Category: არქივი

  • ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

    ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, მძღოლები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელის მიხედვითაც  მერია მათ ავტოსადგურის იერსახის მოწესრიგებას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გარკვეული თანხით აჯარიმებს.გაფიცული მძღოლები ამ პირობის გაუქმებას  ითხოვენ.

    აქციის მონაწილეების თქმით, ავტოსადგურის ტერიტორია მათ იჯარით აქვთ აღებული და მერიამ მისი მოწესრიგება არა დამქირავებელს არამედ მეპატრონეს უნდა მოსთხოვოს.

    ფოთის მერიაში კი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის მოწესრიგებას მძღოლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ავალდებულებს.

  • ჭოპორტში ნაწამები ძაღლი მამა სებასტიანემ შეიფარა

    2 კვირის წინ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ჰასკის ფოტო გამოჩნდა, რომელსაც ყბის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

    როგორც გაირკვა,  ჭოპორტის მაცხოვრბელმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

    ჭოპორტში ნაწამებ ძაღლს თავშესაფარში უმკურნალეს. ამასობაში კი ჰასკს ახალი პატრონი გამოუჩნდა. ახალი პატრონი მამა სებასტიანეა.

    ელიზბარაშვილის ძაღლების  თავშესაფრის ცნობით, მამა სებასტიანე ძაღლების თავშესაფარში მივიდა, ჰასკის წვნიანი საჭმელი ჩაუტანა და მისი წაყვანის სურვილი გამოთქვა.

    მას თავშესაფრიდან ნაწამებ ძაღლთან ერთად ერთ-ერთი ლეკვიც გაატანეს. მამა სებასტიანე რამდენიმე ტრამვირებულ ცხოველს მფარველობს.

    “ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა . დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში , მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში , სოფელი წრომის დედაღვთის მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი მყავს მიკედლებული და ნამკურნალები, თუ გამატანთ ამასაც მივხედავო. გავატანეთ.
    ლეკვების ვოლიერიდან ერთი ლეკვი განსაკუთრებით აქტიურობდა, თითქოს
    მამაოს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. შეუმჩნეველი არ დარჩა ლეკვის აქტიურობა , აიყვანა ხელში და გულში ჩაიხუტა. საოცარი სითბო და სიმშვიდე იგრძნობოდა თავშესაფარში მამა სებასტიანესაგან.
    წასვლისას დალოცა თავშესაფარი , წაიყვანა ლეკვი და ძაღლი”-აცხადებენ თავშესაფარში.

  • რატომ არ ადგა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე ჰიმნის დროს (ვიდეო)

    გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი  ბოლო პერიოდში ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ექცევა. 

    ზედიზედ 3-ჯერ ის შეუძლოდ გახდა ოფიციალურ შეხვედრებზე. ფეხზე დგომის დროს მას აშკარად ეტყობოდა, როგორ კანკალებდა. 

    როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომ ოფიციალური შეხვედრის დროს პროტოკოლი შეიცვალა და  მერკელმა ამჯერად   ჰიმნის შესრულების დროს დაჯდომა არჩია.  მან და  დანიის  პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა   შეხვედრის დაწყებამდე მათი ქვეყნის ჰიმნებს  მჯდომარე მდგომარეობაში მოუსმინეს.

    უცხოური მედიის ცნობით, პროტოკოლის ცვლილება  სწორედ  მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

    პირველად გერმანიის კანცლერი შეუძლიოდ 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელესნკისთან შეხვედრის დროს გახდა, თუმცა მაშინ განაცხადა, რომ ის დეჰიდრატაციას უჩიოდა და წყლის დალევის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო.

    მერკელი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ამასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია.

  • “პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩები პარლამენტის შენობაში მიიყვანა”-საგარეო უწყება გახარიას განცხადებაზე

    “ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა”  – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებთან განაცხადა და უარყო ის ინფორმაცია, რომელიც გიორგი გახარიამ გააჟღერა.

