Category: არქივი

  • ჩვენთვის გასაგებია ის უკმაყოფილება, რომელიც პარლამენტში გავრილოვის ყოფნას მოჰყვა – პოლონეთის საგარეო უწყება

    ოფიციალური ვარშავა უპრეცედენტო სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იზიარებს ქართველი ხალხის უკმაყოფილებას, რომელიც რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტმა გამოიწვია.

    “2008 წლის ომის გათვალისწინებით, რომლის შესახებაც ქართველი ხალხის მეხსიერებაში მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია და იმ აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან და ამასთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ატარებს, ჩვენთვის გასაგებია იმ უნდობლობისა და უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიც საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვისა და რუსი დელეგატების ყოფნას მოჰყვა,” – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

    ვარშავაში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია.

    “გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება,” – ნათქვამია განცხადებაში.

  • აქცია რუსთაველის თეატრთან – ახალგაზრდები 20 ივნისს დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ

    აქცია რუსთაველის თეატრის წინ – შეკრებილი ახალგაზრდები 20 ივნისს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ.სტუდენტები უნივერსიტეტთან ანტისაოკუპაციო ტრანსპარანტებით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ „რუსეთი ოკუპანტია“.

  • Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები კინოჩვენებიდან ამოიღო

    კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ  რუსულენოვანი სეანსები კინოჩვენებიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.  Cavea-ში  აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთანაა კავშირში და სოლიდარობის გამოხატულებაა. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს გადაწყვეტილება რამდენხანს გაგრძელდება და მოკლევადიანია თუ არა.  Cavea საქართველოში კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია.

  • “ამ მოსიარულე ლეშმა ათჯერ გადაყიდა ეს ქვეყანა”- ცოტნე გამსახურდია სტურუაზე

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში  რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველო უკვე აღარ არსებობს.

    “არ მომიყოლია აქამდე. წელს, მამაჩემის 80 წლის იუბილეს გაკეთებისას, ერთ-ერთ ლოკაციად რუსთაველის თეატრი იყო. იქაურ რეჟისორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთანაც ჰქონდათ მეგობრებს ლაპარაკი, მაგრამ რომ გავიგე, კატეგორიული წინააღმდეგი წავედი. სანამ სტურუას მძორს იქედან არ გამოასვენებენ, მერე ერთი, ათი წლის შემდეგ მისი მძორის სუნი არ განიავდება იქედან, მანდ ჩემი ფეხი არ იქნება-მეთქი! მით უმეტეს არ იქნება რაიმე ისეთი, რაც ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. ამ მოსიარულე ლეშმა ათჯერ გადაყიდა ეს ქვეყანა, რათა რუსთაველის თეატრი საკუთარ საფაშოდ ექცია და ერთი წესიერი სპექტაკლი ვეღარ დაუდგამთ წლებია. ასე იცის უკონკურენტობამ და გოიმურმა თავში ავარდნამ. სჯობს ისევ ბანკების კორპორატივები ატაროს იქ, მაინც ვაჭრუკანაა სულით!“,- წერს გამსახურდია.

  • ქართველმა ფეხბურთელებმა ანტიოკუპაციური მაისურებით რუსები გააღიზიანეს

    რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდა რომ მიიღოს ზომები ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ.  ქართველი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატის მარჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ.  ამის შესახებ დუმის დეპუტატმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა. ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელების მაისურებზე ამგვარი წარწერა იყო – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“.

    „ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს“, – იგორ ლებედევი

    რუსებმა შეიძლება საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს”-აც უჩივლონ. ინფორმაციას ამის შესახებ შესახებ “ტორპედოს” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კლუბის წევრები წერენ.

    “რუსები ქუთაისის ტორპედოს უჩივიან!გუშინ ეროვნული ლიგის მატჩში ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოვიდნენ, სადაც რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ეწერა. ამის შესახებ შეიტყო რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ყველა გამოცემა ამის შესახებ წერს. რუსები ტორპედოს უეფაში უპირებენ ჩივილს და ჩვენს მოხსნას მოითხოვენ ევროთასებიდან, განსაკუთრებით ისინი აღშფოთებულები ნოდარ ქავთარაძის საქციელით არიან, რადგან ნოდარი რუსეთშია დაბადებული და იქაური მოქალაქეა.
    გაჭირვებულს აღმართში ქვა მიეწიაო, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. დღეებს ითვლის ისედაც ქუთაისის ტორპედოს ეს შემადგენლობა და ახლა კიდე რუსების ჩივილიღა გვაკლდა.”

  • “ლიბერალი” ყოველთვის იყო დამოუკიდებელი- შორენა შავერდაშვილის პასუხი წასულ ჟურნალისტებს

    „ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ. “ლიბერალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს გაუგზავნა განცხადება, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ რედაქციას ტოვებენ.

