Category: არქივი

  • ვაშინგტონის რეაქცია „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე

    ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ბევრი მიმომხილველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელი შეაშფოთა. ისინი მთავრობას მოუწოდებენ თავშეკავებისკენ და დემონსტრანტებს აქციების მშვიდობიან წარმართვას ურჩევენ.

    საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორი, სტივენ ნიქსი ამბობს, რომ იმ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების მსგავსი სცენარი მიუღებელი უნდა იყოს.

    „ჩვენ გვესმის ქართველი ხალხის განცდები, როცა ოკუპანტი და შემოჭრილი ქვეყანა გზავნის დეპუტატებს მათ პარლამენტში. ეს ქართველი ხალხის არჩეული პარლამენტია, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ამ ხალხის დაპატიჟება ვიღაცის მიერ მცდარი გათვლა იყო“, – ამბობს ის. ნიქსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აქციას გადამეტებულად უპასუხა. ის მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდებს.

    “ამის გადაწვეტის მშვიდობიანი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ ძალიან მკაცრად ვუდგებით იმ საკითხს, რომ მთავრობას აქვს ვალდებულება და მოვალეობა აქციის მონაწილეებთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკების და იმის მცდელობის, რომ მშვიდობიან გადაწვეტას მიაღწიონ. რაც შეეხებოდა დემონსტრანტებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, მშვიდობიანად შეიკრიბონ და გააპროტესტონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებაა. თუმცა, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს შეინარჩუნონ მშვიდობიანი და წყნარი გარემო. ასევე, მთავრობამ უნდა აჩვენოს შესაბამისი თავშეკავება, როცა საქმე აქციას ეხება. საქართველო ევროკავშირსა და ნატოში მიისწრაფვის და ჩვენ არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვიხილოთ 20 ივნისის ღამის მოვლენები, რომლის შედეგად ასობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში“, – ამბობს ის.
    დეივიდ კრემერი ფლორიდის უნივერსიტეტის მკლევარი, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ყოფნის დროს, საქართველოსსაკითხებზე მუშაობდა, საუბრობს იმაზე, რომ მისთვის სრულიად გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი.
    “ამ სიტუაციიის თავიდან აცილება ადვილი იყო, არ უნდა მისცემოდა რუსეთის დეპუტატს პარლამენტში გამოჩენის და მითუმეს მის მიერ ტრიბუნის დაკავების საშუალება, ამიტომ ნეგატიური რეაქცია სრულიად გასაგებია ოპოზიცის მხრიდან და ასევე თავად “ქართული ოცნების” წევრების მხრიდანაც. ამას უნდა შეეძლოს ქვეყანაში ხალხის გაერთიანება. შემდგომ პროტესტი კონტროლს გასცდა და ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, მერე იყო ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიები. სპიკერის გადადგომა უნდა მომხდარიყო. ს მოსკოვთან დაპირისპირებას აღვივებს, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამიტომ ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ხალხი იმას, რაც ვიხილეთ, ხმამაღლა გააპროტესტებდა“, – ამბობს ის.
    მომხდარს უფრო მკაცრად აფასებს ევრაზიის პროგრამების მკლევარი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტიდან „კარნეგის ფონდი“ – პოლ სტრონსკი. ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ბრუტალურად უპასუხა აქციას, ვიდრე ავტორიტარული ყაზახეთის სამართალდამცავებმა. სტრონსკი ასევე ხაზს უსვამს სპეციალური დანიშნულების რაზმის მოუმზადებლობას და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა აქციის კონტროლის შესახებ წვრთნებში, დიდი რესურსი ჩადეს.

