Category: არქივი

  • კორონავირუსის გამო მსოფლიოს საბაზო მედიკამენტების დეფიციტი და გაძვირება ემუქრება

    კორონავირუსის გავრცელებამ შესაძლოა საბაზო მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვიოს. მიზეზი მსოფლიოში ჯენერიკი მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებლის და მომწოდებლის – ინდოეთის მიერ წამლების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა.

    ინდოეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა მსოფლიო ბაზარზე 26 ჯენერიკს (აქტიური ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა პრეპარატების შემადგენლობაში შედის) შეეხო. ასევე მათ ბაზაზე დამზადებულ პრეპარატებს – კერძოდ კი პარაცეტამოლს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.

    სიაში შედის რამდენიმე სახის ანტიბიოტიკი, მათ შორის ტინიდაზოლი და ერიტრომიცინი, პროგესტერონის ჰორმონი და ვიტამინი B12.

    წამლების წარმოებისას ინდოეთი 70%–ით დამოკიდებულია ჩინეთში ჩარმოებულ კომპონენტებზე, სადაც ამჟამად კორონავირუსის გამო ფარმაცევტული ქარხნების დიდი ნაწილი დაიხურა.

    ინდოეთის ხელისუფლება ამბობს, რომ უკვე დამზადებული პრეპარატების მარაგი საკმარისია იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზრისთვის მათი მიწოდება ძველებური მოცულობით განხორციელდეს, ამიტომ პანიკის საფუძველი ჯერ არ არსებობს.
    თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ ექსპორტის შეზღუდვა გარდაუვლად გამოიწვევს საბაზო მედიკამენტების გაძვირებას.

  • გამყრელიძე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებს მოუწოდებს, აუცილებლად დარჩნენ თვითიზოლაციაში

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებს მოუწოდებს, აუცილებლად დარჩნენ თვითიზოლაციაში.

    ,,თუ მივდივართ მაღალი რისკის ქვეყნებში, ესენი არის: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და დავამატებდი იაპონიას, აუცილებელია ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინოთ თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა. გავითავისოთ ეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სულ ყველამ, ვინც ბრუნდებით იტალიიდან. გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული”, – ამბობს გამყრელიძე.

    მისი თქმით, ვისაც საზღვარზე სიმპტომები დაუფიქსირდებათ, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ტრანსპორტირებული ინფექციურ საავადმყოფოში.

    დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. 5 ახალი ინფიცირებული ერთი ჯგუფის წევრია, ისინი იტალიაში ერთად იყვნენ სამოგზაუროდ და საქართველოში კვირას დაბრუნდნენ.

  • კორონავირუსით იტალიაში დღეს 41 ადამიანი გარდაიცვალა

    იტალიაში დღეს კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 148-ს მიაღწია.

    ქვეყანაში ინიფიცირებულთა რიცხვი 769-ით გაიზარდა და 3 858-ს გაუტოლდა.

    კორონავირუსი ევროპის მასშტაბით იტალიაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. 

    მსოფლიოში ინიფიცირებულთა რაოდენობამ 97 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 3353-ია. 

  • 5-ვე ახალი ინფიცირებული იტალიიდან კვირას ჩამოვიდა, ისინი ერთად იყვნენ სამოგზაუროდ- გამყრელიძე

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებული ერთი ჯგუფის წევრია, ისინი იტალიაში ერთად იყვნენ სამოგზაუროდ და კვირას დაბრუნდნენ.

    ,,დადასტურებული მეოთხე პაციენტის ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა. ისინი დაიტესტნენ ლუგარში. ყველა კონტაქტი უკავშირდება იტალიას. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს არის ძირითადად ოჯახური შემთხვევები”- თქვა გამყრელიძემ.

    მან აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევა ამ ეტაპისთვის კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. მათგან 3 ახალგაზრდაა – 1 ქალი და ორი მისი შვილი, ხოლო ორი შუახნის.

    ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ 5 ადამიანთან კონტაქტში მყოფი ადამიანების მოძიება, რის შემდეგაც მათ გამოკვლევა ჩაუტარდებათ. 

  • საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულია 9 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – stopcov.ge არის განთავსებული.

    ამავე მონაცემებით, კარანტინშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

    ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე წუთში ბრიფინგი გაიმართება.

  • როგორია ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა

    ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

    მას ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

    ,,ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – მიღებული დაზიანებების და ამ დაზიანებების სიმძიმის შესაბამისია. ერთ-ერთი ჭრილობა ფიქსირდება გულშიც, ოპერაციის მსვლელობისას, დაფიქსირდა გულის ტამპონადა, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიური მდგომარეობა, იგივე გულის გაჩერება, თუმცა, მალევე მოხერხდა რიტმის აღდგენა“, – აცხადებენ ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში.

    დღეს ხაშურის ცენტრში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. 28 წლის მამაკაცმა 25 წლის ახალგაზრდას ჭრილობები დანით გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

  • რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია- აშშ-ის ელჩი

    აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საქართველოდან თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია.

    მისი თქმით, რასაც აშშ საქართველოსთან თანამშრომლობით აკეთებს, იმისთვის რომ საზღვრები დაიცვას, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია და შემაკავებელი ეფექტი აქვს.

    ,,რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება: უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი… ვფიქრობ, რასაც ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად იმისთვის , რომ გავაძლიეროთ მისი უნარი, დაიცვას თავისი საზღვრები, ამას აქვს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, რაც მისთვის სრულიად გასაგებია და ბუნდოვანება არ ახლავს”,- აცხადებს კელი დეგნანი ,,რადიო თავისუფალებასთან” ინტერვიუში.

  • ძალადობა მიუღებელია, უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის ირგვლივ- ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობაზე

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხაშურში კაცის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრას ეხმიანება და ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია და ,,ჩვენ ყველა, ახლავე უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის ირგვლივ!”.

    მისი თქმით, ხაშურში მომხდარ ძალადობაზე ინფორმაცია ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე გაიგო.

    დღეს ხაშურის ცენტრში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. 28 წლის მამაკაცმა 25 წლის ყოფილ ცოლს დანით ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

    გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით.

    დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

  • დაჟინებით მოგიწოდებთ, მიიღეთ ზომები პროპორციული არჩევნებისთვის- ევროპარლამენტარები გახარიას

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ევროპარლამენტარისგან მორიგი წერილი მიიღო.

    ევროპარლამენტარები მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები პროპორციული არჩევნებისთვის ყოველგვარი გადადების გარეშე.

    წერილში საუბარია 2019 წელს მომიტინგეების მიმართ პოლიციის არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის ზრდაზე, პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის გიგი უგულავას დევნასა და ,,ფეისბუქზე” ტროლებისა და ბოტების ხელისუფლებასთან კავშირზე.

    ამ წერილს სრულად გთავაზობთ:

    ,,საქართველო, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისაფული ვაჭრობის ხელმომწერი, ევროკავშირის დიდხნიანი პარტნიორია თავისი უნიკალური ადგილით ევროპულ სამეზობლოში.

    თუმცა, როგორც საქართველოს ნამდვილმა მოკავშირეებმა, ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი შეწუხება საქართველოს უკუსვლით კანონის უზენასობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში.

    სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო შესწორებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ოქტომბერში არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო, ჩავარდა. შეშფოთებულები ვართ იმ როლით, რაც მმართველმა პარტიამ ითამაშა ამ ჩაგდებაში. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია იმ სტატუს კვოს შედეგია, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების წახალისებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს და იმედი გვაქვს, რომ საკითხები დროულად გადაიჭრება. საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოვუწოდებთ, მიიღოს დაპირებული ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდგომი დაყოვნებების გარეშე.

    ვგმობთ, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებას და დიდი რაოდენობით ადამიანების დაშავებას 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს. მშვიდობიანი პროტესტის დაშლაში ძალიც გადამეტებაც მიუღებელია. სამოქალაქო საზოგადოება მთავრობაზე მეთვალურეობის არსებითი ნაწილია.

    მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიული საზოგადოების ბაზისია. უზენაეს სსასამართლოში ბოლო დროს შერჩევა და დანიშვნები საკმარისად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული არ იყო. ადამიანების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არსებითია და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მოსამართლეების დანიშვნა, ვინც მაღალ პროფესიულ და რეპუტაციულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

    აუცილებელია, შენარჩუნებულ იქნეს მიღწეული შედეგი, რათა დაცული იყოს კანონის უზენაესობა და დასრულდეს პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე.

    ჩანს, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მზარდია, თუ გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას ციხით ემუქრება, არააქტიური საქმეების განახლებას და მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ გამოძიების მიმდინარეობას ან მათ პატიმრობაში ყოფნას.

    გიგი უგულავას ახლანდელი საქმე კითხვებს აჩენს პროცედურის, დროისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ.

    საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში, შესაბამისად, ბრალდებები, რომ მთავრობას აქვს კავშირები დეზინფორმაციის კამპანიასთან, რომელშიც, Facebook-ის ცნობით, ასობით ყალბი ანგარიში და ჯგუფი იყო ჩართული, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია.

    საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი და ყოველთვის დემონსტრირებდა სერიოზულ ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეს წერილი შესაბამისად განიხილოს და გადაწყვიტოს ეს საკითხები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ყველა დემოკრატიულ მცდელობაში და ველით საქართველო-ევროკავშირის უფრო ძლიერ პარტნიორობას მომავალში”,- წერია წერილში, რომელსაც მწვანეთა პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ევროპის განახლების პარტიის წევრი ევროპარლამენტარები აწერენ ხელს.

  • პროპორციული არჩევნები ,,ევროპულ საქართველოს” აწყობს, ,,ენმ”-ს – არა — ნაცვლიშვილი

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის აზრით, პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოვებული არჩევნები ,,ევროპულ საქართველოს” აწყობს, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას” – არა.

    მისი თქმით, გიგი უგულავას წერილი, რომელშიც ის საუბრობს, რომ არ უნდა ,,გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში”, გონივრულია.

    ,,ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იკრიბება ნაციონალური მოძრაობის გარშემო, თავის მთავარ მოთხოვნად აქცევს ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს, ქართულ ოცნებას ექნება საბაბი, მისივე შემოთავაზებულ ვარიანტზე უარი თქვას, რადგან ეს გახდება წყალგამყოფი. ამიტომ მისი ეს განცხადება არის გონივრული, რათა „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან არ გამოვიდეს. პოლიტიკური პატიმრების საკითხი პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგში დაყენება აწყობს ნაციონალურ მოძრაობას”,- ამბობს ნაცვლიშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ,,ნაცმოძრაობა” არჩევნების არსებული სისტემით ჩატარების შემთხვევაში, მას არალეგიტიმურად გამოაცხადებს და ქუჩაში გამოვა.

    ,,თუ ამ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და მეტი პროპორციულობისკენ არ წავალთ, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას ექნება საბაბი, არჩევნების შემდეგ თქვას, რომ რადგან არჩევნები იმ სისტემით არ ჩატარდა, არის არალეგიტიმური. შესაბამისად, ყველანაირი საბაბი ექნება, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ამიტომ ეს არის აწონ-დაწონვის საკითხი. მესმის მისი [უგულავას] პოზიცია მისი პარტიიდან გამომდინარე. ეს შესაძლოა სწორი იყოს. ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა, მაშინ მოლაპარაკების რესურსი აღარ იქნება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

    ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება” ოპოზიციას სთავაზობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს, რის მიხედვითაც, პარტიას, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ 40 მაჟორიტარი ის მინიმუმია, რაზეც შეუძლიათ შეთანხმება, რადგან 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად ,,საქართველო გეოგრაფიულად ვერ დაიყოფა”.

    ოპოზიცია არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს.