Category: არქივი

  • ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იტალიიდან ჩამოსული სამი პირი მოათავსეს

    ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პირი მოათავსეს, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და ტემპერატურა აღენიშნებათ.

    აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ერთი მოქალაქე სარფის საბაჟოზე გამოვლინდა, ხოლო ორმა თვითონ მიმართა კლინიკას.

    ,,იტალიიდან საქართველოს სამი მოქალაქე ჩამოვიდა, რომელსაც რესპირატორული ჩივილები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. 37 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდათ, ისინი რისკ-ჯგუფ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება. ერთი სარფის საბაჟოდან იქნა იდენტიფიცირებული, ორი კი თვითიზოლაციაში იყვნენ და თვითდინებით მიმართეს კლინიკას. კარანტინში 30 პირი იმყოფება, მათი ჯანმრთელობა არის დამაკმაყოფილებელი”,- თქვა ნინო ნიჟარაძემ. 

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 140 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 42.

  • ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე- გახარია

    პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე.

    მისი თქმით, კარგი კანონმდებლობის და საერთო ძალისხმევის მიუხედავად, ძალადობის კუთხით სურათი დამძიმდა.

    ,,ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!

    მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში 8 ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა.
    თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ”,- წერს გახარია.

    პრემიერი კაცებს, მინისტრებს, ცნობილ ადამიანებს და სხვებს მოუწოდებს, ძალადობის ფაქტები საჯაროდ დაგმონ.

    ,,პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს – ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, მოგიწოდებთ ყველა ჩემი კაბინეტის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს – დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ. ზოგადად, მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.

    ორ დღეში 8 მარტია. ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით”,- წერს თავის არავერიფიცირებულ ,,ფესბუქგვერდზე” გახარია.

    მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს, რომ არავერიფიცირებული გვერდი ,,გახარია” მისი ოფიციალური გვერდია. ამ გვერდზე არაერთხელ განთავსდა და ,,დასპონსორდა” პრემიერის შესახებ ინფორმაცია. 

  • აჭარის მაუწყებლის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

    აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.

    ბრძანებაში, რომელიც დირექტორმა ცოტა ხნის წინ გამოსცა, წერია, რომ ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის უფროს გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა და მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა.

    დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

    ,,სამუშაო დროის პერიოდში, როდესაც ოთახში იმყოფებოდა გიორგი აბაზაძე და იწყებდა დღის გეგმის დაწერას, თ. ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. ის ახდენდა ზეწოლად ფსიქოლოგიურად და აიძულებდა გ.აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია”, – წერია ბრძანებაში. 

    დირექტორის გადაწყვეტილებით, თეონა ბაკურიძეს 9 მარტიდან ,,დროებით ეკრძალება შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“.

    ,,დირექტორმა ბრძანებით გამათავისუფლა სამსახურიდან. “დროებით” – მანამ ვიდრე მოკვლევას დავასრულებო. როგორც იურისტები მეუბნებიან არ ჰქონდა ამის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ კანონები გიორგი კოხრეიძეს არ აინტერესებს..”,- წერს თეონა ბაკურიძე სოციალურ ქსელში. 

    დღეს დილით ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ცუდად გახდა და ტელევიზიაში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. გიორგი აბაზაძე ბათუმის მედცენტრში გადაიყვანეს.

  • ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები აღმოაჩინეს

    საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 16 902 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (საერთო წონა 135.76 გრამი) გამოავლინეს.

    საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

  • ღამის მერიისთვის გამოყოფილი 215 ათასი ლარიდან ღამის მერმა 121 ათასი აიღო

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტიდან ღამის მერიის შენახვაში 215 ათასი ლარი გამოიყო, აქედან სერგი გვარჯალაძემ ხელფასის სახით 121 ათასი ლარი აიღო: 2018 წელს – 51 460 ლარი, 2019 წელს – 69,680 .

    გვარჯალაძის ყოველთვიური ხელფასი 5200 ლარი იყო.