    „შოკირებული ვარ. ეს არ არის ის პასუხი, რასაც ველოდი საქართველოს მთავრობისგან. განსაკუთრებით, ამ მთავრობსიგან, რადგან მათ პირობა დადეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ და არ დაარბევდნენ [აქციას]. ეს პასუხი უარესი იყო, ვიდრე ყაზახეთის მთავრობის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დაარბია საპროტესტოაქცია. მათ დაარბიეს ხალხი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. შოკისმომგვრელია, რომ ეს მოხდა. მე კიდევ არ მესმის კარგად რა მოვლენები უძღოდა ამას წინ. ვიცი, რომ იყო შეშფოთება, რომ შეიჭრებოდნენ პარლამენტში, მაგრამ ქმედება გადამეტებული ჩანს… ეს არ არის ისეთი მთავრობის ქმედება, როგორიც ამ მთავრობამ თქვა, რომ იქნებოდა“, – ამბობს კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკი.
    სტრონსკის თქმით, მომხდარი საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯს ლახავს.
    „ქართული დემოკრატია სწორედ ასეთ მომენტებში იცვლება და მსურს ვიხილო უფრო ეტაპობრივი განვითარება, როდესაც ქართველ ხალხს საშუალება ექნება საკუთარი ნება ინსტიტუტების მეშვეობით გამოხატოს. ახლა ვხედავთ, რომ ხალხი გრძნობს, რომ ქუჩაში გასვლის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ. და სხვა არჩევანი არ აქვთ იმის გარდა, რომ ეს შემთხვევები გამოიყენონ, რათა მოითხოვონ ის ცვლილებები, რაც სურთ. დროა საზოგადოებასა და მთავრობას შორის რეალური დიალოგი შედგეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და უზრუნველყონ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება… მნიშვნელოვანია, აქცია იყოს მშვიდობიანი, ხალხმა თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რომ სამართალდამცავებმა დამატებით თავშეკავება აჩვენონ. რაც მოხდა ლახავს საქართელოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში“, – თქვა მან.
    სტრონსკის თქმით, მთავრობისგან, რომელიც მის ოპონენტებს სწორედ იმ მიზეზით აკრიტიკებდა, რომ ძალას გადაამეტეს, ეს მოულოდნელი იყო. მკვლევარი საქართველოს ხელისუფლებას ღია და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს.
    „ეს არის პარტია, რომელიც საუბრობდა მისი წინამორბედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარღვევებზე და მკაცრ ზომებზე და ჩანს, რომ მათ გააკეთეს ის, რისთვისაც თავად ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებდნენ. გასული არჩევნების სამართლიანობის გარშემო კითხვები არსებობს, კითხვები – რომელიც სამწუხაროა რომ საქართველოს წინაშე ისევ დგას. არსებობს კითხვები ლეგიტიმურობის ირგვლივ და მომხდარი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საქართველოს მთავრობასთან. მთავრობები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ და არა მარტო არჩევნების დროს, არამედ ყოველთვის. ეს საქართველოსთვის სამწუხარო დროა და აჩვენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნები შეჩერებულია. როგორც საქართველოს მეგობრისთვის, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც ლიდერს ამ გარდაქმნებში – ეს ძალიან სამწუხარო დღეა. ვფიქრობ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე გამოძიება. მათ ვისი ბრალიც არის ეს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც დაშავდნენ და რამდენიმე მათგანს მძიმე დაზიანებები აქვს. მე ვუთანაგრძნობ მათ და მათ ოჯახებს“, – ამბობს ის.

    რუსი პარლამენტარის საქართველოს საკანონმდებლო ტრიბუნაზე გამოჩენის გადაწვეტილებას აკრიტიკებს „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი. ჰერბსტი მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია. ჰერბსტი საუბრობს იმაზე, რომ დემონსტრაციები რუსეთის საკითხს სცდება. მისი თქმით, აქციის მონაწილეების გაღიზიანება ასევე გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებით.
    „ეს გადამეტებული რეაქცია იყო. თუმცა ასევე მართალია, რომ ადგილი ქონდა გარკვეულ პროვოკაციებს დემონსტრანტების მხრიდან. ეჭვი მაქვს, რომ ეს პროტესტი უფრო მეტ რამეზე იყო, ვიდრე იმ ფაქტზე, რომ აგრესორი მთავრობის წარმომადგენელი საუბრობდა საქართველოს პარლამენტში. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხდება უფრო ავტორიტარული – არ ვდებ მათ ბრალს ავტორიტარიზმში, არამედ შედარებით ვამბობ. ვხედავთ მკაცრ ზომებს, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მედიას, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა და ვფიქრობ, რომ პროტესტი ნაწილობრივ ამაზეა. არ მინდა დასკვნები გავაკეთო, ნათელია, რომ მთავრობა ზედმეტად ერევა, მათ ზედმეტი ჩარევა უნდა შეწყვიტონ და საშუალება მისცენ იყოს მეტი თავისუფლება და არ მოახდინონ ხალხის პროვოცირება მკაცრი ზომებით” – ამბობს ის.
  • 20 ივნისს დაკავებული 5 პირი სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

    სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაკავებული 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ისინი ჩადენილ დანაშაულში მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა შეუმცირა, რის გამოც მათ ციხეში გატარებული დრო სასჯელის მოხდათ ჩაეთვალათ.

    20 ივნისის ღამეს დაკავებული 5 მოქალაქეს მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

  • პარლამენტის შენობასთან ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მივიდა

    ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც პარლამენტის შენობასთან ცოტა ხნის წინ დაიწყო, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მივიდა. როგორც ცნობილია, მაკა ჩიჩუა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართავს.

  • არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას საპროტესტო აქციების მონაწილეთა ყველა მოთხოვნის შესრულებისკენ მოუწოდებენ

    12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პასუხობს და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დააკმაყოფილოს დანარჩენი მოთხოვნებიც, რომლებიც ამ დღეებში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ.

    “გასული დღეების განმავლობაში, ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულ და მტკიცე პროტესტს გამოხატავს ოკუპაციისა და ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა ძალის გადამეტებით დაშლის წინააღმდეგ. საზოგადოების ერთსულოვანმა პოზიციამ გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო და საპროტესტო აქციის მოთხოვნების საპასუხოდ „ქართული ოცნების” მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა. მისასალმებელია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან 2 ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, თუმცა 3 მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელი რჩება.

    როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: 1. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა 2. შს მინისტრის გადადგომა 3. დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება 4. საპროტესტო აქციის დაშლის პროცესის ობიექტური გამოძიება და 5. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება.
    მნიშვნელოვნად ვაფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, რომლის ქმედებებმა/უმოქმედებამ დიდწილად გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო ნომინირების შესახებ, რაც დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის უგულვებელყოფა იქნება.
    ასევე, მივესალმებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით. პროპორციული სისტემა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით (0.67%) ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების საპარლამენტო მანდატებში გარდასახვას და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაბალი ბარიერი, როგორც წესი, ართულებს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ფორმირებას და ზრდის პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის რისკს. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ პროპორციულ სისტემებში სასურველია შემოღებულ იქნეს 3-5%-იანი ბარიერი.
    მიუხედავად გარკვეულ მოთხოვნებზე რეაგირებისა, ჯერ-ჯერობით არ შესრულებულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნა. გავრცელებული ინფორმაციით პროკურატურამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევის საფუძველზე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა, მათგან ორის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის გამო, საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა. მიგვაჩნია, რომ რიგითი სამართალდამცვლების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქციაზე გამოვლენილ დარღვევებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დადგეს, რაც ცალსახად შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს. აქციის დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. აქციის დაშლის პროცესში დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს მძიმე შედეგი მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს.
    აქციის დროს დაკავებულების გარკვეული ნაწილი დღესაც რჩება იზოლატორებში. მიგვაჩნია, რომ დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით: საქმეების განხილვა მოხდა დაჩქარებული წესით, დაკავებულებს არ მიეცათ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა და მოსამართლეების მხრიდან სახდელის გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი სამართალდამცველის ჩვენების საფუძველზე ხდებოდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია, პასუხისგებაში მიცემულ პირებს სააპელაციო სასამართლოში მაინც მიეცეთ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობის საშუალება, რისი შესაძლებლობაც მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, დაკავებულებს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ აღმოუჩინოს სრულყოფილი სამედიციონო დახმარება.
    აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, კვლავ გააქტიურდნენ პროსახელისუფლებო „ანონიმური” ფეისბუქ გვერდები, რომლებიც აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების დისკრედიტაციას ეწევიან. უარი უნდა ითქვას მსგავსი მეთოდების გამოყენებაზე.
    ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება შეასრულებს დარჩენილ მოთხოვნებს და ადეკვატურ პასუხს გასცემს საზოგადოების სამართლიან პროტესტს. “
    ხელმომწერი ორგანიზაციები:

