Category: არქივი

  • საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი (48.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.1 პროცენტია. 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 23.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

    სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (20.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.9 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 376.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 810.3 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 886.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).

    საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

    საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (28.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.2 პროცენტია.

    2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 8.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 376.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

  • პრემიერმა მთავრობის სხდომა დანიშნა

    პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომა დანიშნა.

    მინისტრთა კაბინეტი  მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 14:00 საათზე შეიკრიბება. სავარაუდოდ, შეხვედრის თემა კვლავ  ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იქნება.

    უცნობია, გააკეთებს თუ არა ბახტაძე  ტრადიციულად კომენტარს სხდომის დაწყებამდე, რადგან ის  ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა.

  • რომელი დაავადებებია საქართველოში გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 46 524 ადამიანი გარდაიცვალა.

    საქსტატის  მონაცემების მიხედვით, გარდაცვალების ყველაზე გავრცელებულ შორის პირველ ადგილზე  სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. 

    ამ მიზეზით 2018 წელს   21 549 ადამიანი დაიღუპა,რაც  წინა წელთან შედარებით 1700-თაა გაზრდილი.

    გარდაცვალების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე ონკოლოგიური დაავადებებია. 2018 წელს 7 329 ადამიანის დაღუპვის მიზეზი სხვადასხვა სახის სიმსივნე გახდა. ეს დაავადებაც  მზარდია. 2017 წელს ონკოლოგიური დაავადების მიზეზით გარდაცვალების  7 095 შემთხვევა დაფიქსირდა.

    შემდეგ მოდის  სასუნთქი სისტემის დაავადებები, რის  შედეგად საქართველოში 2018 წელს 3 676 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელს კი   – 2 608.

  • პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

    დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება.  

    ბოლო სხდომა  12:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე კანონპროექტის განხილვის შემდეგ დაიხურება.

    რეგლამენტის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გაგრძელება რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეუძლია.

    პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბერში გაიხსნება.

  • ქოცებო ცოტა კიდე მომაწექით და აუცილებლად გადავდგები — სააკაშვილი

    “ქოცებო, ცოტა კიდე მომაწექით და აუცილებლად გადავდგები” — წერს  საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხელ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

    ფეისბუქის ამ სტატუსით სააკაშვილი მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს დააკისრა.

    “პასუხისმგებლობა შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებმაც სცადეს გამოეყენებინათ ახალგაზრდების პროტესტი და იერიში მიიტანეს კონსტიტუციაზე”, — განაცხადა ბახტაძემ გუშინ გამართულ  პრესკონფერენციაზე.

    სააკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელ აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაყობს ახალგაზრდობით, რომლებმაც გუშინ ივანიშვილის სახლისკენ მშვიდობიანი  მსვლელობა  გამართეს.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძისა და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიასა და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმისა (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის, ასათიანისა და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, გაგრის, ღამბაშიძის, 9 ძმა ხერხეულიძის, სალხინოს, დოდო აბაშიძის, აკაკი ხორავასა და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით სარაჯიშვილის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოღანლუღის, მარნეულისა და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი მასივის ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II, III, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სამხედრო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კალოუბნის, კაკლიანის, აბაშვილის, საცხენისის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, დვალის, ელდარის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, შუამთის, ზურაბ ჩაჩუას, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, თრიალეთის, წულუკიძისა და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, შირაქისა და ლასხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, ივანე ჯავახიშვილის, ჩაჩუას, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძისა და კიტა აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სპირიდონ კედიას, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბაშიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

    #არდაიგვიანო – ამ საინფორმაციო კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.

    ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე საგამოცდო ცენტრია გახსნილი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, აპლიკანტი ყურადღებით გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, თუ როდის და კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციაზე.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

    2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

  • ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

    ოკუპირებული აფხაზეთის  რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მიზეზად  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციებს ასახელებენ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  მთავრობის განცხადებით, პროვოკაციულია.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებით, შეზღუდულია  უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა, ასევე აფხაზეთიდან მოქალაქეების გამგზავრება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

    ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად გუშინ 20:00 საათიდან ჩაიკეტა. 

  • “ივანიშვილი შეშინებული დარბის შეკვეთილსა და ჭორვილას შორის“– მიხეილ სააკაშვილი

    27 მაისის საღამოს საპროტესტო აქციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან მსვლელობით დასრულდა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოთი ეხმაურება:

    “სრულიად აღტაცებული ვარ იმითი , რასაც ვუყურე ივანიშვილის სასახლესთან. სპეციალურად ააშენა სასახლე თბილისის თავზე, რომ ვერ მიწვდეს ხალხი.

    ქვემოთ აქვს ბუნკერი ხუთი სართულის სიღრმის. იქ აქვს მომარაგებული იარაღი, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ 2012 წელს მერიას სთხოვა ნებართვა მის აშენებაზე. მაგრამ თვითონ არ არის თბილისში, ივანიშვილი შეკვეთილსა და ჭორვილას შორის მოძრაობს. ძალიან შეშინებულია. ახლა პრაკქტიკულად კედელთან მიყუჟულია ვირთხა და მთავარია იქიდან თავი არ დაიძვრინოს.
    მე ვარ მთლიანად თქვენს მხარეს. ძალიან ვამაყობ, განსაკუთრებით ახალგაზრდობით.
    ეს აბსურდის თეატრი უნდა დამთავრდეს. ეს კაცი მიიჩნევს რომ თქვენ ყველანი ხართ ბრიყვები.
    ნუ მიაქცევთ ყურადღებას ყანდიაშვილის ტროლებს. ყანდიაშვილი აორთქლდება ივანიშვილთან ერთად და წავა თავის რუსეთში. ჩვეულებრივი ეფესბეს აგენტია, ძველი, დიდი ხნის აგენტია. დავერბოვკებული ყავდათ ჯერ კიდევ როცა რუსული არხის, ერტეერის კორესპონდენტი იყო საქართველოში. ეფესბემ დაავერბოვკა ძაან ისეთი, ოჯახური საკითხების გამო. ეს მე ვიცი დანამდვილებით.
    ივანიშვილის საქმე არის წასული ახლა ის დარბის ყვარყვარესავით ერთი რეზიდენციიდან მეორეში. და ყვარყვარეს ადგილი არ არის საქართველოს სათავეში.
    ფეოდალიზმის დრო დიდი ხანია დამთავრებულია.