Category: არქივი

  • მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.

    შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

    ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

  • “ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძებნაში“–რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი

    ტელეკომპანია რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი, დავით დვალი ტელეკომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
    “ზუსტად 25 წლის წინ რუსთავი 2 პირველად გავიდა ეთერში. მეოთხედი საუკუნეა, რაც რუსთავი 2 მა შეუქცევადად შეცვალა მედიასივრცე და მთლიანად ქვეყანაც.
    უკვე 15 წელია რაც ჩემთვის ეს დღე იქცა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის და უსამართლობის სიმბოლოდ. 7 წელი სრულდება რაც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებულებით მოსული ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძიებაში. არ ემეტება რუსთავი 2 დამფუძნებლებისვის..
    ჰოდა სულ რაღაც ორ კვირაში 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, საბოლოოდ გვეკარგება შანსი სამართლებლივი გზით ვიბრძოლოთ 2004 წელს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. საბოლოოდ და სამუდამოდ!
    ამ დღეებში ჩვენ საგანგებო მიმართვას გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მანამდე კი გილოცავთ ვისთვისაც ეს დღე და ეს ტელევიზია ძვირფასია.“– წერს დავით დვალი, რომელმაც რუსთავი2–ის კიდევ ერთ მეწილესთან, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად ტელეკომპანიის წილი 2004 წელს დათმო იმ დროისთვის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ. 2012 წლიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია თავის დროზე იძულებით დაათმობინეს და მის დასაბრუნებლად ბრძოლას გეგმავდნენ. პროკურატურამ მათ დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა, თუმცა მას შემდეგ საქმე ადგილიდან არ დაძრულა.
    სამაგიეროდ, ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც თავის დროზე რუსთავი2–ის წილი აქიმიძისგან და დვალისგან გადაიფორმა, შემდეგ კი გაყიდა, სასამართლოში რუსთავი2–ის დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო. ამ პროცესში დვალი და აქიმიძე მის გვერდით აღმოჩნდნენ. ხანგრძლივი და დაძაბული სასამართლო პროცესების და რუსთავი2–ის დასაცავად პროტესტის ფონზე ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ თუ სასამართლოს მოიგებდა საკუთარი წილის ნახევარს დვალს და აქიმიძეს აჩუქებდა. ქიბარ ხალვაშმა სასამართლო მოიგო, თუმცა მისი აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა  და დღემდე რუსთავი2–ის მფლობელის ბედი სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უზენაეს სასამართლოში პროცესის მოგების შემდეგ დვალმა და აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს დადებული პირობა შეახსენეს, თუმცა ქიბარ ხალვაშმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა: “ზუსტად იმდენს გავუყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ და მოვილაპარაკებთ.“

    რუსთავი2–ის მფლობელობასთან დაკავშირებულ რთულ დავაში დვალის და აქიმიძის შანსები დროთა განმავლობაში მინიმუმამდე დავიდა.

  • სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დილიდან დაადგება. ის უკვე ფარავანზეა

    პრეზიდენტი, რომელმაც ორი დღის წინ დააანონსა, რომ პირველ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის მარშრუტს გაივლიდა, საქმეს უკვე შეუდგა. პრეზიდენტი ფარავანის ტბაზეა, საიდანაც წმინდა ნინოს მარშრუტს ხვალ დილიდან გაუყვება.
    სალომე ზურაბიშვილის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ზურაბიშვილი და მისი თანმხლები პირები კოცონს ანთებენ და მხიარულობენ.
    1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა. სწორედ ამ დღეს გაიმეორებს წმინდა ნინოს მარშრუტს პრეზიდენტი.

    დილით ის ფოკას მამათა მონასტერში წირვას დაესწრება, შემდეგ კი რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად მსვლელობით გაივლის წმინდა ნინოს გზას ჯავახეთიდან მცხეთამდე.

