Category: არქივი

  • პრეზიდენტი რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება

    საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს- სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “ფეისბუქზე”  განცხადებას ავრცელებს.

    “ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია.

    კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.
    და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!
    დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ,”-წერს პრეზიდენტი.

  • აქციაზე რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

    სამართალდამცველები აქციას შლიან,რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

    აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ჯერ ცრემლსადენი გაზის კაფსულები ესროლეს. შემდეგ კი-რეზინის ტყვიები.

    შედეგად აქციაზე მყოფები დაშავდნენ, უმეტესობა ცრემლსადენი აირის შედეგად დაშავდა, ნაწილმა კი რეზინის ტყვიებისგან დაზიანებები მიიღო. 

  • უმართავი ვითარება რუსთაველზე.სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ

    რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია- აქციის დარბევის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ. დამატებითი ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ცუდად გახდნენ.

    აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლსადენ კაფსულებს ისვრიან.

  • რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი – სპეცრაზზმა აქციის დაშლა დაიწყო

    რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ხალხის დიდმა ნაწილმა დროებით დატოვა ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

    ე.წ. წიწაკიანი ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი შეუძლოდ გახდა.

  • პარლამენტის შენობაში მამუკა ბახტაძე მივიდა

    პარლამენტის შენობაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უკვე იმყოფება შს მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

    პარლამენტთან  ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეების ნაწილი ცდილობს პარლამენტში შეიჭრას.

  • რაც ახლა აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ-გახარია

    როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. გახარიამ განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა რა აქვს, ვინ გადადგება და ვინ დარჩება, რაზეც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გადადგება თუ არა ის. აღნიშნულ კითხვაზე შს მინისტრმა უპასუხა, რომ უპრობლემოდ.

    „მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პატივი ვცეთ პოლიციელს, რომლისთვისაც ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც. მივცეთ პოლიციას საშუალება, ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ამის შემდეგ ყველა შევძლებთ წყანარად და მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ,“ – განაცხადა გახარიამ.

    ჟურნალისტების კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში შემოუშვა, გახარიამ უპასუხა, რომ არ ახსოვს ეს დეპუტატი.

    „არ მახსოვს ეს დეპუტატი, რომელზეც საუბრობთ. ამ ჯგუფიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოაგდო ორი გვარი, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული. სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ სიაშია რ ყოფილან. ის, რაც ახლა აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, ვინ გადადგება, ვინ დარჩება, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ და სპეცტექნიკა შეაქვთ

    პარლამენტის შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ და სპეცტექნიკა შეაქვთ.

    “რუსთავი2”-მა გადაიღო ორი ავტობუსი,რომელიც სპეციალური ფარებითა და ხელკეტებითაა სავსე.

    რამდენიმე საათია პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს პარლამენტის შენობის შიდა ეზოში. ახლა კი დამატებითი ძალები მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამოჩნდა.

    ცოტა ხნის წინ პარლამენტის შიდა ეზოდან, სადაც “რუსთავი2”-ის გადამღები ჯგუფი სწორედ ამ ტექნიკას იღებდა ძალის გამოყენებით გამოაძევეს. მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მიახლოების საშუალებას “კურიერის” ჟურნალისტს არ აძლევენ.

  • ნიკა მელიას პოლიციელებმა პარლამენტის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

    ნიკა მელია პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ გააგდო.

    მელიამ  შენობიდან გაძევებული “რუსთავი2”-ის ოპერატორის უკან დაბრუნება სცადა, რის გამოც მას ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.

    ნიკა მელიამ პოლიციელებს რკინის კარის გაღება და ოპერატორის შენობაში დაბრუნება მოსთხოვა, მელია ღია კართან მივიდა, რა დროსაც ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ვაჟა სირაძემ ეზოდან გააგდო. დაპირისპირება კარებთან რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით პოლიციამ შენობა “კურიერის” ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილსაც დაატოვებინა.

    თამარ ბაღაშვილი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში პოლიციელთა მობილიზების კადრებს იღებდა. პოლიციელების ავტომობილები და ავტობუსები სპეცტექნიკითა და ხელკეტებით არის დატვირთული.

  • “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტსა და ოპერატორს პარლამენტის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

    პარლამენტის ეზოს სამართალდამცველები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს ატოვებინებენ. ვაჟა სირაძემ მედიის წარმომადგენელს მოუწოდა, რომ გადასულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის არის განკუთვნილი.

    სამართალდამცველმა ჟურნალისტს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა. სირაძემ მიმართა ჟურნალისტს, რომ ის ჟურნალისტის ეთიკის კოდექსს არღვევს. ოპერატორი პარლამენტიდან გაიყვანეს. ჟურნალისტს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

    „თქვენ გაიტაცეთ ჩემი ოპერატორი, სად არის ჩემი ოპერატორი, სანამ ჩემი ოპერატორი აქ არ შემოვა, არ წავალ, ხელით ნუ მეხებით,“ – მიმართა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა ვაჟა სირაძეს.