Category: არქივი

  • “პუტინი იქცევა იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა მოიჭერი”- ხუხაშვილი

    ექსპერტები და ანალიტიკოსები ხელისუფლებას პუტინთან რევერანსების ნაცვლად, მოქმედებას ურჩევენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ახალი ისტორია უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე თუნდაც ყველაზე მკაცრი სანქციები. ექსპერტები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს ახლა მარაოს უნიავებს.

    „პუტინი ახლა იქცევა კლასიკური იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა თითი მოიჭერი და დგას ახლა ჩვენი ხელისუფლება და ფიქრობს რა, მოვიჭრა თუ არ მოვიჭრა. ნაწილობრივ უკვე მოჭრილი აქვთ. ნახევარი სისხლი უკვე გამოშვებული აქვთ. პრეზიდენტის განცხადება ეს არის პოლიტიკური დირექტივა. მათ შორის დელეგაციებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისტორიის გადაწერა ხდება პოლიტიკური მიზნით. სამწუხაროდ, ნახეთ რა გააკეთა პუტინმა, ერთის მხრივ დაკიდა სანქციები და მეორეს მხრივ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე. გვითხრა ესეთი რაღაცა რომ არ გინდათ სანქციები?! თუ არ გინდათ მაშინ თქვენ კი არ ხართ ოკუპანტები და დესერტად კიდევ მიირთვით ის რომ ოსების გენოციდი ჩაგიტარებიათ თურმე. აი ეს მოჰყვა რას, ეს მოჰყვა იმას, რომ ხელისუფლებამ მოახდინა შიშის დემონსტრირება რასაც შედეგად მოჰყვა პუტინის ამ ტიპის საკმაოდ კარგად გააზრებული მასტერკლასი საქართველოს ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

  • “გაბუნიას კომენტარი შეიძლება, არ იყო პროფესიონალური და საზრიანი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა უკანონო“–Freedom House-ის წარმომადგენელი

    საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების რეაქცისა და ქართულ მედია გარემოს აფასებს.
    როგორ შეაფასებთ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგსა და საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, რომელიც შემდეგ ამ მონოლოგს მოჰყვა, გამოხატვის თავისუფლების ჭრილში?
    გამოხატვის თავისუფლება საკმაოდ რთული რამ არის. თუ ის აძლევს გაბუნიას საშუალებას გააკეთოს ასეთი არაპროფესიონალური კომენტარი, მაშინ ის ასევე აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს ან საზოგადოებას, რომ ჰქონდეთ რეაქცია, თუნდაც ის იყოს ძალიან მკაცრი. თუ გამოხატვის თავისუფლება აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ შეუარცხყოფა მომაყენოს, თუნდაც ძალიან მძიმე ფორმებში, მაშინ მეც მაქვს უფლება, რომ ვთქვა, რამდენად შეურაცხყოფილი ვარ. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადააჭარბეს თავიანთ უფლებას, გამოხატონ საკუთარი აზრი. ბატონი ვოლსკის კომენტარი გამოძიებასთან დაკავშირებით, შესაძლოა სანერვიულო ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ მას, რეალურად, ექნებოდა გამოძიების დაწყების ძალაუფლება. სხვა შემთხვევაში, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მისი, პარტიის წევრის უფლება, დააფიქსიროს აზრი.
    ხედავთ თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რაიმე ნიშნებს ხელისუფლების გამოხმაურებებში?
    ვერ ვხედავ, რომ გამოხატვის თავისუფლება ამით შეიზღუდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. პრობლემა ხელისუფლების მხრიდან მედიის ცენზურა არაა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედია გამოცემებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს გამხდარიყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს, რომ მედია გამოცემებისა და მათ მფლობელების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ. გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში ბატონი გაბუნიას მგსავსი ინციდენტები არსებობს, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ჟურნალისტს გადაეხვია იმ ხაზიდან, რომელიც მედია საშუალებას აქვს, მიუხედავად იმ ტონისა, რასაც ისინი იყენებენ.
    რაც შეეხება რუსთავი 2-ის რექციას, ეს იყო შესაბამისი და სწორი გადაწყვეტილება. სწორედ მედია საშუალებამ (ასევე ჟურნალისტების დიდმა წრემ) უნდა აღასრულოს პროფესიული და ეთიკური სტანდარტები და არა სახელმწიფომ.
    როგორ შეაფასებთ რუსეთის რეაქციას გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე?
    რუსეთის განცხადება ბატონი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია. მისი კომენტარი “პოსტკრიპტუმში”, შეიძლება, არ იყო პროფესიონალური და საზრიანი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა უკანონო. ნებისმიერი მოწოდება მისი დევნის შესახებ არის მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის კი ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხყოფილები შეიძლება იყვნენ ადამიანები სიუჟეტის ან სტატიის გამო, არავის აქვს დაკავების შიში. ბატონი გაბუნიას ექსტრადირება მართლაც რომ მომხდარიყო რუსეთში, მაშინ მას მარტივად გაასამართლებდნენ სისხლის სამართლის კანონით, მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • საინფორმაციო ომი – ორგანიზაცია რომელიც საქართველოს „დსთ“-ში შემავალ რესპუბლიკად მოიხსენიებს

