Category: არქივი

  • “ვერ შევთანხმდით რაღაცეებზე..ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები”-გიორგი გვარჯალაძე ლენოს შესახებ

    1 თვის წინ გარდაცვლილი 16 წლის ლენო გვარჯალაძის მამა, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გადაცემა “მთავარ ექიმში” ქალიშვილთან ურთიერთობას იხსენებს და იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც ლენოს გარდატეხის ასაკში შეხვდა. გვარჯალაძის თქმით, გოგონას სუიციდური მიდრეკილებები ჰქონდა, თუმცა არ ეგონა თუ რეალურად განახორციელებდა თვითმკვლელობას.

    შეგახსენებთ, რომ 16 წლის ლენო გვარჯალაძე 1 თვის წინ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “რეგვენის და უვიცის გარდა ამას სახელმწიფო გადატრიალებას ვერავინ უწოდებს“–დათო ზურაბიშვილი ოცნებას უხსნის რას ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალება

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას უხსნის რა განსხვავებაა 1991–92 წლების, 2003 წლის და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს შორის. ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ 20 ივნისს ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადარჩა. დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ უიცმა შეიძლება ვერ დაინახოს განსხვავება 20 ივნისის მოვლენებსა და ვარდების რევოლუციას შორის, ან 1991–92 წლების მოვლენებს შორის:

    “ერთი რამ მინდა ცოტა ვრცლად განვმარტო. რამდენიმე ადგილას შემხვდა აზრი, მიშა რომ შევარდა პარლამენტში 2003-ში, ხომ შეიცვალა ხელისუფლება და 20 ივნისსაც იგივეს ცდილობდნენო.

    ჯერ ერთი, ამა სიბრძნისა წარმომთქმელს იმდენიც არ ესმის, რომ პარლამენტში შევარდნას კი არ მოჰყვა ხელისუფლების ცვლა, არამედ პრეზიდენტის გადადგომას, რომელიც მაშინ უშუალოდ იყო მთავრობის ხელმძღვანელი და კანონის მიხედვით მის ადგილს ახალ არჩევნებამდე იკავებდა სახელმწიფოს მეორე პირი, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ ნინო ბურჯანაძე.
    რასაკვირველია ეს მოხდა მასობრივი აქციის და ქუჩაში გამოსული ხალხის ზეწოლის შედეგად, მაგრამ მე მაპატიეთ და რეგვენის და უვიცის გარდა ამას სახელმწიფო გადატრიალებას ვერავინ უწოდებს. ყველა ლეგიტიმური პროცედურა გახლდათ დაცული. ახლა პარლამენტში რამდენიც არ უნდა შევარდე და გამოვარდე, გინდ პრეზიდენტი გადადგეს, გინდ პრემიერი, მთავრობა ახალ არჩევნებამდე მაინც იგივე ხელისუფლების ხელში რჩება. ამიტომ რაის გადატრიალების მცდელობა? გადატრიალება იყო 1991-1992 წლებში, ზარბაზნები რომ მიაყენეს პარლამენტის შენობას.
    გარდა ამისა (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია), პარლამენტში შეჭრა მაშინ არ მომხდარა იმ აზრით, ლენინი რომ ფოსტას და ტელეგრაფის აღებას ითხოვდა. იყო ძალიან კონკრეტული მიზეზი. კერძოდ ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. იმ პარლამენტის არჩევნების შედეგები საქართველოშიც და დამკვირვებლების მიერაც აღიარებული იყო გაყალბებულად. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის ახალი შემადგენლობა საჭიროებდა სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას, რასაც ჭირდებოდა ქვორუმის პირობებში კენჭისყრით დადასტურება და მხოლოდ ამის მერე ხდებოდა ახალი პარლამენტი ლეგიტიმური.
    ოპოზიციამ მაშინ ბოიკოტის გამოუცხადა პარლამენტის სხდომას. მათ გარეშე ქვორუმი არ იკრიბებოდა და ახალი პარლამენტი ვერ ხდებოდა ლეგიტიმური. ამ სიტუაციაში პარლამენტში შეჭრას არც არავინ აპირებდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა კანცელარიის შენობის წინ. ვითარება შეიცვალა, როდესაც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა პარლამენტის სხდომაზე და შეავსო ქვორუმი. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სასწრაფოდ მოხდა აქციის ორგანიზატორთა შეკრება და იქ გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო პარლამენტში შესვლა და სხდომის ჩაშლა, რათა არ მომხდარიყო გაყალბებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია.
    აი ეს, ძალიან კონკრეტული მიზანი ჰქონდა მაშინ პარლამენტში შეჭრას. სულ მეცინება ხოლმე როცა ამ ფაქტს რაღაც წინასწარ ჩაფიქრებულ შეთქმულებად განიხილავენ. არადა პარლამენტის სხდომის ჩაშლა სულ თხუთმეტ წუთში გადაწყდა. პირადად ვარ ამის შემსწრე. ამით მოხერხდა გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის ლეგიტიმაციის ჩაგდება. აბა ახლა პარლამენტში შევარდნას რა აზრი აქვს? რა უნდა გააკეთოს შევარდნილმა? პარლამენტში თუ შევარდი მთავრობა ავტომატურად გადადგება, მიშა შემოვა ქალაქში თეთრი ცხენით, ბიძინა გაიქცევა ვერტალიოტით თუ რა? პირიქით, მთელ მსოფლიოს თვალში ოპოზიცია გამოჩნდება მოძალადედ და ხულიგნად და თუ ძალის გამოყენებით გამოგრეკავენ მერე იმ შენობიდან, კაციშვილი არ ამოიღებს ხმას.
    ელემენტარულია თითქოს არა, ვატსონ? მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი სრულიად ქოცობამ ეს გაიგოს! დაიწყება ახლა ნაცი, ნაცმა, ნაცს, ნაცის და ა. შ.“– წერს ზურაბიშვილი.
  • “ეს დაშლა არ იყო, ეს იყო მოგერიება“-კალაძე 20 ივნისის აქციაზე

