Category: არქივი

  • “დამიფასეს” – ზურა ხაჩიძის პირველი ფოტო სამუშაო კაბინეტიდან

    მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.  ხაჩიზე მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა. “სამცხე-ჯავახეთის მხარე” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ზურა ხაჩიძის სამუშაო კაბინეტიდან პირველ ფოტოს აქვეყნებს.

    “თუ დაფასებაა ის, რომ ჩემს რეგიონში რამე სასიკეთო გავაკეთო, პირდაპირ გეტყვით, რომ ალბათ დამიფასეს. მადლობა ღმერთს, რომ პოლიტიკური გუნდი მის მხარდამჭერებს უფასებს, გვერდში იყენებს და აძლევს შანსს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს.

    ოჯახი ერთ პოზიციაზე ვდგავართ, თუმცა განსხვევბული აზრებიც გვქონია სხვადასხვა ეთერში. თუმცა, ჩვენი ოჯახი შეთანხმებულია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” ის გუნდია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება და გვერდში დავუდექით. თუ ეს დამიფასა და მომცა შანსი, რომ ამ რეგიონში რამე დადებითად წავიყვანო, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ და პოლიტიკურ ხელმძღვანელს და პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს.

    შენი გადაცემა იწყება იმით, რომ არ ვიცნობ ივანიშვილს, მას მადლობა მინდა ვუთხრა რეგიონში განხორციელებული ინვესტიციისთვის, რომელიც აბასთუმანში ხდება. ეს არის უნიკალური შემთხვევა, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს და გამონაბოლქვით მანქანა არ იმოძრავებს. რებილიტაცია მიდის მთლიანად აბასთუმანის, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ბაჯაღლო ამ რეგიონის. კიდევ არ გამიცნია ბატონი ბიძინა”, – განაცხადა ზურა ხაჩიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

  • საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.

    ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

    ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

    სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

    როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

    ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

    ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას,”-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ცრუ განგაში. აჭარის ტელევიზიის ოპერატორი ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაიმუქრა

    ტვ 25–ის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთმა ოპერატორმა ჟურნალისტურ წრეებში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოქმედ და ყოფილ დირექტორზე ფარული ვიდეო ჩანაწერები აქვს, რის გავრცელებასაც გეგმავს.

    მომხდარის გამო, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პოლიციის გამოძახებას აპირებდა, თუმცა როგორც ნათია ზოიძე აცხადებს, ოპერატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მტკიცებულება ვერ მოიპოვა, შესაბამისად საქმეს მსვლელობა აღარ მიეცა. ოპერატორს არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება მისცეს.

    ტვ 25 ესაუბრა ამ ოპერატორს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო ხუმრობა, ტელევიზიაში ახლა სიმშვიდეა და ჩვეულ რეჟიმში აგძელებენ მუშაობას.

    “თქვენ არ ხუმრობთ?“ –უპასუხა ოპერატორმა ჟურნალისტს, რომელმაც დაუსვა კითხვა, რატომ შეიყვანა მენეჯმენტი შეცდომაში.

    ამ ფაქტზე გუშინ, მრჩეველთა საბჭოს წევრებმაც ისაუბრეს. ნატა იმედაიშვილის თქმით, მომხდარი ხუმრობის ფარგლებს არ ცდებოდა, შესაბამისად ინციდენტი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

    შეგახსენებთ, ამ დრომდე არ გამოვლენილა იმ პირის ვინაობა, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სათვალთვალო კამერის კადრები გაავრცელა. 1 მაისს, სოციალურ ქსელებში ყოფილი დირექტორისა და თანამშრომლების შეხვედრის ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. ეს ის გვერდი იყო, სადაც ნათია კაპანაძის რეპუტაციის შემლახველი მასალები იტვირთებოდა

  • საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

    შსს-ს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

    “ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები.

    ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.

    თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა-ბლუმბერგის სია

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბლუმბერგის სიაში დაწინაურდა- რეიტინგის მიხედვით ის 352-ე ადგილს იკავებს.

    ბლუმბერგის მილიარდელების ინდექსის 2019 წლის 13 ივნისის მონაცემებით, ივანიშვილი    270 მილიონი დოლარით გამდიდრდა და მისი ქონება 5.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

    პირველ იანვარს, ქართველი მილიარდელის ქონება 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ვერსიით, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება ჯერ კიდევ 4.9 მილიარდს დოლარს შეადგენს. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.

