Category: არქივი

  • როდემდე გაგრძელდება ფრენების აკრძალვა და რა შემოვლითი გზები არსებობს. BBC 5 მთავარ კითხვაზე წერს

    რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აკრძალვის შესახებ ბიბისის რუსული რედაქცია წერს. სტატიას, რომელიც ამ თემაზე 5 მთავარ კითხვას ეხება, პოპულარულ სტატიათა ათეულში ერთ–ერთი  წამყვანი პოზიცია უკავია.
    ბიბისი წერს, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტა ტურისტული სეზონის პიკს დაემთხვა.
    საქართველო რუს ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით ეს ქვეყანა რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით ლიდერია – მხოლოდ 2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს მიმართულებით ნახევარ მილიონზე მეტი რუსი გაემგზავრა. გასულ წელს კი საქართველოს რუსეთის 1 700 000 მოქალაქე ესტუმრა.
    ბიბისი იმ კითხვებზე წერს, რაც რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ ჩნდება:
    როგორ მივაღწიოთ ამიერიდან საქართველომდე:
    ყველაზე მარტივი ვარიანტია თვითმფრინავით, გადაჯდომით მესამე ქვეყანაში.
    მოსკოვიდან თბილისში ჩაფრენა შესაძლებელია სტამბულის, ბაქოს და მინსკის გავლით. მაგალითად, თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, პეგასუსმა რუსებს უკვე შესთავაზა თბილისში 13–20 ივლისის პერიოდებში სტამბულის გავლით ჩაფრენა დაახლოებით 240 დოლარად. ეს თანხა დაახლოებით იმდენივეა, რაც მოსკოვიდან თბილისამდე და უკან პირდაპირი რეისები ღირს.
    ბიბისი ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways–ის განცხადებაზეც წერს, რომელიც მგზავრებს თბილისი–ერევანი–მოსკოვის ტრანზიტულ რეისს სთავაზობს მაქსიმუმ ერთ საათიანი ტრანსფერით.

    თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნებათ ამ ვარიანტზე რუსეთის ოფიციალურ პირებს.

    თბილისში ჩასვლა შესაძლებელია ავტობუსით, მაგალითად ვლადიკავკაზიდან და ერევანიდან, რაც დიდ დროს და დიდ ფინანსებს არ მოითხოვს.
    რა ბედი ელის უკვე შეძენილ ბილეთებს
    ექვსი რუსული ავიაკომპანია, რომლებიც რუსეთ–საქართველოს შორის რეისებს ასრულებენ, მგზავრებს უკვე ნაყიდი ბილეთების სანაცვლოდ ფულს უბრუნებს, ან მათ გადაცვლას უფრო ადრეულ – 8 ივლისამდე რეისებზე სთავაზობს.
    ალტერნატიულ ვარიანტად კომპანია აეროფლოტი მგზავრებს სთავაზობს ბილეთების გადაცვლას ერევნის, ვლადიკავკაზის ან ბაქოს ბილეთებზე.
    რა ბედი ელის გაყიდულ ტურებს
    ტუროპერატორებს და ტურისტულ აგენტებს ხელისუფლებამ რეკომენდაცია მისცა თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან და ტურისტების უფლებების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდებზე განათავსონ. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ტურისტებს შეუძლიათ ნაწილობრივ ან სრულად დაიბრუნონ გადახდილი თანხები, თუმცა თანხის დაბრუნებას ორ კვირაზე მეტი დრო დაჭირდება.
    როგორ უნდა გააუქმონ ტურისტებმა შეძენილი ტურები, ამის შესახებ ასოციაციამ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა ამავე დროს ტურისტებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ ტურები რამდენიმე თვის შემდგომი პერიოდისთვის, ასოციაცია რეკომენდაციას აძლევს არ მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილება, რადგან სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
    რა ზარალს მიიღებს ტურიზმის სფერო
    ბიბისი წერს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება ფრენების აკრძალვა.
    ტურისტები საქართველოს მიმართულებით ძირითადად ავიატრანსპორტს იყენებენ, რადგან სახმელეთო გზა რუსეთ საქართველოს შორის ხშირად პრობლემურია. არის რიგები, საცობები და შესაძლოა ზემო ლარსთან მგზავრებს საათობით მოუწიოთ დგომა.
    კომპანია აეროფლოტი ზარალის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ურალის ავიახაზების გენერალური დირექტორი, არ მალავს, რომ ფრენების გაუქმების შედეგად ზარალი საკმაოდ დიდი იქნება.
    რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ფრენების აკრძალვა
    რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით აკრძალვის შეწყვეტა საქართველოში ვითარების ნორმალიზებაზე იქნება დამოკიდებული.
    “საქართველოში ვითარება უნდა დარეგულირდეს და უნდა გაქრეს ნებისმიერი საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის“ – თქვა მან.
    ყველაზე ხანგრძლივი ფრენების ურთიერთაკრძალვა რუსეთსა და უკრაინას შორის 2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. ინიციატორი უკრაინული მხარე იყო, რომელმაც რუსეთისგან მოითხოვა უარი ეთქვა ანექსირებულ ყირიმში ფრენებისა და დონბასში თვითგამოცხადებული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.
    იმავე წელს რუსეთმა აკრძალვა შემოიღო ეგვიპტეში ფრენებზე რუსული ავიაკომპანიის ბორტზე მომხდარი ტერაქტის გამო. რეგულარული ფრენები ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ 2019 წლის აპრილში აღდგა.
    2015 წლის ნოემბერში რუსეთმა ფრენები აკრძალა თურქეთთან, მას შემდეგ, რაც რუსი ბომბდამშენი თურქეთ–სირიის საზღვარზე თურქულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.
    ჩარტერული რეისები 2016 წელს, მოსკოვის და ანკარას შერიგების შემდეგ აღდგა.
  • თბილსერვის ჯგუფი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წაღებულ კონსტრუქციებს უკან დააბრუნებს

    „თბილსერვის ჯგუფის“  პარლამენტის წინ აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას პასუხობს და აცხადებს, რომ მათმა სამსახურმა  დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე.

    “გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება.

    რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე“, – ნათქვამია თბილსერვის ჯგუფის განცხადებაში.

  • თბილისის მერიამ ღამე პარლამენტის წინ დატოვებული სცენა და ატრიბუტიკა მოიპარა

    სცენა, რომელიც განთავსებული იყო რუსთაველის გამზირზე და აქციის გასამართად აუცილებელი ატრიბუტიკა, მერიამ წაიღო. წაღებულია „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი.
    ორგანიზატორების მოთხოვნაა, რომ თბილისის მერიამ ადგილზე დააბრუნოს სცენა და აპარატურა.
    მათი თქმით, მერიამ თავიდან უთხრა, რომ  დასუფთავების სამსახურს შეეშალა და ყველაფერს დააბრუნებდნენ. შემდეგ კი თქვა, რომ ყველაფერი დასაწყობებულია და ორგანიზატოებმა თვითონ უნდა დააბრუნონ უკან.
    აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ მერიამ ყველაფერი სასწრაფოდ უკან დააბრუნოს.
    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციიდან ტრანსლაციის განხორციელებისთვის საჭირო პოდიუმები მერიამ გადაყარა. “ასე მოხდა გუშინწინაც. დავამზადეთ ახალი, თუმცა დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ მერიამ ისევ გადაგვიგდო.“–აცხადებს ნოდარ მელაძე.
  • “ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა მოგმართოთ თხოვნით, ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ შეცდომა“–ილია მეორე

    მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
    “ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთული დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის. განსაკუთრებით იფარავს საქართველოს” – თქვა პატრიარქმა.
  • Georgia -განდაგანას ფონზე. რუსი ჟურნალისტის მხარდაჭერა საქართველოს და რეაქციები ინტერნეტში(ვიდეო)

    რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა, ალექსანდრ ნევზოროვმა ვიდეო გადაიღო, რომელშიც განდაგანას ფონზე შავ მაისურზე წერს სიტყვას Georgia, შემდეგ კი ამ მაისურს იცვამს.
    ვიდეო იუთუბზე, მის არხზე გავრცელდა და უამრავი კომენტარი მოყვა. გარდა თავად ნევზოროვის მიმართ გამოთქმული ქებისა და კომპლიმენტებისა, კომენტარებში თბილ სიტყვებს არ იშურებენ საქართველოს მიმართაც.
    “როგორც ყოველთვის, მოდური და დახვეწილი ნევზოროვი, აქტიური სამოქალაქო პოზიციიათ“.
    “ბრწყინვალეა. სიტყვები არ არის საჭირო. დიდი პატივისცემა საქართველოს“
    “მამაც ქართველ ხალხს პატივისცემა და აპლოდისმენტები!!“
    “ქართველი ხალხი – ეს არის ნაცია, ესენი არიან მოქალაქეები! პატივისცემა ქართველ ხალხს.“
    “სოლიდარობა ალექსანდრ გლებოვიჩს! თავისუფლება საქართველოს!!!“
    “ალექსანდრ გლებოვიჩ, საუკეთესო ხართ, საქართველო შენთან ვართ!!! რუსეთი პუტინი არ არის!“

    ვიდეოს ასეულობით ასეთი კომენტარი ერთვის.

  • “უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში“– სააკაშვილი

    უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში – საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ სახელწოდების კამპანიას იწყებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, რათა მათ საქართველოში დაისვენონ. სააკაშვილის თქმით, პუტინმა საქართველოს ემბარგო მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს.
    „რუსები საბოლოოდ გათავხედდნენ და ჩაიყვანეს თბილისში ოკუპანტი, რომელიც დაჯდა პარლამენტში და რუსული დროშა ააფრიალა, რის გამოც დაიწყო ახალგაზრდების გამოსვლები. პუტინმა დაინახა, რომ პრორუსმა ოლიგარქმა მისი დავალება ვერ შეასრულა და ვერ შეაყვარა ქართველებს რუსული ოკუპაცია. ამიტომ გადაწყვიტა ქართველების დასჯა, გააუქმა ფრენები და საქართველოდან რუსი ტურისტები გაიწვია. მინდა, მივმართო უკრაინელებს. უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში. მინდა, შევხვდე უკრაინული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს და ვთხოვო, რომ დაწიონ ფასები ბილეთებზე. მოველაპარაკები ტუროპერატორებს და ქართულ სააგენტოებს, რომ უზრუნველყონ ადამიანური პირობები და საგზურების ხელმისაწვდომობა. უკრაინელებს ვთხოვ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველებს და რუსების ნაცვლად, საქართველოში მათ დაისვენონ და პუტინის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
  • ულტიმატუმის ვადა 2 საათზე იწურება. გახარიას გადადგომა და პროპორციული არჩევნები–პარლამენტთან აქცია გაგრძელდება

    გადადგეს გიორგი გახარია! – ულტიმატუმის ვადა 2 საათზე იწურება. აქციის მონაწილეები წუხელ პარლამენტის შენობიდან მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გაემართნენ, სადაც მოთხოვნები გააჟღერეს. მოქალაქეებმა ხელისუფლებას მათი ულტიმატუმის შესრულებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტის შენობასთან შეკრებას აპირებენ.
    აქციის მონაწილეები ითხოვენ არჩევნები  ჩატარდეს პროპორციული სისტემით, მეორე – დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს საქართველოს შს მინისტრი, გიორგი გახარია, მესამე – სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მეოთხე – ადეკვატურად უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას.
  • “ მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს “–ბერა ივანიშვილი პროტესტის მონაწილეებს

    ბერა ივანიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

    “მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.

