Category: არქივი

  • თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

    თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს.

    აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

    დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

    „მოხარული ვართ, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი, პირველად, თიბისის ისტორიაში ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე განთავსებას განახორციელებს. თიბისის მიერ მოზიდული 300 მილიონი აშშ დოლარი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს“, -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

    აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია – თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ.

  • ატლეტიკოს მფლობელი ადასტურებს: გრიზმანი ბარსელონაში გადადის!

    მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდზე ანტონი გრიზმანზე არაერთი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა გუნდის მფლობელმა ჯილ მარტინმა ყველა მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ გრიზმანის ბარსელონაში გადაბარგების შესახებ ჯერ კიდევ მარტში იცოდნენ.

    ,,ჩემთვის კარგად იყო ცნობილი სად გააგრძელებდა გრიზმანი კარიერას. ეს მარტიდან მოყოლებული ვიცი.” – აცხადებს ჯილ მარტინი.

    გრიზმანმა ატლეტიკოს მაისურით 257 მატჩი ჩაატარა, სადაც 133 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი გახლდათ. მის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში იყო აქტიური საუბრები, თუმცა თავად ფეხბურთელმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი ატლეტიკოში რჩებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ერთი სეზონით.

  • 13 ივნისის ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს-კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

    “ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო – ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა”,- განაცხადა კალაძემ.

    წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

  • “სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ ლგბტ ადამიანებს, ვისაც სჯიან, აპატიმრებენ…“–დონალდ ტრამპი

    ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამბი “პრაიდის თვესთან“ დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს. ტრამპის განცხადება საქართველოში აშშ–ს საელჩომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

    „ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.

    ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!“ – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

  • კახი კალაძემ ჟურნალისტთან კამათისას ლაივი ჩართო {ვიდეო}

    თბილისის მერმა კახი კალაძემ “რუსთავი 2-ის”  ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ფეისბუქის გვერდზე ლაივი ჩართო.  ჟურნალისტის შეკითხვები ვერეს ხეობაში მშენებლობებზე ნებართვების გაცემას ეხებოდა. კონკრეტულად კი სვანიძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს, რომელიც მდინარეს გადმოჰყურებს.

    “ამ კონკრეტულ ადგილზე მშენებლობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროდან წერილი”-განაცხადა კალაძემ.

    თბილისის მერის გაღიზიანება ჟურნალისტის შეკითხვას იმ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც მშენებლობებზე გრძელვადიანი პასუხისმგებლობის აღებას ეხებოდა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს  13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა, სტიქია და ტრაგედია, რომელსაც 24 ადამიანი ემსხვერპლა, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.   სტიქიის ეპიცენტრი სწორედ მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორია და სვანიძის ქუჩა იყო.
    კალაძის თქმით,  ვერეს ხეობაში არის ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არის ისეთი მონაკვეთები, რომელიც მშენებლობისთვის არის საშიში და იქ მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. 

  • კაჭრეთში სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

    სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურების თანამშრომელი დაიღუპა.

    შემთხვევაგუშინ მოხდა, გვიან ღამით მამაკაცს დენმა მაშინ დაარტყა, როცა ის  აღდგენით სამუშაოებს ატარებდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტროუსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

    თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე  გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. უჯმაჯურიძე 51 წლის იყო.

    დავით უჯმაჯურიძე თბილისის  მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო  2004-2008 წლებში ის  პარლამენტის წევრი იყო.

  • მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

    აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.

    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

    ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

  • ბახტრიონზე, დაკეტილ ბინაში გაზქურის ონკანი მოშვებული ჰქონდათ დატოვებული-ყაზტრანსგაზი

    კომპანია ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

    კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი სახლის მე-15 სართულზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

    “სწრაფი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისთანავე, უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. შემოწმდა ჭები, სავენტილაციო არხები, სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორია. კომპანიის სპეციალისტებმა სპეციალური, მეთანის საძიებო ლაზერული აპარატით შემოწმებისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაადგინეს.

    ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით ბინაში შესვლისას, კომპანიის სპეციალისტებს გაზქურის ონკანი ღია მდგომარეობაში დახვდათ. ამ დროისთვის კორპუსში საფრთხე მოხსნილია და გაზმომარაგება სრულად აღდგენილი.

    კომპანია მადლობას უხდის სწრაფი რეაგირების სპეციალისტებს დროული მოქმედებისთვის და საფრთხის განეიტრალებისთვის. მადლობა, ასევე, მოქალაქეს, რომელმაც დროულად დარეკა ცხელ ხაზზე და საეჭვო სუნის შესახებ შეგვატყობინა. სწორედ ამ ქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

    გაფრთხილებთ – არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის ონკანები და დანადგარები. სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ მათი მდგომარეობა. ნუ ჩაუვლით გულგრილად ადგილს, სადაც გაზის სუნი იგრძნობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების უსაფრთხოებაზე” – აცხადებს ყაზტრანსგაზი.