Category: არქივი

  • ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა

    ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ენერგოკომპანია  ავრცელებს.

    მიზეზი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა გახდა.

    “ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, შედეგად, პრაქტიკულად აფხაზეთის მთელი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ დროისათვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

  • “არ მჯერა თქვენი,ფასადურია ასეთი შეხვედრები” შშმ ბავშვის მშობელი ივანიშვილს მიმართავს

    შშმ ბავშვის მშობელი და ამავდროულად ორგანიზაციის “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიმართავს. მარი კორკოტაძე იმ შეხვედრას აკრიტიკებს, რომელიც“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” თავმჯდომარე გია ძნელაძესა და  ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა. კორკოტაძე აცხადებს, რომ მშობლები  შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ, ხოლო გია ძნელაძე თემს არ წარმოადგენს, შესაბამისად, ეს შეხვედრა მისი განცხადებით, “ფასადური” იყო.

    “მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს!

    როდესაც ამბობთ, რომ თქვენი მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვაა, არ მჯერა თქვენი. უფრო მეტიც, მგონია რომ ფასადურია თქვენი ასეთი შეხვედრები. წინააღმდეგ შეხვედრაში, მოიკვლევდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დღე და ღამ, თავდაუზოგავად შრომობენ (მერწმუნეთ საერთოდ არ გაგიჭირდებოდათ ჩვენი მოძებნა). ეს ადამიანები გახლავართ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც ყველანაირი დაფინასნების გარეშე, ცარიელი ხელებით ვიბრძვით და რეალურ ცვლილებებს ვახდენთ ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ.

    მაგრამ თქვენ შეხვდით მხოლოდ გია ძნელაძეს, რომელიც გახლავთ თქვენი პარტიის წევრთან, რატი იონათამიშვილთან დაახლოებული პირი, და რომელთანაც შეხვედრა შემოგთავაზეს.

    გია ძნელაძეს არასდროს არაფერი გაუკეთებია არც მშობლების გასაძლიერებლად და არც ინტელექტუალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების დასახმარებლად, და რაღა თქმა უნდა, არც/ვერც ისაუბრებდა ჩვენი შვილების პრობლემებზე.

    ბატონ გიასთანაც მექნებოდა ერთი კითხვა, რა უფლებით იღებთ ამხელა პასუხისმგებლობას და მიდიხართ ასეთ შეხვედრაზე ისე, რომ არც კი გვაგებინებს ამის შესახებ?

    პ.ს. ბატონო ბიძინა, იქნებ მომავალში ჩვენც გვკითხოთ ხოლმე, თუ რა პრობელემს აწყდებიან ჩვენი შვილები? იმდენ პრობლემებს მოგიყვებით, ნამდვილად გაოცდებით, მერწმუნეთ,”- წერს  კორკოტაძე.

    ბიძინა ივანიშვილისა და გია ძნელაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”  ფეისბუქის გვერდზე 2 დღის წინ გავრცელდა.მათი ინფორმაციით,  შეხვედრის მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვა იყო. ორგანიზაციის ცნობით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა შშმ პირთა თემს მხარდაჭერა აღუთქვა.

  • 17 წლის ბიჭს, რომელსაც ბრალად პოლიციის მანქანის გატაცება ედება პატიმრობა შეეფარდა

    არასრულწლოვანს რომელსაც სამართალდამცველები პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ პატიმრობა შეეფარდა.

    17 წლის ბიჭს  ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი – პოლიციის მანქანის ძარცვა და ძარცვის მცდელობა.

    შსს-ში ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი იყო, თუმცა დღეს გამოქვეყნებული  ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. 

    შემთხვევა 10 ივნისს მოხდა,  შსს-ს ინფორმაციით, არასრულწოვანმა გორში, გურამიშვილის ქუჩიდან, სამართალდამცავების ავტომობილი  გაიტაცა. ის გადაჭარბებული სიჩქარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ მან მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

    არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­შენ­ში და­ა­კა­ვეს.

  • ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია-საქართველოს საგარეო უწყება

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ისრაელში ქართველების მასობრივ დაკავებასთან დაკავშირებით. 

    უწყების განმარტებით, მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში, მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას.

    „ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია.

    ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. თორმეტივე მოქალაქისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საგარო უწყების განცხადებაში.

  • 2019 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა 86%-ით გაიზარდა

    ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის კატასტროფულ ზრდაზე წერს.

    ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი საფრანგეთს საქართველოდან და ალბანეთიდან ჰყავს, რის გამოც საფრანგეთის ხელისუფლება შეშფოთებულია.

    გამოცემის ინფორმაციით,თავშესაფრის მიღებაზე საქართველოდან 2019 წლის პირველ ოთხ თვეში 3548 მოთხოვნა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86%-ით მეტია. 2018 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მსურველი 1898 საქართველოს მოქალაქის განაცხადი შევიდა.

    რაც შეეხება ალბანეთს, გამოცემის ცნობით, წელს ამ ქვეყნიდან თავშესაფრის მიღების 3068 მსურველი დაფიქსირდა, წინა წელს კი ეს რიცხვი
    2321-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ ალბანეთის მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც საფრანგეთში თავშესაფრის მიღება სურს 32%-ით გაიზარდა.

    გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეტისთვის თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის.

    საფრანგეთს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით ასევე მიმართავენ გვინეიდან, მალიდან, ჰაიტიდან.

    აღსანიშნავია, რომ გამოცემის ინფორმაციით, ავღანეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 9%-ით, 3055-დან 2778-მდე არის შემცირებული.

  • ბრალი წარედგინა პირს, რომელიც მოქალაქეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაემუქრა-შსს

    შსს-ს ცნობით, ქობულეთში ბრალი წარედგინა პირს, რომელიც მოქალაქეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაემუქრა. მუქარის ფაქტზე გამოძიება 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

    “საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.

    ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან.

    ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნითშეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7342 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7342 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7342 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7347 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0940 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0946 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.

  • „მაგთიკომი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    „მაგთიკომი“ 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    “მაგთიკომი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

    მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

    მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას:

    მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

    მაგთიკომისთვის, როგორც კანონმორჩილი და ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა.

    მაგთიკომს არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა,“-აღნიშნულია განცხადებაში