Category: არქივი

  • პროტესტის მეჩვიდმეტე დღეს თავისუფლების მარში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით გაიმართება

    გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტი გრძელდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, 19 საათზე თავისუფლების მარში დაიწყება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე გამართავენ.

    მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

    რუსთაველის გამზირზე უკვე ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო, გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

    7 ივლის კი, პარლამენტის წინ მდებარე სცენა მწერლებსა და პოეტებს დაეთმობა.

  • “ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამ დანაშაულს!“–ლევან ბერძენიშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

    ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე მეჩვიდმეტე დღეა საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ, სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი მიმართავს.
    “საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი დღე, არცერთი წამი, როდა მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის. ჩვენ ჩვენი მორიგეობა მოვიხადეთ როგორც მოვალეობა და თქვენ ჩაგაბარეთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არსად არ მივდვართ, არ წავსულვართ, თქვენთან ერთად ვიბრძვით. როდესაც ერთად ბრძოლაში ვართ, კარგად გვესმის, რომ ახლა უპირველეს ყოვლისა თქვენი დროა. თქვენ ყოველდღე მოდიხართ აქ როგორც სამსახურში, თქვენი ქვეყნის სამსახურში. როგორც გოეთემ თქვა, თავისუფლებას და სიცოცხლეს ის იმსახურებს, ვინც იგი ყოველდღიური ბრძოლით მოიპოვა.
    თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, დაბადებული თავისუფალ ქვეყანაში. რომელიც ბოროტებას ეუბნება არას. მონობას ეუბნება არას. ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა. ეს არ არის გახარიას ქვეყანა. ეს არც სამარცხვინო პარლამენარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა.
    ეს თქვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა.
    ჩვენ თავისუფლებას ვერავინ ვერ დაგვითრგუნავს, ვერავითარი მეფე, ვერავითარი ბიძინა ივანიშვილი, ვერავითარი გახარია, ვერავითარი უდღეური საქართველოს მთავრობა.
    საქართველოს არ ეკადრება ასეთი ხელისუფლება რომელიც საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს არბევს, ტყვიებს უშენს და თვალებს თხრის.
    ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამ დანაშაულს. და სანამ სული გვიდგას არ დავნებდებით
    თქვენ არ დანებდებით. ბოროტებას ჩვენ ერთად ვეტყვით – წადი! “

  • “ამ ახალგაზრდებთან დაპირისპირება კალენდართან ომია. გათავებულია ამ ხელისუფლების საქმე“–დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ პროცესებსა და ივანიშვილის ხელისუფლების პერსპექტივებზე წერს:

    „შვიდი წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მთავარი პროპაგანდისტული თეზა იყო ნაცმოძრაობის მობრუნების საფრთხე. ამაზე იყო აგებულ-აშენებული ყველაფერი. მთელი პოლიტიკური პროცესი მოწოდებული იყო როგორც ორი გიგანტური ფიგურის, მიშას და ბიძინას დაპირისპირება. ეს იყო ჭეშარიტად მანიქევლური მითი, სადაც მიშა გახლდათ ბოროტი არიმანი თავისი ცხრაწელით, ხოლო ბიძინა კეთილი ორმუზდი, რომელსაც შესაძლოა ყველაფერი ვერ გამოსდის მთლად კარგად, მაგრამ არიმანულ-ნაცური შემზარავი ალტერნატივის გამო მაინც რჩება ერთადერთად და განუმეორებლად.

