Category: არქივი
-
მთაწმინდაზე ადამიანები, რომლებიც ცესკომ გადასატან ყუთზე დაარეგისტრირა, ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან
მთაწმინდაზე ადამიანები, რომლებიც ცესკომ გადასატან ყუთზე დაარეგისტრირა, ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან- ამის შესახებ “ევროპულ საქართველოში” ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა და ეს ფაქტი ამომრჩეველზე ზეწოლად შეაფასა.
ხოშტარიამ ვიდეოები წარმოადგინა, სადაც ჩანს რომ ეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლად დადიან. “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, გადასატან ყუთზე პირველი ტურის შემდეგ 234 ამომრჩეველი დაემატა. ამ ფაქტს პარტიაში საარჩევნო დარღვევად აფასებენ. ხოშტარიას შეფასებით, ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე 9 ივნისს გაიმართება, ერთმანეთს “ქართული ოცნების” კანდიდატი ლადო კახაძე და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
-
აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის-სამადაშვილი ნათია თურნავას
“არ გვჭირდება ამ სულელური პრეზენტაციის მოსმენა, აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის”-ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას. თურნავა სამადაშვილის შეკითხვას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პასუხობდა. მინისტრის მტკიცებით, ანაკლიის პროექტის განვითარებას არანაირი წინაღობა არ ექნება.
სამადაშვილმა თურნავას პასუხის გაცემა იმ მიზეზით შეაწყვეტინა, რომ მისი თქმით, მინისტრი შეკითხვებს თავს არიდებდა.
“ეს უკვე მოვისმინეთ, მე იძულებული ვარ შეგაწყვეტინოთ, რაც უკვე მოვისმინეთ იმის მეორეჯერ მოსმენა არ გვჭირდება, აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის, ჩემს შეკითხვას გაეცით პაუსხი, კი ან არა. ჩემი დრო დამთავრდება მაშინ, როდესაც პასუხს მივიღებ, მე აქ რაღაცა სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ”-თქვა სამადაშვილმა.
-
სასტიკი მკვლელობა გარდაბანში – საკუთარ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი დასახიჩრებული იპოვეს
სასტიკი მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში – გვიან ღამით საკუთარ სახლში ხანდაზმული ცოლ-ქმარი მოკლული იპოვეს. მოკლულებს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცხედრები იმდენად არის დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა ახლობლებს გაუჭირდათ.
არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებს სახლიდან არაფერი წაუღიათ. ამიტომ ვარაუდობენ, რო მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
-
“იცით თუ არა ვინ არის რემენა?”-პარლამენტში გიგა ბოკერიას დასმულ შეკითხვებს ხმაური მოჰყვა
“ადევნებდით თუ არა თვალყურს ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით? იცით თუ არა ვინ არის რემენა?” გიგა ბოკერიას შეკითხვებმა უმრავლესობის წევრები გააღიზიანა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოსმენა მიმდინარეობს.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მინისტრს მოკლე შეკითხვებს უსვამდა, მინისტრმა მის შეკითხვებს არ უპასუხა. კომიტეტის სხდომა ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ბოკერიას შეკითხვა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ეხებოდა. ბოკერიამ თურნავას ჰკითხა იცნობდა თუ არა რიჟას, რემანას და სხვა პირებს, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან და ბოკერიას თქმით, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის დროს საქმეებს აგვარებდნენ.
ბოკერიამ თურნავას ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად, პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევა.
ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატის კითხვები უპასუხოდ დატოვა. უმრავლესობის წევრებმა კი ბოკერიას მიმართეს, რომ ის კომიტეტში იმყოფებოდა კითხვების დასასმელად და არა დაკითხვის მოსაწყობად. თურნავას დუმილს გიგა ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა, მან განაცხადა, რომ მისი უფლება იყო კითხვების დასმა, უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს რომ თურნავა პარლამენტში დაკითხვაზე არ იყო მიწვეული.
-
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. მათი განცხადებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები, ბავშვები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა”-განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები.
„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
-
სოფელ ჭუბერში მდ. ნენსკრა ადიდდა (ვიდეო)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის თემში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარსგურიშთან დამაკავაშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა. ადიდებულია მდინარე ნენსკრაც.სოფელ ჭუბერში მდინარის ადიდების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.