    “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენმდივნის, კახა კალაძის თქმით 20 ივნისს აქციის დაშლა არ მომხდარა და პოლიციელებმა შტურმი მოიგერიეს.

    “აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე. გვახსოვს ჩვენ, როგორ განვითარდა მოვლენები. თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დავინახოთ რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას, ეს კატეგორიულად მიუღებელია”-განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

  • ყაზბეგში ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

    ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეთთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.არსებული  ინფორმაციით, დაღუპული ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. სავარაუდოდ, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდნის შედეგად დაიღუპა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა.

  • რუსეთის დუმის წევრი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშს ითხოვს-ზურაბიშვილის პასუხი

    სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს რუსეთის დუმის წევრის მოთხოვნაზე -საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადოს სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ტელეკომპანია “კავკასიას” გადამღები ჯგუფი პრეზიდენტს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა, თუმცა არც მიმდინარე პროცესებსა და არც კონკრეტულად ამ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას არ უპასუხა.

    თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციების გამო საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიში დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჯაბაროვმა მოითხოვა და საქართველოს უკრაინაში განვითარებული მოვლენების სცენარითაც დაემუქრა.

    რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ პირველი ნაბიჯი ბოდიშის მოსახდელად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადადგას. ჯაბაროვი საქართველოს ხელისუფლებას ასევე აფრთხილებს, რომ თუ ვერ შეძლებს , კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსაც ისეთივე ძვრები ელოდება, როგორიც უკრაინაში მოხდა.

  • აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკი ქვებით მოაპირკეთა

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკის გამაგრება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2 “ავრცელებს.

    გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად, საზღვრები არ მოხსნილა არც უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზაზე. უძველესი მონასტერი ისევ ჩაკეტილია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არც სასულიერო პირებს და არც მომლოცველებს ტაძრებთან არ უშვებენ.

    „ის გზა ხომ ბოლომდე არ მოდიოდა ჩიჩხიტურამდე, იქიდან, იმ გზიდან ბილიკი გამოაგრძელეს, დაახლოებით, 100 მეტრი იქნება ის ბილიკი, რომელიც უერთდება, თითქმის, ქედთან ძველ ბილიკს, რითაც წლებია, სარგებლობენ იმათი მესაზღვრეები. მათ სასაზღვრო ბაზა სადაც აქვთ, იქიდან, საიდანაც დადიან, იმას უერთდება. წინა დღეებში გააკეთეს. ჩიჩხიტურთან მოდის, უერთდება ძველ ბილიკს და მოდის. ჩიჩხიტურამდე, იმედია, ქვაფენილს არ დააგებენ, ქვებს არ დაალაგებენ,“ – განუცხადეს დავით გარეჯში „კურიერს.“

    გიდები ამბობენ, რომ ტურისტები ვერ ნახულობენ იმ ადგილებს, რაც ყველაზე მეტად ლამაზი და საინტერესოა, მათ ადგილობრივი მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია და გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.

    შეგახსენებთ, რომ უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი  გზა მაისში ჩაიკეტა და მას შემდგე არ გახნსილა. სარემონტო სამუსაოებს გზებზე აზერბაიჯანული მხარე ატარებს.

  • არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე-ციხელაშვილი

    არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე-აღნიშნულია  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი ინფორმაციით,   24 საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს. 

    „სხვადასხვა არხების, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა გადმოსულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა, რომ რუსული ბარიერები დაეძლია.

    ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვის უწყებასა და განათლების სამინისტროს გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ. ამ დროისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში.

    მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150-ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში.

    სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის, ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში. 

  • მესის უიღბლობა გრძელდება – ბრაზილიამ არგენტინა კოპა ამერიკას გამოთიშა

    დღეს გამთენიისას კოპა ამერიკის ნახევარ ფინალში ბრაზილია არგენტინას უპირისპირდებოდა. მატჩი ბრაზილიაში იმართებოდა და ადგილობრვირი პუბლიკაც შედეგით გახარებული დარჩა.

    ბრაზილიელებმა ფირმინოს და გაბრიელ ჟესუსის გოლებით 2-0 სძლიეს არგენტინას და ფინალში ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

    სალესაომ ანგარიში 19 წუთზე გაბრიელ ჟესუსის გოლით გაიხსნა. ამის შემდეგ იყო შანსები ორივე გუნდის კართან. პირველი ტაიმის მიწურულს არგენტინელებს მატჩის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ,თუმცა აგუეროს დარტყმული ხარიხამ მოიგერია.

    ისევე როგორც პირველ ტაიმში, მეორეშიც ორივე გუნდი აქტიურობდა, თუმცა საბოლოოდ მეორე გოლი ისევ არგენტინის კარში გავიდა. გაბრიელ ჟესუსის პასის შემდეგ რობერტო ფირმინო გამოირჩა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. მესის სანაკრებო ტიტული კვლავ გადაიდო.

  • ქეთათო ჩარკვიანი საპროტესტო აქციების მონაწილეებისგან ირაკლი ჩარკვიანის საავტორო უფლებების დაცვას ითხოვს

    მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე, ქეთათო ჩარკვიანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ირაკლი ჩარკვიანის საავტორო უფლებების დარღვევის გამო საყვედურობს. საპროტესტო აქციებზე, რომლებიც პარლამენტის წინ უკვე მეთოთხმეტე დღეა იმართება ხშირად ისმის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა “საქართველო.“ გარდაცვლილი მომღერლის მეუღლემ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა:

    “ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტ რყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს.

    უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია – სხვადასხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც ,, მძინარე მზეთუნახავისთვისთვის” ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.

    ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და რათქმაუნდა მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!
    როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვიტონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო,რაღათქმაუნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო.“– წერს ქეთათო ჩარკვიანი.

    მის სტატუსს უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა. მის პოზიციას სამარცხვინო უწოდეს. ქეთათო ჩარკვიანი 20 ივნისის შემდეგ სოლიდარობას გამოხატავდა დაშავებული ადამიანების მიმართ. ამაზე ფეისბუქზე გამოქვეყნებული მისი ფოტოები მეტყველებს.

  • ხაშურში ,,თვალახვეული” ჩიტის ბუდეები გაიყიდება

    ხაშურში ,,თვალახვეული” ჩიტის ბუდეები გაიყიდება. 

    ჩიტის ბუდეები, რომელსაც ახვეულ თვალზე ოკუპაციის სიმბოლო 20% აწერია სოციალურ ქსელში გამოჩნდა. მისი შემქმნელი  რამაზ გრიგალაშვილია, რომელიც ხაშურში ჰამაკებსა და სხვადასხვა დეკორაციას ყიდის. ჩიტის ბუდეებს კი  ხაშურში სულ მალე  გამოიტანს გასაყიდად.