Category: არქივი

  • “დღეს ტეხავს იყო “ოცნების” მხარეს” – ლაშა ბაქრაძე

    პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ფილოსოფოსი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე შეუერთდა.

    ბაქრაძე ამბობს, რომ საზოგადოებას პროტესტი ჯერ კიდევ მაშინ უნდა გამოეთქვა, როდესაც გაირკვა, რომ გავრილოვი სხვა დეპუტატებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა.

    „გუშინწინ, როდესაც გავიგეთ, რომ გავრილოვის მსგავსი და არა მხოლოდ გავრილოვია აქ მთავარი, ჩამოდიოდა, მაშინვე უნდა გამოსულიყო ხალხი და საზოგადოება და ეთქვა, რომ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში გავრილოვის მსგავსი ნაძირლები ჩამოდიოდნენ და საერთოდ, ეს რუსული თარეში საქართველოში უნდა დამთავრდეს ერთხელ და საბოლოოდ და არანაირი ერთმორწმუნეობა ამას არ ამართლებს.

    პარლამენტთან ასევე, იმყოფება მწერალი პაატა შამუგია, რომელიც აქციაზე მისვლის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ღირსების შემლახველი იყო რუსი დეპუტატების თბილისში ჩამოსვლა.

    შამუგიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ასევე შეურაცხმყოფელია განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიო დევნილთა დღეს აღნიშნავს.

    რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, პაატა შამუგია ამბობს, რომ ხელისუფლების თითოეულმა წევრის როლი იკვეთება დღეს განვითარებულ მოვლენებში.

    “ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ხელს შეაწმენდს ერთი-ორ პაიკს, როგორიცაა პაიკი ქუცნაშვილი და პაიკი კობახიძე, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ხრიკი, ხაფანგიო, რაშიც გააბამს მოსახლეობას, ვინაიდან და რადგანაც ეს არ გადაწყვეტილა ამ პაიკების დონეზე, ეს არის მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და ვფიქროობ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ წევრს ხელისუფლებისას და თუ ადამიანს აქვს თავმოყვარეობა, დღეს ტეხავს იყო “ოცნების” მხარეს,” – განაცხადა შამუგიამ.

    აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობა რუსი დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებს.

    მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

    ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

    რამდენიმე საათის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს.

  • სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს

    სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.

    გავრილოვი სასტუმრო „რედისონიდან“ დაცვის თანხლებით დაახლოებით 3 საათის წინ გამოიყვანეს, რუსი დეპუტატის გამოჩენას იქ შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, მათ გავრილოვს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

    აქციის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ არის შეკრებილი, ხალხის დიდი რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია.

    შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რედისონთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გავრილოვმა დღეს საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და სიტყვით გამოვიდა.

  • “დღეს ხელისუფლებამ გვიღალატა და ამ ღალატს მოქალაქეები არ აპატიებენ” – თამარ კორძაია

    პარლამენტის ეზოში პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები რამდენიმე ავტობუსით მივიდნენ.

    ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქცია იმართება. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის გავრილოვის მიერ დაკავებას აპროტესტებენ.

    ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

    „ამდენი ადამიანი აქ მოიყვანა არა მხოლოდ შეურაცხყოფამ, არამედ იმან, რომ დღეს, თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნო, რომ ხელისუფლებამ გვიღალატა. ხელისუფლებამ გვიღალატა და შებღალა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობა. ეს ხელისუფლება ამ ერთიანობით მოვიდა. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტი, ყველა ლაპარაკობდა იმას, რომ თურმე ომი 2008 წელს დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყოველგვარი ომის გარეშე, რუსებს აბარებს ჩვენს სახელმწიფოს. ეს დღეს, არც ერთმა მოქალაქემ არ აპატია ხელისუფლებას. ღალატს არც ერთი მოქალაქე არ აპატიებს“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

  • “ჩვეულებრივი სამოქალაქო პროტესტი დიდ დაუმორჩილებლობის მოძრაობაში გადაიზრდება”-ნინო დანელია ხელისუფლებას აფრთხილებს

    “გადადგეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა იმას, რომ გავრილოვი დაბრძანდა ქვეყნის მთავარ სავარძელში,“ – ეს განცხადება მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ პარლამენტის შენობის წინ გააკეთა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

    სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის გავრილოვის მიერ დაკავებას აპროტესტებენ.

    ნინო დანელიას თქმით, მომხდარზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, უნდა გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე.

    „ადამიანების მოთმინების ფიალა არის ავსებული. ხელისუფლება ტესტავს, რამდენს ავიტანთ ჩვენ ყველანი. 9 მაისს შემოგვიგზავნეს პუტინის უკვდავთა პოლკი. დავხვდით, გავაძევეთ ქვეყნიდან, შემოგვიგზავნეს გავრილოვი, იმასაც კუდით ქვა ვასროლინეთ. ასე იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩამოვა აქ პუტინს გზავნილით და გადაწყვეტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მომავალზე ორიენტირებული, ევროატლანტიკური ალიანსისთვის მსწრაფი ქვეყანა კი არ არის, არამედ ეს არის რუსეთის გავლენის სფერო, რუსეთის უკანა ეზო, სადაც ადამიანებს აქვთ დამთავრებული ფიქრი საკუთარი ქვეყნის მომავალზე. ეს ამ ქვეყანაში არ გამოვა.

