Category: არქივი

  • გახარია, წადი!-თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა

    გახარია, წადი! – თბილისში ამ ამ შინაარსის ბანერები გამოჩნდა.მოქალაქეები შს მინისტრ გიორგი გახარია გადადგომას  20 ივნისის მოვლენების გამო ითხოვენ.  

    უკვე 10 დღეზე მეტია  რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. 

    აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ გახარია პოსტს არ დატოვებს.

  • საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ-მელია

    “საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ, მაგრამ ეს ვერ შემზღუდავს და არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან, პარლამენტში სიარულისგან,“ – ეს განცხადება, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

    შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

    ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, ახლა დამიმატეს რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ჩვენ ასე გავიგეთ, ელექტრონული მონიტორინგი ელექტრონულ სამაჯურს გულისხმობს, ჩვენ ასე გავიგეთ.

    ეს არის მკვეთრად წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და საპარლამენტო რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, ისეთი ვე პარლამენტის წევრი ვარ, თავისი უფლებებით და ვალდებულებით, როგორი არის დანარჩენი 149. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექი, არამედ საპარლამენტო საქმიანობაც არ აწარმოო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რომლითაც პოლიტიკური საქმიანობა შემეზღუდა. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა. ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი პარლამეტში და ყველა იმ შეხვედრაზეც, რომელზეც დავდიოდი. კი ბატონო, ვაცნობებ,“ -განაცხადა მელიამ.

  • აშშ-ში ფეისბუქის ოთხი შენობის ევაკუაცია განხორციელდა

    აშშ-ში კომპანია ფეისბუქის ოთხი ოფისის  ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ზარინის შემცველი ამანათის მიღება გახდა.

    როგორც როიტერსი იუწყება, კომპანიამ შეტყობინების მიღებისთანავე ოთხი ოფისის ევაკუაცია განახორციელა.

    ზარინი არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ნერვული სისტემის დარღვევას იწვევს, მისი გამოყენება შესაძლებელია ქიმიურ იარაღად.

    ეს ქიმიური ნივთიერება მძიმე შედეგებს იწვევს და  შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

  • ენერგოკომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს

    ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    „ენერგო-პრო ჯორჯია კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით და აფრთხილებს მოქალაქეებს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები ელექტროდანადგარებისა და გამანაწილებელი ქსელის სიახლოვეს. ზაფხულში დასასვენებელ ზონებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება დამსვენებელთა მიერ უსაფრთხოების წესების გათვალისწინება, რადგან ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს.

    დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება. აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის.

    იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტროქსელებში ავარიული ან სახიფათო მდგომარეობას შენიშნავს (როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა), აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 0322471707.”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

    „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მან ამ გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დატოვა. 

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

    მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელიასაცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

    მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

  • რატომ ითხოვს საქმის პროკურორი მელიას დაკავებას

    ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმე განიხილება. მეორე ინსტანციის სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, გაიზიარებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას გირაო აქვს დაწესებული.

    პროკურორი მელიასთვის პატიმრობას ითხოვს, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, არსებობს რეალური საფრთხე,რომ ბრალდებული მელია მოახდენს ზეგავლენას მოწმეებზე და შევა მათთან ფარულ გარიგებაში ასევე, ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

    “ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა იქნას პატიმრობა, გასათვალისწინებულია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მასზედ რომ შეეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს,რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად.

    შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე,რომ ბრალდებული მოახდენს ზეგავლენას, შევა მათთან ფარულ გარიგებაში,რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება. პოტენციურ მოწმეთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე და ფლობენ ინფორმაციას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, არიან მისი მხარდამჭერებიც.

    არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გაუადვილებს მათთან ფარულ გარიგებაში შესვლას და მატ დაყოლიებას არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება, აღნიშნული ქმედებით, ნიკანორ მელია ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს,“-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

    შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას მოსამართლის განჩინებით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.  მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

    მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

  • საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა და 6 პირი დააკავა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს და ექვსი პირი დააკავეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

    ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “იურიდიულად საქმეს არ განვიხილავთ, განვიხილავთ რამდენად დაშტვენილი აქვს ბიძინა ივანიშვილს” – ხაბეიშვილი

    “ამ საქმეს იურიდიულად არ განვიხილავთ, განვიხილავთ რამდენად დაშტვენილი აქვს ბიძინა ივანიშვილს” – აცხადებს “რუსთავი 2-თან” „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი  ნიკა მელიას საქმეზე.

    „დღეს სასამართლოში კი არ ველოდებით განაჩენს, ველოდებით,რ ამდენად გასულია ბიძინა ივანიშვილი მომსახურების ზონიდან, იმიტომ რომ მათ შორის პროკურატურაზე და სასამართლოზე ძალადობს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც ის იღებს.

    დღეს ბიძინა ივანიშვილის ნებით შეიძლება შეუფარდონ ნიკა მელიას, რომელიც იურიდიული ჩარჩოებიდან გასული იქნება, თუ შედარებით ადეკვატურია ეს კაცი, მაშინ დატოვებენ მას გირაოს პირობებში,“-აცხადებს  ხაბეიშვილი.

    ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, პროკურატურა “ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს. 

    ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

  • სახალხო დამცველმა 20 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო

    სახალხო დამცველმა 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის აპარატი შეაფასებს გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. 

    “სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმები გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის ელემენტები იქნება. სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად.

    20-21 ივნისის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის სპეციფიკა ექსტრაორდინალურია და მას სახალხო დამცველის აპარატის წინარე გამოცდილებასთან მსგავსება არ აქვს. გამოძიების საწყისი მიმდინარეობის პარალელურად ხარვეზების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება სახალხო დამცველის აპარატს აქამდე არ ჰქონია. გასულ პერიოდში სახალხო დამცველმა საზოგადოებას რამდენიმე მიმდინარე საქმის შესწავლის შედეგები წარუდგინა. თუმცა, ხსენებულ შემთხვევებში გამოძიების დაწყებიდან საკმაო ვადა იყო გასული და შესაძლებელი იყო ჩატარებული გამოძიების ერთიანი და სრულყოფილი შეფასება. 20-21 ივნისის ფაქტების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველს მოუწევს შეაფასოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოძიების პროცესის კვალდაკვალ. მიუხედავად ამ მიმართებით შესაბამისი გამოცდილების არ ქონისა, სახალხო დამცველის აპარატი გააკეთებს ყველაფერს, რათა გამოძიება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად შეაფასოს და მიმდინარე რეჟიმში და საბოლოოდ მიაწოდოს რეკომენდაციები სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორებს.

    სახალხო დამცველის აპარატი, ცხადია, ვერ ჩაანაცვლებს პროკურატურის საზედამხედველო ფუნქციას. მით უფრო, აპარატი ვერ შეასრულებს საგამოძიებო ფუნქციებს. სახალხო დამცველის აპარატის როლი საგამოძიებო ორგანოს პასუხისმგებლობით ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობის შეფასება იქნება და ამ კუთხით შესაბამის რეკომენდაციებს წარვუდგენთ საქმის ზედამხედველ პროკურორებს.

    გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველი შექმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთვრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან წარმოდგენილი. უახლოეს დღეებში აღნიშნულის თაობაზე დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

    სახალხო დამცველი ეცდება მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ბუნებრივია ვერ მოხდება იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოპერატიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება.

    აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოძიების პროცესთან არსებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში კი მოგიწოდებთ მომართოთ სახალხო დამცველის აპარატს”-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.