Category: არქივი

  • პარლამენტთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

    პარლამენტის წინ მოშიმშილე ბექა ბასილაია შეუძლოდ გახდა. მასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები იმყოფებიან.

    ბექა ბასილაია მე-17 დღეა, რაც პარლამენტის წინ შიმშილობს. ის ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა და მათ მთავარ მოთხოვნას სრულად იზიარებს – გადადგეს შს მინისტრი.

    დღეს პროტესტის 24-ე დღეა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.

    მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

    აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.

  • თბილისში მამაკაცი გრძელი თმის გამო სცემეს

    ინციდენტი მაჩაბლის ქუჩაზე – მოზარდების აგრესიულმა ჯგუფმა ბიჭს გრძელი თმის გამო სცემა. თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდები ბიჭს ყვირილით – გოგო ხარ თუ ბიჭიო, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ურტყამდნენ. ინფორმაცია მომხდარის შესახებ, თავდაპირველად, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთმა” გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დაზარალებულს ექიმის ჩარევა და თავზე ორი ნაკერის დადება დასჭირდა.

    შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხვები.

    „დღეს გავიგე, რომ საყურის გამო ჩხუბი მომხდარა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. გუშინ იყო ეს ამბავი და სად, როდის არ ვიცი არაფერი“, – აცხადებს ადგილობრივი.

  • “რუსეთს ჰქვია ღვთისმშობლის სახლი”- ეპისკოპოსმა სპირიდონმა ღმერთს პუტინის შენდობა სთხოვა

    სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთი ღმერთის გზაა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, ღმერთის ნაკარნახევია.

    „ამასწინათ იყო ტელევიზორში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და საერთოდ ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობა ესეც… რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ღმერთმა აპატიოს მას, მაგრამ მე გეტყვით თქვენ – ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების. თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია, რომ ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა იქით მიუშვებს. რატომ ათქმევინა, რატომ იმ ადამიანს დაუშვა, რომ ეს ეთქვა, იმიტომ რომ შენ გარბიხარ, გინდა თუ არა პიდარასტების მხარეს უნდა ვიყოო, გინდა თუ არა ეროვნული ბოზები უნდა იყვნენ ჩვენ ქვეყანაში და გინდა თუ არა ეროვნული პიდარასტები უნდა იყვნენ ჩვენ ქვეყანაშიო და იმას, ვისთანაც შენ შეკრული ხარ იძახიან, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ჰომოსექსუალიზმი, რომ ეს თითქოს არის მათი ფუნდამენტალური მოთხოვნა და საქართველო უნდა გახდეს გარყვნილების და ჰომოსექსუალიზმის… რაც ხდება ახლა ბათუმში, პირდაპირ არის ამის დემონსტრირება.”

    „უფალი ამას არ დაუშვებს და უფალი გამოგაფხიზლებს. მათრახს დაგარტყამს. შენი შვილი კლდეზე გადასავარდნად რომ გარბოდეს, ერთხელ უთხრა, ორჯერ და მაინც თავისას აკეთებს, დაიჭერ იმას და ურტყამ ხომ, მათრახს დაარტყამ, რომ არ გადავარდეს კლდეზე. ასე არ არის? ამიტომ ჩვენი ხალხი და ხელისუფლება გინდა თუ არა პიდარასტების ბანაკში უნდა შევიდესო, არ გაუშვებს დედა ღვთისმშობელი, მათრახს დაგარტყამს და ისეთ ძალას მოიყვანს, რომელიც აღგიკვეთავს იგივე გზას, რომ გადაგარჩინოს“.

    ეპისკოპოსი ღმერთს ვლადიმერ პუტინის შენდობას სთხოვს. 

    „ღმერთმა აპატიოს მის განმცხადებელს, მაგრამ რატომ ამბობს ამას, იმიტომ ამბობს, რომ ჩვენი ცოდვების გამო. რა ხდება – ორი სისტემა ებრძვის ერთმანეთს. ერთია დასავლური სისტემა, მეორე აღმოსავლური, რუსული სისტემა. ერთი სისტემა აკანონებს გათახსირებას, უბედურებას, ერთსქესიანთა ქორწინებას… მეორე სისტემა ამას ეწინააღმდეგება. ერთი სისტემა ზნეობას ეწინააღმდეგება, მეორე შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ის კანონმდებლობის დონეზე დაიცვას…

    დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს – ნატოში და ევროპაში. უფალი ნახე რას ამბობს, იმის ნუკი გეშინია, ვინც შენს ხორცს კლავსო, იმის გეშინოდეს, ვინც შენ სულს კლავსო, ცოდვის გეშინოდესო. ანუ ტანკების, ოკუპაციის და ჯარის ნუ კი გეშინია, გეშინოდეს იმის, ვინც შენ სულიერად გკლავს – გაგრყვნის, გაგათახსირებს…უფალი ასე ამბობს, შენ თუ ნებით აირჩევ გათახსირებას და ცოდვას, მაშინ მე მათრახს გადაგიჭერო და ეს მათრახი იქნება ჩრდილოეთის მათრახი.ოკუპანტი… ოკუპანტი… ესეთი ამოკვიატება ქვეყნის, ისტერიული და ვაკხანალიური გინება რუსეთისკენ, ეს მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მის წინააღმდეგ…ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, რუსეთს ჰქვია ღვთისმშობლის სახლი. და არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთთან ცუდად ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ“.- ქადაგებს   სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

  • პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

    20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს პროკურატურაში ეხმაურებიან. პროკურატურაში ნიკა მელიას საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის, მთავარ ვიდეომტკიცებულებაზე ისაუბრეს.

