეტერს ნათქვამი ჰქონდა, რომ ევროპა ლიგის ფინალის შედეგის მიუხედავად ის მისთვის ბოლო მატჩი იქნებოდა და ასეც მოხდა.

    ჩეხი მეკარე წლების განმავლობაში ლონდონის ჩელსის ღირსებას იცავდა და სწორად ამ გუნდის შემადგენლობაში მოიხვეჭა პოპულარობა. სიმბოლურია ისიც, რომ პეტერი კარიერის ბოლო მატჩში სწორედ ჩელსის დაუპირისპირდა.

    მართალია მას კარიერის დასრულება ტრიუმფით სურდა, თუმცა მას ამაში ყოფილმა კლუბმა შეუშალა ხელი. ლონდონურ დერბიში ჩელსიმ დიდი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. ამის მიუხედავად 37 წლის მეკარემ სეზონი დადებითად შეფასა და განაცხადა, რომ სამუშაო რომელიც არსენალმა ამ სეზონში შეასრულა, მომავალ სეზონში მას უფრო ძლიერს გახდის.

    პეტერ ჩეხი ფეხბურთიდან ბოლომდე ჩამოშორებას არ აპირებს. იგი მომავალ სეზონში ჩელსის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება.

  • ” ჩვენ 2012 წელს გვქონდა მომზადებული ხელშეკრულება რომელიც ამ საკითხს წყვეტდა” – სააკაშვილი გარეჯზე

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს მიმართავს, რომ დაძაბული ვითარების განსამუხტად დროებითი ღონისძიებები გაატარონ.

    მისი თქმით, იმისთვის, რომ არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ დაზარალდეს და მომლოცველებმა დაუბრკოლებლად შეძლონ კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსთან მისვლა, გარკვეული ღონისძიების გატარებაა აუცილებელი.

    მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საზღვრის დადგენამდე დავით გარეჯის ტერიტორიაზე დროებითი რეჟიმი უნდა ამოქმედდეს. მისი განცხადებით, ეს მსოფლიოში აპრობირებულია და პრობლემა დაპირისპირების და ზედმეტი ემოციების გარეშე გადაწყდება.

    „გარეჯა არის უმნიშვნელოვანესი, ქართული, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული, კულტურული და, რა თქმა უნდა, რელიგიური ძეგლი, ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედი სამონასტრო კომპლექსი და საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. მეორე მხრივ, აზერბაიჯანს აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა და აწუხებს ის, რომ თუ საზღვარი არის გაუკონტროლებელი, პრაქტიკულად, ხვრელი რჩება, საიდანაც შეიძლება არა მხოლოდ სამონასტრო კომპლექსი, არამედ ზოგადად უკონტროლო გადაადგილება ხალხის, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში აწუხებთ.  ჩვენ 2012 წელს პრაქტიკულად, უკვე გვქონდა მომზადებული ხელშეკრულება ტერიტორიების გაცვლის თაობაზე, რომელიც ამ საკითხს წყვეტდა. სანამ ასეთი ხელშეკრულება ხელახლა გაფორმდება ან მომზადდება, მე ვთავაზობ ორივე მხარეს გარდამავალ გადაწყვეტილებას, რათა მოიხსნას საზღვრის საკითხები. ორივე მხარეს უნდა დაყენდეს დროებითი გამშვები პუნქტი, საქართველოს მესაზღვრეების და აზერბაიჯანის მესაზღვრეების და განხორციელდეს დაუბრკოლებელი გადაადგილება ამ პუნქტებზე ორი ქვეყნის მოქალაქეების, ამ გარდამავალი ეტაპის ბოლოს საბოლოოდ გადაწყვეტა საკითხის, კერძოდ, ტერიტორიების გაცვლა, სხვა საკითხების მოგვარება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღარ არსებობდეს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

    კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

    ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.

  • ბათუმში მაღალჩინოსნები კაბინეტებიდან ერთდროულად აიყვანეს

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ორი მაღალჩინოსანი აიყვანეს.მათ  ინფორმაციით, ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, წარსულში კი ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძეა.