    “ხელისუფლებამ კეთილი ინებოს, აიღონ პასუხისმგებლობა, ეს საბოდიშო არ არის, გადადგეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა იმას, რომ გავრილოვი დაბრძანდა ქვეყნის მთავარ სავარძელში, რასაკვირველია, კობახიძე, უმრავლესობის ის დეპუტაცია, რომლებმაც შეაცილა საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატი. მხოლოდ საზოგადოების რეაქციის ეშინია ამ ხელისუფლებას. მან მიიღო საზოგადოების რეაქცია, ახლა კეთილი ინებონ და ადეკვატურად მოიქცნენ, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი სამოქალაქო პროტესტი დიდ დაუმორჩილებლობის მოძრაობაში გადაიზრდება, ხელისუფლებას დროზე ადრე მოუწევს იმ სავარძლების დატოვება,“ – განაცხადა ნინო დანელიამ.

  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

    ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს. “სირცხვილი!” – პარლამენტის წინ ათასობით მოქალაქე აპროტესტებს რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის ვიზიტს პარლამენტში. 
    19 საათისთვის დანიშნული აქცია დროზე ადრე დაიწყო.აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ. ათასობით შეკრებილ  მოქალაქეს პარლამენტთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან უერთდებიან.  რუსთაელის გამზირი მთლიანად გადაიკეტა.

    მთელი დღეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შიგნით და სასტუმრო რედისონთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები პარლამენტის დარბაზში რუსი დეპუტატების ვიზიტს და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებენ.

  • რა დაუჯდა საქართველოს რუსი დეპუტატების ვიზიტი

    დღეს, პარლამენტში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პირველი საპარლამენტო სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსი დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. სხდომა ოპოზიციის პროტესტის გამო შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    საქართველოს ბიუჯეტს მართლამადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება, რომელსაც რუსი დეპუტატები, მათ შორის სერგეი გავრილოვიც ესწრება, 30 270 ლარი დაუჯდა. მართლმადიდებლური ასამბლეა გუშინ გაიხსნა, სადაც ისევე როგორც დღეს, სიტყვით გამოვიდა სერგეი გავრილოვი. მან თქვა, რომ საქართველო მისი სამშობლოა და კითხვაზე უქმნის თუ არა დისკომფორტს იმ ქვეყანაში ყოფნა, რომლის 20%-იც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასე უპასუხა: “არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი სამშობლოა”.

    ეს არ არის პირველი წელი, როდესაც ასაბლეა ტარდება – პარლამენტს გასულ წელს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება ოდნავ მეტი 30 770 ლარი დაუჯდა, ასამბლეას მაშინაც ესწრებოდნენ რუსი დეპუტატები.

    მართლმადიდებულური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 25 ქვეყნის დელეგაციას მოიცავს. საქართველოში ასამბლეა 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით იმართება და კათოლიკოზ-პატრიარქის ილია II-თან შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიღებას, ფილმის ჩვენებას, გამოფენებში მონაწიელობასა და პარლამენტის სხდომებს მოიცავს.

    შეგახსენებთ რომ ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს. 19 საათისთვის დანიშნული აქცია დროზე ადრე დაიწყო. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ. მთელი დღეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შიგნით და სასტუმრო რედისონთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები პარლამენტის დარბაზში რუსი დეპუტატების ვიზიტს და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებენ.

  • “გავრილოვს ყველაფერი რომ მოვუყევი ცოტა გონს მოვიდნენ”- კვიციანი

    “გავრილოვს ყველაფერი რომ მოვუყევი და ცოტა გონს მოვიდნენ”-ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა  ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „დღეს მართლმადიდებელი ქვეყნების შეკრება იყო, იმიტომაც მიიღო დარტყმა ამ ასამბლეამ. მე მზად ვარ რუს დეპუტატებთან ერთად დავჯდე ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ სალაპარაკოდ და არ ვარ მზად ჩემი ქვეყნის საზიანოდ წავიდე და რაღაც თამაშები ვითამაშო. მე მივმართე გავრილოვს და ვკითხე რატომ მოხვედი. მე მშობლები მყავს დასაფლავებული თბილისშიო, იქ ვაპირებ ახლა წასვლასო. საქართველო ჩემი სამშობლოაო. ხომ ხედავთ სად დაარტყეს?

    გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს მას. მას უშუალოდ არ აქვს აღიარებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. დამიდონ ერთი ფაქტიო. მერე მეც დავმშვიდდი და მეც მშვიდად ველაპარაკე, შენი მეშვეობით შემოვარდა ეს ხალხი აქ და ამას მოსკოვი აკეთებს შენი მეშვეობით-მეთქი. გაშეშდნენ, ვერაფერს მპასუხობდნენ. მოვუყევი რა გააკეთეს კოდორის ხეობაში, როცა სააკაშვილი კონსტიტუციის დარღვევით შემოვარდა კოდორის ხეობაში და როგორ დამარტყეს რუსებმა ზურგში, დაეხმარნენ სააკაშვილს, რომ კოდორის ხეობა ხელში ჩაეგდო და მიეცა მათთვის. ყველაფერი რომ მოვუყევი ცოტა გონს მოვიდნენ და ალბათ გააანალიზებენ”,- განაცხადა კვიციანმა.

  • აშშ – “ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია”

    დღეს დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  განცხადებას ავრცელებს სადაც კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. 

    “დევნილთა მსოფლიო დღე ეძღვნება დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებსაც ძალით დაატოვებინეს სახლი. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოაძევა იმ სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომელსაც დღემდე უწოდებენ სახლს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში.ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება!”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.