    ,,ღამის მერიაში” დასაქმებულ თანამშრომლებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება, სერგი გვარჯალაძის ხელფასის გამოკლებით 94,000 ლარი შეადგინა.

    2018 წელს ღამის მერიაში სამი ადამიანი მუშაობდა, 2019 წელს კი კიდევ ერთი დაემატა.

  • NASA-მ მარსის 1.8 მილიარდ პიქსელიანი პანორამა გამოაქვეყნა

    NASA-მ პროექტ Curiosity-ს როვერმა მარსის ყველაზე დეტალური, 1.8 მილიარდ პიქსელიანი პანორამა გადაიღო. მას გამოცემა Space ავრცელებს.

    პანორამა 1000-ზე მეტი ფოტოსგან შედგება, რომელიც გადაღების შემდეგ დედამიწაზე ააწყვეს.

    NASA-მ 360 გრადუსიანი პანორამის გადაღება პირველად შეძლო. ფოტოების გადასაღებად როვერს 6.5 საათი დასჭირდა.

    მარსმავალ Curiosity-ის მიერ გადაღებულ პანორამაზე შარპის მთის ფერდობი ჩანს. კადრში ასევე ჩანს 5 კილომეტრამდე სიგანის კრატერი, რომელსაც “Slangpos crater”-ს ეძახიან. 

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 17:22 საათზე, ლაგოდეხის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანთან დაფიქსირდა.

    მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა

  • მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

    კორონავირუსით ინცირებული მსოფლიოს მასშტაბით 100 333 ადამიანია. ამ დროისთვის 3408 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 56 ათასი გამოჯანმრთელდა.

    საქართველოში გუშინ ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში 9 ადამიანია დაავადებული. კარანტინის რეჟიმში 142 ადამიანი იმყოფება, 45 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

    იტალიასთან, სადაც 148 ადამიანია გარდაცვლილი, დღეს მთავრობამ პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ფრენები შეჩერებულია ირანთან და ჩინეთთანაც.

  • როგორ იქცევა პაატა იმნაძე ხველის დროს (ვიდეო)

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ხველის დროს ორიგინალურ მეთოდს მიმართავს. პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში მოულოდნელად დაახველა და ამ დროს მან პირზე იდაყვი მიიფარა.

    „ეს არის პროფესიული ჩვევა. ხელი რომ მივიფარო, რა ვირუსებსაც გამოვაფრქვევ, ხელზე გადავა, შეიძლება, რამეს შევახო, ვინმეს ჩამოვართვა და გადავცემ სხვას ან ნივთზე დავტოვებ. ამიტომ ყველაზე კარგი, როცა ერთჯერადი ხელსახოცი არ გვაქვს, და ყველაზე უსაფრთხო დახველების წესი გახლავთ ეს“.

    {{VIDEO}}
  • შსს მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას სამაჯურით განახორციელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას განახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

    ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლს და მოძალადე პირს სპეციალურ ელექტრო სამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას უწყებას სიგნალს გადასცემს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს მყისიერი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ.

    „იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკვებელი ორდერის გაცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მოძალადეებზე ელექტრონულ ზედამხედველობას. იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის, შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. ელექტორნული მონიტორინგი ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას გულისხმობს. იქნება ორი მოწყობილობა ერთი, რომელიც მსხვერპლს დაუმაგრდება, ხოლო მეორე – მოძალადეს. დამაგრების შემდეგ შესაბამისი მოწყობილობა მსხვერპლთან გარკვეულ პერიმეტრში როგორც უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს გადასცემს სიგნალს შსს-ში. შემოსული შეტყობინება საშუალებას მოგვცემს, რომ მყისიერად მოხდეს რეაგირება. მოწყობილობის დამაგრების ვადა შემაკავებელი ორდერის ვადას უკავშირდება და განისაზღვრება ერთი თვით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სამომავლოდ შეამცირებს ქალთა მიმართ ძალადობას და ასევე ოჯახურ ძალადობას”, -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.