Category: არქივი

  • ქართული საფეხბურთო კლუბების წარმატება ევროტურნირებზე – დინამომ და ჩიხურამ გამარჯვებით დაიწყეს

    ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ქართული კლუბებისთვის წარმატებით დაიწყო. პირველ ეტაპზე თბილისის დინამო ანდორულ ენდორგანს უპირისპირდებოდა და საკუთარ მოედანზე მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6-0 დაამარცხა.

    ანგარიში ძალიან სწრაფად, მე-6 წუთზე ნინუას გოლით გაიხსნა. ამის შემდეგ თბილისის დინამოს აბსოლუტური დომინირება დაიწყო და მათ მეტოქეს კიდე 5 გოლი გაუტანეს. 1:0 ნინუა (6), 2:0 კუხიანიძე (21), 3:0 ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69-პენ.), 5:0 კუხიანიძე (71), 6:0 ზარია (81).

    საპასუხო მატჩს ფაქტობრივად ფორმალური დატვირთვა აქვს და ეს მატჩი 17 ივლისს ანდორაში შედგება.

    რაც შეეხება მეორე ქართულ კლუბს საჩხერის ჩიხურას დინამოელებივით მარტივი მატჩის ჩატარება არ გამოუვიდათ. მეტიც, საჩხერლები 22-ე წუთზე გაშვებული 11 მეტრიანით მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩის მოტრიალება და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, 2-1.

    1:0 სინანი (22-პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), 1:2 კორიფაძე (86-პენ).

    სამწუხაროდ გუშინ მოასპარეზე მესამე ქართულ კლუბს ქუთაისის ტორპედოს სხვებივით წარმატებული სტარტი არ გამოუვიდა. ტორპედო ყაზახურ ორდაბასისთან სტუმრად მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა. კახა ჩხეტიანის შეგირდები საკმაოდ რთულ მეტოქეს 65 წუთის განმავლობაში უმკლავდებოდნენ თუმცა, ჟოაო პაულოს მოწოდებული კუთხურის შემდეგ როინ კვასხვაძემ შეცდომა დაუშვა და კარი დატოვა, ამით იერლანოვმა ისარგებლა, დაუცველ კარში თავით გადაგზავნა ბურთი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

  • ტოჩინოშინმა ტრავმის გამო ნაგოია ბაშოზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა

    ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიაში მიმდინარე ზაფხულის ბაშოზე ასპარეზობა ტრავმის გამო დაასრულა.

    ტოჩინოშინს ტრავმა პირველივე დღიდან ეტყობოდა. ის ვერ აჩვენებდა საკუთარ ძალისმიერ სუმოს და აშკარა იყო, რომ მარჯვენა ფეხს მუხლის გამო ვერ ეყრდნობოდა. ლევანმა ნაგოია ბაშო 0-5 ბალანსით დაასრულა.

    საბედნიეროდ მის ოძეკის წოდებას საფრთხე ამით არ ემუქრება. ლევანმა მზადება ნოემბრის ბაშოსთვის უნდა დაიწყოს, სადაც მას მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება იმისათვის, რომ წოდება შეინარჩუნოს.

    მეორე ქართველი გოლიათი ლევან ჯუღელი, იგივე ,,გაგამარუ” ბაშოზე ასპარეზობას განაგრძობს. მას 6 ბრძოლის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება მოუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო ბრძოლა გაგამარუმ კოჭლობით დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისიც ტკივილებით ასპარეზობს.

    განაგრძობს თუ არა გაგამარუ ზაფხულის ბაშოზე ასპარეზობას ან ჩაეხსნება თუ არა ტოჩინოშინის მსგავსად  ტურნირს ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • “კუთხეში მიმწყვდეული მხდალი ბანდიტია”- მოშიმშილეები შს მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ

    თუ ვინმე საქართველოში აწყობს ამბოხს საქართველოს წინააღმდეგ ეს არის გიორგი გახარია – ამის შესახებ განცხადებას, პარლამენტის წინ მყოფი მოშიმშილეები აკეთებენ. ისინი შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას დემონსტრანტების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” მიცემულ ინტერვიუში გახარია ბოლომდე გაშიშვლდა და რეალური სახე გამოაჩინა.

    „გიორგი გახარია ბოლომდე გაშიშვლდა. ის არის კუთხეში მიმწყვდეული მხდალი ბანდიტი, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად და პოსტის შესანარჩუნებლად მზადაა და აანონსებს, რომ ქვეყანაში დაიწყებს რეპრესიებს და ამავდროულად გაწირავს პოლიციელებს. დღესდღეობით თუ ვინმე საქართველოში აწყობს ამბოხს საქართველოს წინააღმდეგ ეს არის გიორგი გახარია. ჩვენ მოშიმშილეები მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს: მეგობრებო, არ დაიზაროთ პროტესტის გამოხატვა, გამოდით ყველა,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც უკვე ორი კვირაა შიმშილობს.

