Category: არქივი

  • “ამბოხი არ შეიძლება გახადო დასაცინი საქმე.ყველაფრის პაროდირება არ შეიძლება“–დავით ჭიჭინაძე

    “ღმერთმა დაიფაროს და ამ ქვეყანაში ვიღაცამ მართლა რომ გადაწყვიტოს ეგეთი რამ, არავინ აღარავის არაფერს დაუჯერებს,” – ასე აფასებს „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძე თანაგუნდელების ბრალდებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია გადატრიალებას აპირებდა.
    მისი თქმით, მმართველი გუნდის არგუმენტები, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა, სასაცილოა. ჭიჭინაძე ურჩევს მმართველ გუნდს ნუ იქცევიან პროვოკატორად.
    „ესეთი სცენარების დაწერა არ მგონია “ქართულ ოცნებას” სიკეთეს მოუტანს, ყველაფრის პაროდირება არ შეიძლება. ამბოხი არ შეიძლება გახადო დასაცინი საქმე. ამბოხის ხალხს უნდა სჯეროდეს და როცა ასეთ ვერსიებს ავრცელებს ვფიქრობ დასაცინს გახდი. ღმერთმა დაიფაროს და ამ ქვეყანაში ვიღაცამ მართლა რომ გადაწყვიტოს ეგეთი რამ, არავინ აღარავის არაფერს დაუჯერებს.
    “მახსოვს ყოველი არჩევნების წინ განცხადებები, რომ ქვეყანაში რევოლუციაა, გადატრიალებაა, ეს მზადდებოდა, ამას ხელს უწყობდა სააკაშვილის განცხადებები, მაგრამ მე მაშინ უმრავლესობის წევრი ვიყავი, ბევრი კითხვები არსებობდა და არასოდეს პასუხები არ იყო ვინ გეგმავდა და რას გეგმავდა, ვფიქრობ ჯობს გამოვიდეს “ქართული ოცნება” ამ ილუზიიდან, ნუ ემსგავსებიან პროვოკატორებს,“-ამბობს ჭიჭინაძე.
  • “ფორსაჟი 9” ფილმის 10 წუთიან მონაკვეთს საქართველოში გადაიღებენ

    „ფორსაჟი 9“ ფილმის  10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ.  ინფორმაციას ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
    თბილისს ჰოლიბუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, ხოლო გადაღებები აგვისტოში იგეგმება. 

    როგორც ირკვევა ჩამოჰყავთ სპეცტრაილერი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ბეთანიაში სიმაღლიდან გადმოვარდება. “ფორსაჟი 9”-ის გადაღებაზე თბილისში 5 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. 

    გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტება. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზეც. 

    „ფორსაჟი 9″  ტელეეკრანებზე  2020 წელს გამოჩნდება, ფილმის მსახიობები ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი და სხვები არიან.

  • მთავრობამ ჯიპების შესაძენად 9 მილიონი ლარი გამოყო

    საქართველოს მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ავტომობილს – ჯიპს ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ  ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, მანქანის ფერი.

    შესყიდული ავტომობილი უნდა იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და  სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

    მთავრობას 2019 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა სურს და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 045 000 ლარია.

    „შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული განსაზღვრული III კლასის (მაღალი გამავლობა – ჯიპი) 135 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.

    შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

    შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.“- ნათქვამია სატენდერო მოთხოვნებში.

    წინადადებების მიღება 8 ივლისიდან იწყება და 9 ივლისს მთავრდება.

    მთავრობის მიერ მანქანების შეძენას გამოეხმაურა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელმაც განმარტა, რომ 135 ჯიპი მაღალი თანამდებობის პირებისთვის არ არის განკუთვნილი.

    „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 44 სხვადასხვა უწყებისთვის 135 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სამორიგეო, მომარაგების ან/და სხვა სპეციფიური საქმიანობის განსახორციელებლად თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების კონსოლიდირებული წესით შესყიდვას გეგმავს.

    აღნიშნული შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან, მთის კურორტების განვითარებასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.

    სატრანსპორტო საშუალებების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილებით. აღნიშნული ტენდერი 3 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 9 ივლისს მთავრდება.

    კონსოლიდირებული ტენდერის საორიენტაციო ღირებულება 9 045 000 ლარია, რაც მოიცავს როგორც ავტომობილის ღირებულებას, ასევე გარანტიის ფარგლებში (150 000 კმ. გარბენი ან/და 5 წელი) სავალდებულო პერიოდულ ტექმომსახურებასა და საწვავის ხარჯებს.

    შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენა საჭიანი.

    სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • პოლიციამ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა

    სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

    შსს-ის ცნობით, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „ობშიაკს“ და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის – მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა.

    შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ჭელიძის თქმით, დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა – ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებ კი წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

    „დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს. აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა,“ – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

  • “ხელისუფლებამ შეწყვიტოს მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება“ – აქციების ორგანიზატორების განცხადება

    აქციების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. აქციების ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ როდესაც 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს, რომ სხვების პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.

    აქციის ორგანიზატორები მიუთითებენ, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაშავებულ ჟურნალისტს და კიდევ ასობით დაშავებულ მოქალაქეს.

    „იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს” – ი. ჭავჭავაძე. და რადგან სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს:

    ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამართლის და მართლმსაჯულების მის კრიტიკოსთა წინააღმდეგ შერჩევითად, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და შეეგუოს, რომ განსხვავებული აზრი, კრიტიკა, თუნდაც მწვავე, ხშირად მისთვის აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელიც კი, დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია; მაშინ როდესაც მომხდარზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სხვების პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.

    ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუციები არა მინისტრების და შენობების, არამედ ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ამიტომ, თუ ამ ქვეყანაში რამე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს, ეს სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გამოცხადებული ნადირობის სეზონია.

    კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის შესახებ ქართველი ხალხის მიერ საჯაროდ გაცხადებული ნება უბრალო და უმოქმედო ტექსტად რჩება, როცა ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გავრილოვი სიმბოლოდ იქცა იმ შეფუთული პრორუსული პოლიტიკის, რომელმაც ჩვენი ღირსეული, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა.

    სახელმწიფომ პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის მიმართ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოები არ უნდა მოქმედებდნენ კონვეიერულად, საბჭოთა სასამართლოს ტრადიციათა დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდებოდა 21 ივნისს, დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების განხილვისას;

    სახელმწიფომ ყველა პირის მიმართ უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრეზუმფციის დაცვითა და პატივისცემით. ადამიანთა დაკავება და დაპატიმრება უნდა იყოს ხელისუფლების არა თვითმიზანი, რაც სადამსჯელო ელემენტებს მოიცავს, არამედ უკიდურესი აუცილებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებლად იქნება მიჩნეული მართლმსაჯულების განხორციელება;

    ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაზიანებულ ჟურნალისტს, ასობით დაშავებულ მოქალაქეს, რომელთა ნაწილს მთელი ცხოვრება დაღად დარჩებათ ქართული პოლიციის იარაღებიდან ნასროლი ტყვიების კვალი და გიორგი გახარიას გადაყენებით შეეცადოს ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც “გავრილოვის ღამის” სახელით დარჩება საქართველოს ისტორიაში!” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • “ეზოს” ფესტივალი ტურისტებს უფასო მოსაწვევებს ჩუქნის

    ეზო ფესტივალი კამპანიას #spendyoursummeringeorgia უერთდება. ფესტივალის სეზონის დახურვაზე “ეზო”  ტურისტებს 100 უფასო მოსაწვევს  აჩუქებს. ამის შესახებ მზესუმზირა სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

    “ტურისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, ეწვიონ თუ არა საქართველოს! ეზო ფესტივალი საჩუქრად გასცემს მოსაწვევებს ფესტივალის დახურვისთვის (ივენთი) იმ ტურისტებზე, რომლებიც ამ პერიოდში საქართველოში იქნებიან. გამარჯვებული იქნება პირველი 100 ტურისტი, რომელიც ამ პოსტის ქვეშ დაწერს კომენტარს. გამარჯვებულებს დავუკავშირდებით და გადავცემთ მოსაწვევებს. ამით ეზო ფესტივალი უერთდება კამპანიას #spendyoursummeringeorgia. ჩვენ, კომუნა მზესუმზირას, გვჯერა, რომ მომავალი დასავლურ ღირებულებებში და იმ ხალხშია, რომელმაც ჩამოაყალიბა ესღირებულებები. გვჯერა რომ ჩვენი მიზნების მიღწევა მხოლოდ მათთან ერთადაა შესაძლებელი.”- წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.

    ორგანიზატორები ასევე წერენ რომ დააჯილდოებენ პირველ 100 ტურისტს, რომელიც პოსტზე დააკომენტარებს.

  • საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასურის ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად სცნო

    საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასური, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის 0.50 ლარს შეადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო.

    მოსარჩელე მხარე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ იყო. 

    მოსარჩელე მხარის განმარტებით, აბონენტს 112-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც მათი მტკიცებით, არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მათივე არგუმენტით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ 112-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო.

