Category: არქივი

  • თიბისი კაპიტალმა ბათუმის უძრავი ქონების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა

    9 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში თიბისი კაპიტალის ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

    ახალ კვლევაში თიბისი კაპიტალი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების განხვავებულ პოტენციალს აღწერს.

    თიბისი კაპიტალს და თიბისი ბანკის ეკონომიკურ ჯგუფს მიაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან ცოტა ხნის წინ დაწესებული ფრენების აკრძალვის ეფექტი მართვადია. ქვეყანაში, ისევე როგორც ბათუმში ტურიზმის ზრდა პოზიტიურ ტრაქეტორიას შეინარჩუნებს, რაც დამატებით განთავების საშუალებებში ინვესტირებას მისცემს ბიძგს.

    პრეზენტაციის დასაწყისში თიბისის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ, ტურისტულ სექტორზე და ჯამურად ეკონომიკაზე რუსეთის სანქციების გავლენაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ეკონომიკის 4%-იანი ზრდა რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს. რუსეთის ყოვლისმომცველი სანქციების ამოქმედების შემთხვეაში, წინასწარი შეფასებებით, ეკონომიკის ზრდა კიდევ დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდებოდა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი არ არის გამორიცხული 3-ზე მცირედით მეტადაც კი გაუფასურებულიყო, თუმცა შემდგომი ეტაპობრივი გამყარების ტრენდით. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ჩანს სანქციები მხოლოდ ტურიზმის სექტორით შემოიფარგლება, ლარი ძალზედ გაუფასურებულია და დაახლოებით 2.7-ის ნიშნულამდე უნდა გამყარდეს.

    თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციების მოცულობა ბოლო 2 წლის მანძლზე ჯამურად 63%-ით გაიზარდა.

    გაყიდული ბინები უმეტესობა პრემიუმ ან დაბალი სეგმენტის ბინებია, მხოლოდ 16% წარმოადგენს საშუალო სეგმენტს. 2018 წლის გაყიდვების 76% ახალაშენებულ ბინებზე მოდის. გაყიდული ბინების 53% მცირე, 50 კვ.მ. ან ნაკლები მოცულობის ბინებზე მოდის. გაყიდვების 60% ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული.

    კვლევაში ტურიზმი ბათუმის უძრავი ქონების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად არის დასახელებული. უცხოელი ვიზიტორები ბათუმის იჯარის ბაზარზე მოთხოვნას ქმნიან. ბათუმში ბინების უცხოელი მყიდველები ძირითადად იმ ქვეყნებიდან არიან, საიდანც ტურისტები.

    უცხოელ მყიდველთა წილი ბათუმის საბინაო ბაზარზე 2018 წელს 36% იყო. ამ მხრივ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები აქტიურობდნენ, მათ შემდგომ კი ისრაელის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

    ბათუმის ადგილობრივი მოსახლეობა ნელი ტემპით იზრდება. ბოლო წლების მანძილზე ქალაქში უმუშევრობამ მკვეთრად იკლო, რაც სამომავლოდ ახალი მუშახელის მოძიების საჭიროებას მოასწავლებს, რაც ბაზარზე მოთხოვნის დამატებითი ფაქტორია.

    ქალაქში ახალი ბინების მიწოდება საკმაოდ მოცულობითია. 2018 წელს 648,000 კვ.მ. საცხოვრებელ იფართის შენობებზე გაიცა ნებართვა, რაც შედარებით სუსტ 2017 წელთან შედარებით 26%-იან ზრდას წარმოადგენს.

    ფასების აგრეგატული დონე ბათუმში 2018 წელს 7,2%-ით გაიზარდა ლარში, ხოლო 5,5%-ით დოლარში. უბნების დონეზე, ზრდა შეიმჩნევა ზღვიდან პირველ ზოლში, ხოლო დანარჩენ ქალაქში ფასები სტაბილურია. თიბისი კაპიტალის მკვლევარები გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურ ზრდას ელოდებიან, ახლო მომავლის პოტენციური ბარიერების გათვალიწინებით.

    იჯარის შემოსავლიანობა ბათუმში კლებადი ტრენდით ხასიათდება, თუმცა მოცემულ მომენტში საკმაოდ მაღალია.

    საშუალო დატვითულობა ცხადჰყოფს რომ ბათუმი ჯერ კიდევ „ერთი სეზონის“ ქალაქია. მომავალში მთელი წლის ტურისტული ატრაქციების განვითარება ბათუმის იჯარის ბაზარზე და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის.

    უძრავი ქონები სექტორის შესახებ კვლევების სერია თიბისი კაპიტალმა 2018 წლის აპრილში თბილისის ბაზრის ანალიზით დაიწყო. ბათუმზე კვლევის მომზადება ბაზრის არსებული და პოტენციური დიდი მოთამაშეების მზარდმა ინტერესმა განაპირობა, მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ.

    თიბისი კაპიტალის და თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის კვლევები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე tbccapital.ge და tbcresearch.ge.

    მსგავსი სიახლეების გამოწერა შეგიძლიათ ვებგვერდიდან tbcresearch.ge.

  • “ღია ფერის მაისური ეცვა”-რატომ სცემეს 22 წლის ბიჭი აქციაზე ვასაძის მხარდამჭერებმა

    გუშინ პარლამენტთან  აქციაზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა 22 წლის თორნიკე ბერიძეს თავი გაუტეხეს. ბერიძეს, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეა, დაზიანება ქამრით პრაიდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მიაყენეს.

    მას პირველადი დახმარება ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია და თავზე სამი ნაკერის დადება დასჭირდა. 

    რა უძღოდა წინ დაპირისპირებას და რა ვითარებაში მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, ამის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელში  წერენ. ბერიძის ახლობლები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მას ღია ფერის მაისური ეცვა, რამაც სავარაუდოდ  ვასაძის მხარდამჭერების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

    “გაწა-მაწიაში აღმოჩნდა რაინდის მიტინგზე, იქითა მხარეს ანუ. “მერე გამოდიოდა მამაო და ვუსმენდით, რას ლაპარაკობდა, ჩემი შვილიც იდგა იქვე, ღია ფერის მაისური ეცვა”, იხსენებს თორნიკეს დედა. “ვიღაც მოვიდა დიდი ქამრით, ბალთიანი ქამრით, ჩაარტყა პირდაპირ სახეში, თავში, ისე, რომ აზრზე ვერ მოვედით, რა უნდოდა, ვინ იყო, ჩაარტყა და გაიქცა”-წერენ სოციალურ ქსელში.

  • მსოფლიოს რუკაზე ჯერ კიდევ არსებობს ორი გაბოროტებული ინვალიდი: საქართველო და უკრაინა-დუმის დეპუტატი

    „მხარდაჭერის, დახმარების და ერთად ლობიოს ჭამის პოლიტიკამ მოგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ,“ – ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრე ტოლსტოიმ გააკეთა.

    ტოლსტოი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ მკაცრი სანქციების გატარებისკენ მოუწოდებდა. რუსეთის სათათბირომ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, თუმცა, ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ წინადადებას მხარს არ უჭერს.

    „ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად, მკაფიოდ და ხისტად უნდა გავაგებინოთ, რომ ასეთი საქციელი არ გაუვათ და საკმაოდ მაღალი საფასურის გადახდა მოუწევთ, იქნებ მომავალში დაჭკვიანდნენ. ხომ გვესმის, რომ საქმე არ ეხება ჟურნალისტს ან ტელეარხს ან ჰალსტუხებიჭამია სააკაშვილს, საქმე იმ ატმოსფეროს ეხება, რომელშიც მსგავსი აქციები შესაძლებელი და დასაშვები გახდა. ბოდიში სიტყვებისთვის ან ტონისთვის კი არ უნდა მოიხადონ, არამედ რუსეთის და ჩვენი პრეზიდენტის მისამართით არსებული რიტორიკის და შინაარსის გამო. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამსახურებაა, რომ დღეს მსოფლიოს რუკაზე ჯერ კიდევ არსებობს ეს ორი გაბოროტებული ინვალიდი, რომელსაც ტერიტორიების ნაწილი აკლია, არშემდგარი სახელმწიფოები – საქართველო და უკრაინა, ამ სიბოროტეს გადმოაფრქვევენ იქამდე, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ ეს ტერიტორიები მათ არასდროს დაუბრუნდებათ,“ – განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.

  • ქობულეთში პარაშუტი ზღვის ნაცვლად სანაპიორზე ჩამოვარდა – არიან დაშავებულები

    ქობულეთში პარაშუტით 2 ადამიანი სანაპიორზე ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” წერს.    პარაშუტი რომელზეც 2 ადამიანი იყო ჩაბმული ზღვაზე უნდა დაშვებულიყო თუმცა გაუმართაობის გამო  სანაპიორზე განათების ბოძს გამოედო რის შემდეგაც ჩამოვარდა. ინციდენტი 7 ივლისს მოხდა თუმცა სამაშველო სამსახურში ამის შესახებ შეტყობინება არ შესულა.  პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანი თბილისელია. 

    შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლით, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “პუტინმა ეს სპექტაკლი იმისთვის დადგა, რომ კეთილ ბიძიად გამოსულიყო – თინა ბოკუჩავა

    კრემლი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი საქართველოს მოსახლეობას – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა კეთილი ბიძიის როლი მოირგო.

    საუბარია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დუმის დეპუტატთა სრული მხარდაჭერის მიუხედავად, ის საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

    თინა ბოკუჩავას შეფასებით, ყველასთვის ცნობილია, რომ კრემლში ისევე არ არსებობს მსჯელობა, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან გადაწყვეტილებას იქაც ერთი პირი იღებს და საქართველოშიც. შესაბამისად, ბოკუჩავა ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმით, სპექტაკლი დადგა.

    “არანაირი მსჯელობა, ისე როგორც საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს იმიტომ, რომ ერთი ოლიგარქი იღებს გადაწყვეტილებას, არ არსებობს ასევე კრემლში. ყველამ კარგად ვიცით კონიუქტურა, რომ გადაწყვეტილებას იღებს პუტინი. უბრალოდ მან დადგა ეს პატარა სპექტაკლი იმისთვის, რომ კეთილ ბიძიად გამოსულიყო, თუმცა ამ შანტაჟმა ფსიქოლოგიური ზეწოლის ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე მოახდინა, ეს იყო მათი ამოსავალი წერტილი, რაშიც ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლებამ, დაიწყო ისევ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე”, ოპოზიციაზე, ახალგაზრდებზე ყველაზე ამ ყველაფრის გადაბრალება. ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო კომპეტენტურად, პრინციპულად ეთქვა, რომ თუ ჩვენი ქვეყანა დადგება ამ გამოწვევის წინაშე, ჩვენ ამას გავუმკლავდებით, მოვახდენთ ექსპორტის დივერსიფიკაციას და რიგითი საქართველოს რიგითი მოქალაქე არ დაზიანდება.

    კრემლი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება, თავის მხრივ, აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას, ნაცვლად იმისა, რომ აწარმოოს მწყობრი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდიდა რუსულ ბაზარზე იმიტომ, რომ პუტინი არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ სწორედ სავაჭრო ბერკეტებს იყენებს, მათ შორის ჰიბრიდული ომის საწარმოებლად,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • ჯოყოლოში პოლონელ ტურისტებს შორტების გახდა და შარვლის ჩაცმა აიძულეს

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიო “რადიო ვეი” ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, პოლონელი ტურისტების მეორე ჯგუფი კი ჯოყოლოში მცხოვრებმა რამდენიმე ახალგაზრდამ საოჯახო სასტუმროში შეაბრუნა და ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.

    „ამბობდნენ, რომ მათი წესებია ასეთი, მოკლე შარვლით პანკისში არავინ უნდა გაიაროს. ამის შესახებ მე წინასწარ ინფორმირებულიც არ ვიყავი. ჩემი მოკლე შარვალი მუხლებს ქვემოთ იყო, ბრიჯები, მაგრამ მაინც დამემუქრნენ. მე მეტი პრობლემები არ მინდოდა. ეს ნამდვილად არასასიამოვნი ინციდენტი იყო“.

    ზუსტად იგივე მიზეზით, 20 ივნისს, პანკისის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. მოძრაობის თეატრის მსახიობები დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    ახმეტის პოლიციამ მსახიობზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ პრეტენზია არ აქვს.

  • გურამ ფალავანდიშვილს ისევ არ სჯერა რომ ღირსების მარში გაიმართა

    ჰომოფობიური მოძრაობის წევრს, გურამ ფალავანდიშვილს ისევ  არ სჯერა, რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში გაიმართა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

    “მადლობა ღმერთს, ბილწი პრაიდი არ შედგა”, — აღნიშნავს ფალავანდიშვილი.

    მისივე თქმით, ის გიორგი გახარიას დაცვას არ აპირებს. რაც შეეხება დეოკუპაციას, აზრი შეიცვალა და ამ მოთხოვნას “სრულად იზიარებს”.

    შეგახსენებთ რომ ღირსების მარში გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. პარტიზანული პრაიდის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობი იყო თუ სად და როდის ჩატარდებოდა ღირსების მარში.აქციის მონაწილეები შსს-სთან  შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

  • “დიდი პატივია მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა”- პუტინი გაბუნიაზე

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ  რუსთავ ი2 -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ ღირს, რადგან ეს გაბუნიასთვის დიდი პატივი იქნება.

    „ერთი ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, თითქოს ვიღაც ყოფილიყო. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ მხრივ მან თავისას მიაღწია. მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს ორი თვით და წავიდა დასასვენებლად. მერე მივა და სამსახურს შესთავაზებენ. მაგრამ არიან ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. “დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, -განაცხადა  პუტინმა.

    შეგახსენებთ, რომ დუმის  დეპუტატები  გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ტელეწამყვანის რუსეთში ექსტრადირებას მოითხოვენ.

  • ლარის რეკორდული გაუფასურება

    ლარის რეკორდული გაუფასურება ისევ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9096 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8320 ლარი იყო.