    ეს პოლარიზაცია, ეს პოლიტიკური მანიქეიზმი ამ შვიდი წლის მანძილზე გახდა ქართული პოლიტიკური პროცესის ნამდვილი წყევლა და არა მარტო პოლიტიკური პროცესის. ეს შავ-თეთრი ნაცქოცობა შემოიჭრა ყოველდღიურობაში, ოჯახებში, სამეგობროებში… პრაქტიკულად ყველანაირი ფაქტის შეფასება ნებსით თუ უნებლიედ ხდებოდა ამ მახინჯი მოცემულობის პირობებში. კანონი, მორალი, სრულიად ელემენტარული სამართლიანობის განცდა მთლიანად გადაფარული იყო (და დიდწილად ახლაც არის) ორპოლუსიანი რეალობით, რომლის დროსაც საწინააღმდეგო პოლუსის მიმართ ყველაფერი მოსულა.
    ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ორპოლუსიანობა ასე თუ ისე სულ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა და ადმინისტრაციული რესურსი პლუს დემონიზებული ნაცების წინაშე შიში გადაულახავ დაბრკოლებად ჩანდა სრულიად ოპოზიციისთვის.
    და აი, 20 ივნისის ღამის მერე ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა სასწაული. დიახ, მან მოახერხა და “გავრილოვის ღამით” და ამის შემდგომ ახალგაზრდობის საპროტესტო აქციებზე არაადეკვატური რეაგირებით მიშა-ბიძინას და ნაცები-ქოცების დაპირისპირება გადაზარდა სრულიად სხვა ტიპის დაპირისპირებაში. მან მოახერხა და თავისი უპრინციპო პადხალიმების გუნდთან ერთად დაუპირისპირდა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი ევროპული ტიპის ინსტიტუციურ დემოკრატიად წარმოუდგენია და არა ერთი კაცის ბაღჩა-ბოსტანად.
    დიახ, ეს ღირებულებითი პოზიცია აერთიანებს დღეს რუსთაველზე შეკრებულ საკმაოდ ჭრელ საზოგადოებას სადაც ნაცი და ქოცი მეასეხარისხოვანია ამბავია და სულ ამაოა კვლავ ამ კარტის გათამაშების მცდელობა. ამაოა, რადგან ამ აქციის კონტექსტში დღეს საზოგადოებას ყოფს უკვე არა ნაც-ქოცობა (ინერცია ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ეს მხოლოდ ინერციაა), არამედ პროგრესი და რეგრესი, განვითარება და ჩამორჩენილობა, პროდასავლურობა და ასავალ-დასავლურობა, მრავალფეროვნება და ერთსახოვნება, ტოლერანტობა და შეუწყნარებობა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსება და ოკუპანტის წინაშე ქლესაობა მაყუთის გაჭრის მიზნით, ახალგაზრდული იდეალიზმი და საბჭოურ-კორუმპირებული “გაგება”.ერთ მხარეს ფერადი საქართველოა, მეორე მხარეს შავ-თეთრი. ერთ მხარეს ევროპაა, მეორე მხარეს საბჭოთა კავშირის ნარჩენები.
    დიახ, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მიმართ დამოკიდებულება დღეს სწორედ ამ ნიშნით განირჩევა და არა ნაცმოძრაობის მიმართ დამოკიდებულებით. ეს ტრენდი ჯერ ახალია, მაგრამ მზარდი და შეუქცევადი.
    გადაუჭარბებლად შეძლება ითქვას, რომ ეს არის არა მარტო სრულიად ახალი რეალობა, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი “ქართული ოცნების” სრული კრახი, ანუ, მათთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, “პოლნი პიზდეცი”. მე არ ვიცი რა ციფრებში და რა პროპორციებში გაფორმდება ეს არჩევნების შედეგად, მაგრამ ოდეს ყოფილა აქამომდე ახალგაზრდობასთან, ანუ მომავალთან და ხვალინდელ დღესთან ბრძოლა მოეგოს ვინმეს? და ის ზღაპრები არ გვინდა, რომ იქ ახალგაზრდობის ნაწილი დგას. იქ დგას ამ ქვეყნის ახალგაზრდობის საუკეთესო, განათლებული და წარმატებული შემადგენლობა, რომლებიც თავის თაობის ერთგვარი როლ-მოდელები, ანუ ორიენტირები და ტრენდის კანონმდებლები არიან და რომლებიც ყველა ვარიანტში მოვლენ და ჩაიბარებენ ამ ქვეყანას. ამ ახალგაზრდებთან დაპირისპირება კალენდართან ომია და კალენდართან ომის მოგება კი პრინციპულად შეუძლებელია..
    მოკლედ, ქალბატონებო და ბატონებო, გათავებულია ამ ხელისუფლების საქმე და რაც მალე მიხვდებით ამას ყველა, მათ შორის ხელისუფლებაშიც, მით უკეთესი თქვენთვის.“
  • ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას პარლამენტთან აქციაზე აღარ დაუკრავენ.ქეთათო ჩარკვიანის პრეტენზიები დაკმაყოფილდა