    ამერიკული საერთაშორისო  ორგანიზაცია The Independent Film & Television Alliance (IFTA) საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უგულებელყოფს და არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

    ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში მოღვაწე ემიგრანტი, იურისტი  თეიმურაზ ღვანია გვაწვდის. როგორც ის აცხადებს,  აღნიშნული ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მისწერა, თუმცა საგარეო უწყებიდან რეაგირება არ ყოფილა. 

    საერთაშორისო ორგანიზაცია “The Independent Film & Television Alliance”-ის 2018 წლის დოკუმენტში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო მოხსენიებულია როგორც  „დსთ“-ში შემავალი რესპუბლიკები ხოლო  სამაჩაბლო  მოხსენიებულია როგორც სამხრეთ ოსეთი, რომელიც ამჟამად ” სამხრეთ ოსეთი ალანიის” სახელითაა ცნობილი. ამ დოკუმენტს ეყრდნობა მედია საშუალებების 90%, როდესაც ამა თუ იმ მიზნით სალიცენზიო ტერიტორიას განსაზღვრავენ.

    ორგანიზაციის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი, გამოიყენება როგორც საერთაშორისო ტერიტორიალური მოწყობილობის მაგალითი მსოფლიოს სატელევიზიო, კინო და ტელეკომუნიკაციის სფეროში.

    ამერიკული საერთაშორისო  ორგანიზაცია The Independent Film & Television Alliance (IFTA) დაარსდა 1980 წელს და აერთიანებს 130 ქვეყანას, უამრავ საერთაშორისო მედია კომპანიას და აწესებს რეგულაციებს ისეთ სფეროზე, რომელიც პირდაპირ მოქმედებს უმნიშვნელოვანეს მედია სივრცეზე, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია ვირუსივით ედება მთელს მსოფლიოს.

    შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან. ამას წინ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი უძღოდა. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთია, რომელიც დსთ-ს წევრი არ არის.

    1991 წლიდან დღემდე დსთ-ს წევრები არიან : რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და  ერთი ასოცირებული წევრი თურქმენეთი.

  • გახარიას აღიარება: შს მინისტრმა ექსპერტებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს

