Category: არქივი

  • მეტრო დღესაც შეფერხებით მუშაობს

    თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც შეფერხებით მუშაობს.

    დილიდან პრობლემებია  „სადგურის მოედანზე“, სადაც ერთ-ერთი შემადგენლობა, ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრებისგან დაცალეს და ჩიხში გადაიყვანეს. მომხდარმა პიკის საათებში  ხალხმრავლობა გამოიწვია.

    მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.მეტრო “სადგურის მოედანზე” გუშინაც შეფერხდა. 

  • მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ-სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაიგზავნა

    მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ -ამ სახელწოდების  სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.სტრასბურგში მაჩალიკაშვილების ინტერესებს EMC წარმოადგენს.

    “ყველა სიბინძურესა და მხეცობას ჩადიან რომ საქმე არ გაიხსნას და სამართალი არ დაიდოს ყველაფერს აკეთებენ, სხვა რა გზა გვრჩება, სტრასბურგს უნდა მივმართო. მთელ მსოფლიოს მოვდებ, ესენი რა მხეცები არიან და რა სასტიკი სისხლიანი სისტემაა,”-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

  • მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

    დავით სარალიძის ჯგუფურად  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ  მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.

    პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

    მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაის საქმეზე  სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. ის დიღომში აიყვანეს. კალანდია ბრალს არ აღიარებს.

  • ლაგოდეხში არასრულწლოვანმა იმშობიარა.ის ამბობს, რომ მეგობრის მამამ გააუპატიურა

    ლაგოდეხის პოლიციამ  16 წლის გოგოს მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
    რეგინფოს ინფორმაციით გოგო ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ის გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგო ორსულად იყო და იმავე დღეს ბავშვი გააჩინა.
    სკოლის დირექტორის თქმით, გოგოს ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა არც მან, არც მასწავლებლებმა.
    გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა, რომლის შვილი მისი მეგობარი და თანაკლასელია. ის ღამე მათთან სახლში დარჩა და ცალკე ოთახში იწვა, როდესაც მეგობრის მამამ გააუპატიურა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა. 

    რეგინფოს ინფორმაციით გოგონა ამბობს, რომ არ იცოდა საკუთარი ორსულობის შესახებ, სანამ ბავშვი არ გააჩინა და არც მუცელი ეტყობოდა.

    არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ბავშვის მამის დასადგენად და მას შემდეგ, რაც ბავშვის მამის ვინაობა დადგინდება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება.
    გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
    გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.
    გოგოს ოჯახი და ახლობლები სამართალდამცავებისგან სავარაუდო მოძალადის დასჯას ითხოვენ და შიშობენ, რომ ის შესაძლოა მიიმალოს.
    სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
  • ოფიციალურად: ჯიჯი ბუფონი პსჟ-ს ტოვებს!

    ჯანლუიჯი ბუფონი პარიზულ კლუბს უახლოეს დღეებში დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Bleacher Report წერს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი და კლუბის ბოსები შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტს, რომელსაც ივნისში ეწურება ვადა, აღარ განაახლებენ და ლეგენდარული მეკარე ზაფხულიდან ახალ კლუბს შეუერთდება.

    ბუფონმა პსჟ-ს ოფიციალურ გვერდსაც მიმართა წერილით: ,,დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე მქონდა სიამოვნება მეთამაშა და მიმეღო გამოცდილება პარიზში. დიდი მადლობა თითოეული ემოციისთვის და მოგონებისთვის, რაც ამ გუნდისგან დამრჩა. 12 თვის წინ მე ამ გუნდს შევუერთდი ენთუზიაზმით სავსე და როგორც კლუბმა ისე ფანებმა ძალიან თბილად მიმიღეს. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მთლიან ორგანიზაციას განვლილი წლისთვის. დღეს მე ვტოვებ ამ უდიდეს კლუბს და როგორც ჩანს ჩემი თავგადასავალი იტალიის მიღმა დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა კლუბის მეპატრონეებს, ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს, რომლების მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგნენ. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს”. – წერს ჯიჯი ბუფონი წერილში.

