Category: არქივი

  • ურეკში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

    ურეკში, ზღვაში, მამაკაცი მოქალაქე დაიხრჩო.

    როგორც ცნობილია, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის  წყალში ოჯახთან ერთად იყო შესული, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.

    მაშველებს მისმა ცოლმა გამოუძახა. წყალში მყვინთავები შევიდნენ, თუმცა მამაკაცს ვერ მიაგნეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

    მამაკაცის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებთ ერთ კილომეტრში წყალმა გამორიყა.

    დაწყებულია გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • BBC-ს რეპორტაჟი მოსკოვი–თბილისის უკანასკნელი რეისიდან

    7 ივლისს რუსულმა და ქართულმა ავიაკომპანიებმა ბოლო პირდაპირი რეისები შეასრულეს ამ ქვეყნებს შორის. ბიბისის რუსული რედაქციის კორესპონდენტმა სწორედ ამ ბოლო რეისით იმგზავრა მოსკოვიდან თბილისისკენ, მის მგზავრებს ესაუბრა და რეპორტაჟი გააკეთა.
    რეპორტაჟი ვნუკოვოს აეროპორტიდან იწყება, სადაც თბილისის რეისზე რეგისტრაციისთვის უზარმაზარი რიგი იყო.
    რეპორტაჟის ერთ–ერთი გმირი ალაა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. ბინა იყიდა და უკვე ქართულის სწავლა დაიწყო, თუმცა უჭირს. “ვცდილობ, მაგრამ ქართული რთული ენაა. ზმნას არასწორ ფორმაში ჩასვამ და ფრაზის მთელი აზრი იკარგება“.
    რიგში ქალბატონი მარინაც დგას – ახალგაზრდა ექიმი, რომლის ქმარი ქართველია. ის ერთი წლის წინ მოსკოვიდან თბილისში გადმოვიდა.
    ალაც და მარინაც თბილისში ცხოვრობენ და რუსეთში წელიწადში რამდენჯერმე ჩადიან.
    7 ივლისი ბოლო დღე იყო, როცა რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი რეისი შესრულდა. ივნისში დაწყებული ანტირუსული პროტესტის შემდეგ მოსკოვმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.
    ამიერიდან მოსკოვიდან თბილისში ჩასვლა გადაჯდომით ან ავტომობილით არის შესაძლებელი.
    რეპორტაჟის გმირები – ალა და მარინა ახალ წესებს მშვიდად ხვდებიან: “არ მეშინია აკრძალვის. ადრე, წინა აკრძალვის დროს ერევნის გავლით დავფრინავდით. უბრალოდ თვითმფრინავში იცდი, არცკი ჩადიხარ და ისე მიფრინავ ერევნიდან თბილისში“ – ყვება ალა.
    ის საქართველოში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც 2011 წელს პირდაპირი ფრენები განახლდა. მისი თქმით რუსულად საუბრის პრობლემა არასოდეს ქონია, გარდა ერთადერთი შემთხვევისა.
    “მაღაზიაში შევედი. პური ვითხოვე ქართულად. გამყიდველმა რაღაც მკითხა, მაგრამ ვერ გავიგე და რუსულად ვუთხარი, არ მესმისმეთქი. მიყურებს და მეუბნება: და მე რატომ უნდა მესმოდეს?“ – იხსენებს ალა წლების მანძილზე ერთადერთ ინციდენტს.
    ჩასხდომის რიგში ბევრი ტურისტია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა საქართველოში არ წასულიყვნენ.
    “იქითა გზაზე გაგვიმართლა. პირდაპირი რეისით მივფრინავთ. უკანა რეისი გაგვიუქმეს. ამიტომ ბაქოს გავლით დავბრუნდებით“– ამბობს რამდენიმე მგზავრი.
    თბილისისკენ მიმვალი თვითმფრინავი ბოლომდე სავსეა.
    ბიბისის ჟურნალისტს თქმით თვითმფრინავში შიდა მაუწყებლობის საშუალებით ძირითადი ინფორმაციის გარდა ისიც გამოაცხადეს, რომ რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან აიკრძალა. თუმცა მგზავრებს ისიც აუწყეს, რომ ქართველი გადამზიდავი კომპანია ერევნის გავლით რეისებს იწყებს, სადაც გადაჯდომის დრო 40 წუთი იქნება და შეგიძლიათ თვითმრინავიდან არც კი გამოხვიდეთ.
    ბიბისის ჟურნალისტი წერს, რომ გზაში მგზავრები ბევრს საუბრობდნენ ქართულ ღვინოზე. მოსკოვი თბილისის ბოლო პირდაპირი რეისი კი თბილისში მაშინ დაფრინდა, როცა უკვე დაწყებული იყო რამდენიმე ასეული აქტივისტის საპროტესტო აქცია ტელეკომპანია რუსთავი2–ის შენობასთან, რომლის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.
  • “თქვენი უპასუხისმგებლო ქმედების გამო, ერთ წელს ვკარგავ”-მაგისტრანტობის მსურველს გამოცდაზე არ უშვებენ