    სალომე ზურაბიშვილს ამ გზით საქართველოს ახალი ტურისტული მარშრუტის პოპულარიზაცია სურს, რადგან ევროპაში პილიგრიმობა პოპულარულია და ამ კუთხით ტურიზმის განვითარება ჩვენში მისი აზრით  ევროპას შემოიყვანს.
    “ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა”, — განაცხადა ორი დღის წინ ზურაბიშვილმა.
  • “ივანიშვილის საყვარელი ფრაზა იყო– Ниже травы, тише воды“ – თინა ხიდაშელი


    ანაკლიის პორტის თემაზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, დეკლარირებულ და რეალურ პოლიტიკაზე ტვ პირველის ეთერში საუბრისას თინა ხიდაშელმა მისი მინისტრობის პერიოდი და საგარეო ურთიერთობებში ივანიშვილის საყვარელი რუსული ფრაზა გაიხსენა: “Ниже травы, тише воды“ , რომელსაც როგორც ხიდაშელი ამბობს მას სხვადასხვა ვიზიტებისას ხშირად ეუბნებოდა. ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლების დეკლარირებული პროდასავლური კურსის მიღმა არის ქმედებები და ხშირად უმოქმედობა, რაც ამ კურსს საფრთხის ქვეშ აყენებს. მაგალითად მან ვარშავის სამიტი მოიყვანა.
    “არ არსებობს პრაქტიკულად ივანიშვილის არცერთი საჯარო გამოსვლა, რომელშიც მას არ ეთქვას რომ საქართველო აუცილებლად უნდა შევიდეს ნატოში.და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ნატოს წევრი გახდეს. მან იცის როგორ უნდა ილაპარაკოს. ის არ არის პოლიტიკური თვითმკვლელი. ის არ გააკეთებს საჯარო მოქმედებას ერთმნიშვნელოვანს ისეთს, თავისი განცხადებით განსაკუთრებით, რომელიც პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება მისთვის.
    ეს ხელისუფლება დიდოსტატია იმაში, როგორ უნდა გააჩროს კარგი ამბები და როგორ უნდა შეუშალოს ხელი კარგი ამბების რეალიზებას. გააჭიანუროს ისე, რომ უკვე ამ გაჭიანურების გამო შეუძლებელი გახდეს შედეგის დადგომა. შავის ზღვის პროექტი არის ამის კლასიკური მაგალითი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ – ის, რომ დღეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვიყოთ შავ ზღვაზე სრულფასოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით ნატოსთვის ამ სტრატეგიული პროექტებში არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ბრალი. ვარშავის სამიტის წინ ყველაფერი გავაკეთეთ მაშინ ვინც ვიყავით მთავრობაში, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილმა , რა თქმა უნდა. ვარშავის სამიტზე ჩვენი ამოცანა იყო: ყველა პარაგრაფში, სადაც შავი ზღვა გაჩნდებოდა, ყველა პარაგრაფში საქართველო უნდა ჩაწერილიყო. ამას ჩვენ მივაღწიეთ. ამის შემდეგ დეკემბერში მინისტერიალი იმართებოდა, სადაც გეგმა უნდა დაემტკიცებინათ, როგორ ხორციელდებოდა შავი ზღვის პროექტი და თავდაცვის მინისტრი არ წავიდა მინისტერიალზე. და როდესაც კითხვა დაუსვეს რატომ არ იმყოფებოდა მინისტერიალზე, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა მან თქვა,ფული დავზოგეო. ჩემი წინა მინისტრი ბევრს დადიოდაო და მე ფული დავზოგეო.
    ვარშავის სამიტის კომუნიკეში ხუთ პარაგრაფში 8 ჯერ არის ნახსენები შავი ზღვა და ეს არის პირველი კომუნიკე, სადაც რუსეთი არის მტრად მოხსენიებული ; მოხდა გეოპოლიტიკური გარდატეხა.
    ეს ამბავი საერთოდ გააჩერეს , საქართველოს მოძრაობა ამ მიმართულებით, და მერე უკვე 2017 წელს სამიტზე რომ არ წავიდნენ თქვეს, რომ თურმე საქართველოს საკითხი არ იხილებოდა.
    მთავარი ამოცანა არის ის, რაც მუდმივად გვესმის , და რაც ივანიშვილის საყვარელი ფრაზაა. ბატონი ივანიშვილის საყვარელი ფრაზა იყო– Ниже травы, тише воды“ სულ მეუბნებოდა, ყოველი ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ რომ ჩამოვიდოდი დამირეკავდა და მეუბნებოდა ამ ფრაზას. ეს იყო მისი გამოხატულება იმისი, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. “–განაცხადა თინა ხიდაშელმა.
  • ქართველების კარვების ქალაქი სტრასბურგის პარკში. თავშესაფრის ათეულობით მაძიებელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