    მანველიძე სამინისტროში თანამშრომლების თვალწინ დააკავეს. განათლების სამინისტროს პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ზარებს არც ბაგრატ მანველიძე პასუხობს. 

    დაკავების მიზეზი მედიის ინფორმაციით თანამდებობის პირები სავარაუდოდ „იაფი სახლის“ პროექთან დაკავშირებით დააკავეს.

    მედიის ინფორმაციით სპეცოპერაცია ჩატარდა  ბათუმის მერიაშიც, მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია დაკავებული. მერიიდან პოლიციამ კიდევ 4 თანამშრომელი წაიყვანა.

    პარალელურად აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი ბათუმში ჩატარებულ ორ სპეცოპერაციას სახელმწიფო უწყებებში. პროკურატურაში, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ საკითხი კონკრეტულად ხელვაჩაურს არ ეხება. დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.

  • “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – “ოცნების” დეპუტატი გოგონას რომელსაც და ლაგოდეხის ჩანჩქერში დაეღუპა

    ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა 28 მაისს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აზიარებს სალომე ბარკერის ვიდეოს წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრმა ვიდეო სწორედ მაშინ გააზიარა ამ წარწერით როდესაც სალომე ბარკერის და დაიღუპა.

    სალომე ბარკერის და 26 მაისს დაიღუპა.  კერძო სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც 16 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. მის ცხედარს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. 

    ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ნანა კოსტავა მისივე ფეისბუქ გვერდზე ბევრმა მომხმარებელმა გააკრიტიკა და მის საქციელს “სამარცხვინო” უწოდა. თავად დეპუტატმა განაცხადა, რომ მან მომხდარის შესახებ არ იცოდა, მაგრამ დამატებით მაინც განმარტა რომ “იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო.”

    “პირველად მესმის თქვენგან, ეს ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ნამდვილად. მე არაფერ შუაში ვარ… რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო. მე ნამდვილად არ ვიცოდი ეგ”, — ამბობს დეპუტატი.

  • ნეიტ დიაზი UFC-ში დაბრუნდა (ვიდეო)

    შერეული სტილით ორთაბრძოლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მებრძოლი ნეით დიაზი UFC-ში დაბრუნდა და იგი UFC 241-ზე ენტონი პეტისს დაუპირისპირდება.

    შეგახსნენებთ, ნეიტმა ბოლო ბრძოლა 2016 წელს კონორ მაკგრეგორთან ჩაატარა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. მის დაბრუნებას UFC-მ ვიდეოც მიუძღვნა.

  • თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა

    29 მაისს, თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა წარადგინა.

    თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ განახლებულ კვლევაში გაანალიზებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკანასკნელი ტენდენციები. კვლევის განახლება განაპირობა კომპანიების და პოტენციური ინვესტორების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა ქართული ობლიგაციების ბაზრის და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ.

    კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ობლიგაციების ბაზარი საშუალოდ 23%-ით იზრდებოდა და 2018 წლის ბოლოს მისმა ჯამურმა მოცულობამ 10 მლრდ. ლარი შეადგინა. ამასთან, უკვე 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ბაზრის ჯამური მოცულობა 11%-ით არის გაზრდილი და 11 მლრდ. ლარს აღწევს, რაც მსხვილი კორპორაციული ევროობლიგაციების გამოშვებით და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მაღალი ზრდით არის გამოწვეული.

    აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათები ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე განთავსებას. შედეგად, 2018 წელს ბირჟაზე განთავსებული ობლიგაციების მოცულობა 205%-ით, 825 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ბირჟაზე განუთავსებელი ობლიგაციების მოცულობა 33%-ით შემცირდა, 406 მლნ. ლარამდე.

    ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან სიახლეთანაგნ აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ქართული ობლიგაციების შეძენა უკვე შესაძლებელია საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) სისტემაში, რაც ქართულ ობლიგაციებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის. 2019 წლის მარტში თიბისი კაპიტალმა წარმატებით განახორციელა პირველი ქართული კორპორაციული ობლიგაციის შეთავაზება ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის ქლიარსტრიმის საშუალებით.

    თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს საპენსიო სააგენტოს ფონდის პორტფელის შეფასებას და მისი პოტენციური ინვესტიციების პროგნოზს სთავაზობს, ასევე განიხილავს მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებს ქართული ობლიგაციების ბაზარზე.

    ღონისძიებისას ასევე განხილული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები კორპორატიული ობლიგაციების ჭრილში.

    თიბისი კაპიტალის მიხედვით, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ბაზარზე რისკები შეამცირა, რაც დადებითად აისახა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. შედეგად, გაიზარდა ქართული ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორების რაოდენობა.

    ღონისძიების დროს თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური გარემო მიმოიხილა. პრეზენტაციამ მოიცვა ლარის, აშშ დოლარისა და ევროს საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსების დინამიკა და პროგნოზები. ასევე, განხილული იყო საქართველოში ეკონომიკის ზრდისა და კორპორატიულ ვალზე მოთხოვნის მაჩვენებლები. ბაზრის მოლოდინების მიხედვით, ამერიკაში სავარაუდოა საპროცენტო განაკვეთების არსებულ დონეზე შენარჩუნება და/ან შემცირება. თავისთავად, საერთაშირისო მასშტაბით დოლარის შესაძლო შესუსტება საქართველოს ეკონომიკასა და გაცვლით კურსზე დადებით ზეგავლენას იქონიებს. საბაზო სცენარის მიხედვით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ამასთან საქართველოზე, როგორც მცირე და ღია ეკონომიკაზე, რეგიონში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენს. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, სავალუტო შემოდინებების, ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების მოსალოდნელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2019 წელს დაახლობით 5%-მდე ზრდაა დაგეგმილი. კორპორატიულ ვალზე 2018 წელს პიკური მოთხოვნის შემდეგ, მისი ზრდის ტემპი ნორმალიზდება, თუმცა მოთხოვნა კვლავ მზარდი იქნება.

    თიბისი კაპიტალის და თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის კვლევების ხილვა და ელექტრონულ მეილზე გამოწერა შეგიძლიათ ვებ გვერდებზე

    Tbccapital.ge

    Tbcresearch.ge

  • NBA | გოლდენ სთეით უორიორსი v ტორონტო რეპტორსი – რას უნდა ველოდოთ?

    31 მაისს თბილისის დროით გამთენიის 05:00 საათზე სტარტს აიღებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გოლდენ სთეით უორიორსი და ტორონტო რეპტორსი.

    სუპერფინალი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს, რადგან 2015 წლის შემდეგ პირველად, აღმოსავლეთ კონფერენციიდან ფინალში ახალი გუნდი იასპარეზებს. გარდა ამისა, 2010 წლის შემდეგ პირველად არ იქნება ფინალში ლებრონ ჯეიმსი. 

    ფინალების ფავორიტი, რა თქმა უნდა, ოქროს შტატელები არიან, თუმცა ტრავმიანობა შანსებს შედარებით ათანაბრებს. მოგეხსენებათ, უორიორსის ლიდერი კევინ დურანტი ჯერ-ჯერობით ისევ ტრავმირებულია და გუნდს მინიმუმ პირველ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ასევე გაურკვეველია მოახერხებს თუ არა თამაშს დემარკუს ქაზინსიც, თუმცა ამის მიუხედავად ისინი მაინც ფავორიტებად რჩებიან.

    ტორონტომ თავის მხრივ საკმაოდ რთული გზა განვლო ფინალამდე და მათ ორი ძალიან რთული მეტოქე დაამარცხეს, ვისთანაც აუთსაიდერად მიიჩნეოდნენ. მათ ჯერ ახალგაზრდა ვარსკლავებით დაკომპლექტებული ფილადელფია დაამარცხეს, შემდეგ კი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ბაქსს სძლიეს 4:2. სხვათაშორის ამ სერიაში ტორონტო 2:0 აგებდა, თუმცა მათ მოახერხეს კონცენტრაციის მოკრება და მეტოქეს ზედიზედ 4 თამაშში სძლიეს. აღსანიშნავია, რომეს ტორონტოს ფრენჩაიზის ისტორიაში პირველი სუპერფინალია.

