Category: არქივი

  • მივმართავ ორგანიზატორებს, დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები-ბახტაძე

    მივმართავ  ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

    „უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!

    ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!

    სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!“ – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

  • დაპირისპირება პარლამენტის ფოიეში – ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში მავთულხლართებით მივიდნენ

    დაპირისპირება პარლამენტის ფოიეში – ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები პარლამენტში მავთულხლართებით მივიდნენ.
    დავით ქაცარავას და სხვა აქტივისტებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შენობაში არ უშვებდნენ. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას.
    ანტისაოკუპაციო ორგანიზაციის წევრები ითხოვენ, ხელისუფლებამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, ასევე დაუყოვნებლივ მოხდეს გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების დეპორტაცია.
  • ქუცნაშვილი შესაძლოა „ქართული ოცნებიდან“ გარიცხონ

    დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა „ქართული ოცნებიდან“ გარიცხონ. ინფორმაციას ამის შესახებ “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    სააგენტოს ინფორმაციით, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა ეს საკითხი გუნდში უკვე დააყენა, რასაც პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა.

    ზაქარია ქუცნაშვილი  მართლმადიდებური საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი იყო, რომლის ფარგლებში თბილისში რუსი დეპუტატებიც ჩამოვიდნენ.

    დღეს დილას რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა  საქართველოს პარლამენტში სპიკერის ადგილი დაიკავა და სხდომის მონაწილეებს მიმართა.

    ამ ფაქტს ოპოზიციის  პროტესტი მოჰყვა. “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ტრიბუნა დაიკავეს და ასამბლეის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

    ცოტა ხანში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ასამბლეის სხდომის გამართვა რუსი დეპუტატის მონაწილეობით შეცდომა იყო და ის პარლამენტში აღარ ჩატარდება.

  • ხალხი დადგება პარლამენტის შენობაში და პარლამენტის გარეთაც, ვიდრე კობახიძე არ გადადგება – ნიკა მელია

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს გადადგომის შესახებ განცხადება სასწრაფოდ გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება.

    „ამ ეტაპზე ყველანი უნდა მოვიდეთ პარლამენტში, პარლამენტის შენობაში უნდა შემოვიდეთ, ამ დღიდან ეს აღარ იწოდება პარლამენტის შენობად, ეს აღარ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ხალხი უნდა მოვიდეს პარლამენტის შენობაში და დავრჩებით შიგნითაც და გარეთაც, სანამ კობახიძე არ გადადგება.

    ვინ ხართ ხალხო, არ თვლით თავს შეურაცხყოფილად, იმ რაღაცა სამი ათასი ლარის და ბიზნესების გამო ყველაფერს ხაზის გადაუსვათ? ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ჩაგესვათ ბარემ, იმ სკამში, მოღალატეობრივი აქტი უკვე შემდგარია, ამას სჭირდება რეაგირება და არა მდინარაძის პრუწუნი, რომ ასამბლეა გაგრძელდება სხვა სივრცეში, არსად არ გაგრძელდება. კობახიძე, სადაც არის იქ გააკეთოს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

  • დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს-ივანიშვილი

    დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს.  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

    გთავაზობთ განცხადებას:

    „სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – ნათქვამია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

  • ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

    ბიზნესმენი ლევან ვასაძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

    ლევან ვასაძეს მის მიერ გაჟღერებულ   განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხავენ. ვასაძემ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებისშექმნა დაანონსა.აღნიშნულ განცხადებაზე კი შსს-მ გამოძიება დაიწყო.

  • ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?- საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გამართავს გამოეხმაურა და მიმდინარე ღონისძიება გააკრიტიკა. პრეზიდენტის აზრით, ამ ასამბლეას მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი აქვს და ეს რუსეთის პოლიტიკური თამაშია.

    “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!
    აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !
    და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?”-წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

  • გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

    გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა.

    როგორც ცნობილი გახდა ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

    პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.