Category: არქივი

  • თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აქციიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს

    თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციას მართავდნენ, რა დროსაც  კონტრაქციაზე  ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები მივიდნენ.

    კანცელარიასთან  იმყოფებოდა ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ასევე სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები. 

    თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც შსს-ში განაცხადეს თაბაგარი უსაფრთხოების მიზნით განარიდეს ტერიტორიას.

    თაბაგარი ცოტა ხნის წინ ისევ შემოუერთდა კანცელარიასთან დანარჩენ ორგანიზატორებს, მან განაცხადა რომ აქცია, სავარაუდოდ დღეს დაიშლება და მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას ორგანიზატორები შეთანხმებულად მიიღებენ.

    აქცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

    მანამდე კი 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს.

  • ხმაური კანცელარიასთან-თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქციაზე ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ

    ამ წუთებში ხმაურია კანცელარიასთან. 7 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქცია იყო დაგეგმილი. ადგილზე ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების კონტრაქციაც იმართება. ადგილზე მივიდა ლევან ვასაძეც და განაცხადა რომ ის პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებს და უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. ადგილზე იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები.

    ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, მათ გიორგი თაბაგარი დააკავეს, მათი განცხადებით ის ტერიტორიიდან განარიდეს და ამ წუთებში დაკავებული არ არის. 

  • თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცია

    თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი 35 წლის კონსტანტინე ღუზარაულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქზე თუშეთი შენაქოს გვერდი ავრცელებს.

    ავარიის მიზეზი პირველადი ინფორმაციით, გზაზე ქვების ჩამოცვივენა გახდა, რასაც  მძღოლი, სავარაუდოდ,  მოერიდა, რამაც   ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია.

    დაშავებული ადამიანის  მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

    „აქვს ტვინის შერყევა, საღამოს განმეორებით გამოკვლევას ჩავუტარებთ, რამდენ ხანს დავტოვებთ საავადმყოფოში, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა მკურნალმა ექიმმა, კოტე არჯევანიძემ.

  • სადგურის მოედანზე სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

    სადგურის მოედანზე სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა.

    შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა  სატრანსპორტო საშუალება გაჩერებაზე უძრავად იდგა და  მგზავრებს ელოდებოდა. 

    ხანძრის შედეგად  არავინ დაშავებულა.  ცეცხლი მძღოლებმა  მალევე ჩააქრეს.

  • ლარი ვარდნას განაგრძობს

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7468 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7389 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გაუფასურდა.

    ასევე, გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0943 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0914 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4663 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4753 ლარი ეღირება.

  • ახალციხის სოფელ ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა

    ახალციხის სოფელ ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,დაშავებულებს  ჭრილობები თავის არეში ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

    „სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი. ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა,“ – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

    მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.
    დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მოვუწოდებ შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს-სახალხო დამცველი პრაიდზე

    საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისი პრაიდთან დაკავშირებით  მოუწოდებს შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს. 

    “მოვუწოდებ შსს-ს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. შსს ვალდებულია, გააკეთოს ნათელი გზავნილი იმ საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ვინმე შეეცდება ძალადობრივი ფორმით ვინმეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ამიტომ, ჩემი მიმართვის მთავარი ადრესატი არის შსს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

    „ვერ შევაფასებ საპატრიარქოს პოზიციას, რადგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია და აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე დააფიქსიროს. ჩემთვის ამოსავალი წერტილია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც არის უზენაესი კანონი და უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციით. მნიშვნელოვანია, ყველა შევთანხმდეთ, განსხვავებული აზრი რაც უნდა მიუღებელი იყოს, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პატივი უნდა ვცეთ უპირველესად საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მსოფლმხედველობისა, ღირებულებისა და სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია,” – ამბობს ლომჯარია.

    18-23 ივნისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება, თუმცა, ორგანიზატორები უსაფრთხოებიდან გამომდინარე ლოკაციას არ ასახელებენ.

    „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდს“ ჩატარების უფლებას არ მისცემენ. დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც.

    საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.

  • “წარმატებული დიზაინერების ინკუბატორი”- “Vogue” თბილისზე სტატიას აქვეყნებს

    პოპულარული გამოცემა Vogue საკუთარ მკითხველს საქართველოს დედაქალაქზე სტატიას სთავაზობს.

    „საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ – ამ სათაურით ქვეყნდება სტატია Vogue-ის ფურცლებზე.  პოპულარული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და “Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

    „საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი, ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო“, – წერს Vogue -ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.

  • “საპატრიარქოს მორიგი “ტაბურეტკა” განცხადება აღმაშფოთებელია.”- ბერძენიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე

    “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით, სწორედ გახარიას უწყება არის პასუხისმგებელია პრაიდის უსაფრთხოებაზე, რაც შეეხება საპატრიარქოს ის ერთგვარ ტესტს უმზადებს ხელისუფლებას.

    “საპატრიარქოს მორიგი “ტაბურეტკა” განცხადება აღმაშფოთებელია. ემუქრება ყველას შინ და გარეთ, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს… ფაქტიურად ეს ანტიდასავლური მორიგი გამოხტომაა, ტესტს გვიტარებენ დემოკრატიულ კუნძულებს ქვეყანაში. გახარიას უწყებაა პასუხისმგებელი პრაიდის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა. ამასთანავე, მთელ ხელისუფლებასაც უტარებს ტესტს ილია მეორე და მისი ანტიდასავლური გარემოცვა- პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ ლგბტქ თემის მიმართ, მოწოდებამ, რომ წინ უნდა აღუდგნენ სხვა ქვეყნებში მათ ჩაგვრას, შეაშფოთა საპატრიარქო და მყისიერად უპასუხა დასავლეთს( საელჩოებს მიმართა), ჩვენთან არ გაგივათო.
    ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას- “ტაბურეტკის” წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა- ანტიდასავლური პოლიტიკა. ქართველი ერის სახელით მანამ ილაპარაკებს საპატრიარქოს რენეგატი, რეტროგრადი უმრავლესობა, სანამ ქართული პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს. არასამთავრობო სექტორი, მედია, პროდასავლური პარტიები- ესაა დემოკრატიული ინსტიტუციები და ყველას მოგვეთხოვება, არ ჩავდგეთ სირაქლემას პოზაში. ასე ვფიქრობდი ათეული წლების წინაც და ახლაც ასე ვფიქრობ.”- წერს დავით ბერძენიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.