Category: არქივი
-
რადიკალური ჯგუფები თბილისის ქუჩებში(ვიდეო)
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს ღამის თბილისში როგორ მოძრაობს აგრესიული ჯგუფი შეძახილებით. სავარაუდოდ ისინი ლევან ვასაძის თანაგუნდელები არიან.“თბილისი დღეს! ამოფრქვეული სიავე მსხვერპლის ძიებაში, რომელიც ყოველი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ამათი სახინკლიდან გამოსვლის შემდეგ. ასე იწყებოდა და იწყება ფაშიზმი. ამათ დაუთმო ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი თავისუფლება, უსაფრთხოება და მომავალი. ეს ამ რეჟიმის ერთ ერთი სახეა. ბრაზის ადრესატი და მთავარი სამიზნე სწორედ ის უნდა იყოს, თუ გვინდა დავიბრუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, განვითარება“ – წერს გიგი უგულავა -
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“–მეტრო “რუსთაველში“ ორ ახალგაზრდას საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ(ვიდეო)
„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტს, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც ვიდეო გადაიღო. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს პირველი არხის ვებგვერდი ავრცელებს.„რუსთაველის“ მეტროში, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე მამაკაცი მათ თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა.„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.საქართველოს პირველი არხის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ. ჟურნალისტი კი გამოკითხვაზე დაიბარეს. -
“პრაიდში ჩემი მისვლა იქნებოდა ტყუილი, რადგან მე არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი”- მარგველაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა პოლიტმეტრში აცხადებს, რომ მისი მისვლა პრაიდზე იქნებოდა ტყუილი და მცდარი მესიჯი რადგან ის ამ ორიენტაციის არ არის. გარდა ამისა მან თბილისი პრაიდსა და აგრესიულად განწყობილ ჯგუფებზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს თუ აღლუმი ვინმეს არ მოწონს მაშინ დაიცვან ლგბტ თემი და აღლუმის ჩატარება საჭირო აღარ გახდება.
“პრაიდში მისვლა არაა საჭირო, მაგრამ თუ შენ ხედავ, რომ ამ პრაიდს იცავს პოლიცია და ამ პოლიციას ვინმე ურტყამს, დაიცავი პოლიციელი და დადექი შუაშია. პრაიდში ჩემი მისვლა იქნებოდა ტყუილი, რადგან მე არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. მე ვხედავ, რომ ისინი დასაცავები არიან, მაგრამ მე მათთაგანი არ ვარ. მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც იცავს პრაიდს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობისა და ადამისნი უფლებების დაცვას”, — ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
-
მასშტაბური მსხვერპლშეწირვა – მლეთაში ლომისობის დღესასწაული აღნიშნეს
ასობით ცხოველის დაკვლით დღეს მომლოცველებმა ლომისობის დღესასწაული აღნიშნეს. ადგილი, სადაც ცხვარს კლავენ, ამ დრომდე, სისხლითაა შეღებილი.
დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში აღდგომიდან 7 კვირის შემდეგ მომლოცველები ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ფეხით ადიან. ეს ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. სჯერათ, რომ მსხვერპლშეწირვა აუცილებელია.
მსხვერპლშეწირვის გამო, ამ ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი ნაწილი ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებს და სალოცავად ასულები შესაწირავს ლომისას ტაძართან ტყეში უშვებენ.
ადგილობრივებისთვის ეს რიტუალი ლომისობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათთვის მიუღებელია მსხვერპლშეწირვის გაუქმება. ამ უძველეს ტრადიციას წინააღმდეგობას არც საქართველოს საპატრიარქო უწევს. ცხოველების უფლებების დამცველებმა სასულიერო პირებს ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ლომისობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომლის აღსანიშნავად საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. მსხვერპლშეწირვის რიტუალის გამო კი აქ ყოველ წელს 2000 ათასზე მეტი ცხვარი იკვლება.
-
„რუსეთი ოკუპანტია“- გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სირცხვილის დერეფანში გაატარეს
„რუსეთი ოკუპანტია“ „პუტინი ხ..ლო“ – მოქალაქეებმა ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტი გააპროტესტეს.
შეკრებილები რუს დეპუტატებს შეძახილებითა და ტრანსფარანტებით დახვდნენ. ესკორტი, სადაც დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ზის სასახლის ეზოს შესასვლელთან შეაფერხეს.
დუმის დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. პუტინის თანამოაზრე და ოკუპაციის თანამონაწილე რუსი დეპუტატები, საქართველოში განსაკუთრებული პატივით მიიღეს. სერგეი გავრილოვს, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვა გამოუყო და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამოყენებით, აეროპორტიდან სასტუმროში მიაცილა.