    ქართველების კარვების ქალაქები ევროპაში სულ უფრო მრავლდება. სტრასბურგის ტყე-პარკი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოდან ჩასული ემიგრანტების თავშესაფრად იქცა. ათობით ქართველი ღამეს კარვებში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ათენებს, სააბაზანო სივრცე ხეების ძირში აქვთ მოწყობილი და საკვებს ნაჭრის კარადაში ინახავენ. უმძიმეს პირობებში საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ხელისუფლებისგან დევნილის სტატუტის მიღებას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა ურჩევნიათ.
    სანამ სტრასბურგის ტყე-პარკის რამდენიმე ადგილი საქართველოს მოქალაქეების დროებითი თავშესაფარი გახდებოდა, სამშობლოდან შიმშილის გამო წასულები ღამეს კლინიკის მისაღებში ათევდნენ. . ღამით, როდესაც კლინიკაში არავინ იმყოფებოდა, მოსაცდელში განთავსებული სკამები დროებით ქართველებისთვის საწოლი ხდებოდა, ვისაც ადგილი არ ჰყოფნიდა, ქვის იატაკზე იძინებდა.
    ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოდან წასული თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ქართველი ემიგრანტების ე.წ. კარვების ქალაქი სტრასბურგში „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა. ინტერვიუში ემიგრანტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ქვეყნის დატოვება უხდებათ, მათ შორისაა სიღარიბე, ქვეყნაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ჯანმრთელობის პრობლემა.
    ესპანეთის მსგავსად, საფრანგეთშიც ბევრ ქართველს თავშესაფრის სტატუსზე უარს ეუბნებიან. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს.
  • “ნუ აცვია ყველგან ჩვენი ბრენდის ქურთუკი” – დემნა გვასალია რუს პოპ-მომღერალს

    ოლგა ბუზოვა,  რუსეთში ცნობილი პოპ-მომღერალი აცხადებს, რომ დემნა გვასალიამ მას მოსთხოვა, არ ჩაეცვა Balenciaga და Vetements-ის ქურთუკი და არ დაწეროს ყველგან, რომ ამ ფირმის შეკერილი სამოსი აცვია. წერს ერთ-ერთი მედია საშუალება.
    პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მას მოსთხოვა, ბუზოვასთვის ეთქვა : ” ნუ აცვია ყველგან ჩვენი ბრენდის ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებ”. მომღერალი ასევე ამბობს რომ ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია.
    “ქართველი კაცები ჩემთვის ვაჟკაცობისა და ღირსების ასოციაციას იწვევდნენ. ღირსეულია თუ არა  მამაკაცის მხრიდან მსგავსი საქციელი?!” – წერს ოლგა ბუზოვა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე. ის გაკვირვებულია დემნას საქციელით და მსგავს რამეს არც კი მოელოდა.
    აღსანიშნავია რომ რუსეთში ცნობილ პოპ-მომღერალს საკმაოდ ბევრი მხარდაჭერიც გამოუჩნდა. რუსები კომენტარებში წერენ და მოითხოვენ რომ დემნა გვასალიამ დატოვოს Balenciaga-ს დირექტორობის პოსტი. სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა რუსები დემნა გვასალიას წინააღმდეგ მიდიან, ჯერ კიდევ 2019 წლის კოლექციაში მაისურს რომელზეც წარწერით ” „иди на хуй“ -ი ეწერა რუსეთში დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.
    დემნა გვასალია მომხდარის შესახებ ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