    “საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული”, — აღნიშნულია საკონსტიტუციოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ” გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას, ახალგაზრდების აქციის გაბანძება არ გამოგივათ”- გვარამია

    რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რა ჩანაწერიც არ უნდა გაავრცელოს ახალგაზრდების აქციის წინააღმდეგ მათ არაფერი არ გამოუვათ. ის ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
    “ახლა მიმდინარეობს ჭორის ცირკულირება, რომ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს. ცხადია, ბიძინას შავრაზმელი ჟურნალისტები ამოქოქეს და ყველამ დამირეკა კომენტარისთვის.
    რეჟიმის დამქაშებო, ტყუილად ირჯებით. ჯერ ერთი, მე თვითონ არ ვმალავ, რომ სააკაშვილსაც ვესაუბრები და ის ძირითადად ჩემგან იგებს მიმდინარე მოვლენებს. მეორე, არც ერთი საუბარი არ არსებობს პარლამენტის მოვლენების წინმსწრები, რადგან ეს მოვლენები არც სააკაშვილის შემოქმედებაა და არც რ2ის – გაბრაზებული ქართველი პატრიოტების სპონტანური შეკრებაა, რომელთა 95% არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა და ჩვენი ყოვლისმცოდნე ტელევიზიისთვისაც კი სიურპრიზი იყო. მესამე, თუ “ამბოხი, რასაც უნდა მოყოლოდა რეგიონებში არეულობა” რეგინოების მსხვილ ქალაქებში მიტინგებს მოიცავს, ეს სააკაშვილისგანაც გამიგია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებისგანაც და სრულიად სწორიცაა ტაქტიკური თვალსაზრისით და ლეგიტიმურიც – კონსტიტუციური თვალსაზრისით. თუ უკვე მიტინგი ინტერპრეტირდება, როგორც ამბოხი, მაშინ დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ – სალამი ჩრდილოეთ კორეა.
    ასე რომ, გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას და არ გამოგივათ არც ახალგაზრდების აქციის გაბანძება (სააკშვილიც და მეც საერთოდ არ ვაღელვებთ) და არც პოლიტიკური კლასის ციხეებში ჩაყრა. თუ მაინც დააპირებთ, მხოლოდ თქვენი ციხეებით დაასრულებთ და ოპოზიციის და ამ ქვეყნის პატრიოტების (ჩემი ჩათვლით) ვერანაირი კეთილი ნება, გამოცხადდეს პოლიტიკური ამნისტია, ვეღარ გიშველით.”

  • მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ჯამური ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება

    „თიბისი კვლევების“ ივნისის თვის მაკრო ეკონომიკური მიმოხილვისა მიხედვით, გლობალური ზრდის პროგნოზები შემცირდა. ამასთან, აშშ დოლარი შედარებით დასუსტდა და ასევე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობა.

    მაისის თვეში ეკონომიკის ზრდამ საქართველოში 4.7% შეადგინა. მაშინ, როდესაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების გამო, ექსპორტი და სამშენებლო სექტორები სუსტი იყო, ტურიზმისა და გზავნილების ზრდის ტემპი მაღალი იყო. ასევე ძლიერი იყო ფისკალური სტიმული და შეინიშნებოდა საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპის დასტაბილურება. ძლიერი ფისკალური სტიმულის მიუხედავად, საგარო ბალანსი უმჯობესდებოდა.

    ბოლო პერიოდში არსებული შემცირების დინამიკის შემდეგ, ივნისში თურქეთიდან ვიზიტორების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. აღნიშნული, სხვა წყაროებიდან მზარდ ნაკადებთან ერთად, ამყარებს პროგნოზს რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისამდე, როდესაც ტურისტების მატება რუსეთის გადამწყვეტი წვლილის გამო 18%-მდე გაიზარდა, ტურიზმის ზრდის ტემპი საკმაოდ ზომიერი იყო.

    ლარის გაცვლითი კურსი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლებისა და ღვინის ექსპორტის ნაწილის შეზღუდვების გაჟღერებამდეც, არაერთი შეფასებით გაუფასურებული იყო. საბაზო სცენარით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი წმინდა დანაკარგი შემოდინებებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რაც საგარეო დისბალანსს გამოიწვევს. საგარეო ბალანსი მაინც დადებითი, თუმცა უფრო ზომიერი იქნება. ამასთან, ლარის არსებული რეალური ეფექტური კურსის პირობებში, მნიშვნელოვნად იზრდება ინფლაციის რისკები. არსებული შეფასებებით, ევრო/დოლარის, დოლარის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი რეგიონული ვალუტებისა და სასაქონლო ფასების სტაბილურობის პირობებში, 5%-მდე ინფლაციის მისაღწევად დოლარი ლარის გაცვლითი კურსი 2.7-ზე რამდენადმე მყარი უნდა იყოს.

    ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში 4%-იანი ზრდა რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს.

    იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც გამოქვეყნდება საიტზე www.tbcresearch.ge.

    თუ გსურთ, „თიბისი კვლევების“ პუბლიკაციების მიღება, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელექტრონული მისამართი „subscribe“ უჯრაში ამავე საიტზე.