    „ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

    გიორგი გახარიამ  გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ 20 ივნისს აქციის ღამეს უცხო  ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

  • “პარლამენტში შევარდნით სახელმწიფო არ ტრიალდება“–თინა ხიდაშელი გახარიას ინტერვიუს აფასებს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს აფასებს, რომელიც ინგა გრიგოლიას რეაქციაში შედგა:

    “პირველი რეაქციები ინგა გრიგოლია -ს რეაქციაზე:

    მინისტრი ამბობს:

    იყო შტურმი

    ვმოქმედებდით მოგერიებისთვის

    დღესაც ვერ ხსნიან რა მიზნით აპირებდნენ შეჭრას.

    ეს გახარიას სიტყვებია

    ასევე გახარიას სიტყვებია

    სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

    ბატონო მინისტრო, არ ვიცი თქვენი განათლება რა არის, მაგრამ იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ ეთერამდე:

    სახელმწიფო გადატრიალება არ არის ემოციური დანაშაული,  არც აფექტის მდგომარეობაში დგება, არც პარლამენტში შევარდნით ტრიალდება სახელმწიფო.

    ეს არის კარგად დაგეგმილი ქმედება რომელიც აუცილებლად ნიშნავს, თუნდაც დასაცინი მაგრამ მაინც ‼️გეგმის არსებობას‼️‼️ ხელისუფლების ძალადობრივი ‼️ცვლილებისთვის.

    თქვენი პირველი სამი განაცხადი კი ამას უბრალოდ გამორიცხავს.
    იქნებ ჩამოყალიბდეთ, რისთვის იბრძოდით იმ ღამეს

    და კიდევ ერთი

    პოლიციის პირველი ფუნქცია ადამიანების დაცვა და მათთვის საფრთხის არიდებაა და მხოლოდ ამის შემდეგ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რომელსაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ფუნქცია აქვთ.“– წერს თინა ხიდაშელი.

  • შსს-მ პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

    შსს-მ პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

    როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიების პროცესში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

    საქმე ეხება პარლამენტის წინ აქციის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

    აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციაზე ორი პირი მივიდა, რომლებიც  აქციის მონაწილეებს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ და  აქციის მონაწილეებს, მათ შორის არასრუწლოვანს და ჟურნალისტს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • “ამ კაცის თანამდებობაზე ყოფნა ყველა ნორმალური ადამიანის შეურაცხყოფაა“–დავით ზურაბიშვილი გახარიას ინტერვიუზე

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას სატელევიზიო ინტერვიუს  აფასებს და თვლის, რომ ამ კაცის თანამდებობაზე ყოფნა “ყველა ნორმალური ადამიანის შეურაცხყოფაა და უბრალოდ მორალური და პოლიტიკური ჰიგიენის საკითხია. როგორც შსს მინისტრის საყვარელი ოკუპანტები იტყვიან, наглый фраер хуже танка!“– წერს ზურაბიშვილი
    გახარის ინტერვიუს ინგა გრიგოლიას რეაქციაში დავით ზურაბიშვილმა რამდენიმე ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა:
    “პატარა ჩაანალიზება.
    ფრენდლისტში ყველანაირი ხალხი მყავს დიაპაზონით რადიკალი ნაციდან რადიკალ ქოცამდე. ჰოდა გახარიას ინტერვიუს შემდეგ რომ გადავხედე, ასეთი სურათია.
    ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ გახარიას. ეს ეხება როგორც რადიკალ, ისე ზომიერ ოპოზიციონერებს თუ ე. წ. შუაშისტებს.
    ხელისუფლების მომხრეები კი ან ძალიან ან შედარებით მორცხვად კმაყოფილები არიან გახარიას გამოსვლით და აგინებენ ინგას და ნაცმოძრაობას. ამ უკანასკნელს უფრო.
    აქედან გამომდინარე:
    ა) როგორც ჩანს, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რას ამბობ, მთავარია წინასწარი განწყობა.
    ბ) ძალიან ახლოს ვართ იმ სტადიათან, როცა ხელისუფლების მომხრეობა უკვე დიაგნოზის ტოლფასია.
    მართლაცდა, რანაირად შეიძლება ადამიანს მოგეწონოს ის, რაც ყველამ ვნახეთ? აი, როგორ? რანაირად? დაქირავებული ტროლის ამბავი კიდევ გასაგებია, იმას რა ნამუსი უნდა მოთხოვო, მაგრამ შენით დაწერო გახარიას საქებარი ამ გადაცემის მერე, თანაც უფასოდ?
    ასე, რომ საბოლოო დასკვნა შემდეგია: თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ გაისად, მაგარი დარხეული გვაქვს.“–წერს დავით ზურაბიშვილი ჰეშთეგით #გახარიაწადი
  • “ბიძინა,შე სერგო ორჯონიკიძე,ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ“–გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