    20 ივნისის  ღამიდან  სამი კვირის შემდეგ გიორგი გახარიამ  დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს, რადგან სამართალდამცველების არსენალში უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ რეზინის ტყვიებს საკმარისი შედეგი არ ექნებოდა. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე გააკეთა.
    ექსპერტების თქმით, მათ გიორგი გახარიამ განუცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს პატარა რეზინის ტყვიებმა ეფექტი ვერ მოახდინა.
    „აქ იმოქმედა, გარკვეულწილად ალბათ, პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა, ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. ეს არის ისეთი მოსაზრებები, როცა მომხდარი ფაქტის შემდეგ თვითონაც აანალიზებს. შეცდომები არის ტყვიების გამოყენების ნაწილში და არა მის სახეობებში.
    პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ როცა კომენტარს აკეთებ, მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შეიყვანო და არ უნდა თქვა, რომ ეს არის დათვის საწინააღმდეგო ტყვია. ნებისმიერი იარაღი, რასაც პოლიციელი იყენებს, შეიძლება აღმოჩნდეს ლეტალური, გააჩნია როგორ გამოვიყენებთ.
    ჩვენ შევთავაზეთ, რომ კარგი იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, მეტი სანდოობისთვის, რომ ცალკეული მომენტები, სადაც კითხვები გაჩნდება გამოძიების დროს, იყოს შეფასებული მათ მიერ. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, სადაც არის ძალის გადამეტება, ანუ არ იყო აუცილებლობა და ვიღაცას დაავიწყდა, რომ ადამიანთან აქვს საქმე, მერე რა, რომ ის აპროტესტებდა და ერთი საათის წინ პოლიციელს ურტყამდა, სპეცრაზმელს აქვს თმენის ვალდებულება. “– განაცხადა ექსპერტმა სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ.
    ანალიტიკოსების თქმით, გიორგი გახარიამ მათ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ 20 ივნისს ბრძანება მან გასცა და მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა. ექსპერტების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს.
    „მან თქვა, რომ ის არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ბოლომდე, მთლიანად არის ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და ბრძანებაც ჩემი გაცემულია. თვითონაც გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა, რამდენიმე შემთხვევა იყო, ერთი ეპიზოდიც კი მოყვა, რომ 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდაო ერთ-რთიო, ეს მისი სიტყვებია. მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ, რა ჩაიდინაო და აქედან გამომდინარე, შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვიძლიაო. მაგრამ, რასაკვირველია, ის ხაზს უსვამდა მხარეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქმედებებს, რომელიც იქ მოხდა,“ – განაცხადა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ.
  • “თქვე დედამოთხრილებო, მე გაგაგდეთ ამ ქვეყნიდან, რომ ლუკმა პური ვერ გეშოვათ?”-ცოტნე გამსახურდია ემიგრანტებს

    ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ემიგრანტების გამო, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლებას და ლანძღავენ მტავრობის მოწინაღმდეგეებს.

    “რა მაოცებს, იცით?

    როცა ემიგრანტი ხარ, ბოზის შვილო, გადახვეწილი ხარ ცხრა მთას იქეთ, სახლიდან ათასობით კილომეტრში მონურ სამუშაოზე ლუკმის საშოვნელად, და ხელებს ხელისუფლების ქებით და მისი მოწინააღმდეგეების ლანძღვით იტყავებ კლავიატურაზე, ეს რას ნიშნავს?!

    თქვე დედამოთხრილებო, მე გაგაგდეთ ამ ქვეყნიდან, რომ ლუკმა პური ვერ გეშოვათ? რომ ღამის გასათენებელი არ გქონოდათ!? მე გავავსე ჩემი ყვავი-ჩხიკვის-მამიდებით და დებილი კლასელებით ყველა ადგილი, სადაც სამსახურის შოვნა შეიძლებოდა? მე ჩაგადებინეთ ბინები გზის ფულად ბანკებში?!

    მაგრამ სხვის მოსაქმებულის წმენდა ხომ ამათი შინაგანი მოწოდებაა. ჰოდა, უწმენდენ ბიძინეს, ეგება რამე, ცოტა, ნამცეცი სახრავი მაინც გადმოუგდოს! მორჩა, 2020 ქოცებს უნდა დავუჭიროთ მხარი, ესენი რომ კიდევ დიდხანს ეყარონ ამ დღეში!”- წერს გამსახურდია.

  • ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ ადრეა – დიმიტრი პესკოვი

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუს მოქალაქეებს საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრებათ, შესაბამისად ნაადრევია იმაზე საუბარი რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისები აღდგეს. პრესმდივანის განცხადებით საქართველოში არსებული სიტუაცია მათი მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. 

    “ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ფრენების აღდგენას და იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან  პირდაპირი რეისები აღდგება,“- აბობს პესკოვი და მალევე  ამატებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რუსოფობული განწყობები. 

    დღეს 10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან საჰაერო კავშირი აღადგინოს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხის განხილვას დაუბრუნდეს.  ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი“ წერს და განმარტავს, რომ ინფორმაცია მათ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ანონიმურად მიაწოდეს.

  • ტოჩინოშინის წარუმატებლობა გრძელდება – 4 ბრძოლა და 4 მარცხი

    ქართველი გოლიათი ნაგოია ბაშოზე საკუთარ თავს არ ჰგავს. ტოჩინოშინმა 4 ორთაბრძოლაში 1-ის მოგებაც ვერ მოახერხა და ჯერ-ჯერობით ტურნირის აუტსაიდერებს შორისაა.