    ჯერ-ჯერობით სად გააგრძელებს იტალიელი მეკარე თამაშს უცნობია, თუმცა მას არაერთი შემოთავაზება აქვს მსოფლიოს ყველა წერტილიდან.

  • “თუ გაუძლებ, გადარჩები“–ქართველი ქალის მძიმე გზა უკიდურესი გაჭირვებიდან წარმატებულ ბიზნესამდე

    პროექტი “ქალები საქართველოდან“ 48 წლის ვანელი ქალის, ქეთი თომეიშვილის ისტორიას აქვეყნებს, რომელმაც მძიმე გზა გაიარა და დღეს წარმატებული ქალია. უკიდურესი გაჭირვების დასაძლევად ის წლების მანძილზე საზღვარგარეთ მუშაობდა, ბევრი პრობლემა დაძლია და დღეს გამართული ბიზნესი აქვს. გთავაზობთ ქეთი თომეიშვილის მონათხრობს:
    „29 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავედი და 14 წლის შემდეგ დავბრუნდი.
    ჩემი და ძალიან ახალგაზრდა იყო, ანევრიზმა როცა დაემართა. გადარჩენის შანსი მარტო 2% იყო, მაგრამ მინდოდა ეს მინიმალური შესაძლებლობაც გამომეყენებინა. ამ პერიოდში გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი გაუღებელი კარი არ დარჩა: კერძო მევახშეებისგან ფული ვისესხე და ოპერაციისა და 46 დღიანი კომის შემდეგ, ჩემი და გადავარჩინე. სიმართლე გითხრათ, ქმარი გვერდში არ დამდგომია და მეც მასთან ვეღარ ვიცხოვრბდი, ვერ ვაპატიებდი.
    დავბრუნდი ჩემ სამი წლის შვილთან და ვალებთან ერთად სოფელში, დედასთან. ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი! ჩემი დის სანახავად რომ მოდიოდნენ, ხელებში ვუყურებდი, რა მოიტანეს-თქო. მეზობელი ერთ თეფშ საჭმელს რომ შემომაწვდიდა, ჯერ ჩემ შვილს ვაჭმევდი, მერე დას და დედას. საბავშო ბაღი მაშინ 5 ლარი ღირდა და ხანდახან იმ 5 ლარსაც ვერ ვშოულობდი, რომ ბავშვს იქ უფასო საჭმელი მაინც ქონოდა. სულ მაწუხებდა ეს პასუხისმგებლობა: როცა მოგყავს შვილი და მარტო გაზრდას გადაწყვეტ, ან იმაზე მეტი უნდა გაუკეთო ან ის მაინც არ უნდა მოაკლო, რაც მანამდე ქონდა. დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი, მაგრამ დედაჩემი შემეწინააღმდეგა, რას იტყვის ხალხიო და მეც თავს ვიკავებდი. საზღვარგარეთ წასულ ქალებზე სოფელში ხალხი ცუდს ფიქრობდა. მაგრამ ერთხელაც ჩემი შვილი ბაღიდან სველი ფეხებით რომ დაბრუნდა, ფეხსაცმელი ქონდა გახეული და წყალი შესდიოდა, ვეღარაფერმა დამაკავა. 50-50 თეთრი ავაგროვე და 6 ლარად ბათუმში ჩავედი. იმედი მქონდა, იქიდან თურქეთში გადავიდოდი სამუშაოდ.
    ისე აეწყო, რომ 3 წელი ოჯახში ვიმუშავე ბულგარეთში, მერე იქიდან 1 წელი აზერბაიჯანში და ბოლო 10 წელი უკვე თურქეთში ვიყავი ოჯახში მოხუცის მომვლელად. თავიდან წასასვლელი ბილეთი და საგზლად სენდვიჩი კი მიყიდეს, მაგრამ მახსოვს, ავტობუსში ტუალეტის ფულიც არ მქონდა და მძღოლმა მაჩუქა 10 ლირა გზაში.
    ძალიან რთულ პირობებში მომიწია მუშაობა. სანამ ენებს ვისწავლიდი, დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. 400 დოლარს მიხდიდნენ და 24 საათიან რეჟიმში, ხშირად შესვენების გარეშე უმძიმეს სამუშაოს ვასრულებდი: ჩავარდნილი მოხუცის მოვლა, საოჯახო საქმე. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ისიც სხვა ოჯახში გავრბოდი სახლის დასალაგებლად, რომ ყოველთვიური ანაზღაურება მეტი მქონოდა. ასეთ დღეში იყვნენ იქ ქალების უმეტესობა. თან უსაფრთხოდაც ვერ გრძნობ თავს, თუ საბუთები წესრიგში არ გაქვს, შეიძლება ხელფასიც არ გადაგიხადონ. რამდენი შემთხვევა ვიცი, ქალებზე უძალადიათ, მაგრამ ეს ამბავი არავის აინტერესებს. არავინ ინტერესდებოდა ჩვენით. სამედიცინო დაზღვევაც ბევრს არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ გადასახადები უნდა გადაიხადო და „გაალეგალურო“, რაც ისედაც მცირე ხელფასს აკლდება. გაძლებაზეა იქ ყველა. თუ გაუძლებ, გადარჩები და ამ გადარჩენაში აუცილებლად დაგეხმარება მიზანი. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, შრომობს იქ წლებია, აგზავნის ფულს, მაგრამ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს და ასე გადის მათი ცხოვრბა, ოცნებაში. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ ქალების გამოგზავნილი ფული იოლი ფულია აქაურებისთვის და ასევე იოლად ხარჯავენ. ერთხელ რომ გამოვგზავნე 300 დოლარი, მალევე მეც ჩამოვედი ცოტა ხნით და ოჯახში არაფერი ქონდათ საჭმელი. ამის მერე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ფული კი არ გამომეგზავნა, მაღაზიისთვის გადამეხადა ყოველთვიურად და ჩემებს საკრედიტო ხაზივით ქონდათ გახსნილი პროდუქტის ასაღებად. მე წავედი, რომ დავბრუნებულიყავი. მართლა მეცოდებიან ის ქალები, ვინც ოჯახის მიერ აღებული კრედიტების მონა ხდება და ვეღარ ბრუნდება.
    მიგრანტ ქალებს რამდენიმე „პრესის“ ქვეშ გვიწევს მუშაობა: ჯერ ერთი ძალიან იაფი მუშა-ხელი ვართ საზღვარგარეთ, მერე რამდენი ქალი არჩენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეს თანხა არასდროს ყოფნით და კიდევ ზემოდან „რას იტყვის ხალხი“ -ს უნდა გავუძლოთ. რამდენჯერ დედაჩემი საკიპით რომ მელაპარაკებოდა, სპეციალურად მეზობელთან გადადიოდა, რომ სოფელში ხალხი დარწმუნებულიყო, მართლა ოჯახში ვმუშაობდი და არ სადმე „სხვაგან“. ახლაც ფეისბუქზე მიგრანტი ქალი თავის მოხუცთან გადაღებულ ფოტოს რომ დებს, ვიცი, რომ ამას ხალხის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს.
    თურქეთში რომ გადავედი უკვე 1000 დოლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ თანხის დაგროვებას 400 დოლარითაც ვახერხებდი. ჩემი პირველი მიზანი ვალების დაბრუნება იყო, წარმოიდგინეთ 50,000 ლარი მქონდა უკვე ვალი პროცენტებიანად. ყველა მევალეს დავუკავშირდი და გადვადება ვთხოვე. 4 წელში ყველა ვალი დავფარე. შემდეგი მიზანი მქონდა სახლის აშენება. ამდენი სული ერთ პატარა „კუხნაში“ ვცხოვრობდით. მახსოვს, თურქეთში მაღაზიის ვიტრინას რომ ჩავუვლიდი, თვალი გამირბოდა ლამაზი შარვლისა და „კოფთისკენ“, ფასს რომ გავიგებდი, ტვინში კალკულაციას ვაკეთებდი, ამ თანხით რამდენი ბერკეტი მომივიდოდა სახლის ასაშენებლად და ხელცარიელი გამოვდიოდი უკან.
    ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ასეთ შრომაში. ჩემი შვილის არც პირველ კლასში წასვლა მინახავს, არც მისი ცეკვის კონცერტები. ფოტოებით და ვიდეოებით ვადევნებდი თვალს, როგორ იზრდებოდა. მაგრამ მთავარია ვიცოდი, როდის უნდა დავბრუნებულიყავი. ვალების გასტუმრებისა და სახლის აშენების შემდეგ, კიდევ ერთი სურვილი მქონდა. მანქანა მინდოდა მეყიდა. ქმარმა, დაშორების წინ მომაძახა, ახლა გიყურებ, როგორ გეტირება დედაო. მაშინ გულში ვიფიქრე, სახლიც მექნება და შემოსავალიც, მაგარ შვილსაც გავზრდი და მანქანაც მეყოლება-თქო. მერე საქართველოში რომ დავბრუნდი, მივაკითხე ჩემ ყოფილ ქმარს სახლთან. როცა გამოჩნდა, დავუსიგნალე და ფარები ავუნთე. მიყურებდა ბუსავით. ეს იმხელა სიამოვნება იყო, გადაფარა იმ 14 წლის ტანჯვით შრომა.
    საქართველოში 2016 წელს დავბრუნდი. დანაზოგიც მქონდა და დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთხელ, ქუთაისთან ზამთარში დავინახე სათბურები. ვიფიქრე, ქართველი ამ ზამთარს გარეთ რომ გამოვა, ესე იგი იქ ფული ტრიალებს-თქო. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ ასე ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამრეისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე ჩამოვდგებოდი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ხან ბაზარში პროდუქტების ფასებს ვიგებდი. ასე ავკრიფე ინფორმაცია და გადავწყვიტე კიტრის სათბურების გაკეთება. პირველი რაც გავიგე, წარმატებული მოსავალისთვის აუცილებელი იყო სადრენაჟე სისტემის გაკეთება. ჰოდა, მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, გამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და 2 სათბური გავაშენე. დედაჩემმა თავში წამოირტყა ხელები, მეზობლებო ჩემმა შვილმა დანაზოგი მიწაში დამარხაო. მეზობლები ჭიშკართან მოდიოდნენ, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო.
    მერე იყო სახელმწიფო გრანტი 60%-იანი თანადაფინანსებით. ბანკები უარს მეუბნებოდნენ დაფინანსებაზე, მაგრამ ერთი ბანკი წამომყვა. დავწერე ბიზნეს გეგმა და დამიფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე 5 სათბური მქონდა. ნელ-ნელა ნდობაც მოვიპოვე დონორების და აგერ ფერმერთა ასოციაციამ 9,000 ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად.
    ახლა მთელი წელი მაქვს კიტრის მოსავალი. წელიწადში 20 ტონამდე მიღებ მოსავალს. ზამთარში ფასები 6-7 ლარამდე ადის და ვცდილობ მეტი მოსავალი ამ პერიოდში მქონდეს. 800 კვადრატულიდან დავიწყე და ახლა 2000 კვ.მ. სათბური მაქვს. ამასთან ერთად ღორების ფერმაც გავაკეთე. თუკი რამე თავისუფალი თანხა გამომიჩნდა, გარშემო მიწებს ვყიდულობ. ალუჩის ბაღი გავაკეთე და მოსავალს ველოდები გაისად. სატაცურია ახლა მოთხოვნადი ბაზარზე და მომავალ წელს ესეც მექნება.
    სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს. რამდენიმე მეზობელი მყავს დასაქმებული. ჩემი მენეჯმენტი მაქვს: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ერთსა და იმავე საქმეს არც ერთი აკეთებს, რომ მერე ერთმანეთს არ დააბრალონ შეცდომები. შვილთან ურთიერთობაც სიმკაცრეში გადამდის, მაგრამ მირჩევნია შრომას მიეჩვიოს და ამ შრომაში ხელფასი გადავუხადო, რომ თავისი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ვიდრე მთელი ცხოვრება მე შემომყურებდეს ხელებში. საქართველოში ხომ იცით როგორცაა, 40 წლის კაციც ბავშვია და მოვლას ითხოვს.
    მოგება ამ წუთში ვერ მექნება, რადგან, რაც შემოდის ყველაფერი ბანკში მიდის. 2 წელიწადში ამ ვალდებულებებსაც გავისტუმრებ და მერე უფრო გავიმართები წელში. თუმცა ამ შრომაში თანდადათან ისე ვიზრდები და ვიხვწები, იმდენ გამოცდილებას ვიღებ… ვალის გარეშე ძალიან ძლიერად ვიქნები. ამას წინათ, აგერ ზედა სოფელში სათბური გაუკეთებიათ ბიჭებს. მივედი, ვნახე. ვუთხარი შეცდომით გააკეთეთ-თქო, სქელი მილები ჩაყარეს გასათბობად და ღუმელი ვერ ერევა. არ დამიჯერეს, ქალმა რა იცისო. იმათ თებერვალში მოათავეს მოსავალი, მე კიდევ ისევ ვიმკი.
    მთხოვნელები მომირავლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მოთოვა ამდენი ნაცოლარი, ამდენი ქვრივი?! შენი ჭირიმე, მე ვუთხარი: შვილი მყავს, სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?! რატო, თორემ კი. გულის ხეთქვის მეტს არავინ არაფერს გაგიკეთებს! იქ, მერე ყველა თავის ცხვირს ჩაგიყოფს ამ გამზადებულ საქმეში. მერე მოგაქცევს თავის ჩარჩოში, და მე უვე ისეთი დამოუკიდებელი ვარ, ჩარჩოებს ვეღარ ავიტან. ასე, ჩემთვის მირჩევნია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ“
    ავტორი: მაიკო ჩიტაია
    ფოტო: ნინა ბაიდაური
    პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
    სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ქალები საქართველოდან“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
    #ქალებისაქართველოდან
  • „შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა ბოროტი ქალის შვილი ვიყოო”- ნანა კოსტავა