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს რეპტორსის სუპერვარსკვლავის კავაი ლეონარდის ფენომენალური თამაში მთლიანი პლეიოფის განმავლობაში. მან ჯერ ფილადელფიასთან გამოიჩინა თავი ჯოელ ემბიდის ხელიდან ჩაგდებული გეიმ ვინერით, რომელიც სავარაუდოდ პლეიოფსი საუკეთესო სროლად შეირაცხება. შემდეგ კი მილუოკი ბაქსთან საშუალოდ 29.2 ქულა და ბრწყინვალე დაცვა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის იანის ანტეტუკომპოს წინააღმდეგ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ სერიაში.
    {{VIDEO}}

    კავაის გამორჩეული თამაში არაერთმა ცნობილმა კომენტატორმა აღნიშნა და ერთ-ერთმა მათგანმა მაქს კელერმანმა კავაის საერთოდ ჯორდანთან ყველაზე მიახლოებული კალათბურთელიც კი უწოდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს უორიორსის უდაო ლიდერი სტეფ კარი, რომელიც კარიერაში საუკეთესო პლეიოფს ატარებს. კარი პორტლენდთან სერიაში გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა და იგი საშუალოდ 36.5 ქულას აგროვებდა, რა დროშიც თამაშიდან 47.5%-ით უტევდა, რაც მისი გაბარიტების მოთამაშისთვის ფენომენალური შედეგია. საინტერესოა შეძლებს თუ არა კავაი მის გაჩერებას ან პირიქით, რას დაუპირისპირებს სტივ კერის გუნდი კავაის.

    საინტერესო იქნება ასევე დრეიმონდ გრინისა და მარკ გასოლის დაპირისპირება სამწამიანში, რადგან ორივე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მაღალი მცველები არიან, თუმცა ესპანელს სიმაღლეში დიდი უპირატესობა ექნება და ამასთანავე ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ მარკს პერიმეტრიდან სროლაც შესანიშნავად გამოსდის, რაც დამატებითი თავსატეხი იქნება დასავლეთ კონფერენციის ლიდერებისთვის. 

    ასევე შეუძლებელია არ ვახსენოთ კლეი ტომპსონი და კაილ ლოური, რომლებზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ სერიაში. როგორც წინა სერიებში, კლეისგან აქაც ველოდებით ძალიან კარგი დაცვის თამაშსა და სამქულიანების ცვენას, თუმცა ბოლო პერიოდში კლეის პერიმეტრიდან ნასროლი ბურთების პროცენტმა მოიკლო, ლოური კი პირიქით, მისთვის ძალიან კარგ პლეიოფს ატარებს.

    და ბოლოს, გუნდის ფარული კოზირები ანდრე იგუადალა და პასკალ სიაკამი. იგუადალას დაცვას არაერთი თამაში გადაურჩენია უორიორსისთვის. სავარაუდოდ, სწორედ მას მოუწევს კავაი ლეონარდის აყვანა და შესაბამიად მასზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ ამ სერიაში. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური უორიორსის პირველ სუპერფინალში არა სტეფ კარი, არამედ ანდრე იგუადალა დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ. რაც შეეხება პასკალ სიაკამს, იგი ამ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. პასკალმა შარშანდელთან შედარებით წელს ბევრად მოუმატა და თუ შარშანდელ პლეიოფში საშუალოდ 6 ქულას აგროვებდა წელს ეს რიცხვი 18-მდე გაზარდა და შეტევაში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

    მოთამაშეების სტატისტიკები კი ასეთია:

    სტეფ კარი – 27.3 ქულა 45.2% სიზუსტით, 5.6 გადაცემა, 6.3 მოხსნა.

    კლეი ტომპსონი – 19.1 ქულა 42.9% სიზუსტით, 2 გადაცემა, 3.9 მოხსნა.

    დრეიმონდ გრინი – 13.6 ქულა, 8.2 გადაცემა, 9.9 მოხსნა.

    კავაი ლეონარდი – 31.2 ქულა, 3.8 გადაცემა, 9.2 მოხსნა.

    კაილ ლოური – 14.7 ქულა, 6.4 გადაცემა, 5.2 მოხსნა.