    მოშიმშილე ვახტანგ სიხარულიძე კი, ომბუდსმენს მოშიმშილეების მონახულებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, 16 დღის მანძილზე მათთან არც სახალხო დამცველი და არც ჯანდაცვის წარმომადგენელი არ მისულა.

    „მე-16 დღეა ვშიმშილობ, ჩემთან არ მოსულა და მე ვიცი, რომ 24 საათის შემდეგ უნდა ინახოს ომბუდსმენის, ან მისი აპარატის წარმომადგენლის მიერ მოშიმშილე რა მიზეზითაც არ უნდა შიმშილობდეს ის. ნინო, გოგო სად ხარ ამდენი ხანი, მოდი და მნახე, იქნებ რას გეუბნები. თუ შენ არ მოხვალ, შენი წარმომადგენელი გამოაგზავნე,“- განაცხადა სიხარულიძემ.

    პარლამენტის წინ უკვე მე-18 დღეა მოშიმშილეები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 6 მოშიმშილედან კარვებში ღამეს ამ დროისთვის 2 ადამიანი ათევს, 4-მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

    მოშიმშილეები ამბობენ, რომ შს მინისტრის გადადგომამდე პროტესტს არ შეწყვეტენ.

  • “სანამ კაკისთვის ტალახის სროლას გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი”-ნინო წილოსანი

    “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი თანაპარტიელის განცხადებაზე საზოგადოების უარყოფით გამოხმაურებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

    “მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

    პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

    როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე .

    სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი , რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა.” დაწერა წილოსანმა.

    შეგახსენებთ, აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განცხადება გააკეთა და პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს მეხუთე კოლონა უწოდა.

    “არანაირი მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას“- განაცახდა ზოიძემ.

    მოგვიანებით მან ეს განცხადება სოციალურ ქსელში განმარტა.

    “ყოველგვარი ორაზროვანების თავიდან ასაცილებლად თუ რა ვთქვი პოლიტმეტრში:

    ნაციონალური მოძრაობა არის მეხუთე კოლონა და ამ ქვეყნის მტერი, და ისინი უნდა მკვეთრად გავმიჯონოთ იმ ახალგაზრდებისგან რომელიც დგანან და ასევე მოითხოვენ გახარიას გადადგომას”, – დაწერა აკაკი ზოიძემ. 

  • თბილისის ოც სკოლაში იტალიურის სწავლება დაიწყება

    თბილისის ოც სკოლაში იტალიურის ენის სწავლება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ  და საქართველოში იტალიის  ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადეს.

    აღნიშნული ინიციატივა  იტალიის მთვარობას ეკუთვნის  და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით სექტემბრიდან  განხორციელდება. 

    ჯერჯერობით უცნობია, რომელ სკოლებში დაიწყება იტალიური ენის სწავლება.

    საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.

  • თუშეთის გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

    თუშეთში, ჰესის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.

    არსებული ინფორმაციით, თუშეთის გზაზე, ერთ- ერთი ჰესის მშენებლობაზე  მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

    მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “30 წელი ჩვენი ზღაპრული სამყაროს გმირი იყო”- ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეზე

    რამდენიმე დღის წინ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

    ყველასათვის საყვარელი მსახიობის მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მას ემოციურ პოსტს უძღვნის.

    „…მაინც მატირა… ყველა გვატირა… 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა ,რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა…

    როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიყო სიტყვა ,,მეზიზღება,,. 30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა, ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა . ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა…რატომ ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ…

    ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობ თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში … მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე… მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა… მიყვარხარ“, – წერს ბანძელაძე.

  • ნინი ქარსელაძის მამა გარდაიცვალა

    ნინი ქარსელაძეს მამა,თეკუჩა ქარსელაძე გარდაიცვალა.

    თეკუჩა ქარსელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში დამძიმდა. როგორც ცნობილი გახდა, მას ცოტა ხნის წინ ინსულტი დაემართა.

    ნინი ქარსელაძე მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სოციალურ ქსელშიც წერდა. 

  • გახარიას ნათქვამი 8 ტყუილი- გოკა გაბაშვილი

    “ევროპული საქართველოს” წევრი გოკა გაბაშვილი სოციალურ ქსელში  შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ გახარიამ გუშინდელი ინტერვიუს დროს ბევრი ტყუილი თქვა.

    “1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია – ტყუილია❗️– გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ

    2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა – ტყუილია ❗️– საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე

    3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა – ტყუილია❗️– პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება

    4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა – ❗️ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით

    5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის – ტყუილია❗️– იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით

    6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ – ტყუილია ❗️– პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება

    7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში – ტყუილია ❗️ და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით

    8. გადადგომა პასუხესმგენლობისგან გაქცევას ნიშნავს – ტყუილია❗️ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების.

    სამართლებრივის დროც დადგება…”-წერს გაბაშვილი.

  • ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.