Category: არქივი

  • სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში.

    აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

  • რატომ გამოუცხადა საპატრიარქომ ბოიკოტი “რუსთავი 2-ს” – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე  “რუსთავი 2-ის” შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანიის  დასასრულის დასაწყისი  ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყო. ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გამოუცხადა  საპატრიარქომ ერთი წლის წინ “რუსთავი 2-ს” ბოიკოტი. მისი განცხადებით, ბოიკოტის მიზეზი საპატრიარქოს მიმართ წარმოებული კამპანიაა ტელეკომპანიის მხრიდან. ჯაღმაიძე ასევე ფიქრობს, რომ ტელევიზია ცდილობს პრობლემები შეუქმნას ქვეყანას იმისთვის რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს. ბოიკოტი კი საპატრიარქომ ტელეკომპანიას  ღვთისმშობლის მკრეხელური მოხსენიების გამო გამოუცხადა.

    “დაახლოვებით ერთი წლის წინ რუსთავი2 -ს საპატრიარქომ ბოიკოტი გამოუცხადა.

    დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას საპატრიარქო მოთმინებით იტანდა წლების განმავლობაში, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა.

    უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები.

    საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.

    შესაძლოა აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ რ2-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა.

    საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის, სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის, გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.

    ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი, კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო”-წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

  • ვარკეთილში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

    ვარკეთილში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, როგორც ცნობილია, აფეთქება ხელყუმბარამ გამოიწვია, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეაგდეს.

    შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია დაჭირდა.

    ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ პაციენტს დაზიანებული ჰქონდა არამაგისტრალური სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები. დაშავებულების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

  • გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ.

    უგულავა  შს სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა უწყებაში მისვლაზე  მან უარი განაცხადა,  ვიდრე თავად გიორგი გახარია არ გამოიკითხებოდა.

  • გახარიას მხარდამჭერი “ემიგრანტი“ ქალები სინამდვილეში ბათუმის მერიის თანამშრომლები აღმოჩნდნენ

    გასულ კვირას სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლის გამირები შს მინისტრს მოუწოდებდნენ, თანამდებობიდან არავითარ შემთხვევაში არ გადამდგარიყო. ვიდეომიმართვის მონაწილეები გავრცელებული ინფორმაციით ემიგრანტები იყვნენ, თუმცა გიორგი გახარიას მხარდამჭერ ვიდეოში მონაწილე ქალბატონები კურიერის ჟურნალისტებმა ამოიცნეს და გაირკვა, რომ  ერთ-ერთ რგოლში ადამიანები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებენ, არ გადადგეს, არა ემიგრანტები, არამედ ბათუმის მერიის სასაფლაოების გაერთიანების რიგითი თანამშრომლები არიან. „ქართული ოცნების“ მესაფლავეები კლიპის ავტორმა ემიგრანტებად გაასაღა, ვიდეოს მთავარი გმირები კი მხილების შემდეგ კომენტარს არ აკეთებენ.
    ხათუნა ჩაკვეტაძე ერთ-ერთია გიორგი გახარის მხარდამჭერი ვიდეორგოლებიდან. კლიპის ავტორმა ის საზოგადოებას, როგორც ემიგრანტი ისე გააცნო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის არა უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, არამედ “ქართული ოცნების” ბათუმელი მესაფლავეა. ხათუნა ჩაკვეტაძე ბათუმის მერიის ერთ-ერთ აიპ-ში სასაფლაოების რიგითი სპეციალისტია.
    ცნობილი ვიდეოს კიდევ ერთი გმირი ეკატერინე ჩიქოვანია. ისიც როგორც ემიგრანტი, ისე გაეცნო საზოგადოებას, თუმცა „ოცნების“ გუნდის პიარის სპეციალისტებმა მასაც ბათუმის სასაფლაოების სახელმწიფო სამსახურში მიაგნეს. მესაფლავე ბათუმიდან დღეს „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გააღიზიანა.
    ე.წ. ემიგრანტების ვიდეორგოლს მთავარი მოქმედი გმირიც ჰყავს, შინაგან საქმეთა მინისტრის მხარდამჭერ მოწოდებას ელისო ჯობავა ახმოვანებს, ისიც ვითომ ქვეყნიდან გადახვეწილი ემიგრანტია, თუმცა ასევე ბათუმის მერიის აიპის თანამშრომელია.
    ვინ დაავალა საჯარო მოხელეებს გახარიას მხარდამჭერ ვიდეორგოლში მონაწილეობა, ეს არის მთავარი შეკითხვა რომელიც ამ დრომდე უპასუხოდ რჩევა.
    ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს რომ სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს გახარიას მხარდაჭერა, სავარაუდოდ, სამსახურის სანაცვლოდ აიძულეს.
  • რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ერთი ჟურნალისტის გამონათქვამებმა შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომ დაგვბომბავენ – მიხეილ სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას განცხადებას და მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს “კვირის აქცენტებში” ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გამოხატვის ეს ფორმა მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.
    „მე მიმაჩნია, რომ გაბუნიას გამოხტომა იყო სულელური, არაფერ შუაში არ იყო და აუტკივარი თავი ავიტკიეთ, კაცმა არ იცის, რატომ. ამით ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ და ეს პუტინზე უპირატესობის გამოვლინება არ არის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
    მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობამ დაამტკიცა, რომ პუტინის გავლენების ქვეშ იმყოფება და მის ინსტრუქციას ასრულებს.
    „მეორეს მხრივ, რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ერთი ჟურნალისტის გამონათქვამებმა შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომ ახლა მოფრინდებიან თვითმფრინავები და დაგვბომბავენ. ეს არის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, ისე როგორც სიტუაცია, რასაც პუტინი სანქციების გარშემო აკეთებს. ეს არის კატა, რომ თაგვს ეთამაშება, ზუსტად ამ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დაემსგავსა თაგვს, მთავრობის მეშვეობით, რომელიც დათრეული ჰყავს კატას და კატა ხან დაიჭირეს, ხან მიუშვებს, წაჰკრავს თათს, წაეთამაშება. საქართველოს მთავრობა ჰგავს, ჩემი აზრით, დაახლოებით, ვიშის მთავრობას. ეს არის მთავრობა, რომელიც ჰიტლერის სატელიტი მთავრობა იყო საფრანგეთში, რომელიც ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობაა, და სინამდვილეში მთლიანად იყო მიმართული ინსტრუქციების ქვეშ ოკუპანტის მხრიდან,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
  • მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