    “ბიძინა არ გამოგივა, არ გამოგვივა შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო… ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტა დამიჭირო რა!” – ამ განცხადებით, გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
    პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, ერთ-ერთია იმ ოთხ ოპოზიციონერ ლიდერს შორის, რომლებსაც 20 ივნისის აქციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იბარებენ. როგორც გუბაზ სანიკიძე აცხადებს, ის მზად არის მივიდეს გამოკითხვაზე, თუმცა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.
    „ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ერმა იხილა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული და გვყავს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს, რომ პატრიოტები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ძალიან ეშინიათ სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და მე მგონი, თვითონაც აღარ მალავენ უკვე, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა მოგვაქციოს ციხეში და იზოლირება გაგვიკეთოს. ბიძინა არ გამოგივა რა, არ გამოგვივა შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო რა. ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტა დამიჭირო რა. ხვალ 10:30 საათზე, მე წამომყვება ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ვალერი გელბახიანი და ვაპირებთ განცხადების შეტანას და მაგისტრანტ მოსამართლესთან მზად ვარ დაკითხვაზე მივიდე,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
    სპეცოპერაცია ოპოზიციის გასანეიტრალებლად ახალ ფაზაში გადადის. ოთხ ლიდერს დღეს საღამოს შეტყობინება მიუვიდა რომ გამოკითხვაზეა დაბარებული. ერთმანეთის მიყოლებით გახარია კრიმინალურ პოლიციაში იძახებს ხატია დეკანოიძეს, გუბაზ სანიკიძეს, ირაკლი ღლონტს და ბაჩუკი ქარდავას. ოპოზიციის ლიდერები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ საქმეზე დაიბარეს.
  • ადამიანი ახალისებს სიძულვილის ენით მოსაუბრე ჯგუფებს და​ ჩვენზე ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გვაქვს-დიღმელაშვილი გახარიაზე

    „ჩვენზე ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გვაქვს და სახელმწიფო ინსტიტუტების შეგრძნება არ გვაქვს” – ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ ინტერვიუს აფასებს. შოთა დიღმელაშვილია ამბობს, რომ შს მინისტრი რუსული პიარ კამპანიით მოქმედებს და თავის გადასარჩენად ამბობს ტყუილს და ქვეყანაში რადიკალური ჯგუფებს ახალისებს.
    „ჩვენზე ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გვაქვს და სახელმწიფო ინსტიტუტების შეგრძნება არ გვაქვს. ადამიანი, რომელიც ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს, მთელი ევროპა რასაც ებრძვის, და ეს რუსული პიარ ტექნოლოგიებით, რაღაც ძალადობის ენით, სიძულვილის ენით მოსაუბრე ჯგუფებს, ბოტებს, ტროლებს ახალისებს. პიარი მაინც წამოიღეთ ნორმალური ქვეყნებიდან” – აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.
    შს მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს აქციის კიდე ერთი ორგანიზატორი, გიორგი ონიაშვილი. მისი თქმით, დღევანდელი გამოსვლით დადასტურდა, რომ შს მინისტრი „რკინის კაცის“ იმიჯის როლს ირგებს.
    ონიაშვილი ამბობს, რომ ამ იმიჯის შექმნის მიუხედავად, პროტესტის ძლიერი ტალღის გამო შს მინისტრი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე არ გამოვიდა.