Category: არქივი

  • ჩამოვარდნილ ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება -ეკონომიკის სამინისტრო

    ეკონომიკის სამინისტრო ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადებას ავრცელებს.

    “დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

    მოკვლევის მიზნით ადგილზე უკვე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი, დავით გიუნაშვილი

    ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია „ავიატორი +“-სს (აჭარა ჯგუფი)”-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს. 

    “ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა.

    სს ენერგო-პრო ჯორჯია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო”,-აღნიშნულია განცხადებაში.

  • „ოქროს სია“ გაუქმდა – ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა

    კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა – ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. ცვლილება ე.წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას შეეხება. 

    აღნიშნული  ბრძანება 2019 წლის 31 მაისით თარიღდება და მას ხელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აწერს.

    ბრძანების მიხედვით,  „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

    ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება 12 ივნისს ამოქმედდება.

  • ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი “აჭარა ჯგუფს” ეკუთვნის

    ყაზბეგში  2 საათის წინ  ვერტფრენი ჩამოვარდა,  უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და აჭარა ჯგუფის ორი თანამშრომელი. ვერტმფრენმა  ტექნიკური ინსპექტირება 22 მაისს გაიარა და  საფრენი ბაზიდან სასტუმროსაკენ მიფრინავდა. კომპანია “ავიატორ პლიუსის” კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

    კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს. „აჭარა ჯგუფი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.

  • მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, მაგრამ პატიმრობა მაინც არ უნდა იქნას გამოყენებული – კალანდიას ადვოკატი

    მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს – პროცესი ამ წუთებში იწყება.

    პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს.

    „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მოტივს, რის გამოც არ უნდა იქნას პატიმრობა გამოყენებული, არის არაერთი ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, არ უნდა იქნას მაინც გამოყენებული პატიმრობა, იმიტომ რომ 2017 წლიდან ეს საქმე მიმდინარეობს და მიხელ კალანდიას დარღვეული არ ჰქონია არცერთი წინაპირობა, არ მიმალულა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არასდროს უფიქრია ქვეყნის დატოვება. ეს სწორედ ის ჩამონათვალია, რის გამოც არ უნდა იქნას გამოყენებული პატიმრობა,“-ამბობს ადვოკატი ანა კოტეტიშვილი.

    დაკავებულ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებენ.

  • ჩინეთის ლიდერმა პუტინს საუკეთესო მეგობარი უწოდა

    BBC-ს ინფორმაციით ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება და ის თავის რუს კლეგას ვლადიმერ პუტინს უკვე შეხვდა.  ჩინეთის ლიდერმა პუტინს საუკეთესო მეგობარი უწოდა. როგორც ის ამბობს, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა წლების განმავლობაში გაუძლო სერიოზულ გამოცდებს და არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა.

    „ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით ჩვენი ურთიერთობა ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალ საფეხურამდე აგვეყვანა. ჩვენი ხალხისთვის შესანიშნავი სამუშაო ჩავატარეთ“,- სი ძინპინიმა.

    რუსეთის ლიდერმა განაცხადა რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშნელოვანესია.ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია „გრეით ვალ მოტორსმა“ რუსეთში ახალი ქარხანა გახსნა.

  • საპროტესტო აქციები სუდანში – მდინარე ნილოსიდან მიტინგში მონაწილეთა 40 ცხედარი ამოიყვანეს

    საპროტესტო აქციების მონაწილეებზე თავდასხმა სუდანში – აშშ სამხედროებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, აქციის მონაწილეების კარვების დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, მდინარე ნილოსიდან მიტინგში მონაწილეთა 40 ცხედარი ამოიყვანეს.

    სუდანის სამხედრო საბჭოში განაცხადეს, რომ მომხდარის გამოძიება ჩატარდება და დამნაშავეები დაისჯებიან.

    სუდანში სამხედრო გადატრიალება მაისში მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის სათავეში სამხედროები მოვიდნენ.

  • ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

    ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული  ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

    ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • შსს-მ “საქართველოს ბანკსა” და “თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერდანაშაულის ფაქტზე სამი პირი დააკავა

    შსს-მ “საქართველოს ბანკსა” და “თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერდანაშაულის ფაქტზე სამი პირი დააკავა -ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტაენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    თურქეთის რესპუბლიკის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე კიბერდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.

    მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ.

    კერძოდ, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თი-ბი-სი” ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის ვებ-გვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა „ფეისბუკის“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებ-გვერდებიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვა და სხვა სახის ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს.

    დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტ-ტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.

    აღნიშნული ქმედებით ამ პირებმა მოქალაქეებს 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს საბანკო სექტორთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პროცესში.

    სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს ბრძოლას მსგავსი სახის დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყნის საბანკო სექტორი და მისი მომხმარებლები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი”-განაცხადეს შსს-ში.