    მაგისტრანტობის მსურველი ქეთევან სიხარულიძე ამბობს, რომ ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაიარა, თუმცა ის ერთიან სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობას ვერ იღებს. მიზეზად სიხარულიძე განათლების სამინისტროს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. მაგისტრანტობის მსურველი დარეგისტრირებულთა ბაზაში ასახული არ არის.

    “თქვენი უპასუხისმგებლო ქმედების გამო, ერთ წელს ვკარგავ და ვერ გავდივარ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის საკმაოდ დიდ თანხას ითხოვთ აპლიკანტისგან და, რაც გევალებათ იმასაც ვერ ასრულებთ პირნათლად. შეცდომის აღიარებას და პასუხისმგებლობას გაურბიხართ და აქეთ მიყენებთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს თქვენივე სისტემური ხარვეზის გადასაფარად.მაშინ, როდესაც ჩავრიცხე თანხა, გავიარე რეგსიტრაცია, ავირჩიე გამოცდის ტიპი, ამის შემდეგ რამდნეჯერმე გადავამოწმე საკუთარი ბაზა. თქვენივე შეცდომის გამო ერთ წელს ვკარგავ, ვკარგავ ასევე თანხას, ვალდებულად არც თვლით თავს რომ ჩემ მიერ დაწერილი განცხადება (ფორმალურად დაწერილი ალბათ) დროულად განიხილოთ მაშინ, როცა 11 დღე დარჩა გამოცდამდე. იმის საშუალება მაინც მომეცით დროის თვალსაზრისით სასამართლოში დავიცვა ჩემი სიმართლე. აიღეთ პასუხისმგებლობა, თუ ამბობთ რომ აპლიკანტის ბრალია დაგვისაბუთეთ, ჰო ამბობთ რომ ყოველი ნაბიჯი აისახება სისტემაში, თქვენი მთავარი არგუმენტი არის რომ: ” რაღაცას დავაჭირე ხელი” ჰოდა ამოიღეთ ისტორია სისტემიდან და მაჩვენეთ ვითომ რას “დავაჭირე მე” 🙂 მით უფრო გქონდათ ასეთე შემთხვევები და დაეხმარეთ სხვა აპლიკანტებს ახლა რა ხდება ?! “-განაცხადა ქეთევან სიხარულიძემ.

    მაგისტრანტობის მსურველის პრეტენზიას მალევე გამოეხმაურნენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში, მათი თქმით, აპლიკანტმა რეგისტრაციის გავლისას შენახვის ღილაკს არ დააჭირა.
    ქეთევან სიხარულიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ რეგისტრაცია მან თავისი დაუდევრობით ვერ გაიარა.

    “ბაზაში რომ ვერ მპოულობდით ეგ ცხელ ხაზზეც მითხარით, თქვენი სისტემის ისტორიიდან უნდა წარმოგედგინათ თქვენი არ არსებული სიმართლის დოკუმენტები. ეს შაბლონური პასუხი რამეს ამბობს?! აქაც გაგეგრძელებინათ დემაგოგია რომ არანაირი სისტემური ხარვეზი არ ყოფილა. თუ შენახვას არ დავაჭირე ხელი რეგისტრაციის მერე ბაზაში როგორ ვიყავი რამდნეჯერმე შესული ?!”-აცხადებს სიხარულიძე.

  • რუსეთის მონა! საქართველოს მოღალატე! – პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

    რუსეთის მონა! საქართველოს მოღალატე! – ამ ლოზუნგებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. ორბელიანის მოედანზე შეკრებილები პრეზიდენტის იმ განცხადებას აპროტესტებდნენ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ პუტინს მიმართა და მოუწოდა ესკალაციის მცდელობას არ აჰყვეს.

    აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეურაცხყოფს ყველა იმ გმირს, რომელიც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

    „საქართველოს ფაქტიურად პრეზიდენტი არ ჰყავს. ეს პრეზიდენტი არ არის . რაც დღე პუტინმა, ბატონმა ვალოდიამ დაგვიწერა საქართველოს ახალი ისტორია, დაგვადანაშაულა საქართველოს. პირდაპირ ვართ აგრესორები, დავჩაგრეთ ჩვენ თითქოს ოსები და აფხაზები და მოვუწყვეთ გენოციდი, ამაზე ჩვენს პრეზიდენტს რეაქცია არ ჰქონდა და ერთი სიტყვაც კი არ თქვა საქართველოს მხარეზე, რომ ეს ესე არ იყო. მე თვითონ ვარ 2008 წლის ომის მონაწილე. წუთი ის დახოცილი ჩვენი გმირების ერთი სახე მაინც არ წარმოუდგა ჩვენს პრეზიდენტს თვალწინ, რომ ამ განცხადებაზე, ან რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს რეაქცია ქონოდათ. პასუხი გაეცათ. ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს, მთავრობა არ გვყავს, ჩვენ გვყავს მონები,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

    აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ “მოღალატე პრეზიდენტი” არ ჩამოშორდება ქვეყანას.

    „მისი ყოველი ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. აი ამას ვაპროტესტებთ დღეს ჩვენ . და ეს პროტესტი არ არის ერთ დღიანი. ბუნებრივია ეს პროტესტი იქნება ხანგრძლივი და მივაღწევთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი და ყველა დანარჩენი ქართული ოცნების მოღალატეობრივი და მტერი მთავრობა მოსცილდება საქათველოს,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

    აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკუთარი განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას.

  • ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა – დაიღუპა მძღოლი

    ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამშველო სამსახურის ინფორმაციით ავარიის დროს ტრაილერი გადაბრუნდა, დიღუპა ტყრაილერის მძღოლი, ორი მსუბუქი ავტომობილი კი დაზიანდა.

    ამ წუთებში მაშველები ტრაილერიდან მღღოლის ამოყვანას ცდილობენ.ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

  • შეკვეთილში მოშიმშილეებს 50-მდე ადამიანი თავს დაესხა

    შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან – აქცია, სადაც 2 კვირაა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, სამოქალაქო ტანსაცმელში მისულმა პირებმა დაარბიეს.

    აქციის მონაწილეებს თავს დაახლოებით, 50-მდე ადამიანი დაესხა. თვითმხილველების თქმით, მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.თავდამსხმელებმა დაშალეს კარავი, ჩამოხსნეს საპროტესტო ბანერები, მოშიმშილეები კი ადგილიდან გააძევეს. 

    აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ “ტიტუშკები” სწორედ მთავრობის მიერ არიან მოგზავნილები.

    ისინი სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ინციდენტის დროს პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, რომ მომხდარზე დროულად დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს თავდამსხმელთა ვინაობა.

    მოშიმშილეები მომხდარის მიუხედავად პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

  • მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე ისევ ცუდად გახდა

    გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისევ ცუდად გახდა. გერმანიის კანცლერმა ფინეთის ახალი პრემიერის დახვედრის ცერემონიაზე ჰიმნის შესრულების დროს კანკალი დაიწყო. 

    მერკელი ამტკიცებს რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, თუმცა მედიამ ის შეუძლოდ ბოლო 1 თვის განმავლობაში  მესამედ დააფიქსირა ოფიციალური ცერემონიების დროს.

    თავდაპირველად, გერმანიის 64 წლის  კანცლერი შეუძლოდ უკრაინის პრეზიდენტთან  ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გახდა.

    ასევე ცუდად გახდა  დიდი ოცეულის სამიტის წინაც, თუმცა მან განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობდა.

  • “ღირსეული პასუხი! დიდება ღმერთს!“–ემზარ კვიციანი პუტინის განცხადებაზე

    “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში ღირსეული მოწინააღმდეგის პასუხს უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

    “ნაციონალებმა ერთი ორად გაზარდეს პუტინის რეიტინგი, საქართველოში და მსოფლიოშიც. მისი განცხადება იყო ღირსეული მოწინააღმდეგის პასუხი!ღირსეული ბრძოლა ყოველთვის ფასდება და უღირსი საქციელი ისჯება, თვით განგებისგანაც. დიდება ღმერთს!“, – წერს სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანი.

    შეგახსენებთ რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ მიაჩნია სწორად, რადგან ქართველ ხალხს ძალიან დიდ პატივს სცემს.

  • ვარკეთილში, სადარბაზოში ხელყუმბარის შეგდების ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარის შეგდების ფაქტზე, 1 პირი  დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრლდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ., დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 10 ივლისს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დაშავებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო “რგდ”-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

    სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”-აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • შავი ზღვის სანაპიროზე მაშველებმა დღეს 17 ადამიანი გადაარჩინეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
    სამსახურის ინფორმაციით, დაბა ურეკში 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.