-
“ანტიქრისტეს დროშა ჩამოხსენით”-ვასაძის მხარდამჭერები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მიიჭრნენ
“ანტიქრისტეს დროშა ჩამოხსენით”-ვასაძის მხარდამჭერები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მიიჭრნენ.
კორპუსის ბოლო სართულის აივანზე დროშის გადმოფენის შესახებ ინფორმაცია მათ ვერის ბაღში მიიღეს, რის შემდეგად ჯგუფი იმ კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსისკენ დაიძრა.
ჯგუფის წევრები ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვდნენ დროშის ჩამოხსნას, რომელიც სინამდვილეში აივნის ჭრელი მზისგან დამცავი ფარდა იყო. მათი განცხადებით, მოქალაქე, რომელმაც დროშა გადმოფინა საქართველოს მოქალაქე არ არის. ისინი მეზობლებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მიმართავდნენ და მოუწოდებენ დროშა ქვემოთ გადმოაგდონ.
საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც დროშის დაუყონებლივ ჩამოხსნას მოითხოვდნენ.
“ჩვენ სახლში არავის ვუვარდებით, მაგრამ არავის აქვს უფლება ჩვენ შვილებს გონება წაუბილწოს”-აცხადებენ დაჯგუფების წევრები.
საბოლოოდ, მოქალაქემ ჭრელი ფარდა ჩამოხსნა, ვასაძის რაზმელებმა კი განაცხადეს, რომ გამარჯვება მოიპოვეს და ტერიტორია დატოვეს.
-
დილით თვალს ვახელ და ვიაზრებ, შენ მომიკვდი-ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა
ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილის გარეშე გატარებულ 23 დღეზე წერს.
“უმეტესად მარტო ვარ სახლში. გიყურებ დედი სურათებში, ვსუნავ შენს ხალათს, პიჟამოებს, ვტირი შენს საწოლზე. ვიძინებ იმედით, სიზმრად მაინც გნახო. არ ჩანხარ. დილით თვალს ვახელ და ვიაზრებ, შენ მომიკვდი. გავრბივარ შენს ოთახში და კანდელს ზეთს ვამატებ. ვითომ რამე საქმეს გშველი და ვაკეთებ შენთვის. მიმძიმს შენს ოთახში ყოფნა. კარადას ვერ ვაღებ. ვერ ვბედავ, ვუსმინო შენს ნამღერს, აქ რომ ჩამიგდე. თუმცა ვესათუთები, მაგრამ ვერ ვხსნი. ვერ ვუყურებ შენს ფოტოებს, რაღაც რგოლივით რომ გაგიკეთეს და საშინელი, სულისშემძვრელი სიმღერა რომ ადევს. ვგრეხ ერთმანეთში სამ ცალ სანთელს თითქმის ყოველ დილით და მოვდივარ შენს საფლავზე. ოღონდ მანქანაში რომ ვჯდები და შენი ადგილი გვერდით ცარიელია, უკვე მაგაზე ვიწყებ ღრიალს, არ ვიკრავ ღვედს, არ მინდა უსაფრთხოდ სიარული. გული მიჩქარდება შენს საფლავთან. სწრაფად გადმოვდივარ, ვაწყობ ყვავილებს და… სად მყავხარ, დედი? სად მოვდივარ, დედი? მძულს ეგ ადგილი, შვილო. დამცინის დე შენი საფლავის შემოღობილი ადგილი. მეიქედნურება, ხომ წაგართვი შვილიო…
რას ვგრძნობ 23-ე დღეს? ფრაგმენტები, ფრაგმენტები, ტელეფონში ნათქვამი -დაიკარგა… ვეძებთ… ატირებული გავრბივარ, გზებზე მანქანა ფუჭდება. ღორღზე ვდგავარ მუხლებით და ვფიქრობ, სანამ არ გამოჩნდები, ასე ვიდგე, პატრული ცდილობს ამაყენოს და არ ვდგები, ვაგდებ. გაკეთდა მანქანა და გზა არ ილევა. შორს ხარ, ვეძებთ პოლიციის შენობას, იქ ხალხია, სირბილით მივდივარ შენობისკენ და ატირებული რაღაცას მეუბნებიან, ვწუხვარ, სად არის ჩემი სოფი – ვკივი და არავინ პასუხს არ მაძლევს, იქ ვიგებ, ტყეში კი არა, წყალში ხარ. მანამდე მანქანაში ვფიქრობ, მგელმა არ დაგგლიჯოს, არა, შენ ყოჩაღი ხარ, ხეზე ახვალ…რომ დაგეძინოს და გადმოვარდე? თავს თუ მიიბამ, თუ მოიფიქრებ. საშინელი ქარია და სიცივე, რომ გამიცივდე? ყველა სიბრალულით მიყურებს, ახლოს ვერავინ მოდის, მე იატაკზე ვგდივარ და ტვინში წიკწიკებს, იქნებ ცოცხალია, იქნებ გონება დაკარგა და წყალმა გამორიყა, იქნებ ვინმემ იპოვოს… მერე