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
    მწვანე ალტერნატივა
    საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
    მედიის განვითარების ფონდი (MDF)
    საზოგადოება და ბანკები
    ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC)
    საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
    პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
    საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ისანში წლინახევრის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

    ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან წლინახევრის  ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

    შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • უეფამ რუს დეპუტატს ქართველი ფეხბურთელების დასჯაზე უარი უთხრა

    “უეფამ” რუს დეპუტატს ქართველი ფეხბურთელების დასჯაზე უარი უთხრა. საქმე ეხება საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების მიერ ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოსვლას.

    “უეფამ” აღნიშნა, რომ რადგან შემთხვევები ეროვნულ ჩემპიონატზე მოხდა, მის შესახებ გამოძიებას არ ჩაატარებს.

    “დისციპლინარული სასჯელების დაწესებაზე მსჯელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქცის ფარგლებში ხვდება”, – აღნიშნეს უეფაში.

    შეგახსენებთ, რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფას მოუწოდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს. ამის შესახებ ლებედევმა „ტვიტერში“ დაწერა.

    ლებედევის ეს განცხადება იმან გამოიწვია, რომ ქართველი ფეხბურთელები მატჩებზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდნენ.

    “ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს” – დაწერა ლებედევმა.

    ამ ეტაპზე რუსი დეპუტატის მოთხოვნაზე რეაგირება ჯერჯერობით არც ფიფასგან მომხდარა.

  • თბილისში, რიყეზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი – დაშავდა

    თბილისში, რიყეზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი – დაშავდა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად კონსტურქცია ჩამოშალა. მომხდარის გამო, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი, დაშავდა.

  • 27 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ

    27 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ  თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

    ბახტაძე  პარლამენტის წინაშე 2018 წლის ანგარიშით წარსდგება.

    მამუკა ბახტაძის მოსმენა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

  • პუტინის პრესმდივანმა დაასახელა, რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას საქართველოსთან დაწესებული შეზღუდვები

    რუსეთი საქართველოს მიმართ მიღებული ზომების გაუქმებაზე იფიქრებს, როცა იქ სიტუაცია “არარუსოფობიულ კალაპოტში“ ჩადგება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა და დასძინა, რომ დოკუმენტებში შეზღუდვების მოხსნის ზუსტი ვადები არ არის დაფიქსირებული.
    პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ფრენების აკრძალვა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მოხდა და ყველას შეახსენა, რომ ადგილი ჰქონდა აგრესიულ ქცევას რუსი პარლამენტარების და ჟურნალისტების წინააღმდეგ “ეს მაგალითები სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მთლიანობაში რუსებისთვის საქართველოში საფრთხე შესაძლოა არსებობდეს. აბა კითხეთ რუსული ტელეარხის ჟურნალისტებს, რამდენად ჰიპოთეტურია საფრთხე, კბილებში მოგხვდეს. საფრთხე ჰიპოთეტური კი არა, ფიზიკურია.“– განაცხადა პესკოვმა.
    მისი თქმით, საქმე ეხება არა სანქციებს, არამედ რესტრიქციებს, ანუ დროებით შეზღუდვებს. პესკოვი ამბობს, რომ ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 1 200 000 რუსი სტუმრობს და ამიტომაც შეზღუდვების შემოღება ამ რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
    შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ. მთავრობას კი დაევალა საქართველოში მყოფი რუსების სამშობლოში დაბრუნება 8 ივლისამდე უზრუნველყოს.