Category: არქივი

  • დაიწყო ბოლშევიკური ტერორი- გრიგოლ ვაშაძე

    ხელისუფლება გადავიდა ბოლშევიკურ ტერორზე – ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.  ვაშაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას ქმედებაში არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ყოფილა.

    „იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ კოლაბორაციონისტურ ხელისუფლებას დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამის მაგივრად დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ აპატიმრებენ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება. იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ახლა განწირული ხელისუფლებისთვის არის ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ქუჩაში ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე. ნიკა მელიას ქმედებაში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, ნიკა მელია გამოიტანეს ხელით პარლამენტიდან და ჩამოუშვეს ქვემოთ ქუჩაში და ადამიანმა ერთადერთი, რაც თქვა იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ხელფასით ვინახავთ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

  • “შეიძლება მღვდელი გავხდე და მომიწიოს ასეთი ადამიანებისგან აღსარების ჩაბარება”- გავრილოვი ქართველებზე

    კომუნისტი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში საპროტესტო აქცეიებს გამოეხმაურა და ამბობს რომ  სემინარის დამთავრების შემდეგ შეიძლება მღვდელი გახდეს.

    ” სერიოზული შიდა ბრძოლა მაქვს რადგან  ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული, მისი საფლავის მონახულებას ვაპირებდი. როდესაც  სემინარიას დავამთავრებ  შეიძლება, მღვდელი გავხდე და  მომიწევს ასეთ ადამიანებისგან აღსარების ჩაბარება. მე მზად უნდა ვიყო, რომ მათ ეს ცოდვები მივუტევო, თუმცა არ შეიძლება ვაპატიოთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წყენა, არ შეიძლება, ვაპატიოთ ღია თავდასხმები,  ფურთხება, მუქარები ჩვენს ქვეყანაზე, ასეთი რაღაცების პატიება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,”- ამბობს გავრილოვი Россия 24-თან საუბრისას. 

    გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო. 20 ივნისს კი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობაში გავრილოვმა გახსნა.

    გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა ფართომასშტაბიანი აქციები, რომელიც 20 ივნისს ხელისუფლებამ დაარბია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი.

  • იწყება ქვეყანაში დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები-რომან გოცირიძე

    იწყება ქვეყანაში დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები – „ნაციონალური მოძრაობის“რომან გოცირიძე ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტს გამოეხმაურა. 

    „ხდება უპრეცედენტო ფაქტი, არნახული რამ. ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს. იწყება ქვეყანაში დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის უგუნური გადაწყევტილება ივანიშვილის, რომელიც ამ თავის ლაქიებს, ბიუროში მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა ამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს, ამიტომ, მე მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ, ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს დაელაპარაკონ, ჩაიხედონ თავიანთ გულში, თავიანთ სინდისში და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს კანონი, გაასამართლებს ისტორია, გაასამართლებენ საკუთარი ოჯახის წევრები.

    რაც შეეხება ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ნაცვლად იმისა, რომ აქ ყოფილიყო განხილული დამნაშავე გახარიას საკითხი, ნაცვლად იმისა, რომ დასჯილიყო ყველა დამნაშავე და, პირველ რიგში, გადამდგარიყო და სულ მცირე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო გახარიას და შემდეგ უკვე დადგებოდა დრო მისი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა, არავინ არც ერთ დანაშაულს, დაღვრილ სისხლს არ პატიობს საქართველოში, დადგეს ახლა ასეთი შოუ. მათ უნდათ, რომ გახარიას მოსვლა პარასკევს, გარკვეული ამ პრელუდიით იზეიმონ. არ გამოუვათ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • არც ერთი პარტიის წევრობა არ არის ინდულგენცია – სოფო კილაძე

    არც ერთი პარტიის წევრობა არ არის ინდულგენცია – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

    „გასაგებია, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების რეაქციაზე, სხვა რეაქციას არ მოველოდი იმიტომ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ასეთ მასკარადებს და გასაგებია, როდესაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისინი სხვანაირად ვერ მოიქცევიან, ეს არის მათი ბუნება, მაგრამ მე გაძლევთ პირობას, რომ ეს პროცესი წარიმართება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ანუ, ადამიანებს უფლებების სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს კისერზე არის ძალიან ბევრი სისხლი და ბოროტება, ჩვენ არ მოვექცევით არც ერთ ადამიანს , ისე როგორც თქვენ ექცეოდით, მათ შორის არც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი გუნდი არის იმაზე პასუხისმგებელი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს პროცესი ჩაივლის ადამიანის უფლებების სრული დაცვით და, რა თქმა უნდა, პარლამენტიდან მთელი “ქართული ოცნების” გუნდი არის ამაზე პასუხისმგებელი.

    სამწუხაროდ, ბატონო რომან და დანარჩენ ჩემს კოლეგებს მივმართავ ოპოზიციიდან, თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზები და დადგა ეს შედეგი, რომელიც დადგა, ამიტომ ვართ დღეს ჩვენ შეკრებილი ბიუროზე. დაიმახსოვროს ყველამ, რომ არც ერთი პარტიის წევრობა არ არის ინდულგენცია და თუ ვინმე გაბედავს და წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენ ვალდებული ვართ, უბრალოდ, დავიცვათ კანონი, დავიცვათ კონსტიტუცია, ადამიანის უფლებების სრული დაცვით“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

  • “რო კითხო ივანიშვილი ქვეყანას მართავს და სპეცრაზმთან ერთად იძინებს“ –ნიკა მელიას პასუხი მისი დაკავების შესახებ