ლოდინი, სიჩუმე, ისევ ტირილი და რაღაცნაირი ჩუმი მზადება… მივხვდი, გიპოვეს და აქ მეორედ მოვკვდი, ყველანაირ იმედთან ერთად. გზა პროზექტურისკენ. ჯერ არ მინახიხარ, დედი. ავრბივარ კიბეებზე და აქ არ შეიძლება. კარი მოკეტეს… ვერ ვითმენ შევაღე და შევვარდი… გაშხვართული წევხარ, დე. პირველად შენი ფეხის თითები და ტერფები დავინახე, მოვედი და გადაგხადე ზეწარი, ჩეეემოო გულოოო… მკლავები თავს ზემოთ გაქვს დე აწეული. მაისური ტანზე ახდილი, როგორც წყალი მოგექცა, ისე ხარ… შენი ლამაზი თითები თბილი მეჩვენა და სისულელემ გამიელვა თავში… შენი სახე, დე. ტუჩები ოდნავ შესიებული, გაბუტულს ჰგავხარ, სახე, კისერი, თავის სულ დაწითლებული სისხლნაჟღენთებით, თმები, შენი ლამაზი თმები ჭუჭყიანი, ფოთლებით და ქვიშით სავსე… რას ვგრძნობ შენი დაკარგვიდან 23-ე დღეს? ვიხარშები, ასე მგონია რენტგენით ვუყურებ ჩემს ფერშეცვლილ გულს, ფილტვებს, ღვიძლს, მდუღარეგადანავლები ფერი აქვს…. ჯერ ისევ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს, რატომ გავმწარდი ასე სასტიკად? მე ხომ დალხენილი ცხოვრება არასოდეს მქონია?! ვზივარ მთელი დღე ან ვწევარ დივანზე, საიდანაც შენი ოთახის შეღებულ კარს ვუყურებ და ფრაგმენტები – გამოდიხარ პიჟამოებით ან ტრუსიკ-მაიკით, გამოტანტალდები, გარბიხარ ტუალეტში… ან ზიხარ ჩემ გვერდით და ახრაშუნებ ჩიპსებს და მეუბნები, დე, არ გინდა? ოღონდ ბევრი არ ამოიღო….“
-
20 ივნისს ZEG – Tbilisi Storytelling Festival – რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია იხსნება
20 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „სტამბა“-ში ZEG – Tbilisi Storytelling Festival – რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია იხსნება.
ფესტივალი 20-22 ივნისს ჩატარდება და აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს გაგვიზიარებენ. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე მოწვეული სპიკერები, მათ შორის 29 უცხოელი სტუმარი.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან Impact Hub Tbilisi და Coda Story, მხარდამჭერი – თიბისი სტატუსი.
ინფორმაცია ფესტივალის შესახებ და პროგრამა: http://tbilisistorytelling.com
21-22 ივნისს ფესტივალის გაშუქების მსურველმა ჟურნალისტებმა, უნდა შევასოთ მედიააკრედიტაციის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdrYg7GghN50406AZcfkgVzJF4qqtPoXKtlCF4tMQD2P7DJ8g/viewform
ფეტსივალის ფარგლებში შეხვედრები, დისკუსიები და ვორქშოფები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
-
“თავს მოგაჭრი” – “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს ემუქრებიან
გიორგი თაბაგარსა და “თბილისი პრაიდის” სხვა ორგანიზატორებს უცნობი პირები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარის შემცველ შეტყობინებებს ორგანიზატორები და ლგბტ თემის წევრები ტელეფონზე იღებენ.
ინფორმაციას და შეტყობინებებს სოციალურ ქსელში იდა ბახტურიძე ავრცელებს.


-
სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება- ვასაძის მხარდამჭერები თბილისი პრაიდის ოფისისკენ დაიძრნენ
სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება ვაკეში.
ნინო რამიშვილის ქუჩაზე ვასაძის მხარდამჭერები იკრიბებიან ისინი გეგმავენ, სასულიერო პირებთან ერთად, ალყაში მოაქციონ თბილისი პრაიდის ოფისი. ვასაძის მხარდამჭერები ოფისისკენ მიემართებიან.
როგორც ცნობილია, ორგანიზატორების ოფისში არ იმყოფებიან. მათ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შენობა დატოვეს.