Category: არქივი

  • ინციდენტი ახალქალაქში: კადრებში ჩანს, როგორ გადმოათრია პოლიციამ მძღოლი მანქანიდან

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც  პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ავტომობილის მძღოლის დაკავებას ცდილობენ და მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოყავთ.  ინციდენტი ახალქალაქში მოხდა.

    თვითმხილველების თქმით, პოლიციას მოტოციკლეტისტის დაჯარიმება უნდოდა, ავტომობილის მძღოლმა კი ჰკითხა, რატომ აჯარიმებდნენ მას, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოათრიეს.

  • კალაძეს ვაჩვენებ პანღურს, რომელიც მოხვდება – გუგავა ტაქსის მძღოლების პროტესტს შეუერთდა

    ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – 2 წლით გადაიდოს რეგულაციები ტექინსპექტირების გავლასთან და ავტომობილების თეთრად გადაღებვასთან დაკავშირებით.

    ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, თბილისის მერიის წინ მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

    მძღოლებს დღეს “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, გიორგი გუგავა შეხვდა. გიორგი გუგავა აცხადებს, რომ კონკრეტული აქციით ისინი თბილისის მერს ხალხის ძალას აჩვენებენ.

    „ეს რეგულაციები არის უსამართლო, უკანონო, ამას არ შეეგუება ტაქსისტები. ჩვენ შემოვიარეთ აბსოლუტურად ყველა უბანი და უკვე გადავწყვიტეთ საორგანიზაციო ჯგუფმა, რომ მთავარი ფართომასშტაბიანი აქცია გავმართოთ კალაძის სამუშაოს წინ, მერიის წინ და იქ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, ხალხის მუჭს და ხალხის პანღურს, რომელიც მოხვდება მას,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

  • რომის პაპი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

    რომის პაპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვატიკანში 4 ივლისს შედგება. ინფორმაცია ამის შესახებ ვატიკანმა ოფიციალურად დაადასტურა. საუბრის ერთ-ერთი თემა რუსულ და უკრაინულ ეკლესიებს შორის არსებული უთანხმოება იქნება.

    ეს რომის პაპ ფრანცისკესა და პუტინის მესამე შეხვედრა იქნება.

  • ზელენსკიმ სუსლიაკის ბავშვების წასაყვანად საკუთარი ბორტი გამოგზავნა

    რამდენიმე წუთის წინ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიკოლა კულებამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ბავშვები საგარეჯოში არიან  ხოლო მათ წასაყვანად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი ბორტი გამოგზავნა. 

    „ჩვენ გუშინ შევხვდით პროკურატურას და შსს-ს. უკრაინულმა მხარემ მოამზადა ძალიან ბევრი დოკუმენტი ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ქალბატონი სუსლიაკი ტრეფიკინგშია ბრალდებული. ამის საფუძველი არსებობს, რადგან არის მასალები, სადაც დედა ბავშვებს კარგად არ უვლიდა, 1 ბავშვი დაეღუპათ რუსეთში, 6 არის სუროგაციის გზით გაჩენილი, 1 არის ამერიკის მოქალაქე. იულია სუსლიაკი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მათ გადაყვანას აპირებდა. გამოძიება უკრაინაშიც ტარდება და ყველა გარემოებას შეისწავლის. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი. როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ჩატარდება კონსულტაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. თუ იულია სუსლიაკი დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არა – უნდა გათავისუფლდეს. ბავშვების გადაყვანა უკრაინაში დღესვე იგეგმება“, – განაცხადა კულებამ.

    იულია სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა.

    გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის თანმხლებ ათ ბავშვს უკრაინულ მხარეს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გადაწყვეტილება საგამოძიებო უწყებამ, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

  • ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ

    ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას  დილიდან ეძებენ. მოსწავლეები დილით, სახლიდან გავიდნენ, თუმცა დღეს სკოლაში არ მისულან. მოზარდების დაკარგვის შესახებ „ბორჯომიTV“ ავრცელებს.

    ფიროსმანის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში მათი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს. ადგილზე არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები,  მშობლები და სკოლის დირექტორი.

  • „ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული“ – “ავიატორის” დირექტორი

    „ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული“ – ამის შესახებ კომპანია „ავიატორის“ დირექტორმა განაცხადა. მან მედიასთან რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, ტექნიკურად გამართული იყო. გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, საფრენ აპარატს ბოლო შემოწმება 22 მაისს ჩაუტარდა.

    მისი განცხადებით, პილოტი, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, შემთხვევამდე სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, საიდანაც თანაშემწესა და „რუსმსის“ კიდევ ერთ თანამშრომელთან ერთად ანგარში წავიდა, სადაც ვერტმფრენებია განლაგებული. კომპანიის დირექტორის თქმით, სწორედ იმ ადგილიდან გაფრინდა სასტუმროში ვერტმფრენი.