    მათი ცნობით, ეს  ინფორმაცია  სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა მიაწოდა. თუ როდის და რამდენი ხნით მიდის სუბელიანი მონასტერში, ეს მისი ადვოკატისთვის უცნობია.

    შეგახსენებთ, მირზა სუბელიანმა ციხე  8 ივლისს დატოვა. მან 1-წლიანი სასჯელი მოიხადა.

    სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო.

  • “ჯერ აფხაზეთის რესპუბლიკა შეიქმნა, რომელშიც დღევანდელი საქართველო შევიდა”- საქართველოს ისტორია პუტინისეულად {ვიდეო}

    “საქართველო აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკაში შედიოდა”-ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

    საქართველოს ისტორიაზე მას საუბარი მას შემდეგ მოუწია, რაც დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი, ხოლო პუტინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წინადადებას ქართველის ხალხის “პატივისცემის” გამო არ დაეთანხმა.მისი ვერსიით, აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა საქართველო და არა პირიქით.

    პუტინი  ისტორიული ექსკურსით შეეცადა განემარტა, რით ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებების მიღებისას,  პუტინისეული საქართველოს ისტორია კი ასეთი აღმოჩნდა:
    „ოსეთი რუსეთის იმპერიაში, მგონი 1774 წელს შევიდა. მთლიანად, სამხრეთიც და ჩრდილოეთ ნაწილიც. როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს – ასევე როგორც დამოუკიდებელი სახლემწიფო. მოგვიანებით პროცესები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში განვითარდა. ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა თბილისის გუბერნიაში, არანაირი საქართველო მაშინ არ იყო და იყო თბილისის გუბერნია. აფხაზეთში ასე მოხდა: როცა რუსეთის იმპერია დაიშალა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს აფხაზეთის შთანთქმის მცდელობა ქონდა. შეიქმნა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და 1918 წელს გერმანული ჯარების დახმარებით საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად მოქმედებდნენ.

    უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ჯარები ოსეთში-1919 და 1920 წლებში. ეს თავისი არსით იყო ის, რასაც ახლა გენოციდს უწოდებენ. ეს უნდა იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამის დავიწყება არ შეიძლება, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების აწყობა სურს აფხაზ და ოს ხალხთან.

    საბჭოთა პერიოდში სხვათა შორის, ჯერ სამოკავშირეო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა, რომელშიც დღევანდელი საქართველო შევიდა, მაგრამ სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელიც გახდა აფხაზეთი, და ჩვენი უფლებადამცველები სხვათა შორის, ამას არასოდეს აქცევენ ყურადღებას. სტალინის ბრძანებით ბერიამ ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ. ძალიან მკაცრი, არც მსურს ამაზე საუბარი- იმისთვის რომ საქართველოს მიეთვისებინა ეს ტერიტორია. აი ამ მძიმე მემკვიდრეობის იგნორირება მოახდინა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა როცა გააუქმა ავტონომია – აჭარის, აფხაზეთის. ამან გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი”-განაცხადა პუტინმა.
    პუტინი  საქართველოს უახლეს ისტორიასაც შეეხო და განაცხადა, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო.
    “ვარწმუნდებდი მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე, რომ არანაირი საომარი მოქმედებები არ დაეწყო აფხაზებისა და ოსების მიმართ, ამერიკელებსაც იგივეს ვეუბნებოდი, – არა, არავითარ შემთხვევაშიო და რა გამოვიდა – ომით შევიდნენ იქ. შედეგი – დღეს უკვე ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ეცნო და დაეცვა აფხაზი და ოსი ხალხი. რატომ ვამბობ ამას: აი ამ ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც ან არაფერი იციან, ან იციან და იგნორირებას უკეთებენ და საბოლოოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თავად საქართველოს და ქართველ ხალხს”-აღნიშნა პუტინმა.