    „როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო,“ – ეს სტატუსი მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს, ქეთათო პოპიაშვილს ეკუთვნის,რომელიც მან ფეისბუქზე ორი დღის წინ გამოაქვეყნა.
    ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ  საპროტესტო აქციებზე “მეფის” შემოქმედების უნებართვოდ გამოყენებით, მისი უფლებები დაირღვა. ქეთათოს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს.
    ქეთათო ჩარკვიანის ამ სტატუსს სოციალურ ქსელებში უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მის პოზიციას სამარცხვინოს უწოდებდნენ და ასეულობით ადამიანი სინანულს გამოთქვამდა, რომ მათი კუმირის მეუღლემ მათ იმედი გაუცრუა და ახალგაზრდობის საპროტესტო აქცია არ არის ის ადგილი, სადაც საავტორო უფლებებზე დავა გამართლებულია.  დღეს ეს სტატუსი ფეისბუქზე აღარ იძებნება, თუმცა ქეთათო ჩარკვიანს პოზიცია არ შეუცვლია.
    ის ამბობს, რომ მან საკუთარ Facebook სტატუსში არა აქციის მონაწილეები, არამედ ორგანიზატორი და, მისი ინფორმაციით, მუსიკის გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი, ლექსო მაჭავარიანი იგულისხმა. ქეთათო არ გამორიცხავს, რომ თუ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას მისი ნებართვის გარეშე კიდევ გაუშვებენ, აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
    “როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ,” – აცხადებს ქეთათო პოპიაშვილი.
    ირაკლი ჩარკვიანის მეუღლის პოზიცია მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის. თუმცა ამის მიუხედავად ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება მუსიკალური სიიდან აქციის ორგანიზატორებმა უკვე ამოიღეს. ფიქრობდნენ, რომ ჩარკვიანის შემოქმედება ხალხს და უსამართლობაზე გულანთებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ, ამიტომაც არ აიღეს ნებართვა ჩარკვიანის მემკვიდრისგან.
    მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. პარლამენტის წინ გამართულ კონცერტში მონაწილეობა ორგანიზატორებმა ქეთათოსაც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. სჯერათ, ირაკლი ჩარკვიანი ახლა ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად იდგებოდა რუსთაველის გამზირზე და აუცილებლად იმღერებდა ”საქართველოს”.
  • პარლამენტის წინ აქცია დაიწყო

    ქვეყნის სამსახურში! – პარლამენტის წინ პროტესტი გრძელდება. აქციის მე-16 დღე, სიტყვით გამოსვლებს დაეთმობა. მწერლები, პოეტები და  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მიმართავენ. 

    აქციის მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

  • მწერალთა სახლი ააფეთქა და წავიდა-ლაშა ბუღაძე გიორგაძის გადადგომაზე

    ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება.

    “საქმე გააფუჭა – ეროვნული წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი ააფეთქა და წავიდა. და გაფუჭებულს ვინ გამოასწორებს? რამდენი დრო დაიკარგა და რამხელა მნიშვნელობის პროცესი დაზიანდა! რაც მალე აღდგება სტატუს-კვო ამ ორ უწყებასთან მიმართებით, მით მალე შევძლებთ იმ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესის გაგრძელებას, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს სტუმრობით დაიწყო”-წერს ბუღაძე. 

    მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. მან  განმარტა, რომ მისი გადადგომა რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას არ უკავშირდება.

  • 20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

    20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს.

    ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს.

    მათ შორის ერთ-ერთი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. 

    დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

  • “ჯიპების აუცილებლობას ვერ ვხედავ” – კახა კალაძე

    “ჯიპების აუცილებლობას ვერ ვხედავ,“ –  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით  გააკეთა, რომლის მიხედვითაც მთავრობა მზადაა 9 მილიონი გადაიხადოს 135 მანქანის შეძენაში.

    კალაძე ამბობს, რომ გამოცხადებული ტენდერის დეტალები მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა დედაქალაქის მერი ჯიპების აუცილებლობას ვერ ხედავს.

    „ზოგადად, რამდენად აუცილებელია, იმასაც ვერ გეტყვით, მე მგონი, ჯიპების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ პირადად,“ – განაცხადა კალაძემ.

  • ამბროლაურის მერიამ გართობაზე 5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე სოციალურ პროგრამებში

    ამბროლაურის მერიამ გართობაზე 5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე სოციალურ პროგრამებში-აღნიშნული მონაცემები ფლანგვის დეტექტორმა გამოაქვეყნა.

    მონაცემების მიხედვით, ამბროლაურის მერიამ გართობასა და დასვენებაზე 1,4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო სოციალურ პროგრამებზე 265 ათასი ლარი.

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციითვე, ამბროლაურში ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია.

  • “ყველას მოვუწოდებ, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება” – პრეზიდენტი

    “მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო – სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რეთ თქვე­ნი შვე­ბუ­ლე­ბა ამ წელს,“ – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა­ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ბათუმში გა­ნა­ცხა­და. სალომე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წევ­რებს შეხ­ვდა, სადაც აჭარის  რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­ნი­ხი­ლეს.

    „აჭა­რის მთავ­რო­ბას­თან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ კუ­თხით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტია ამ რე­გი­ონ­ში. აქ არის ძა­ლი­ან მზარ­დი ტუ­რიზ­მი, თუმ­ცა ვი­ცით, რომ დღეს არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის, რომ რე­ა­ლუ­რად არ შე­ნე­ლე­ბუ­ლა ის მზარ­დი ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ო­ნის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რეთ თქვე­ნი შვე­ბუ­ლე­ბა ამ წელს. ამ გან­ცხა­დე­ბას გა­ვა­კე­თებ ძა­ლი­ან მალე ბა­თუმ­ში და­გეგ­მილ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი მა­ღა­ლი დო­ნის პარტნი­ო­რი ჩა­მო­ვა,“ – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

    დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონგრესი  გახსნა, რომელიც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით  ჩატარდა.