Category: არქივი

  • “ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს”-ოქრუაშვილი ივანიშვილის ცოლს მიმართავს

    გუშინ “იმედის კვირაში” ირაკლი ოქრუაშვილისა და თანაგუნდელების შესახებ გავიდა  სიუჟეტი, სადაც ოქრუაშვილს, სანიკიძეს, გელბახიანსა და კემულარიას   ბალზაკის ასაკის კმარელები უწოდეს. 

    ირაკლი ოქრუაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს მოუწოდა, ივანიშვილს ნიცშეს გარდა სხვა წიგნებიც წაუკითხოს, იმისთვის რომ ტერმინები სწორად იქნას გამოყენებული.

    “ქალბატონო ეკა!!! ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის თხოვნაა თქვენდამი, როგორც ჩემი ქვეყნის პირველი ლედის მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს. მაგალითად, ბალზაკის “შაგრენის ტყავი” ან სხვა, რომ მიხვდეს ტერმინი “ბალზაკის ასაკი” ქალბატონებთან მიმართებაში გამოიყენება და არა გუბაზთან, კოტესთან ან ჩემთან.

    გთხოვთ იმიტომ, რომ თქვენი მეუღლე ტვ “ნადეჟდაზე” ჩვენზე მორიგ სიუჟეტს რომ გააკეთებინებს კვლავ ასეთი გაუნათლებელი არ გამოჩნდეს.

    ბალზაკის ასაკის კმარას სახელით”, წერს ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

  • თბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

    თბილისში, ვაშლიჯვარში ერთ-ერთ ეზოში  ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

    ადგილობრივი მცხოვრებლების  თქმით, გაჩერებულ მანქანას ცეცხლი  მოულოდნელად გაუჩნდა, რის გამოც ახლომდებარე  სამი ავტომობილი დაზიანდა.

    უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლი  ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველემა  ჩააქრეს.

  • შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

    ლევან ვასაძის განცხადებაზე, რომ ის სახალხო რაზმებს შექმნის, შინაგამ საქმეთა  სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,   უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

    „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება. ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება,“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • “გახარიას ადგილას ვასაძეს ტრიბუნაზევე დავაკავებდი” -თინა ხიდაშელი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ადგილას  რომ იყოს, პრორუს, ლევან ვასაძეს, მუქარის შემცველი განცხადებების გამო  ტრიბუნაზევე დააკავებდა.

    “მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს. სადმე თვალი ხომ არ ჩაუკრავს იმას [გიორგი გახარიას]?” – წერს ხიდაშელი.

  • სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლესთან კარტოფილით დატვირთულ მიკროავტობუსებს მიუყვანენ

    საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთად სახლში” და “ერთად სახლში საქართველო” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტ აქციას იწყებს. მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ,  რომ “17 ივნისის 13.00 საათიდან ორგანიზაცია დაიწყებს უფასო კარტოფილის, როგორც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების სიმბოლოს, დარიგებას. აქცია ამ ეტაპზე დაიწყება პრეზიდენტის სასახლესთან, თბილისში, ათონელის ქუჩაზე, სადაც განთავსდება კარტოფილით დატვირთული მიკროავტობუსი.
    აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არ ეთანხმება მარიონეტი ზურაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნას, ვისაც წაართვეს არჩევნები და დაუნიშნეს პრეზიდენტი, ჩაერთონ აქციაში და კარტოფილის წაღებით სიმბოლურად გამოხატონ სამოქალაქო პროტესტი.
    აქციის მიზანია მოუწოდოს მოქალაქეებს არ შეეგუონ ოლიგარქის მიერ თავსმოხვეულ პრეზდენტს და იბრძოლონ მის გადასაყენებლად.
    არის სალომე შენი პრეზიდენტი? არა! მოდი აქციაზე!“– ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • “სამარცხვინოა ის ხელისუფლება, რომელიც ვერ ბედავს ღიად ფაშისტურ მოწოდებებზე რეაგირებას“–დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ლევან ვასაძის განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

    “უკაცრავად და გულგონთხართა? თუ გძინავთ ჩვენზე ზრუნვით დაღლილებს?

    ეს თვითგამოცხადებული რაინდი, დუგინისტი და პუტინისტი რომ მოიერიშეთა ლეგიონების ჩამოყალიბებას აანონსებს (სახელი მისი ლეგიონიაო, სახარებაში რომ ეშმაკზეა ნათქვამი, ეტყობა არ იცის, ან იცის, მაგრამ იქ შეკრებილებს უმალავს), ლგბტ პრაიდის მონაწილეებს სადაც დავიჭერთ იქ გავკოჭავთ ქამრებითო, რომ გაიძახის “ქრისტეს მხედრების” (იმდენი მაგათ დაუმშვენდათ ცხვირი, ქრისტესთან და ქრისტიანობასთან რამე საერთო ჰქონდეთ) მქუხარე ოვაციების თანხლებით, არ გესმით თუ არ იმჩნევთ?

    და სანამ ეს ველურები ალესილი ტაბურეტკებით არ ირბენენ ქუჩებში და რამდენი საყურიან ან ჭრელსამოსიან ახალგაზრდას დაინახავენ, იმდენი “პიდარასტი, პიდარსტი”-ს ღრიალით არ გამოენთებიან, მანამდე არ აპირებთ ხომ შემჩნევას? მერე კი ამერიკელებთან ჩუგოშვილებს გაუშვებთ დასამშვიდებლად, რუსეთში რომელიმე უჩას გაატანთ მესიჯს, ცოტაც გვაცალეთო, ტელევიზიით კიდევ კობახიძეს გამოუშვებთ, “ორივე მხარის რადიკალიზმი” რომ დაგმოს.

    სამარცხვინოა ის ხელისუფლება, რომელიც ვერ ბედავს ღიად ფაშისტურ მოწოდებებზე მყისიერ და მკვეთრ რეაგირებას, ხოლო ორმაგად სამარცხვინო და მავნებელია ის ხელისუფლება, რომელიც ასეთი ფაშისტური შაბაშების ორგანიზებას თვითონ უწყობს ხელს და ამ ტალღაზე ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას.

    არა ბიჭო და თავისით გამოვარდა ეს დიდი რაინდი, მაგის წკმუტი რომ არავის გაუგია 2012 წლის ოქტომბრამდე და არც ისაა შემთხვევითი, მამათმავალ-დედათმავლებზე მეტად რომ ნაცებს აგინებს.

    სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს. თუ სათანადო არ რეაგირება არ იქნება, ეს რეაგირება იქნება თქვენს მიმართ, ახლაც და მომავალშიც. აუცილებლად მოვა ის დრო, როცა ყველა პასუხს აგებთ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.

    P. S. ისე, ღირსი კი ხართ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს გავასამართლებინოთ თქვენი თავი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისთვის, მაგრამ ამისთვის თქვენც კი არ მემეტებით.“ – წერს ზურაბიშვილი

  • დავით სერგეენკო ხვალ სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს

    რუსთავი2–ის ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს, ამის შესახებ კურიერს სანდო წყარომ აცნობა. საქართველოში დაბრუნებული პრემიერი, მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს დღეს აშშ – დან დაბრუნების შემდეგ შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში, გადადგომის დეტალები განიხილეს.
    დავით სერგეენკოს გადადგომას წინ უძღვოდა საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილეს ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.
    ვინ შეცვლის დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ამ თანამდებობაზე საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს, მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.
  • ლევან ვასაძე კომბლიან სახალხო რაზმებს ქმნის და პოლიციელებს აფრთხილებს, არაფერი შეეშალოთ

    ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძემ ლგბტ თემის წინააღმდეგ ბრძოლა და სახალხო რაზმების შექმნა გამოაცხადა. ბიზნესმენმა გამოსვლა ლოცვით დაიწყო, რასაც იქ შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდენენ.
    ვასაძე ამბობს, რომ სახალხო რაზმის წევრები ლგბტ თემს ხელებს შეუკრავენ და დააბამენ სადაც საჭიროა. ვასაძე ამბობს, რომ ის ძალადობისკენ არავის მოუწოდებს, თუმცა სამართალდამცავებს გაფრთხილებას აძლევს. ვასაძის თქმით, ის არ ურჩევს სამართალდამცავებს მათ შეჩერებას. სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ, რომელთაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ.
    ლევან ვასაძის განცხადებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან მოხდა, აღარ განმეორდება.
    „ჩვენ მოვახდებთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ჩვენ გვეყოლება ათეულები, ეს შეიკრიბება ასეულებად ასისთავით, რომელიც შეიკრიბება ათასეულად და იქნება ლეგიონი. აქ შეკრებილებს შორის არის უამრავის სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. შექმნილი ათეულები, შეკრულები ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად. არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, თუკი, პროპაგანდისტები გარყვნილებისა ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. რისთვის გავარღვევთ? რომ ქათმები ჩავქოლოთ ან ვიღაც ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, ვინც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? არა. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, შეგაფურთხებთ , ნუ დაარტყამთ ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ ყური აუწიეთ.
    მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები , არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს.
    არ ვარ მიამიტი კაცი, ისევე როგორც ყველა, ვინც აქ შეიკრიბა და ძალიან კარგად მესმის, რომ როდესაც ჩვენ დავალაგებთ ჩვენი სამხედროების, მორაგბეების და მოჭიდავეების ხელმძღვანელობით კორდონების გარღვევის სტრატეგიებს – ეს იქნება სოლისებური შესვლება, ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. ჩვენ გვესმის, რომ პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ არევს, მეორე დაასუსტებს და მესამე შევა, მეოთხე, მეხუთე ხომ შევა. ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება, ქართველმა კაცმა იცის, რომ უნდა დაეცეს იმისთვის, რომ დროშა წინ წავიდეს. მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები – არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების, თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, ჩვენ მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით.
    მინდა მივმართო ჩვენც პოლიციელებს, ის რაც თქვენ გააკეთეთ კანცელარიასთან აღარ გამოგივათ. არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ. სტაცებთ ხელს ვინმეს ათეულში? ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება. თუ რაღაც სასწაული მოხდა და ჩვენს ლომივით მეომრებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი თქვენს თავს დააბრალეთ. სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ის პირველი ტყვია,- განაცხადა ვასაძემ.