    როგორც განმარტავენ, “ლიბერალში“ მათ 7 ივლისამდე უნდა ემუშავათ, თუმცა მფლობელის მოთხოვნით ხვალიდან ისინი რედაქციას ტოვებენ. ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებენ. როდესაც მედია დაუკავშირდა ლიბერალის დამფუძნებელს შორენა შავერდაშვილს  თუმცა მან ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, ცოტა ხნის შემდეგ კი მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: 

    “ძვირფასო ჟურნალისტებო და “ლიბერალის” გულშემატკივრებო,
    ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მაგრამ აქაც დავწერ, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტულ საჯარო განცხადებას არ ვაქვეყნებ.
    ზოგადად კი შეგახსენებთ, რომ “ლიბერალი” და ჩემს მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები, რაც კი ბოლო 15 წლის მანძილზე გვიკეთებია, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან. ამაში იყო ჩვენი უნიკალურობაც და სირთულეც.
    სწორედ ასე პოზიციონირდა “ლიბერალი” 10 წლის წინ მედია ბაზარზე და სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება გვინდა.
    ამ პრინციპეპზე დაყრდნობით ვაგრძელებ “ლიბერალის” გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას და ვეცდებით, “ლიბერალს” ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი და ბლოგერი, ჰქონდეს უფრო მეტი ანალიტიკური სტატია და რეპორტაჟი და მოვლენების უფრო სიღრმისეული ხედვა.
    მიხარია, რომ “ლიბერალის” (იქამდე კი “ცხელი შოკოლადის”) წიაღში გამოიზარდა ჟურნალისტების და საინტერესო ავტორების უკვე არაერთი თაობა, ვინც მკითხველის ნდობა მოიპოვა და დღემდე აგრძელებს “საჯარო სიკეთის” სამსახურს, სხვადასხვა ფრონტზე.
    რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადჰყო, მოდის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა და სწორედ მათ მინდა დავუთმოთ ლიბერალის უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც! მომავალი მათია! ” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შორენა შავერდაშვილი

  • ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა

    ბათუმში, კობალაძის 15 ნომერში მდებარე 22 სართულიან ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლში სატვირთო ლიფტი მესამე სართულიდან ჩაწყდა.
    ლიფტში 9 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაჟეჟილობა მიიღო, ერთი კი დაშავდა.
    22 სართულიანი კორპუსი ახალაშენებულია და ჯერ საბოლოოდ არ დასრულებულა, თუმცა იქ უკვე 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. მაცხოვრებლები სატვირთო ლიფტით სარგებლობენ, რომელსაც კარი არ აქვს. როგორც ლიფტში მყოფი ერთ–ერთი მოქალაქე ამბობს, მათ არწმუნებდნენ, რომ ლიფტი უსაფრთხო იყო და მათ ლიფტი თვითნებურად არ აუმუშავებიათ. სახლის მაცხოვრებლები მომხდარზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიას აკისრებენ.
  • “ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ”- ჟურნალისტები „ლიბერალს“ ტოვებენ

    „ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ. “ლიბერალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს გაუგზავნა განცხადება, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ რედაქციას ტოვებენ.

    როგორც განმარტავენ, “ლიბერალში“ მათ 7 ივლისამდე უნდა ემუშავათ, თუმცა მფლობელის მოთხოვნით ხვალიდან ისინი რედაქციას ტოვებენ. ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შორენა შავერდაშვილს მიმართეს, რომ “ლიბერალი” მათთვის გადაეცა ან მიეყიდა, რაზეც უარი მიიღეს. ჟურნალისტების განცხადებით, შავერდაშვილმა მათ საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება დაუანონსა.

    “ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით „ლიბერალში“ და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას. არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.

    ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად). ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.

    რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის.

    დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით,” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • “სცენის კონსტრუქციები გატანილი იყო იმიტომ, რომ მოხდა ტერიტორიის დასუფთავება” – კახა კალაძე

    „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“ – ასე ეხმაურება კახა კალაძე რუსთაველის გამზირიდან საპროტესტო აქციის მონაწილეების კუთვნილი ატრიბუტიკის გატანას. თბილისი მერი ამბობს, რომ სცენა და ჯებირები ადგილის დასუფთავების მიზნით გაიტანეს, ხოლო რაც შეეხება დინამიკებს და გახმოვანების აპარატურის წაღებას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

    „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ ადამიანებს აბრალებენ, თითქოს, დინამიკები და მთლიანად გამახმოვანებელი სისტემა წაიღეს. ეს ფაქტი რა ყოფილა. არ ფიქსირდება. რაც შეეხება თვითონ ე.წ. სცენის კონსტრუქციებს, ეს გატანილი იყო იმიტომ, რომ მოხდა მთლიანად ტერიტორიის დასუფთავება. სხვათა შორის ხოშტარიასგან გამიკვირდა ამ განცხადებების გავრცელება, რომ საუბრობდნენ, თითქოს, მერიამ წაიღო აპარატურა და გამახმოვანებელი სისტემა. ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას ნამდვილად არ მივცემთ არავის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

    რაც შეეხება აქციაზე მისულ პროვოკატორებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ისინი უბრალოდ სტუდენტები არიან.

    “ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერ ახალგაზრდას ჰქონდა უფლება, მისულიყო გუშინდელ აქციაზე იმიტომ, რომ ეს იყო სტუდენტების მიერ დაანონსებული აქცია. და არა პოლიტიკოსების მიერ,“ – განაცხდა კახა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ განთავსებული სცენა და მოაჯირები ადგილზე მისულ აქციის ორგანიზატორებს წაღებული დახვდათ. მას შემდეგ, რაც ფაქტს ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, მერიამ სცენა უკან დააბრუნა.

  • NASA-მ მარსზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინა

    NASA-მ მარსზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინა. ამ დასკვნას სპეციალისტები მარსმავალიდან მიღებული მასალებზე დაყრდნობით აკეთებენ. ზონდმა წითელი პლანეტის ე.წ. ჰაერში მეთანის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა, რაც შესაძლოა, პლანეტაზე მიკროორგანიზმების არსებობის ნიშანი იყოს.

    დედამიწაზე მეთანს ცოცხალი ორგანიზმები გამოჰყოფენ. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ მეთანის მოლეკულები შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმების გარეშე, გეოთერმული რეაქციების შედეგადაც გაჩნდეს. ამიტომ ახალი აღმოჩენა დამატებით კვლევებს საჭიროებს.