Category: არქივი

  • შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000-მამუკა ბახტაძე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძეს კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლა ჰქონდა, სადაც საქართველოზე ისაუბრა.

    “შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას.

    განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო ყველაზე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნევა მსოფლიოში. ეს არის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყანა რეგიონში და ფართოდ არის აღიარებული ბიზნესი კეთების სიმარტივის გამო. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო განაკვეთების სიმცირით. კაპიტალდაბანდება ჩვენს ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განვახორციელეთ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებს საქართველოს რეგიონის ცენტრად. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს ნატო-სა და ევროკავშირის ზღურბლზე ვიმყოფებით, სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ისეთ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებებით, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგით მე-7 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ხოლო ღია მმართველობაზე ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე მე-5 ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსში. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით ვითარდება – იქნება ეს პრესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5 პროცენტს აღემატება და სამეზობლოში ორჯერ მეტია, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციები თუ სხვა.

    არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ ქართული ძირისაგან წარმოსდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს. ახლა კალიფორნიამ უკვე ბევრი რამ იცის ღვინის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, პირველი კალიფორნიული ღვინო 1760 წელს ჩამოისხა. თქვენ მსოფლიოში ამ სასმელის მე-5 უმსხვილესი მწარმოებელი ხართ – წელიწადში 240 მილიონი კასრი ისხმება და 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს, 300 000 და მეტი სამუშაო ადგილი იქმნება – და ეს ყველაფერი კალიფორნიის ფარგლებში. სავსებით არ არის ცუდი მაჩვენებელი ორიოდე ასეული წლის მქონე საქმიანობისთვის. საქართველოში 8 000 წლის განმავლობაში ტემპი ცოტათი დაბალი იყო, თუმცა ჩვენს ღვინოს დაძველება უხდება. როდესაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ 8000 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ნამდვილად იხვეწები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის ათივე ბავშვი კიევში, პრეზიდენტის თვითმფრინავით წაიყვანეს

    ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის, იულია სუსლიაკის ათივე შვილი,  კიევში  გაემგზავრა.

    ბავშვები ბებიებთან ერთად საქართველოდან გუშინ საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით გაემგზავრნენ.

    ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში უკრაინის პრეზიდენტის  რწმუნებულიც იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ამოლაპარაკებებს წარმოებდა.

    „ჩვენ კარგად გვესმის თუ რატომ იყო საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვები ასაკიდან და მათი დაბადების ადგილებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ადგილი ბავშვებით უკანონო ვაჭრობას ჰქონდა. ეს ყოველივე ვითარებაში გარკვევას საჭიროებდა. უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფოდ გამომგზავნა საქართველოში. ჩვენ გვესმის რომ შესაძლოა ქართული მხარე არ იყო მზად ჩვენი დაუგეგმავი ვიზიტისთვის, თუმცა საელჩოს შუამდგომლობით უმოკლეს დროში ყველა ოფიციალური საკითხი მოგვარებული იყო და ქართული მხარისგან ბავშვებს უკრაინაში გადაყვანაზე თანხმობა სწრაფად მივიღეთ,”-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა ბავშვთა უფლებების საკითხებში მიკოლა კულებამ.

    ბავშვების დედა  დედა იულია სუსლიაკი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. საქმეზე გამოძიება კვლავ, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

  • ბორჯომში დაკარგული 15 წლის გოგოები პოლიციამ ზესტაფონში იპოვა

    ორი 15 წლის გოგო ბორჯომიდან, რომლებიც ხუთშაბათს დღის პირველ ნახევარში დაიკარგნენ და რომლებსაც მთელი დღე ეძებდნენ პოლიციამ ზესტაფონში გვიან ღამით იპოვა.
    გოგოები მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ. ისინი დილით გაუჩინარდნენ. მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც ბავშვები დილით სკოლაში არ მივიდნენ. მათი  მობილური ტელეფონები და მაისური ბორჯომის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში იპოვეს, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა გაიტაცეს. შსს–ს ინფორმაციით გოგონების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათ ოჯახებში ამაღამ დააბრუნებენ.
    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
  • ლილოში დამწვარი ტერიტორია კოდუების დედას ეკუთვნის. “ლილო სითის“ დირექტორი დივერსიას არ გამორიცხავს

    „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი, ზვიად ქირია არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. მისი თქმით, შპს ლილო სითის მფლობელი არის ლაურა ღაჭავა, ძმებ კოდუების დედა და მასზე მიმდინარეობს ზეწოლა.

    ის ვარაუდობს, რომ ზეწოლა მის შვილებთან დაკავშირებით ხორციელდება. არ გამორიცხავს, რომ ხანძარი მაღალჩინოსნებისგან იყოს პროვოცირებული. „ბაზრობასაც აქვს პრობლემები, დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ბაზრობის მფლობელებსაც აქვთ პრობლემები და ოპერატორებსაც. პრობლემებია მთავრობის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ცდილობენ, რაღაც უმსგავსობას, როგორც ყველგან. ზოგადად ზეწოლა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემზე არის. უმსგავსოებას ვუწოდებ იმ ზეწოლას, რაც ჩემზეა, მარტო ბაზრობასთან დაკავშირებით კი არა, ზოგადად. გვართმევენ ქონებას პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუსი თავი და თავია ყველაფრის. მოქალაქეები დაუცველები არიან,“ – აღნიშნა ქირიამ.

    მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებული იყო, თუმცა წყლის უქონლობის გამო, ისევ გაღვივდა.

    ლილოში ე.წ. ჩინელების დასახლებაში ჭირნახულის ქუჩაზე ხანძარი საღამოს ათი საათისთვის გაჩნდა. გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე 17სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია და მისი ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

    ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის. დამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ფართობი, რომელზეც სხვადასხვა სარეალიზაციო საქონელი იყო განთავსებული.

    ხანძართან დაკამვშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
  • ლილოში ძლიერი ხანძარია

    ლილოში, ე.წ. ჩინელების დასახლებაში ძლიერი ხანძარია. ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.როგორც ამ ეტაპზე გახდა ცნობილი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • თბილისის ზღვაზე 23 წლის ბიჭი დაიხრჩო

    თბილისის ზღვაზე, Gino Paradise-ის მიმდებარედ ბანაობისას წყალში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო.შსს-ს ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებული პირის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამჟამად უცნობია.

  • ბორჯომში ორ გოგონას ეძებენ – სამართალდამცველებმა მათი ნივთები მიტოვებულ შენობაში იპოვეს

    ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. მოზარდების კვალს ვერც სამართალდამცველებმა და მაშველებმა მიაგნეს. განგაში დილიდან გამოცხადდა. მეგობარი გოგონები სკოლაში არ მისულან და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მათი ძებნის ოპერაცია.

    ბოლოს ბორჯომის პირველი სკოლის მე-9-ე კლასის მოსწავლეები ოჯახის წევრებმა სკოლაში წასვლის წინ ნახეს, თუმცა სასწავლებელში არც ერთი მათაგანი არ მისულა. მოზარდების პირადი ნივთები, მაისურები და მობილური ტელეფონები მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

    „პირველ გაკვეთილზევე როცა გადამოწმდა დამრიგებლის მიერ ინფორმაცია არ იყვნენ. დავუკავშირდით მშობლებს. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. წამოსულები იყვნენ და დავიწყეთ ძებნა,“-განაცხადა ჯულიეტა ჯეჯელავამ.

    იყვნენ თუ არა გოგონები ოჯახის ან სხვა პირების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი, ამაზე მასწავლებლებს საუბარი უჭირთ. ისინი ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

    „ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოსწავლეები. არაფერი ისეთის თქმა არ შემიძლია. მე ვასწავლი პირადად. მე ახლა ოჯახური მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ არ მგონია რომ ოჯახიდან ყოფილიყო ბულინგის მსხვერპლი,“-განაცხდა სოფიკო დოლიაშვილმა.

    ბორჯომში გოგონების გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ვერსიებს ჰყვებიან. ნაწილი ამბობს, რომ მოზარდები გორში წავიდნენ და ისინი გაბრაზებულები იყვნენ. თუმცა ვისზე ან რაზე უცნობია.

    „გორში წასულანო. ანუ გაბრაზებული წასულანო ბავშვები იქო. რატომ და ვისზე იძიესო შური, ანუ სახლიდან იყო გაბრაზებული ან სკოლაზე იყვნენ გაბრაზებულები, ვერ გეტყვით,“-განაცადა ვენერა ბიბილაშვილმა.

  • ბრიტანეთის ელჩი ილია ჭავჭავაძის სიტყვებს იხსენებს

    ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოიშველია.  

    “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”, —  წარმოთქვა ბრიტანეთის ელჩმა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა. ელჩის გამოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    რამდენიმე თვის წინ  მაკენზიმ  საკთარ “TWITTER”-ზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც ჩანს რომ ელჩი ქართული ენის სწავლით არის დაკავებული.  

    ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას ესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.

  • “გირჩი” ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობას იწყებს

    პოლიტიკურ ორგანიზაციას “გირჩი” ახალი ვებ გვერდი აქვს. გირჩი იწყებს ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობას, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიურ რეჟიმში, ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნონ.

    პარტიის ლიდერის თქმით, უახლოეს თვეებში სატელევიზიო არხი განთავსდება სხვა საკაბელო მაუწყებლების პაკეტებშიც. როგორც სატელევიზიო არხი, ისე ვებგვერდი, ამჟამად სატესტო რეჟიმშია გაშვებული.

    ”მომდევნო 2 თვის განმავლობაში გაიშლება სხვადასხვა ბლოკები და საბოლოო ჯამში დაახლოებით 2 თვის შემდეგ იქნება უკვე სრულად ფუნქციონირებადი პარტიული ვებ გვერდი, როგორც გითხარით ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო პორტალი გავა. მეორე სიახლე რაც გვაქვს არის ის, რომ გავუშვით „გირჩის“ სატელევიზიო მაუწყებლობა. იდეა გვაქვს, რომ მოვიცვათ რაც შეიძლება ბევრი მაყურებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში ამ ორი ინსტრუმენტის გამოყენებით იმედი გვაქვს, რომ გაცილებით მეტ ადამიანამდე მივალთ და გავაგებინებთ იმას, თუ რისი გაკეთება გვინდა ჩვენ და რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამოვიდეთ ამ წუმპედან რა წუმპეშიც ვართ,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.