    ლევანი დღეს ბაშოს მე-4 სატურნირო დღეს მე-3 მაეგაშირა დაიეშოს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

    როგორც ცნობილია, ტოჩინოშინს მუხლისა და მხრის ტრავმები აწუხებს და საკუთარ სუმოს ვერ აჩვენებს. წინა ბაშოზე მიღებულ მუხლის ტრავმას მიმდინარე ბაშოსთვის მოსამზადებელ ვარჯიშებზე მხრის ტრავმაც დაემატა და ლევანი ფაქტობრივად ნახევარი ძალით ასპარეზობს.

    ჯერ-ჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა იგი ზაფხულის ბაშოზე ასპარეზობას, რადგან მას დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან 8-ის მოგება სჭირდება, რათა კადობანში არ აღმოჩნდეს და მომავალ ბაშოზე მის ოძეკის ტიტულს საფრთხე არ შეექმნას. როგორც მოგეხსენებეთ, წესების თანახმად ბაშოს მიმდინარეობასთან ერთად მას უფრო და უფრო ძლიერ სუმოისტებთან მოუწევს დაპირისპირება.

    ვერც მეორე ქართველი სუმოისტისთვის გამოდგა ზაფხულის ბაშო წარმატებული. ლევან ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, 4 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 1-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

  • “არავინ მითხრას მღვდლის საქმე არააო, თურმე საქართველო ყოფილა ქართული კუთხეების ოკუპანტი”- დეკანოზი

    მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე  სოციალურ ქსელში ეხმაურება ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

    “ასე იყო ეს ქვეყანა მოწყობილი: ჩვენი და უფრო ადრეული თაობებისთვისაც რუსული მეორე ენა იყო, ქართულთან ერთად ბავშვობიდან გვასწავლიდნენ. მაშინდელი საბავშვო ფილმების და მულტფილმების დიდ უმრავლესობას რუსულ ენაზე ვუსმენდით ბავშვები და ამიტომაც რუსული თითქმის ისევე გვესმოდა, როგორც მშობლიური ქართული. ერთ-ერთი ადრეული, რაც ბავშვობიდან მახსოვს, ასე 5-6 წლისანი ვიყავით: დედაჩემი ოთახს ჩააბნელებდა, თეთრ პატარა ეკრანს გავშლიდით კედელზე და საბავშვო დია-ფილმებს ვუყურებდით. თითოეულ უძრავ კადრს ქვემოთ რუსული ენაზე ეწერა იქ ნაჩვენები დიალოგი და დედა ან თვითონ გვითარგმნიდა ქართულად ან ჩვენ გვაცლიდა გვეთარგმნა რუსული ტექსტი მორიგეობით. ამიტომაც, ჩვენს თაობას შეეძლო ორიგინალში წაკითხული რუსი კლასიკოსების ენის სიღრმით აღფრთოვანებულიყო და შესანიშნავად გვესმოდა კრილოვის, ტურგენევის, ტოლსტოის, დოსტოევსკის და ბერდიაევის ენა, შეიძლება ითქვას გვიყვარდა კიდეც რუსული.
    ნახეთ, დღეს რა დღეში ჩააგდო ეს ენა რუსეთის ხელისუფლებამ; რუსულს დამართეს ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ენას დაემართოს. თანამედროვე რუსული გადააქციეს ტყუილების და დეზინფორმაციის ენად. რუსულად გავრცელებული მრავალი დეზინფორმაცით მრავალჯერ მოტყუებულები, დღეს, სადმე რაიმე რუსულ ინფორმაციას ან რუსულ ტექსტს რომ წავაწყდებით, უკვე წინასწარ ვთვლით, რომ ალბათ ისევ ტყუილი იქნება. რუსების ტრაგედიაა, რომ თანამედროვე რუსული გადააქციეს ტყუილის ენად. ვისაც ეჭვი გეპარებათ, 1-2 კვირა უსმინეთ რუსულ არხებს და გუშინდელი მათი მეთაურის დეზინფორმაციასაც მოუსმინეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს შესახებ: თურმე საქართველო ყოფილა თავისი საკუთარი, ქართული კუთხეების ოკუპანტი.
    კიდევ ერთი: არავინ მითხრას, მღვდლის საქმე არაა ესო; ტყუილი და სიცრუის გავრცელება უმძიმესი ცოდვაა, ესაა საზოგადოების უკიდურესი გახრწნა და ყველა ქრისტიანის პირდაპირი მოვალეობაა დაგმოს და ებრძოლოს სიცრუეს.”- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე