Category: არქივი

  • ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა.

    შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა ღამის 2 საათზე რამდენიმე საათით შეწყვიტა. გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიასთან წუხელ განვითარებული მოვლენების გამო მიიღო.

    გუშინ, ტელეკომპანია” რუსთავის 2-ის” ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართვას, რომელიც პუტინის მისამართით გინებას შეიცავდა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება, მოჰყვა. სხვადასხვა ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები ტელეკომპანიასთან შეიკრიბნენ და გიორგი გაბუნიას არხიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

    მაუწყებლობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

    ამ დროისთვის “რუსთავი 2” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

  • “ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით“–გია ხუხაშვილი

    რუსთავი ორის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საეთერო მონოლოგს, რომლის დროსაც მან რუსეთის პრეზიდენტს აგინა, და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს:

    “ყველა შევთანხმდით, რომ გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში.

    მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა.
    1. დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს.
    2. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა.
    3. ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.
    4. კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში.
    5. გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას.
    თუ მართლა გეშინიათ, გცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ.“– ამბობს ხუხაშვილი.
  • თბილისი პრაიდის ღირსების მარში 8 ივლისს აღარ ჩატარდება

    დღეს დაგეგმილი ლგბტ თემის ღირსების მარში აღარ შედგება, ამის შესახებ  თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა, ინფორმაციამ მსვლელობის დროის და ადგილის შესახებ გაჟონა, რის გამოც რადიკალთა ჯგუფის წევრებმა კონტრაქციის დაორგანიზება დაიწყეს, აქედან გამომდინარე პრაიდის ორგანიზატორებმა მსვლელობის გადადება გადაწყვიტეს. სოციალურ ქსელში კონტრაქციის მონაწილეებს შს სამინისტროს შენობასთან მისვლა გურამ ფალავანდიშვილმა მოუწოდა. სწორედ შს სამინსიტროს შენობასთან იგეგმებოდა ხვალ დილის 09:00 საათზე მსვლელობა.

    თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო დღეს 8 ივლისს უნდა ჩატარებულიყო.

  • “გაბუნიას გამოსვლა “რუსთავი 2″-ის ეთერში, არ არის ამხელა აჟიოტაჟის საფუძველი”-ილიაუნი

    “სასურველია რომ მსგავსი ოპერატიული პასუხი ამ ადამიანებს ჰქონოდათ გავრილოვის პარლამენტში ვიზიტზე და ოკუპანტთა სხვა აქტივობებზე,”-ასე ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა გიორგი გაბუნიას მონოლოგზე, ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სტუდენტების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის, რაც გაბუნიამ ტელეეთერით გააჟღერა, ამხელა აჟიოტაჟის საფუძველი არ არის.

    “მოგესალმებით, გიორგი გაბუნიას სიტყვა და გამოსვლა “რუსთავი 2″-ის ეთერში, ვფიქრობთ საერთოდ არ არის ამხელა აჟიოტაჟის საფუძველი. სასურველია რომ მსგავსი ოპერატიული პასუხი ამ ადამიანებს ჰქონოდათ გავრილოვის პარლამენტში ვიზიტზე და ოკუპანტთა სხვა აქტივობებზე. გაბუნიამ გააჟღერა ის, რასაც ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, მეორე საკითხია ეს რამდენად ეთიკური ან არაეთიკური იყო. დღეს არსად არ ვიკრიბებით არც ხვალ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მოგახსენათ რაც არის,”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • რუსთავი2–მა მაუწყებლობა შეწყვიტა

    სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -მა მაუწყებლობა შეწტყვიტა, ეს განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. რუსთავი 2 ის ოფისთან მიმდინარე აქციაზე შს სამინისტრომ ვერ შეძლო, რუსთავი 2 ის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, განხორციელდა თავდასხმები კურიერის ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ამიტომ რუსთავი 2 მა, მიიღო გადაწყვეტილება გაეთიშა მაუწყებლობა ვიდრე არ მოხდება არხის უსაფრთხოების დაცვა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო რუსთავი 2 ში შემოჭრის მუქარა და ტელევიზიის შენობას ესროლეს სხვადასხვა საგნები.
    ეს უკიდურესი ნაბიჯი გადავდგით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ და გადასაღებ მოედანზე მყოფი ჟურნალისტები არიან საფრთხეში.
    მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალოება და უზრუნველყოს რუსთავი 2 ის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების დაცვა.
    მზად ვართ რუსთავი 2 ის მაუწყებლობს აღსადგენად იმავე წუთს როგორც კი ხელისუფლება შეასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაიცავს, არხის და მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას.
  • 12 წლის ქართველმა ბიჭმა უკრაინულ “Voice”-ში გაიმარჯვა

    12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ მუსიკალურ კონკრუს საბავშვო “Voice”-ში გაიმარჯვა.

    ალექსანდრე ზაზარაშვილმა პროექტში გამოჩენისთანავე ფურორი გამოიწვია. მან ე.წ. ბრმა მოსმენის დროს სიმღერა “All by myself” შეასრულა და ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა. აცრემლებული ჟიური ბიჭის ვოკალურმა შესაძლებლობებმა აღაფრთოვანა.

    ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში ექვსი ბავშვია. ფინალში მან ნინო ქათამაძის სიმღერა “ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა.