    მუდამ თქვენი ბერა.“– წერს ბერა ივანიშვილი
  • “განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დესტრუქციულ პოლიტიკოსებს“–კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

    თბილისის მერმა ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს:
    „დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ვიდეოები და საზოგადოებამ ნახა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელებიც აქციაზე მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი. ეს იყო ძალიან მძიმე. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ასე არ დარჩება დაუსჯელი – დაუშველებელია. შედეგი რაც მივიღეთ იყო ძალიან მძიმე, დაშავდნენ ადამიანები, მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რაც კი შესაძლებელია და მეც მზად ვარ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მათ გამოჯანმრთელების პროცესში.
    რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც იყვნენ ახალგაზრდები პოლიტიკოსების გარეშე და არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ მიუშვეს. ეს ადამიანები რეალურად გამოხატავდნენ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოხატავდნენ თავის გულწრფელ ემოციებს. მე გუშინ როდესაც ვუსმენდი ახალგაზრდებს, გულანთებულ, ქვეყნის სიყვარულით გაჯერებულებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ყველას გვაწუხებს.“– ამბობს კალაძე.

  • სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ აქციის დასაშლელად მომაკვდინებელი ტყვიები გამოიყენა

    ტყვიები, რომლებიც სპეცრაზმმა 20 ივლისის ღამეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა, ახლო მანძილიდან ადამიანისთვის სროლისას ლეტალურ შედეგს იწვევს და მათი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად დაუშვებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ტყვია გამოიყენეს. ვახტანგ ბერიკაშვილი ერთ-ერთია ათობით დაშავებულებს შორის, რომელმაც ძლიერი დაზიანების და  ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მას ესროლეს ტყვია, რომელიც კლავს.
    ტყვიების შემადგენლობაში, რომ რეზინზე მეტად მეტალი ჭარბობს, ეს ერთ-ერთი დაზარალებულის ტომოგრაფიამაც აჩვენა. ცნობილი რადიოლოგი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი სოფო ჭედია, სოციალურ ქსელში, ამის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მალავს, რა ტყვიები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომელი ქვეყნის წარმოებაა და არის თუ არა დამიზნებით მისი ახლო მანძილიდან სროლა ნებადართული.
    ქართველმა სამხედრომ, ირაკლი ქურასბედიანმა დამოუკიდებლად გამოიძია რა ტყვიები გამოიყენა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების დროს ხელისუფლება ხალხის წინააღდეგ. აცხადებს, რომ ტყვია, რომელიც ამერიკული მწარმოებლის ანალოგია, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთიდან ან რუსეთიდან აქვს შესყიდული. ეს ვაზნები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პირველად გამოიყენა. ქურასბედიანი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ ტყვიები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაიდუმლოებული შესყიდვით 1 წლის შეიძინა.
    12 მილიმეტრიანი რეზინის ტყვიების გამოყენებას სპეციალური ინსტრუქცია აქვს – მწარმოებელი მიუთითებს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, ამიტომ მისი ახლო მანძილიდან სროლა აკრძალულია. ლეტალური შედეგი დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიასა და გასროლის სხვა პარამეტრებზე.
    „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი რეზო ჭარბაძე ამბობს, რომ 20 ივლისს გამოყენებული ტყვიები თავის დროზე ცხოველების გასანეიტრალებლად შეიქმნა, რომ ტყეში მოულოდნელად გამოჩენილი დათვი შეაჩეროს და ის რეინჯერს თავად არ დაესხას.
    ტყვიებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია და ასობით მოქალაქეს მძიმე დაზიანება მიაყენა, რამდენიმე ანალოგი აქვს. მახასიათებლები განსხვავდება ფერებით: რაკეტის ფორმის ყვითელი ტყვია ყველაზე მსუბუქია, შავი – შედარებით მძიმე, ხოლო წითელი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა 20 ივნისის რამეს აქციის დასაშლელად გამოიყენა ყველაზე მძიმეა.
    სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ტყვიების გამო იმ პირთა პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც შეისყიდა და შემდეგ გასცა ბრძანება, რომ მძიმე და დამაზიანებელი ტყვიები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ესროლათ.
    დემონსტრანტების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ყველა საშუალება, რაც კი არსენალში ჰქონდა.