    ნანა კოსტავას თქმით, მისი  პოსტის გამო, ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო.
    „ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე, რომ „ოცნების“ გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა „ქართული ოცნების“ მაიკა მე ჩავიცვი, ის მაისური სხვათასორის ბერამ მაჩუქა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი.

    ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო, ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა – დედიკო გვარი რომ შევიცვალო არ შეიძლება, არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო“ , – განაცხადა ნანა კოსტავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

    ნანა კოსტავამ ფეისბუქზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ კომენტარით გაზიარება იმ დროს მოხდა, როდესაც მას 16 წლის და ტრაგიკულად დაეღუპა. მოგვიანებით კოსტავამ პოსტი წაშალა და  ბოდიში მოიხადა.
    საზოგადოების დიდი ნაწილი კოსტავას  თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.
  • “ვისი ინსტრუმენტია და ვის პირდაპირ ინსტრუქციებს ასრულებს ვილაპარაკებ მორიდების გარეშე“– გვარამია ზაზა სარალიძეს უპირისპირდება

    რუსთავი 2–ის დირექტორი, ნიკა გვარამია ზაზა სარალიძის შესახებ ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს:

    “კვირას, განსხვავებულ აქცენტებში, ბევრს ვილაპარაკებ, რატომ აღარ ელაპარაკება ზაზა სარალიძე რუსთავი 2ს. არხს, რომელმაც არათუ გახსნა ეს საქმე, არამედ, საერთოდ, შექმნა სარალიძის საქმის ფენომენი. და რატომ ელაპარაკება იგივე ზაზა სარალიძე ტვ იმედს, რომელიც მონსტრს აკეთებდა მთელი წელიწადნახევარი მისგან. რატომ ბომბავს დღეს მხოლოდ პროკურატურას და საერთოდ რატომ გააქრო ნარატივიდან შსს, რომელმაც სინამდვილეში პირველმა გააფუჭა საქმე და მერე გააპრავებია პროკურატურას. ვისი ინსტრუმენტია სარალიძე დღეს და ვის პირდაპირ ინსტრუქციებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიედ (ამაშიც გავერკვევით).

    ვილაპარაკებ მორიდების გარეშე, როგორც მე მჩვევია. უსამართლობისას დანდობა არ ვიცი, მოგეხსენებათ, და არანაირ სტატუსს ანგარიშს არ გავუწევ, ესეც მოგეხსენებათ.“– წერს გვარამია