  • ლარი მცირედით გამყარდა

    ბოლო დღეებში მკვეთრი ვარდნის შემდეგ დღეს ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა დღის მეორე ნახევარში ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა, რომელიც დოლართან მიმართებაში   2. 7870–ს  შეადგენს. ჯერჯერობით ძნელია პროგნოზირება, ნიშნავს თუ არა ეს ლარის გაუფასურების პროცესის შეჩერებას და გაგრძელდება თუ არა ლარის გამყარების ტენდენცია. ბოლო დღეებში ლარმა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2,8023 მაჩვენებელზე დაფიქსირდა.
  • ქართველი მწერლები მინისტრის მოადგილის წინააღმდეგ. მიხეილ გიორგაძეს შეგნებულ მავნებლობაში ადანაშაულებენ

    ქართველი მწერლები მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ – მწერლები და გამომცემლები განათლების მინისტრის მოადგილის გადადგომას და მის პასუხიმგებლობას ითხოვენ. მიზეზი მომხდარი ინციდენტია.მიხეილ გიორგაძე წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. ამ შეხვედრას თავი აარიდა მინისტრმაც.
    პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა ყვება, რომ მიხეილ გიორგაძემ შეხვედრის ჩაშლის მიზეზად სომხეთის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა დაასახელა.
    „შევესწარით ფაქტს, რომ მიშა გიორგაძე სამინისტროს შენობიდან გადიოდა, ჩვენ დავუძახეთ მას, რომ ჩვენ ვიყავით მასთან მისულები და შემთხვევით წასვლას ხომ არ აპირებდა, რაზეც შემდეგ რა თქმა უნდა, მოგვესალმა, გაეცნო ჩენს სტუმრებს და გვითხრა, რომ ის ჩვენ ვერ შეგვხვდებოდა, იმიტომ, რომ შეხვედრა ჰქონდა სომხეთის მინისტრთან, ვისთან შეხვედრის გამოც, ცოტა ხნით უფრო ადრე მიხეილ ბატიაშვილმაც ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა და ვუთხარით, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით მასთან მოსული და ეს რანაირად იქნებოდა, რა მოხდებოდა და გვითხრა, რომ მგონი, თქვენ ხარატიშვილი, მეორე მოადგილე შეგხვდებათო, მგონი, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ერთადერთი რეაქცია, თუ შეგრძნება შეიძლება იყო ის, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების ნამდვილად შეგვრცხვა,“ – განაცხადა გვანცა ჯობავამ.
    „ეს რაღაც საბავშვო ბაღიც არ არის, ეს არის შეგნებული მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინაშე,“ -ასე აფასებს პოეტი რატი ამაღლობელი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე განათლების მინისტრის არმისვლას.
    ამ ფაქტიდან გამომდინარე, რატი ამაღლობელი მიხეილ გიორგაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
    „გაოგნებული ვარ გულწრფელად გითხრათ. ეს რაღაც საბავშვო ბაღიც არ არის, ეს არის შეგნებული მავნებლობა ქართული სახელმწიფოს, არა მარტო ლიტერატურის, არა მარტო კულტურის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს წინაშე, შეგნებული მავნებლობა. ევროპის იდეა არის მწერლების იდეა და ასეთი ასოციაციების და ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ყველაზე დიდი ძალა და ყველაზე დიდი პრესტიჟი სწორედ ასეთ ასოციაციებს აქვს და მათთან ორი თვით ადრე დაგეგმილი შეხვედრიდან ასე ვთქვათ, გაპარვა, მე არ ვიცი, რა არის, რა ტიპის მავნებლობაა, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი და უნდა დასრულდეს პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან წასვლით,“ – აცხადებს რატი ამაღლობელი.
    მწერალი ლაშა ბუღაძე კი თვლის, რომ მინისტრის მოადგილეს მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის ეშინია.
    „პირდაპირი მნიშვნელობით გვემალება ბატონი მინისტრის მოადგილე გიორგაძე, რომელიც შემჩნეული გვყავს ტყუილებში, სიცრუეში და ასე ვთქვათ, რაღაც პროპაგანდისტულ, მწირ სიცრუეებში. არის ჩამოსული ბევრი სტუმარი, მათ შორის, მსოფლიო წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელთანაც დათქმული იყო შეხვედრა და პირდაპირ გაეპარა ამ ადამიანს, იმიტომ, რომ დაინახა ქართველი გამომცემლები, რომლების შეკითხვების, საყვედურებს, რომ თავი დავანებოთ, შეეშინდა. ეს არის ძალიან სამარცხვინო, ეს არის ადამიანი დილეტანტი, იმიტომ, რომ ეს არის დილეტანტიზმია, მავნებლობა, მავნებლური დილეტანტიზმი, როდესაც საქმიან შეხვედრას ასე გაურბიხარ იმიტომ, რომ ეშინია მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის,“ – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
    მწერლებმა დღეს პრესკონფერენციაც გამართეს და მიხეილ გიორგაძის გადადგომა მოითხოვეს.
    „მე პირადად უზრუნველყოფ, რომ გიორგაძეს გავატაროთ ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სტუმრებთან შეხვედრის დროს“–განაცხადა მწერალმა პაატა შამუგიამ.
    შეხვედრასთან დაკავშირებით გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელმაც გააკეთა კომენტარი.ის ამბობს, რომ მომხდარით შოკირებულია და ასეთი შეხვედრის ჩაშლა არასერიოზულ საქციელად მიაჩნია.
    გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ. ჩამოსვლამდე მათ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრის შეთანხმება მოინდომეს, თუმცა ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე წერილი მიიღეს, რომ მინისტრი მათ ვეღარ შეხვდებოდა და სტუმრებს მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე უმასპინძლებდა. შეხვედრა დილით, 10:30–ზე უნდა შემდგარიყო, თუმცა მიხეილ გიორგაძე შეხვედრაზე არ მივიდა. შეხვედრის მიზანი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო.
  • აფეთქება თბილისში. დაშავებულია 3 ადამიანი

    თბილისში, რამდენიმე წუთის წინ, ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა ჭილაძის 166 ნომერში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟოვნამ გამოიწვია.
    მომხდარის შემდეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

  • “შვილი მომიკალით უყურადღებობით“–მდინარეში ჩავარდნის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს და სკოლას ადანაშაულებს

    რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის დედა ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს და შვილის სიკვდილში მასწავლებლებს ადანაშაულებს. სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა ალბიონის მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იყო, როცა ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. ის მთელი ღამის ძებნის შემდეგ მეორე დილით გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას დედა ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნანა კოსტავასაც პასუხობს, რომელმაც გარდაცვლილი გოგონას დას, სოციალური მედიის მენეჯერს, სალომე ბარკერს ნიშნის მოგებით სიძულვილის შემცველი ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა.
    გთავაზობთ დედის ფეისბუქ მიმართვას სრულად:
    “ვფიქრობ…ფიქრის მეტი არაფერი დამრჩა ქვეყანაზე. ვფიქრობ, დავწერო თუ არა რამე. ჯერ გადაწყვეტილი მქონდა, არასოდეს შემოვსულიყავი აქ. მერე ვიფიქრე,რომ ინფორმაციის ვაკუუმს ვერ გავუძლებდი და იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი მწერს და პირადად პასუხს ვერ ვუბრუნებ,მიჯობს აქ დავწერო რას განვიცდი ერთი დღის შემდეგ,რაც ჩემი პატარა მიწას მივაბარე…
    არ განმიკითხოთ,რა ეწერებაო…არ იცით ეს რა განცდაა და არც იფიქროთ, გამოსცადოთ…დაგიფაროთ ყველამ და ყველაფერმა…
    ტკივილზე წერას არ ვაპირებ. ეს ჩემშია და ჩემია..
    პირველ რიგში ყველას,ვინაც ჩემი ტრაგედია გულთან მიიტანა,მოვიდა თუ ვერ მოვიდა,ვინაც ოდნავი სინანული გამოთქვა,უდიდესი მადლიერება მათ..