    ამ ეტაპზე არც „ავიატორის“ წარმომადგენელებს, არც შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს არ აქვთ პასუხი, რატომ ჩამოვარდა ვერტმფრენი და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

    „ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული და მას არანაირი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონდა. ვერტმფრენის ტექნიკური მომსახურება შესაბამისი დადგენილი წესებისა და რეგლამენტების მიხედვით ტარდებოდა. ამ ვერტმფრენით ჩვენ ვასრულებდით კომერციულ ფრენებს. პილოტთან ერთად ხშირად დაფრინავდნენ ჩვენი თანამშრომლები და ასევე სასტუმროს თანამშრომლები იმისთვის, რომ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ტექნიკას და უფრო ადვილად აეხსნათ მომსახურების შესახებ ჩვენი სტუმრებისთვის და ამ მიზნით იყო სასტუმროს თანამშრომელი ბორტზე,“ – განაცხადა „ავიატორის“ დირექტორმა, გიორგი მოლოდინაშვილმა.

    ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი პილოტი. გარდაცვლილების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. კატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.

  • “ნაწილები გასცვივდა, პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ – თვითმხილველი ავიაკატასტროფას იხსენებს

    „ნაწილები გასცვივდა. პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ – ასე იხსენებს თვითმხილველი  ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებს.

    მწყემსის, რომელიც შემთხვევის ერთადერთი მოწმეა ამბობს, რომ დაინახა, როგორ დაეცა საფრენი აპარატი, შემდეგ ის ამობრუნდა. მისი განცხადებით, როდესაც ვერტმფრენს მიუახლოვდა, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

    თვითმხილველი ჰყვება, რომ ვერტმფრენს ცეცხლი არ გასჩენია, დაიღვარა საწვავი, შენიშნეს კვამლი და ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

    „პირველი შეჯახება დავინახე, სადაც მიცვალებულები არიან. იქ როგორ გაფრინდა, ვეღარ დავინახე. ნაწილები გასცვივდა. პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ,“ – ამბობს თვითმხილველი

    ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი პილოტი. გარდაცვლილების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. კატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.

  • ლარი გამყარებას განაგრძობს

    6 ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ  2.7411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.75 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.89 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0794 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0990 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.96 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4752 ლარს შეადგენს.

  • გორელი ძაღლი ჰოლივუდში მიემგზავრება

    გორელი ძაღლი, სახელად ჯორჯი ჰოლივუდში სერიალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. უსახლკარო ძაღლი ავტოგასამართ სადგურზე ამერიკული ტელესერიალების მსახიობებმა – სიმუს და ჯულია დევერებმა აღმოაჩინეს და კალიფორნიაში წაიყვანეს. დევერები ABC-ის სერიალში Castle მონაწილეობენ.

    ჯულიანამ ლეკვის ფოტოები ტვიტერზე გამოაქვეყნა და მომხმარებლებს ჰკითხა ხომ არ იშვილებდა ვინმე უპატრონო ლეკვს. ისინი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას, Dog organization Georgia-ს დაუკავშირდნენ და ძაღლი ორგანიზაციის თავშესაფარში გადაიყვანეს. ლეკვს პატრონი მალევე გამოუჩნდა. ჯორჯი კალიფორნიაში მალე მიემგზავრება,სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ელოდება.
  • ნეიმარი კოპა ამერიკას გამოტოვებს – ყატართან ამხანაგური მატჩი საბედისწერო აღმოჩნდა

    ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია. მან ტრავმა ყატართან ამხანაგურ მატჩში მიიღო და როგორც აღმოჩნდა იგი კოპა ამერიკაზე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

    27 წლის თავდამსხმელმა მატჩის 21-ე წუთზე ორთაბრძოლისას კოჭის დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სათადარიგო სკამზე მისი ემოციიდან რთული არ იყო იმის მიხვედრა, რომ ტრავმა მსუბუქი არ იყო და ფეხბურთელი სერიოზულ ტკივილს განიცდიდა. მატჩის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ ნეიმარს მარჯვენა კოჭის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და იგი კონტინენტის პირველობაზე ვერ იასპარეზებდა.

    ნეიმარს ბოლო პერიოდში ტრავმები არ ასვენებენ. იანვარში მიღებული ტრავმის შემდეგ მან მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება შეძლო. ასევე ყველას ახსოვს შარშან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიღებული ტრავმა, რის გამოც მან უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა და საბოლოოდ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. მთლიანად 2018-2019 წლის სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ბრაზილიელმა თავდამსმხელმა მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა.