Category: არქივი

  • ქსნის ციხიდან მაშველებმა 7 მოქალაქე ჩამოიყვანეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დახმარება შვიდ ახალგაზრდას სჭირდებოდა.

    „შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ეკიპაჟი. ახალგაზრდების ქსნის ციხიდან ჩამოყვანას ძლიერი წვიმა და რთული რელიეფი ართულებდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

    უწყების ცნობით, ამ დროისთვის, თითოეული მათგანი უვნებლად არის და თავს კარგად გრძნობს.

  • თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში სახლების პირველი სართულები დაიტბორა

    ძლიერი წვიმა და სეტყვა დედაქალაქში – უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა.სტიქიის შედეგად თბილისში ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონები დაზარალდა. ძლიერმა წვიმამ თბილისში გადადგილების პრობლემა რამდენიმე რაიონში შექმნა. დაიტბორა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.ქარის შედეგად რამდენიმე უბანში წაიქცა ხეები და ჩამოცვივდა ტოტები.

    ამას გარდა, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი წვიმის გამო იყო აკრძალული, თუმცა მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია

  • როგორ ერთობიან ბავშვები თბილისში ძლიერ წვიმაში

    ძლიერი წვიმა და სეტყვა დედაქალაქში – უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა ამ დროისთვის მოქალაქეების მიერ სამაშველო სამსახურში 20-მდე შეტყობინებაა შესული.  მიუხედავად ამისა სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ლისის ტბაზე ასასვლელ ქუჩაზე  2 მოზარდი   ძლიერ წვიმაში სრიალებს.

  • ძლიერი წვიმა თბილისში- გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო  ავტოტრანსპორტით მოძრაობა  გარკვეულ მონაკვეთებზე შეიზღუდა.

    გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

    „ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

    ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა“, – აცხადებენ შსს-ში.

  • ძლიერი წვიმა და სეტყვა თბილისში

    ძლიერი წვიმა და სეტყვა დედაქალაქში – უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, ამ დროისთვის მოქალაქეების მიერ სამაშველო სამსახურში 20-მდე შეტყობინებაა შესული.

    შეტყობინებების ძირითადი ნაწილი ხეების დაზიანებასა და ტოტების ჩამოვარდნას ეხება. მომატებულია წყლის დონე საავტომობილო გზებზეც.

  • სუს-მა “ბილდინგ დეველოპერის” დირექტორი დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი დააკავა.

    კომპანიის მფლობელის შესახებ სიუჟეტი „შაბათის კურიერმა“ მოამზადა, რომლის ეთერში გასვლამდე, ნახევარი საათით ადრე სიხუაშვილი დააკავეს.

    კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი რეგიონებში გაზისა და წყლის გასაყვანად მიიღო, თუმცა ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა.

    კომპანიის ხელმძღვანელი სხვისი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზეა დაკავებული. კერძოდ, როგორც ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, ალექსი სიხუაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შეასრულა.

    მას უნდა განეხორციელებინა წყლის ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაო არასათანადოდ შეასრულა და თაღლითურად, საბიუჯეტო სახსრები მიითვისა.

    “შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 21921.86 ლარის ოდენობით”, -აცხადებს უწყება.

    ალექსი სიხუაშვილს 6-დან 9 წლამდე თავისუფლებს აღკვეთა ემუქრება.

  • სოფელ ბაზალეთში სპეციალურად პრემიერის ოჯახისთვის გზას აგებენ

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბეტონის გზა ნანიტაშვილების უბანში პირველად იგება. ვისი სახლიდანაც გზის გაყვანა მუშებმა დაიწყეს, პრემიერის ბიძაა, მამუკა ბახტაძის, დედის ძმა, მერაბ ნანიტაშვილი. სახლი კი, რომელთანაც გზაც მთავრდება და კომუნიკაციებიც, პრემიერის დედას ეკუთვნის.

    მუშები მეწყერსაშიშ ადგილებს ამაგრებენ და სანიაღვრო სისტემებს აწესრიგებენ. ბეტონის საფარის ქვეშ რკინის ბადეებიც დაამონტაჟეს. სამუშაოები შესვენების გარეშე ღამითაც მიმდინარეობს.

    იმ ტერიტორიაზე, რომელიც პრემიერის ოჯახს ეკუთვნის და წლებიაა, არავინ ცხოვრობს, არის გზა, გაზიც და სანიაღვრე სისტემაც. პარალელურ ბაზალეთში კი, ხალხი წლებია, შველას ითხოვს, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. სოფელში დარჩნენ ისინი, რომლებმაც მძიმე გარემოში ადაპტაცია გაიარეს და ქალაქში არ გაიქცნენ. მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

    პრესცენტრის ინფორმაციით, ნიკოლოზ თოფურიძე შვებულებაშია, ადმინისტრაციის თანამშრომელმა კი ამ თემაზე მოპასუხე სხვა წარმომადგენელი ვერ იპოვა.

    ჯერ უცნობია, სად მივა გზა, რომლის გაყვანაც პრემიერის სახლიდან დაიწყო და შევა თუ არა გაზი დანარჩენ სოფელში, რომელიც ნანიტაშვილებში მთავრდება.

  • ფოთში 22 წლის გოგო მეუღლის ბიძამ დაჭრა

    ფოთში 22 წლის გოგო მეუღლის ბიძამ დაჭრა. ინციდენტი ნაბადის უბანში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში, სავარაუდოდ, სამზარეულოს დანით ჰქონდა მიყენებული.

    თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი ქუჩაში თავად გამოვიდა და შველას ითხოვდა. მეზობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი. მათივე თქმით 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იგი წარსულში ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევია.

    დაჭრილი კი მკურნალობას კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, მას ზედაპირული ჭრილობები აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • წერეთელზე სახლში ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილთან ერთად მყოფ ორ ქალს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

    სამტრედიის ქუჩაზე, სადაც დღეს ერთ-ერთ ბინაში პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, მასთან ერთად ბინაში კიდევ სამი ქალი იმყოფებოდა. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორ მათგანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება, რაც შეეხება მესამე ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხანშიშესული ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

    „სასწრაფო დახმარების მიერ იქნა მოყვანილი მდედრობითი სქესის, დაახლოებით, 75-80 წლის ქალბატონი, სომბოლენტურ მდგომარეობაში, რომელიც, რა თქმა უნდა, კითხვებზე არ პასუხობდა, არაადეკვატური იყო…. ამ ეტაპზე, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, იყო ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, იმყოფება შოკის დარბაზში, ანტიშოკური ღონისძიებების საფუძველზე. გარეგანი დაზიანების რაიმე ნიშნები არ ჰქონია. გრძელდება მკურნალობა, დაკვირვება დინამიკაში,“ – აცხადებს ”გერმანული კლინიკის” ექიმი, ზვიად დევდარიანი.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. კორპუსის მცხოვრებლებმა მძაფრი უსიამოვნო სუნი იგრძნეს, შემდეგ კი 112-ში დარეკეს, რის საფუძველზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პოლიციის თანხმობით, საცხოვრებელი სახლის კარი გააღეს. თავდაპირველად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ბინის კარს არ უღებდნენ.

    ბინაში შესვლის შემდეგ სამაშველო სამსახურებს ერთი ხანში შესული ქალი გარდაცვლილი, ხოლო კიდევ ერთი პირი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ბინაში იმყოფება კიდევ ორი ქალი. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • ბათუმი “World Travel Awards-ის” ჯილდოზეა წარდგენილი

    დღეს გაირკვევა, შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას. პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ “World Travel Awards-ის” ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად მას მსოფლიოში ცნობილ ქალაქებთან კონკურენცია უწევს.

    ღონისძიებას პორტუგალიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებიან.

    დაჯილდოვება პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, სადაც საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს დაასახელებენ.

    „ბათუმი არის წარდგენილი ძალიან მნიშვნელოვან ნომინაციაზე. ეს არის ევროპის წამყვანი ნომინაცია, ე.წ. ტურიზმის ოსკარად წოდებული ნომინაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება როგორც რეგიონისთვის, ქალაქისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.