    ვინც გვერდით მედგა ტრაგედიის გაგების პირველივე წამიდან და არ მომშორებია გვერდიდან, მადლობა ავთანდილ ჯღარკავას, გულწრფელი მადლობა.

    ვინაც ჩემი სახლის კარი შემოაღო და არა ერთხელ ამ დღეებში .მადლობა მათ,ეკუთვნოდათ თუ არ ეკუთვნოდათ მოსვლა.
    მადლობა ჩემი სოფის სანაცნობოს თუ სამეგობროს,რომელთაც დამანახვეს,თუ რაოდენ დიდი და სიყვარულით სავსე გული ჰქონია ჩემს შვილს…
    მადლობა ყველას და ყველას,მთელი საქართველოს ადამიანებს,ვინაც წამიერად მაინც ამოთქვა ,,ვაი შვილო,,
    ახლა კი დავწერ იმას,რასაც განვიცდი,როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა,რომელსაც შვილი მიწასაც კი არ მქონდა მიბარებული,როცა ვინმე ნანა კოსტავას დაწერილი პოსტის შესახებ გავიგე:
    ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე,რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს დასატირებლად! ყოველი ლოცვის შემდეგს,ჩემს შვილს რომ წავუკითხავ,ამ წყევლას გამოგიგზავნი შენ, არაქალო!
    მანამდე კი,ლაგოდეხში პოლიციის განყოფილებში ძირს დაგდებულ გამწარებულ დედას,რომელიც უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა,იქინებ შვილი ცოცხალი ეპოვათ სადმე,როგორ მესმოდა სკოლა ალბიონის დირექტორი,როგორ მოძღვრავდა თავის თანამშრომლებს,რომ მათ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ,ექიმი ახლდათ.ავტობუსი საბუთით და გამართული და ა. შ. ანუ საკუთარი ტრაკის გადარჩენაზე იყო ბაასი.მოგმართავთ ალბიონელო გარეწრებო!(ყველას არ ეხება რა თქმა უნდა)
    შვილი მომიკალით უყურადღებობით. დილით ჩაგაბარეთ და დამიღუპეთ. აქ ყველაფერი ნათქვამია და გამოძიება მიხედავს.
    და ბოლოს,უდიდესი მადლობა ნავთლუღის ყვავილების ბაზრობის თანამშრომლებს ასეთი თანადგომისა და გულისტკივილის გამოხატვისათვის,რასაც უბრალოდ არ ველოდი….არ მაქვს ლაპარაკი ჩემი სკოლის თანამშრომლებზე,მოსწავლეებზე,მათ მშობლებზე,სალომეს სამეგობრო-სანაცნობოზე,საბას სამეგობროზე და ა. შ. უამრავ ადამიანზე.
    არ შემიძლია, არ გამოვხატო პატივისცემა აგარაკის სამეზობლოზე,რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს ვცნობდი…უამრავი ადამიანი მოვიდა,ვისთანაც სოფის ჰქონდა ურთიერთობა ან არ ჰქონდა მაგრამ შორიდან გვცნობდნენ.
    ეს ის მომენტია,როცა ფიქრობ,არაფერი გშველის,მაგრამ მაინც მარტო არ ხარ…
    დავკარგე შვილი მასწავლებლების უყურადღებობით და ამ საქმისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე ,რათა ყველამ აგოს პასუხი.“