    “ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში რკინის მადნეულის და ფოლადის წარმოებით, ბანკებითა და უძრავი ქონებით. 2003 წელს ის საქართველოში დაბრუნდა, ხოლო  2012 წელს პრემიერად აირჩიეს”, – წერია ივანიშვილის შესახებ  მოკლე აღწერაში.

  • “ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას”-რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართვა საზოგადოებას

    “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე  და დავით დვალი მიმართვას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ  საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურება , რის შემდეგაც ისინი დავის გაგრძელებას ვეღარ  შეძლებენ.

    გთავაზობთ უცვლელად განცხადების სრულ ტექსტს:

    “2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას.

    ეს საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედს. ის თავის თავში ასახავს იმ უსამართლობას და ფუნდამენტურ ფასეულობათა ღრმა კრიზისს, რომელმაც ათწლეულებია მოიცვა ჩვენი ქვეყანა.

    ამბავი ასეთია – 2004 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ, ყაჩაღობის წესების სრული დაცვით, გამოსძალა რუსთავი 2 მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს. ამ დანაშაულებრივი აქტით მაშინდელმა მთავრობამ და დღევანდელმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ფეხქვეშ გათელა მის მიერვე დეკლარირებული ყველა დემოკრატიული ფასეულობა, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება და უბრალოდ, მოქალაქის უფლება, იყოს ძალადობისა და დამცირებისგან დაცული.

    ეგრეთ წოდებულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ კი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა ტელევიზია დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს არ დაბრუნებოდათ. აქ ლაპარაკია არა ბიუროკრატიულ გულგრილობაზე, არამედ, გავლენის ბერკეტების და ძალაუფლების სრული მობილიზაციით, მიზანმიმართულ ძალისხმევაზე.

    ხელისუფლებამ მიმართა ტაქტიკას, რომელმაც ნამდვილი დავა სუროგატით ჩაანაცვლა, რაც სრულიად მისაღები აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რადგან არც ერთ ამ ძალას ხელს არ აძლევს ტელევიზია გახდეს ობიექტური, რისი გარანტიაც იქნებოდა ტელევიზიის ჭეშმარიტი მფლობელებისთვის დაბრუნება.

    აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილ პირთა მიერ გვერთმევა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების გამოყენების კანონით მონიჭებული უფლება და ვერავენ გვაძლევს პასუხს კითხვაზე, რატომ გახდა შეუძლებელი, ბრალი წარედგინათ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მაშინ, როდესაც მათი ვინაობა ცნობილია და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ცნობილი ვართ დაზარალებულებად.

    მივმართავთ საქართველოს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტს და განსაკუთრებით, პარლამენტის საღად მოაზროვნე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ დაუშვათ რუსთავი 2-ის საქმის გამოუძიებლობა, ტელევიზიისა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულა და მასთან ერთად გაიარა ქარტეხილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე დიდი დანაშაული იქნება, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა 2004 წელს.

    იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებაში მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებით, კარგად გვესმის, რომ რუსთავი 2-ის საქმეში დღევანდელი სტატუს-კვოს ცვლილება ბევრ ეჭვს დაბადებს. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით ვითხოვთ არა საკითხის დღეს გადაწყვეტას და ჭეშმარიტების დღესვე დადგენას, არამედ იმას, რომ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა, რათა არ დავკარგოთ შანსი, მომავალში მაინც გაირკვეს, რა მოხდა 2004 წელს და როგორ აღმოჩნდა ეს ტელევიზია პოლიტიკური ძალების მფლობელობაში”

  • სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საბრძოლო მასალით გადაადგილდებოდა

    თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა, საიდანაც სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, “ჩეზეს” სისტემის პისტოლეტი და “ჰეკლერ-კოხის” სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.”-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან

    ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან- ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის სტატისტიკას „ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს.

    „ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

    „ბიზნესპრესნიუსის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს, ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება – FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

    ათეულში გვხვდება ასევე შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგ“-ი, რომლის ერთ-ერთი მეწილეც სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია. კერძოდ, მის საკუთრებაშია კომპანიის – 24%-იანი წილი. ამასთან, კომპანიის 29.22% მის მეუღლეს ეკატერინე ინასარიძეს სახელზეა გაფორმებული.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 1-ელ კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 1-ელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

  • ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე კლდის მასის ჩამოშლის შედეგად სავალი ნაწილი ჩაიკეტა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ჩამოიშალა კლდის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

    “ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა”-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.