  • “პირადად მე ვიხდი ბოდიშს, იმის გამო, რაც დღეს მოვისმინეთ” – ეკა კვესიტაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე

    „ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ეთიკის და სტანდარტის წინაშე, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ეთიკას და სტანდარტს,“ – ეს განცხადება „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ გააკეთა. ეკა კვესიტაძე, გადაცემა “კურიერი P.S.”-ში, მისი წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ შესავალ სიტყვას გამოეხმაურა, სადაც გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა.
    „ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ გავიარო ზუსტად იმ ხაზზე, სწორად, რომელზეც ახლა გავიარო, რადგან ეს ჩემთვის იყო ძალიან მძიმე ამის მოსმენა, იმიტომ რომ მე ამ არხის თანამშრომელი ვარ და მე ზუსტად ვიცი, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავხდეთ ჟურნალისტები, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ერთ რამ, რომ ჩვენ გვაკისრია უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლების წინაშე და ამ ქვეყნის წინაშე და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ „რუსთავი 2“-ის ყველაზე პოპულარული ეთერით. ამიტომ, ნებისმიერი სიტყვა უნდა იყოს შეთანხმებული, ჩემი აზრით, და ნებისმიერ აზრი უნდა იყოს ძალიან დიდი ხნის ნაფიქრი, რომელსაც ჩვენ ამ ეთერში ვამბობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ეთიკის და სტანდარტის მიმართ, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ეთიკას და სტანდარტს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ჟურნალისტები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს თავს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კოლეგებს, როლებიც ამ არხზე მუშაობენ თავდაუზოგავად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არხს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ბრძოლას, პირველ რიგში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, ასეთი ნერვების ფასად გვიჯდება და ეს ბრძოლა არ გადის მარტო ამ არხზე, ეს ბრძოლა გადის ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნებაზე, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივრებს და უნდა ვიცოდეთ, რა პასუხისმგებლობას ვატარებთ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვზივართ. ამიტომ, პირადად მე ვიხდი ბოდიშს, იმის გამო, რაც დღეს მოვისმინეთ, იმ უპასუხისმგებლო ტექსტის გამო.“ – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
  • რუსთავი 2-ის შენობასთან “ოცნების” მხარდამჭერები შეიკრიბნენ

    ამ წუთებში “რუსთავი 2”-ის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი სპონტანურად შეიკრიბნენ, შესაბამისად, მათ ჩამოყალიბებული მოთხოვნები არ აქვთ. შეკრებილთა ნაწილი ითხოვს რომ გიორგი გაბუნიამ ბოდიში მოიხადოს ხოლო შეკრებილთა მეორე ნაწილი კი მთლიანად არხის დახურვას მოითხოვს. ასევე გაიჟღერა განცხადებამ, რომ გაბუნიამ არა მარტო “რუსთავი 2,” არამედ საქართველოც დატოვოს.
    “რუსთავი 2”-ის შენობასთან მოსულმა აქციის რამდენიმე მონაწილემ, ეზოში კვერცხები ისროლა. ცოტა ხნის წინ იყო შეძახილები და მოწოდებები – “შევიდეთ “რუსთავი 2-ში.”
    როგორც ჩანს აქციის მონაწილეებისთვის არ არის ცნობილი იმ განცხადების შესახებ, რომელიც “რუსთავი 2”-მა გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი გაბუნიას განცხადება არხის პოზიციას არ გამოხატავს.
    რუსთავი2–ის გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსკრიპუტმის ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რუსულად მიმართა. მიმართვა ძირითადად გინებას შეიცავდა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2 განცხადებას აკეთებს

  • ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს ხელისუფლების მხრიდან-ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

    გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით ეთერში გაკეთებულ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით თავმჯდომარე ნატა ძველიშვილი ეხმაურება. როგორც ის განცხადებაში აღნიშნავს, გაბუნიას განცხადებაზე მეტად შემაშფოთებელია ის გამოხმაურებები, რომელიც მას მოჰყვა, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხრიდან.
    “ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, თან იმ პირობებში, როდესაც ვცდილობთ კანონმდებლები დავარწმუნოთ, რომ არ შეასუსტოს თვითრეგულირება. ახლა სწორედ ეს დისკუსია გვაქვს ხელისუფლებასთან, რადგან არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ამით ზიანდება მთელი მედიაგარემო. მართლა ვეღარ ავუდივართ ნიშნისმოგებით საუბარს, “აი, ასეთი გადაცემები გინდათ?” კითხვებს. არგუმენტები გვისუსტდება რატომ არ უნდა შეიზღუდოს კონტენტი.
    “ქარტიამ გააკეთა განცხადება, მეტი მას არაფერი შეუძლია. ჟურნალისტიკა არ არის ლიცენზირებული საქმიანობა. ამიტომ სტატუსს ვერავინ ვერავის შეუჩერებს. ქარტია არ არის სადამსჯელო ორგანო, ის თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც უპირველესად მოქალაქეების მიმართვისთვის არის შექმნილი.
    “მიმართეთ თავად მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. სწორედ მენეჯმენტს აქვს პრეროგატივა იმსჯელოს რას და როგორ იმოქმედებს მაშინ, როდესაც ჟურნალისტი არაეთიკურად იქცევა,”-წერს ნატა ძველიშვილი.
  • რუსთავი 2 განცხადებას აკეთებს

    რუსთავი2–ის გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსკრიპუტმის ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რუსულად მიმართა. მიმართვა ძირითადად გინებას შეიცავდა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2 განცხადებას აკეთებს 

    “ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა “პოსტ კრიპტუმში” გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ ტელეკომპანიის პოზიცია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები. გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში როდესაც ჯდება არხის მიერ განსაზღვრულ და ზოგადად საზოგადოებაში დადგენილ ეთიკურობის ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი საავტორო განცხადების გაკეთების დროს, ჟურნალისტმა გაითვალისწინოს ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გარემოებების კონტექსტი. მივიჩნევთ რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვირთრეგულირების ორგანო.

    გარდა ამისა, ტელეკომპანია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება. ტელეკომპანია რუსთავი 2 თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეიცავს ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალურ საფრთხეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე.” –   წერია განცხადებაში