Category: არქივი
-
გორში მამამ ავტომობილით 2 წლის შვილს გადაუარა
მამამ ავტომობილის საბურავით მცირეწლოვან შვილს გადაუარა. ბავშვი ორ წლამდე ასაკის იყო. ტრაგედია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში მოხდა. მამა მანქანის მობრუნებას ცდილობდა, თუმცა ბავშვი ვერ შენიშნა.ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის შემადგენლობაც. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარზე რა მუხლით დაიწყო გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია. -
ქედაში გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა
ქედის მუნიციპალიტეტში გერმანელი ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით გარდაცვლილი 76 წლის ჰანს რეინჰარდი იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო.
-
მარტვილში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნარგავები გაუნადგურა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნარგავები, ბოსტნეული, სიმინდი და ვენახი გაუნადგურა. მუნიციპალიტეტში პრობლემები სეტყვასთან ერთად ძლიერმა ქარმაც შექმნა. სანიაღვრე სისტემების არარსებობის გამო, ჩამორეცხილია შიდა გზები. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა დიდი ჭყონის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებულ თხილნარის პლანტაციებსაც.„ასეთი სეტყვა საერთოდ არ მინახავს, 20-30 წუთი გაგრძელდა, მინიმუმ. ვენახი მთლიანად განადგურებულია, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ვალებით მაქვს ყველაფერი აღებული. სახელმწიფოსგან რამე დახმარება თუ იქნება, მადლობლები ვიქნებით“. – განაცხადა დაზარალებულმა სოსო სურმავამ.შექმნილ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია გაეცნო. მარტვილის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის. -
„ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“–ლევან ვასაძემ ახალი მიმართვა გაავრცელა
„ქუდზე კაცი“ – ლევან ვასაძე საზოგადოებას სამოქმედო გეგმას ვერის ბაღში ხვალ გააცნობს. ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა და მამაკაცებს ვერის ბაღში 20:00 საათზე მისვლისკენ მოუწოდა.ლევან ვასაძე ონლაინმიმართვაში კვლავ მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას აკეთებს და ლგბტ თემის წარმომადგენლებს ღიად ემუქრება.ვასაძემ განცხადება დიპლომატიურ კორპუსზე შეტევით დაიწყო და აღნიშნა, რომ სასულიერო პირებთან შეხვედრის დროს საელჩოების წარმომადგენლები მათგან “თბილისი პრაიდის” ჩატარების ნებართვას ითხოვდნენ. თუმცა, მისივე თქმით, მღვდელმსახურებმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს და სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა საპატრიარქომ განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, რომ “თბილისი პრაიდის” ჩატარება არ დაუშვას.„უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ეკლესიაზე, არაფრით არ დამთავრდება. გუშინ იყო სითავხედის და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი საოცარი მაგალითი. ჯერ იყო და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელები, ჩვენი ძვირფასი მეუფეები მივიდნენ ამერიკის საელჩოში, სადაც მათ დაახვედრეს უამრავი ელჩი და ორი საათი გეგონება, სხვა პრობლემა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს და სხვა სადარდებელი, ეს ხალხი, რომელიც თვალს ხუჭავდა ჩვენი ხალხის დარბევაზე, დაჩაგვრაზე და ყოველგვარ უსამართლობაზე, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო წლებში, ეს ხალხი „ეჩალიჩებოდა“, მე სხვა სიტყვას ვერ ვხედავ, ეკლესიას, რომ ნება დაერთოთ მათ, რომ დათანხმებოდნენ ისინი, რომ ამათმა აქ ჩაგვიტარონ გარყვნილების აღლუმი,“ – განაცხადა ვასაძემ.ბიზნესმენი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ უცებ მობილიზებულმა საზოგადოებამ ლგბტ თემს აქციის გამართვის საშუალება არ მისცა და აანონსებს, რომ არც მომავალში დართავს ნებას.ვასაძის თქმითვე, გუშინ სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო. ლევან ვასაძის კრიტიკა ასევე დაიმსახურეს სამართალდამცავებმა, რადგან ბიზნესმენის შეფასებით, ისინი კორდონის გარღვევის საშუალებას კონტრაქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ და ამის მცდელობის გამო რამდენიმე მათგანი დააკავეს.„ძალიან ახლოს იყო უბედურებასთან იქაურობა, მე ვლოცულობდი, რომ ის უბედურება იქ არ მომხდარიყო. პოლიცია თავიდან მომეჩვენა, რომ იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად – ე.ი. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში და იმ 10 ცალ სკვინტლიან პეროებს ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს, იდოლებს, რომელთა შიში აქვთ, ეგეთი ბრძანება აქვთ და ამ ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ თქვენ უფლებას, კორდონების ჩაყენებისა ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა,“ – ამბობს ვასაძე. -
„საპატრიარქომ შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა“–თანასწორობის მოძრაობა
თანასწორობის მოძრაობა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად:“გვსურს, გამოვეხმაუროთ „თბილისის პრაიდის” გარშემო შექმნილ მდგომარეობას და მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს.გვსურს განვაცხადოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას არ იღებს არცერთ ამ ღონისძიებაში. ეს ღონისძიებები ტარდება “თბილისის პრაიდის” მიერ, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა.მიმართვა თემის წევრებს:„თანასწორობის მოძრაობა” კარგად იაზრებს, რომ ლგბტ+ თემი არის მრავალფეროვანი და მის წევრებს აქვთ განსხვავებული პოზიციები და სტრატეგიები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თბილისის პრაიდის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პოზიციები. ჩვენ ვაღიარებთ ლგბტ+ თემის წევრებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, თუმცა ასევე, კარგად ვიაზრებთ თემის იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც ხილვადობის პოლიტიკის ალტერნატიული გზების ძიების აუცილებლობას ხედავს და ფართომასშტაბიანი აქციების გადააზრების ინიციატივით გამოდის.“თანასწორობის მოძრაობაში” კარგად გვაქვს გააზრებული ყველა ის შედეგი, რაც შესაძლოა თბილისის პრაიდსა და უშუალოდ “ღირსების მარშს” მოჰყვეს. ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და თავდასხმების გაზრდილ შემთხვევებს, რომელთა სამიზნეც ლგბტ+ თემის წევრები, განსაკუთრებით, კი ტრანსგენდერი ქალები, ხდებიან.