Category: არქივი

  • საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზრდება

    მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე დაკისრებული ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზრდება.  ცვლილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება და იგი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

    გარდა ამისა, მგზავრებს ტრანსპორტში ასვლისთანავე მოუწევთ ბილეთის ყიდვა ადგილზე ან ელექტრონული გადახდის საშუალებით.

  • პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებაზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურებს – ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო უწყებაში გაკეთდა. კოკა კაციტაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საექსტრადიციო პროცედურები ისევ გრძელდება.

    პროკურატუაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი მის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე გავლენას ვერ მოახდენს.

    “საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებული აქვს, ეს სამართლებრივი პროცედურები გრძელდება და არ შეწყვეტილა. რაც შეეხება მისი მოქალაქეობის საკითხის, მოქალაქეობის დაკარგვა ან აღდგენა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და საექსტრადიციო პროცედურებზე. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც უკვე არის გასამართლებული. კერძოდ, იგი მსჯავრდებული არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ხოლო ბრალდებულია და სასამრთლო განხილვები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე და 7 ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეებზე,“ – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

    გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ მიიღო, რომელმაც პეტრო პოროშენკოს 2017 წლის განკარგულება გააუქმა.

  • ცესკომ მთაწმინდაზე ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირა

    მთაწმინდაზე ცესკო-მ ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირდა. შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ სიების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლის გვარს მედია  არ ასაჯაროებს, ცესკო-ს სიაში ფაქტობრივ მისამართად მითითებული აქვს იუსტიცის სახლის მიმდებარე ბუჩქის ძირას. თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელი ბუჩქის ძირს არის რეგისტრირებული გიორგი ნ.

    თავდაპირველად ინფორმაცია ამის შეახებ სოციალური ქსელით გავრცელდა.  მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე სიაში მოქალაქე მართლაც ბუჩქის ძირას არის რეგისტრირებული.

  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი ცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან

    იტალიის ციხეში ქართველ ემიგრანტს სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან – ამ ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებენ.

    სპეციალურ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ 32 წლის ანტონ ჭელიძეს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ.

    “ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, მოხდა წამება, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასაჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის, ოღონდ ღირსება დაიცვას. არაადამიანური წამების მსხვერპლია არაბული წარმომავლობის პატიმრებისგან და ციხის თანამშრომლებისგან. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა, სცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი”-განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

    პატიმრის უფლებას ასევე იცავ “ემიგრაციის საერთაშორისო ცენტის” ადვოკატი მარი ლევიძე. ადვოკატების თქმით, საქმის შესახებ ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საპარლამენტო მდივანი. ისინი მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს დროულად მოხდეს თემით დაინტერესება და ჩაერიონ, რომ შეწყდეს პატიმრის წამება.

  • ბარსელონაში საქართველოს 28 მოქალაქე დააპატიმრეს, 79 კი გამოასახლეს

    ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს. გასახლებულებს შორის 79 საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. 

    მედიის ცნობით, შენობაში 1 წლის განმავლობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, შენობას დავს ასევე ქართველი კრიმინალებიც აფარებდნენ. 

    როგორც პოლიციაში განაცხადეს, შენობა იყო  ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში.

    მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანის გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს.

    „მოხდა გამოსახლება, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეხვედრა მქონდა როგორც საემიგრაციო ცენტრის წარმომადგენლებთან, წითელ ჯვართან, ქალაქის მმართველობასთან, რა თქმა უნდა იქ ვიყავი, არის 11 ოჯახი მათ შორის არის 19 არასრულწლოვანი, თავის დრო როცა მოვა გამოვლენ ინტერვიუზე და გადაწყვეტს მადრიდი მისცემენ თუ არა თავშესაფარს, მანამდე მათ თავის თავს უნდა მიხედონ,“-აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ბარსელონაში ქეთი გოგოლაშვილი.

    აპრილში  იმავე მიტოვებული ინსტიტუტის შენობაში 53 ადამიანი დააკავეს, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ“.

  • ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია – მან შესაძლოა კოპა ამერიკა გამოტოვოს

    ნეიმარისთვის კოპა ამერიკისთვის მიმდინარე მოსამზადებელი პერიოდი ჯერ-ჯერობით წარმატებით ვერ მიმდინარეობს. 27 წლის ბრაზილიელს ჯერ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, შემდეგ 19 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე მოხდენილი ფინტით შეარცხვინა, ახლა კი საერთოდ ტრავმა მიიღო.

    სამშაბათს ნეიმარი იძულებული გახდა ვარჯიში შეეწყვიტა და მან მოედანი ფიზიოთერაპევტებმის დახმარებით დატოვა. ერთი შეხედვით უბრალო სათამაშო ეპიზოდში მას როგორც ჩანს ფეხი გაეჭიმა და ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

    როგორც აღმოჩნდა ტრავმა არც თუ უმნიშვნელო აღმოჩნდა, რადგან მეორე დღეს ნეიმარმა საერთოდ ვეღარ ივარჯიშა.

    ბოლო პერიოდში ნეიმარი ძალიან ხშირად ტრავმიანობს. მას ტრავმა ჰქონდა შარშანაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პერიოდში. წელსაც, იანვარში მიღებული ტრავმის შემდეგ მან მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება შეძლო.

    ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ნეიმარი სალესაოს დახმარებას კოპა ამერიკაზე, არადა მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. შეგახსენებთ, კოპა ამერიკა სტარტს 14 ივნისს აიღებს.

  • ედენ აზარი ჩელსის ტრიუმფით დაემშვიდობა – ბელგიელი მადრიდში გადადის

    ბაქოში გამართულ ევროპა ლიგის ფინალზე ლონდონურ დერბიში ჩელსიმ არსენალი დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჩელსის ლიდერი ედენ აზარი გახდა. მან დუბლი გაიფორმა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

    როგორც აღმოჩნდა ეს მისთვის ჩელსის მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩი აღმოჩნდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა: “გადაწყვეტილება 2 კვირის წინათ მივიღე. ვფიქრობ, ეს დამშვიდობებაა. ვფიქრობ, ახალი გამოწვევების დროა”.

    ედენ აზარი დიდი ალბათობით მადრიდის რეალში გადაბარგდება. ამ ტრანსფერის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა და ვრცელდებოდა ჭორები, რომ ედენს პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდა და დარჩენილი მხოლოდ კლუბებს შორის სატრანსფერო თანხის შეთანხმება იყო.

    ედენ აზარს ჩელსისთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

  • “იძულებული გავხდი ჩავრთულიყავი სქემაში“–“გარიგებული მატჩების“ საქმეში ბრალდებული ფეხბურთელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

    გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებული “ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი, გიორგი გეთიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პირადი ფინანსური პრობლემების და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო იძულებული გახდა შეთავაზებას დათანხმებოდა და სქემაში ჩართულიყო.

    “თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ „გარიგებული მატჩების“ საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

    2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის ,,ჩაწყობის“ მიზნით. შემოთავაზებაზე რათქმაუნდა განვაცხადე კატეგორიული უარი. თუმცა ბოლოს, პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც, ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, – იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი ,,სქემაში“ რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა რადგან, მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.
    პირველი ეპიზოდის, შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა „თამაშის ვერ გაკეთების ვალიც“, რისთვისაც იძულებული გამხადეს მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ „ვალის“ განულების მიზნით, მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, ,,სქემაში“ მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.
    ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:
    1. ,,ვიტ ჯორჯიას“ არც ერთ ფეხბურთელს „გარიგებულ მატჩებზე“ თანხა არ აგვიღია;
    2. ,,ვიტ ჯორჯიას“ და ,,რუსთავის “ თამაში არ ყოფილა „გარიგებული“;
    3. ,,ბათუმი“ – ,,ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ ვერ გაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.“– წერს გეთიაშვილი.
  • „შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ” – გოგიჩაიშვილი ვიცე-მერს

    სივრცითი დაგეგმარების კოდექსში შესატან ცვლილებებს კანონმდებლებმა დღეს სესიაზე კენჭი უნდა უყარონ. საკითხის განხილვა გუშინ გვიან საღამოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკითხს, რომელსაც დეპუტატები დაჩქარებული წესით იხილავდნენ, ოპოზიცია აპროტესტებდა. კომიტეტზე ლევან გოგიჩაიშვილსა და ვიცე-მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
    სივრცითი მოწყობის კოდექსი 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს, თუმცა დედაქალაქის მერია სხვა მუნიციპლიტეტებთან ერთად ვადის გადაწევას ითხოვს. მიზეზად გენგეგმის კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებენ. ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ მერია ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, სამშენებლო ნებართვები ქაოტურად კანონის გვერდის ავლით გასცეს. ოპოზიცია მერიის მაღალჩინოსმების პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს.
    ირაკლი ხმალაძემ გოგიჩაიშვილს ურჩია საქმეზე მეტი ესაუბრა და ემოცია ნაკლებად გამოეხატა, რაზეც გოგიჩაიშვილმა უპასუხა: „შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ. შენ უნდა იყო ჩუმად და როცა მოგცემენ სიტყვას მაშინ უნდა ილაპარაკო.“
    გოგიჩაიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მმართველობის პრობლემაა და ყველა ინსტიტუტი მოშლილია.
    „ყველა ცდილობს საკუთარი ბოსტნის შემოღობვას და იმის იქით აღარაფერი აინტერესებთ, მაგრამ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
    მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე კი ამბობს, რომ ოპონენტებისგან მხოლოდ პოლიტიკური განხილვა მოისმინა.
    „მე უბრალოდ შთაბეჭდილებაც დამრჩა, რომ ოპოზიციის მხრიდან შინაარსობრივად საკითხს საერთოდ არც იცნობენ,“-აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
    ქალაქის მერის მოადგილეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიმართა. გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებს აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ პარლამენტში მათი სურვილის მიხედვით ნებისმიერი კანონის გადავადება ან შეცვლა შეიძლება.
  • ეკონომიკის მინისტრმა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა და მისი გამცემი თანამდებობიდან გათავისუფლა

    ეკონომიკის მინისტრმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
    მინისტრის თქმით, კაკაურიძემ სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილ კომპანიას ისე მისცა ღრმაწყლოვანი პორტის მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ან მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
    „დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას . ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
    რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ანაკლიის პორტი და ეს არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს. ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან საღამოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა. კონსორციუმის განცხადებით მათ მედიით გაიგეს, 2 მაისს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.“– წერდა ანაკლიის კონსორციუმი განცხადებაში.
    “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა.
    “ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.