Category: არქივი

  • 2 000- ზე მეტმა აბონენტმა მესამედ ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები – “ყაზტრანსგაზი”

    2 ათას 245 აბონენტს ჩართული აქვს თვითნებურად გაზის მიწოდება – “ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო 3 თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო, გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.

    3 ათას 545 აბონენტიდან 2 ათას 256-მა უკვე მესამედ თვითნებურად კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები, ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზის გამათბობლები.

    კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაზის მიწოდების თვითნებურად აღდგენისგან თავი შეიკავონ.

    „3 ათას 500 აბონენტი გავთიშეთ პირველი მარტის შემდეგ და ჩვენს მიერ შემუშავებული სპეციალური მექანიზმის გამოყენებით, აღმოჩნდა, რომ 2 ათას 245 აბონენტს ჩართული აქვს თვითნებურად გაზის მიწოდება. მათ უწყდებათ ისევ გაზის მიწოდება ან ხდება დანადგარის დემონტაჟი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღადგინონ გაზის მიწოდება თვითნებურად,“ – განაცხადა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა.

  • 22 წლის ახალგაზრდა ტაიმს სკვერზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

    ნიუ იორკის სასამართლომ ტერაქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდა თავდასხმის მოწყობას ქალაქის ცენტრში, ტაიმს სკვერზე გეგმავდა.

    ის სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც იარაღის შეძენას ცდილობდა. პოლიცია ეჭვმიტანილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა.

    გავრცელებული ცნობით, საუბრების დროს დაკავებული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოსა” და 11 სექტემბრის ტერაქტების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა.

  • ვაშინგტონში გამართული საერთაშორისო კოსმოსური განვითარების კონფერენცია “ჩაკრულოთი” დასრულდა

    ვაშინგტონში გამართული საერთაშორისო კოსმოსური განვითარების კონფერენცია ბავშვთა ანსამბლ “ჩაკრულოს” მიერ შესრულებული ქართული სიმღერებით დასრულდა.

    კონცერტის მთავარი სიმღერა “ჩაკრულო” იყო, რომელიც ერთ-ერთია, ნასას “ვოიაჟერის” მიერ 40 წლის წინ კოსმოსში გაგზავნილ დედამიწის შესახებ ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილ ხმოვან სიგნალებს შორის.

    ქართული ანსამბლი ვაშინგტონში “ნასას” კონფერენციაზე დასასწრებად და კონცერტის ჩასატარებლად ამერიკულმა მხარემ მიიწვია. მომავალ წელს თბილისში ასტროფიზიკის და კოსმოსური თემების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა იგეგმება.

    „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ კულტურული კუთხით გაიცნოს საქართველო “ნასამ”, არამედ ჩვენ გადავიდეთ შემდგომ ეტაპებზე თანამშრომლობის. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში ათეულობით ბავშვი, წარმატებული მოსწავლე უკვე სტუმრობდნენ “ნასას”, მაგრამ ჩვენთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი, რომ გავხსნათ გზები როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. 2020 წლის ზაფხულში საქართველო უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების თემატიკას,“ – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

  • ნუცუბიძეზე მოსახლეობა სკვერის ნგრევას და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

    საპროტესო აქცია ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში – მოქალაქეები სკვერის ნგრევას და მის ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, რასაც შესაძლოა, ამ ადგილზე არსებული საბავშვო ბაღის შენობაც შეეწიროს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიამ სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალა და ტერიტორია ერთ-ერთ კომპანიას მიჰყიდა. მოქალაქეების პროტესტთან დაკავშირებით მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

    „მერიამ გაყიდა ეს მიწის ნაკვეთი შ.პ.ს. ელიტ პალასზე, რომელმაც აიღო ნებართვები და დღეს აპირებს, ორი 17 სართულიანი კორპუსის აშენებას. ამით მერიამ შემოსავალი ნახა, ვისი ინტერესია არ ვიცით, მაგრამ ჩანს, რომ აქ ვიღაცის ინტერესები იკვეთება, რომ ვიღაცამ რაღაც სარგებელი მიიღოს“, – განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

    მოსახლეობის განცხადებით, ისინი ყველანაირი გზით ეცდებიან, ხელი შეუშალონ ამ მშენებლობებს.

  • უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას და ივანიშვილის გუნდს თუ უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან – ბოკერია

    უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას თუ ერთბაშად უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

    ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პირველივე ეტაპმა დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი სწორედ მათთვის და სასამართლო კლანისთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობს.

    „მცირე წინსვლა რაშიც გვქონდა, რომ პროცედურები ოდნავ უფრო გაიწერა. ჩვენ, როგორც დემოკრატიული ოპოზიცია, ბოლომდე გამოვიყენებთ ამას და უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ ხელისუფლებას და ივანიშვილის გუნდს თუ ერთბაშად, უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან ახლა. ამ ხალხს აინტერესებს არა შეცვლა იმისი, რაც პრობლემა იყო ყოველთვის დამოუკიდებელ საქართველოში და წინა ხელისუფლების დროსაც, რეალური დამოუკიდებელი სასამართლოსი, არამედ უბრალოდ სურთ, რომ ეს გუნდი მოემსახუროს მათ, მაშინ როცა ისინი ბოლომდე შეკრულები არიან ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფცია ყვავის მათ გუნდში,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • “ეს კანონი უქმნიდა კომფორტს მმართველ უმრავლესობას”- სამადაშვილი

    „ეს კანონი, ფაქტიურად, უქმნიდა სრულ კომფორტს მმართველ უმრავლესობას, რომ პარლამენტში დაემტკიცებინა უზენაესი სასამართლოს ის შემადგენლობა, რომელიც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს შეასრულებდა,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

    უზენაესი სასამართლოს მოსამათლეობის მსურველთა სიის შემადგენლობას ოპოზიციის წევრების მხიდან პროტესტი მოჰყვა.

    ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პირველივე ეტაპმა დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი სწორედ მათთვის და სასამართლო კლანისთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობს.

    ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი მოსამართლეების სრული მორჩილებაა.

    „მე ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელი მმართველი უმრავლესობის პირობებში საპარლამენტო პროცედურის გავლის დროს მოხერხდეს შესაბამისად, მიუღებელი კანდიდატების, ასე ვთქვათ, გაცხრილვა ამ სიიდან, იმიტომ, რომ მმართველი უმრავლესობა შეასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რასაც მიიღებს უზენაესი სასამართლოს ფორმირების თაობაზე,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი მოაქვს პარტიისთვის – გოგიჩაიშვილი

    “ყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი არ მოაქვს პარტიისთვის,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

    გოგიჩაიშვილი იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს, სავარაუდოდ, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

    გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 კაციან სიის შემადგენლობას აპროტესტებს.

    „რატომ უნდა მოგინდეს საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს, რომელსაც ძალიან ბევრი დრო გაქვს დარჩენილი, ვთქვათ, გადასვლა, ათავისუფლებენ იმ ადგილს კობახიძისთვის. ეს კითხვებიც არსებობს. ყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი არ მოაქვს პარტიისთვის. გვინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება ძალიან ძვირად დაუჯდეთ. თამარ ალანიას გაყვანას უზენაეს სასამართლოში უნდა გადაყვეს “ქართული ოცნება,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 კაციან სიას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე.

    „წინასწარ იყო მცდელობები ამ პროცესის დისკრედიტაციის, ასახელებენ კონკრეტულ გვარებს. პროგნოზები და წინასწარმეტყველებები იყო, რომ მოხვდება მაინც ამ სიაში ეს ადამიანი, ის ადამიანი. როგორც ნახეთ, შემდეგში, იგივე ადამიანებმა თქვეს, რომ ზუსტად ჩვენი დამსახურება არისო, რომ ეს გვარები სიაში აღარ მოხვდნენო. თუ ვისი დამსახურებაა, ამას საზოგადოება კარგად შეაფასებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • “ის კარგი მსახიობია” – პუტინი ზელენსკიზე

    რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იმედს იტოვებს, რომ ოდესმე გაიცნობს უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ “ის კარგი მსახიობია. თუმცა ერთია ითამაშო ვინმე ითამაშო და მეორე საკითხია თავად იყო ვინმე”

    „მე ამ ადამიანს არ ვიცნობ. ვიმედოვნებ, ოდესმე გავიცნობთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, რომელშიც ამ დრომდე მუშაობდა – ის კარგი მსახიობია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც ზელენსკისთან შესაძლო კონტაქტებზე კითხვას უპასუხა.

    მის ბოლო სიტყვებს დარბაზის სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა. მათ სიცილზე კი რუსეთIს ლიდერმა კომენტარი გააკეთა „მე სერიოზულად ვსაუბრობ, ესენი კი იცინიან“ .

    „ზუსტადაც. უამრავი ტალანტია და ერთ-ერთია – გარდასახვის ნიჭი. შენ ყოველ ათ წუთში ერთხელ შეგიძლია შეიცვალო ამპლუა – „პრინცის“ და „ღარიბის“. იქაც და იქაც დამაჯერებელი უნდა იყო. ეს კი მართლაც ტალანტია. იმისთვის კი, რომ დაკავდე სახელმწიფოებრივი საქმეებით, სხვა თვისებებია საჭირო“ – განაცხადა პუტინმა.