  • “ეს ჰალსტუხი პუტინს გადაეცით, ქართულ ჭაჭასაც გამოვუგზავნი”- სააკაშვილი რუს ჟურნალისტებთან საუბარს აქვეყნებს

    მიხეილ სააკაშვილი რუსული მედიის წარმომადგენბლებთან მის საუბარს აქვეყნებს, რომელიც გუშინ პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლამდე შედგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, მას ვარშავიდან კიევამდე, თვითმფრინავში, რუსეთის ყველა მთავარი არხი ახლდა.

    „რა აზრი აქვს რას ამბობს რუსეთი, იმდენ სისულელეებს ამბობს, რომ ჩვენ მას აღარ ვუსმენთ. რუსეთშიც იქნება ნორმალური ხელისუფლება, დემოკრატრია. ხედავთ, აქ ზელენსკი აირჩიეს. მე არ ვიცი – გყავთ ვინმე რუსეთში ასეთი? აი, მაგალითად, ამხანაგი გალუსტიანი, არ ვიცი ვინაა, მაგრამ იქნება არჩევნები, ხალხი იტყვის, რომ მობეზრდათ პუტინი და გალუსტიანი გახდება პრეზიდენტი, პუტინი კი დამსახურებულად წავა დასასვენებლად. არ მოგბეზრდათ ერთი და იგივეს ყურება 25 წელი? დემოკრატია საათივით მუშაობს, ხალხი თავად ირჩევს ვინც სურს და ვისაც საჭიროა, იმასაც თავად გააგდებს. პოროშენკო გააგდესო, ამბობთ რუსეთში – აიღეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ, ეს ხომ კარგია – ყელში ამოგივა ერთი და აირჩევ ახალს. ერთხელ მაინც გააკეთეთ თქვენც ის, რაც უკრაინამ გააკეთა, ამოისუნთქავთ. თქვენ თქვენს პოლიტიკას მიხედეთ ეხლა, რომ ნამდვილი ხელისუფლება გქონდეთ , მედია და თქვენი ცხოვრებით იცხოვრებთ და ბინოკლით მეზობლებს აღარ უყუროთ.
    მე ჩამოვედი კიევში და შემდეგი თბილისი იქნება, რადგან კიევი გზადაა, – როცა ვარშავიდან თბილისში მიფრინავ, კიევში ჩერდები. უკრაინა სავესეა სიურპრიზებით, ეს რუსეთშია ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი. როცა კიევსა და თბილისში ჩემს საქმეებს მოვაგვარებ და თქვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება, იქნება დემოკრატია, ახალი პრეზიდენტი – შეიძლება ქალიც, აუცილებლად ჩამოვალ და რჩევებს მივცემ მას. გყავთ თქვენ კომიკოსი ქალები? მიხედეთ თქვენს საქმეს, უზარმაზარი ქვეყანა ხართ – უკრაინა მეზობელია, გასაგებია რომ ის საინტერესოა რუსეთისთვის, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენი საქმე არ აკეთოთ. ეს ჰალსტუხი კი პუტინს გადაეცით, ქართულ ჭაჭასაც გამოვუგზავნი, ფეესბეს აგენტებისთვის გადასარევი საჩუქარია“- უთხრა სააკაშვილმა რუს ჟურნალისტებს.

  • ლექტორი რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს დაკითხვაზე იმყოფება

    ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, ომარ მახარაძე რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ამ წუთებში  დაკითხვაზე იმყოფება. 

    ომარ მახარაძეს  ბათუმის მე-6 განყოფილებაში კითხავენ. მახარაძე გამოკითხვაზე გუშინ იყო დაბარებული, თუმცა  პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადებულა.

    ომარ მხეიძე სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში ერთი კვირის წინ დაადანაშაულა და მათი მიმოწერა გაასაჯაროვა. ომარ მხეიძე ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ტელეფონი გაუტეხეს. თუმცა უნივერსიტეტმა მას ლექციებზე შესვლა მეორე დღესვე აუკრძალა. მხეიძე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო. ოპოზიციამ მისთვის საკრებულოს წევრობის შეჩერებაც მოითხოვა.ორი დღის წინ ომარ მხეიძემ საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ფრაქცია ქართული ოცნება– მრეწველების რიგები დატოვა.