    თუ გონიათ, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სპეცრაზმთან ერთად იძინებს შეშინებული -ასე ეხმაურება ნიკა მელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება.
    „ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
    ნიკა მელიას თქმით,პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.
    “უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
    ნიკა მელია იმ დეპუტატებს მიმართავს, ვინც მისი იმუნიტეტის საკითხი უნდა განიხილოს.
    “არ იდარდოთ, თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს იმიტომ, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
  • ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

    დაპირისპირება პარლამენტში – ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს რომან გოცირიძე და აკაკი ზოიძე დაუპირისპირდნენ.
    თალაკავაძემ რომან გოცირიძის დარბაზიდან გაყვანას ითხოვენ. მანდატურებს გოცირიძის გაყვანისკენ პარლამენტის ახლარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა.
    სხდომის ოთახში მანდატურების რაოდენობა გაიზარდა. დეპუტატები ბიუროს საგანგებო სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

    დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა მისთვის საპატიმრო ღორნისძიების გამოყენებას მოითხოვს.

    საკითხი  თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებში უნდა განიხილონ, შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.

    მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვა, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება.

  • პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას მოითხოვს

    დეპუტატ ნიკანორ  მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა მისთვის საპატიმრო ღორნისძიების გამოყენებას მოითხოვს.

    როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

    როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ამბობს, პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო დაიწყო.

    „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

    აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

    ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს – ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. აღნიშნული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

    გარდა აღნიშნულისა, როგორც მოგეხსენებათ, აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.

    კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • გაატარე ზაფხული საქართველოში- დიდი ბრიტანეთის ელჩი კამპანიას შეუერთდა

    საქართველოში ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი პუტინის ტურისტული ემბარგოს გამო დაწყებულ #SpendSummerInGeorgia (გაატარე ზაფხული საქართველოში) კამპანიას შეუერთდა.

    ბრიტანეთის ელჩი ტვიტერზე ხალხს მოუწოდებს, გაატარონ ზაფხული საქართველოში.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან რუსეთი საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებს. ტურიზმის მიმართულებით მოსალოდნელი ზარალისგან თავის დასაცავად საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის. მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.

    სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს გამოჩნდა ჯგუფი სახელწოდებით “Spend Your Summer in Georgia” (“გაატარე შენი ზაფხული საქართველოში”), რომელშიც უკვე უამრავი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.

  • “საქართველო აღმაფრთოვნებლად ლამაზი ქვეყანაა”-შვედეთის ელჩი შვედებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს

    შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი შვედეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს. მან ამის შესახებ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და “National Geographic-ის” მასალა დაურთო, სადაც სამოგზაურო ინფორმაციაა მითითებული.

    “ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, საქართველო აღმაფრთოვნებლად ლამაზი ქვეყანაა, შესანიშნავი სტუმართმოყვარეობით. აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ, თუ არ ყოფილხართ, ხოლო თუ ნამყოფი ხართ – დაბრუნდეთ”, – წერს ელჩი ტვიტერზე.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან რუსეთი საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებს. ტურიზმის მიმართულებით მოსალოდნელი ზარალისგან თავის დასაცავად საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის. მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.

    სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს  გამოჩნდა  ჯგუფი სახელწოდებით “Spend Your Summer in Georgia” (“გაატარე შენი ზაფხული საქართველოში”), რომელშიც უკვე უამრავი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.

  • 20 ივნისის ღამეს დაკავებულ ახალგაზრდებს უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის ღამეს დაკავებული 305 პირიდან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დანარჩენი დაჯარიმდა ან გააფრთხილეს. დაკავებულ ახალგაზრდებს ბორკილების ნაცვლად  პლასტმასის ხამუტები უკეთიათ და პირდაპირ საპატრულო პოლიციის ეზოში წვანან. ვერც შენობის ეზოები და ვერც წინასწარი მოთავსების იზოლატორები დაკავებულებისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდა და რეგიონებში გადაანაწილეს.

    20 ივნისს დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შშმ პირია. სააპელაციო სასამართლოში მისი პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ გამოითხოვა ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ მელიქიძე პირველი ჯგუფის შშმ პირია. თუმცა, წესით, ეს დოკუმენტი პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეთხოვა, რომელმაც მელიქიძეს 13 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

    სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მაგრამ სხვა მსჯავრდებულების მსგავსად სასჯელის ვადა შეუმცირა და გაათავისუფლა.მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მან აღნიშნული პირის შესახებ თელავში სხვა დაკავებულების მონახულების დროს შეიტყო. ბრალდებულს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და ითხოვდა გამაყუჩებლებს.

    „საქალაქო სასამართლომ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას პირს არ მისცა ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა და შესაბამისად პატიმრობაში გაუშვა დაცვის უფლების გარეშე. ეს პირი ჩემი მხრიდან აღმოჩენილი იქნა თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც სხვა პატიმრებმა მთსხოვეს აუტანელი ტკივილების მქონე პატიმარი მომენახულებინა და რამენაირად მომეხერხებინა მისი ინტერესების დაცვა. მას ჰქონდა აუტანელი ტკივილები , ვერ იყუჩებდა ამ ტკივილებს, ჰქონდა წამლის მოთხოვნა, რაც მოგვიანებით დაუკმაყოფილდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მხრიდან და ერთადერთი, რასაც მთხოვდა, მე იყო ის, რომ მისთვის მიმეწოდებინა ტკივილგამაყუჩებლები და დამაძინებელი საშუალებები, რომ მომხდარყო რამენაირად მისთვის ამ ტკივილების შემსუბუქება,“ – განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.