„თანასწორობის მოძრაობა” პრაიდის კვირეულის განმავლობაში გააგრძელებს სერვისების მიწოდებას და მოუწოდებს თემის წევრებს საფრთხის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ პოლიციასა და ორგანიზაციას. თუმცაღა, ჩვენ კარგად ვიაზრებთ ჩვენი რესურსების სიმწირეს და ვაცხადებთ, რომ თავდასხმების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ჩვენი რესურსები ვერ გაწვდეს ყველა შემთხვევას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ თემის წევრები. აქედან გამომდინარე, გვსურს, მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდოთ იმ საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებისკენ, რომლის წინაშეც შესაძლოა პრაიდის კვირეულისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ.მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს:„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღების გამახვილება “ღირსების მარშის” გარშემო არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ყველა ადამიანისა თუ სოციალური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება. ლგბტ+ თემი წლებია ვერ სარგებლობს საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ დაიცავენ “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოებას, მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს.“თანასწორობის მოძრაობა” თემის წევრების მიმართ გაზრდილი ძალადობის შემთხვევებიდან გამომდინარე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროაქტიურად იმუშაოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების წინააღმდეგ, რათა ლგბტ+ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებები შეიცვალოს.
მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს:ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ მართლმადიდებელი ეკლესიის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება.მიგვაჩნია, რომ ეკლესიის პოზიცია აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს და ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ. მოვუწოდებთ, საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა.
მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს:„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პოლიტიკური ძალების მხრიდან ლგბტ+ თემის ინსტრუმენტალიზაციის შესახებ. წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტ+ უფლებების პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებისთვის გამოყენების ტენდენციას. ხელისუფლება, ასევე, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები არ ერიდებიან თემის უფლებებით მანიპულერებას და უხეშად ერევიან თემის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.ასევე, წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებია ლგბტ+ თემის უფლებები პრიორიტეტულად და არ უზრუნია ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაზე. გარდა ამისა, თემის უფლებები განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამუდმებით ხდება მანიპულაციისა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური სენტიმენტების გაღვივების ხარჯზე პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭის საგანი.დაბოლოს, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გაუტარებია სისტემური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღმოცენებისა და განვითარების შესაჩერებლად.ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვსურს მივმართოთ პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ. -
გარდაბანში ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა
გარდაბნის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დაღუპულის ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონა ექიმების უყურადღებობის მსხვერპლია. საქმესთან დაკავშირებით პოლიციას ჯერჯერობით, არავინ დაუკითხავს.
„ექიმი არის დამნაშავე. ჯანმრთელი მოვიყვანეთ, თუ ცუდად იყო, დატოვებდნენ საავადმყოფოში. რატომ გაუშვეს? მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ჩვენ წავედით, ექიმთან გვინდოდა დალაპარაკება. კარებს ვანგრევთ, ექიმი არ გამოდის,“ – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
ცხედარს რუსთავში ექსპერტიზა უტარდება.
-
პოლიციამ თბილისში მამაკაცი მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას დააკავა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია 1 პირი, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული ა.ა.დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა.ა. ღამით, თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. -
“დიდხანს უნდა ვუყუროთ ფოფხაძე-ვასაძის ტანჯული უკანალების თამაშს?“–ელისო კილაძე
გაზეთ ქრონიკა+ –ის რედაქტორი, ელისო კილაძე მთავრობის კანცელარიასთან წუხელ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დიდხანს უნდა ვუყუროთ ფოფხაძე-ვასაძის ტანჯული უკანალების თამაშს და ქვეყნის არევის მორიგ მცდელობას ?!იმედია,სახელმწიფომ იცის რა თათბირები იმართება ლევან ვასაძის აგარაკზე .გილოცავთ,რაინდი ვასაძე საჯდომების დამცველის ეგიდით ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა !2015 წელს იგივე გეგმა ჰქონდა ნუგზარ ფოფხაძეს(მთავარ როლში ი.ღარიბაშვილით)და “ქრონიკა+”-მა ჩაუშალა !ახლაც ჩაგიშლით !მატრიარქ შორენას მოკითხვ“ წერს კილაძე. -
ირმა ინაშვილი კონტრაქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვს
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და პარლამენტის ვიცე სპიკერი მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.“მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისათვის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე 8 პირია დაკავებული. ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი არა. ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ალექსანდრე ფალავანდიშვილიც და საერთოდ, ყველა დაკავებული.“– წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქ გვერდზე.კანცელარიასთან საღამოს “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან პოზიციის ღიად გამოხატვას ითხოვდნენ მათი უფლებების აღიარებასთან და ძალადობისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით. კანცელარიასთან მივიდა ლევან ვასაძე და აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აქციის დაშლას მოითხოვდნენ. პოლიცია აქციასა და კონტრაქციას შორის ჩადგა და რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა აგრესიული ჯგუფის შეკავებას, რომლის წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ჯამში კონტრაქციის ოცამდე მონაწილე დააკავა.