Category: არქივი

  • ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული მაჯის საათების მალულად გატანის ფაქტზე, ორი პირი ამხილეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადატანის ფაქტზე, მხილებულია ორი პირი.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში, 874 ცალი, ხოლო, მეორე შემთხვევაში 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით თურქეთის რეპუბლიკაში.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბადული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

  • გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებას

    ოპოზიცია ითხოვს გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები. ამ მოთხოვნით იწყებს შეხვედრებს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი. იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ პროპორციულ სისტემას არ დატოვებს, ოპოზიცია შეხვედრების ამ ფორმატს ბოიკოტს გამოუცხადებს.

    „20 პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის სახელით შეგვაქვს საინიციატივო ჯგუფის წინადადება პარლამენტში, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. სხვა ცვლილებები,რომელიც შეიძლება კობახიძის ჯგუფმა განახორციელოს, თუ იქნება კოსმეტიკური ხასიათის, თუ არ შეცვლის იმ ფუნდამენტურ თამაშის წესებს, რაც ახლა არსებობს, რაც ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივია არ იქნება კონსესუსი და შესაძლოა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტონ, რომ არ სურთ ამ ფარსში მონაწილეობა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, ვიხილავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას მზაობა, რომ განახორციელოს საარჩევნო სისტემის რეალური რეფორმა,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

  • სტიქია ხარაგაულში- ძლიერი წვიმის შედეგად პარალიზებულია გზები

    ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ზვარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა.

    ე.წ. ზვარის ხიდებთან ჩაიკეტა გზა. შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

    ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკა შეჰყავთ.

  • ყველა განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს, მაგრამ გაუნათლებლებს “დასაშვებზე” მეტი ასპარეზი აქვთ- გია მურღულია

    ყველა განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს, მაგრამ გაუნათლებლებს “დასაშვებზე” მეტი ასპარეზი აქვთ- წერს სოციალურ ქსელში   განათლების სპეციალისტი და ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია. მისი შეფასებით, საქართველო პარადოქსული ქვეყანაა იმ თავისებურებების გამო, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. მურღულია სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებს ეხება.

    “პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ

    1. მასობრივად ხელფასები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია, ფასები კი – იქაურზე მაღალი;
    2. მანქანები რაოდენობამ ლამის გადააჭარბოს მცირეწლოვანთა გამოკლებით ყველა დანარჩენი მოქალაქის რაოდენობას, ბენზინის ფასი კი არსებითად მხოლოდ იმატებს;
    3. უამრავი ტელევიზია და გაზეთია, მაგრამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სანთლით საძებარია ობიექტური ინფორმაცია – ფაქტები შესაძლოა დაუმახინჯებლადაც მოგვაწოდონ, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია ხშირად ტენდენციური და მიკერძოებულია. ამას ისიც ემატება, რომ დაბოლილები სხვებს აბოლებენ;
    4. თითქმის ყველა ამბობს, რომ გაჭირვებულია, მაგრამ ღამის ორ საათზეც დიდ ქალაქებში (რომლებშიც უმრავლესობა გადასახლდა) ისეთი მოძრაობაა, მუდმივი დღესასწაული გეგონება;
    5. შეგიძლია აირჩიო ყველა პოლიტიკური ძალა, მაგრამ ეს “ყველა” პრაქტიკულად მხოლოდ ორია და რეალურად კი – ერთი.
    6. მუდმივად ყვირიან, რომ ხელისუფლება პრორუსულია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრაზე პარტნიორი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პერსონები გვიდასტურებენ, რომ დაბეჯითებით მივდივართ ნატოსა და ევროკავშირისკენ;
    7. გვაქვს სპორტული მიღწევები, თუმცა ზოგიერთ სახეობას პროფილი შევუცვალეთ და მუდმივ საცოდაობაში ვართ (ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, მაგალითად, ახლო წარსულის დანიისკენ გაიხედოს);
    8. ყველა ეკონომიკური მონაცემის მიხედვით თითქოს მოწინავეთა რიგებში ვართ, მაგრამ ლარი მაინც უკანმოუხედავად “გარბის”;
    9. სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია, მაგრამ ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა “თეოლოგიურად მოტივირებულ” გადაწყვეტილებებს იღებენ;
    10. ყველა განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს, მაგრამ გაუნათლებლებს “დასაშვებზე” მეტი ასპარეზი აქვთ. ე.წ. “სახეებად” ისეთ ადამიანებს გვაჩეჩებენ, რომელთა ინტელექტი, ღირებულებები, ზნეობა, აზროვნების კულტურა, მეტყველება და განწყობები (მინიმუმ) დიდი ხნის დახვეწას ითხოვს;
    11. სამართლიანობაზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამართლიანობას ადრეც უხეშად არღვევდნენ და ახლაც არღვევენ; მათ მხოლოდ სიტყვიერად აჩერებენ, რადგან გამჩერებლებიც საკმაოდ ხშირად თავად გასაჩერებლები არიან;
    12. მუდმივ მოსამართლეებზე ადრე გაჩნდნენ “მუდმივი პოლიტიკოსები”, რომლებიც ბრძენი სახეებით იღებდნენ და იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ საქართველოსთვის პრობლემა მეტი მოაქვთ, ვიდრე დიდება; ბევრი მათგანი ლაპარაკობს საზოგადო ინტერესზე, მაგრამ მთავარ მოტივად პირად სარგებელსა და კორპორაციულ კეთილდღეობას მიიჩნევს.

    ორი სიმართლე არ არსებობს.

    სიმართლე ყოველთვის ერთია.

    ამ სულელური პარადოქსებიდან უნდა გავთავისუფლდეთ.

    ამდენ ხანს რატომ ვერ მოვახერხეთ ეს?

    იმიტომ, რომ ვერაფრით მივაღწიეთ იმას, საგარეო და საშინაო პოლიტიკაც რაციონალური, კონცეპტუალური, სისტემური, თანმიმდევრული და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესთა გამომხატველი იყოს.

    ჩვენ არ გვყავს ნამდვილ ღირებულებებზე ორიენტირებული და სათანადოდ ორგანიზებული საზოგადოება, რომელიც წესიერ მმართველ კლასს წარმოშობს, რის გამოც ცხოვრების სადავეები ათწლეულთა განმავლობაში ხელთ უპყრიათ ვიწრო პარტიულ ჯგუფებს.

    მათი ინტერესები არ ემთხვევა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.

    ამიტომაც გაურბის ხალხი სახელმწიფოს.

    ამ პრობლემის გადაწყვეტა სამ რამეს შეუძლია:

    1. დროს;
    2. პოზიტიურ შემთხვევას;
    3. გონიერ ადამიანთა რაციონალურ, კონცეპტუალურ, შეთანხმებულ და გუნდურ მოქმედებას, რომელიც რეალურ რეფორმებს გულისხმობს და მსოფლიო კონიენქტურას არ ეწინააღმდეგება.

    დრო მიდის…

    პოზიტიური შემთხვევა არ ჩანს…

    რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არ იკვეთება მესამე ვერსიაც.

    ამიტომაც დავრჩებით ჯერ-ჯერობით პარადოქსების ქვეყნად”-წერს მურღულია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან  შეხვედრას გამართავს. 

    აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრის თემა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხები იქნება, ისინი იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.