    საგამოძიებო უწყებამ 2 წუთის და 45 წამის ხანგრძლივობის ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ეს არის ამონარიდები სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირი ეთერებიდან, სადაც ასახულია 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები.

    საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თქმით, ნიკა მელიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო პარლამენტის წინ შექმნილი ვითარების სრულ სურათს არ აჩვენებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მისივე განცხადებით, ვიდეომასალა მოიპოვა ბრალდების მხარემ, ხოლო დაცვის მხარემ ის საკუთარი ვერსიის შესაქმნელად გამოიყენა.

    „დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას,“ – ამბობს პროკურორი.

    ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს, საღამოს 9 საათის შემდეგ, რა დროსაც ნიკა მელიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ, სიტუაცია დაიძაბა.

    „მოწოდების მომენტშიც და მანამდეც, ნიკანორ მელია აცნობიერებდა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წევრია და იქ მყოფ დემონსტრანტებსა და მხარდამჭერებში სარგებლობს ნდობით და შესაბამისად, მის მოწოდებას შეეძლო, მოსალოდნელი შედეგის მყისიერად დადგომა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ლეგიტიმური პროტესტის გამოსახატად შეკრებილ მოქალაქეებში ემოციური ფონი ისედაც მაღალი იყო. ზემოაღნიშნული მოწოდებებით და სამართალდამცავთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობით ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რაც დასტურდება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით,“ – ამბობს გულუაშვილი.

    პროკურორის თქმით, ნიკა მელია ძალადობრივი შეჭრის განზრახვის შეფარვისთვის იყენებდა შემდეგ ფრაზებს – „მშვიდობიანი შესვლა“, „ხელების აწევით შესვლა“.

    „დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ ვიდეომტკიცებულების სრულ ვერსიას და იმ ეპიზოდსაც, რომელზეც ასე დაჟინებით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას დაცვის მხარე… ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა. ნიკანორ მელია, როგორც დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში და ა.შ.,“ – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

    პროკურორის თქმით, ნიკა მელიას ბრალეულობას ექსპერტიზა, მოწმეების ჩვენება და ვიდეომასალები ადასტურებს.

  • კახა კალაძეს მრგვალ ბაღში აქტივისტები თვალზე ხელაფარებულები დახვდნენ

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ მრგვალ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერს მრგვალ ბაღში ახალგაზრდებმა საპროტესტო პერფორმანსი მოუწყვეს.

    რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც 20-21 ივნისის ღამით ძალის გამოყენებით აქციის დაშლის გამო, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. თბილისის მერს ცალ თვალზე ხელაფარებულები დახვდნენ.

    კახა კალაძე, მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაობის დასათვალიერებლად იყო მისული. მისი სიტყვებით, გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

    „კითხვას შემოგიბრუნებთ. რატომ დაიწყო შტურმი პოლიციაზე, სახელმწიფოში უპირველეს ინსტიტუტზე? მეორე კითხვას დაგიბრუნებთ – ჩაგიხედავთ კანონში, იცით, როგორ არის ეს, როგორ ხდება ზოგადად? არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. შეიძლება, ყველამ არ ვიცოდეთ ყველა კანონი, არც მე ვიცი ყველა მათგანი, მაგრამ გეტყვით, როგორ ხდება: როცა აქცია არის დაგეგმილი, ხუთი დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში და მერია გამოყოფს წარმომადგენლებს, აქვს კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან. როდესაც დაშლა ხდება, წინასწარ ხდება გაფრთხილება.

    ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს მოსაზრება მშვიდობიანი ფორმით. რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე, იყო უმძიმესი. ჩემთვის ასევე მძიმე იყო ისიც, თუ როგორ განვითარდა მერე მოვლენები, ამდენი დაშავებული ადამიანი. რა დავარქვათ იმას, როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირ ცემა-ტყეპა. პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    ახვეული თვალი 20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაგომის მოთხოვნით მიმდინარე პროტესტის სიმბოლოდ იქცა. აღნიშნული ჟესტი ეხმიანება ფაქტს, როცა დარბევისას სპეც. რაზმელთა მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის გამო ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

  • “ქალის დაკნინება არავის უნდა გაუვიდეს”- სოფო კილაძე ონიანის სექსისტურ კომენტარს აკრიტიკებს

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ინგა გრიგოლიას მისამართით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის სექსისტურ, დამამცირებელ და შეურაცხმოფელ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სოფო კილაძე აღნიშნავს რომ საზოგადოებაში ქალის დაკნინება არავის არ უნდა გაუვიდეს.

    “ასეთი გამონათქვამები ქალების წინააღმდეგ არის სამარცხვინო, მით უმეტეს საქართველოს ტრადიციულ კულტურაში, სადაც ქალებს განსაკუთრებულ სცემენ პატივს. ორმაგად სამარცხვინოა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი”, — წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში. 

    Facebook პოსტი, რომელზეც ონიანმა დააკომენტარა “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით იყო დაწერილი.თუმცა ონიანმა თქვა, რომ ეს კომენტარი სხვა ინგაზე დაწერა.

  • “სუნთქვის შემკვრელი სილამაზით ხარ გარშემორტყმული“–ბრიტანეთის ელჩი ტვიტერზე სვანეთის ფოტოებს აქვეყნებს

    ბრიტანეთის ელჩი საქართველოში,ჯასტინ მაკენზი სმიტი, რომელიც პირველი დღიდან აქტიურად არის ჩართული კამპანიაში “გაატარე ზაფხული საქართველოში“ ტვიტერის გვერდზე სვანეთის ფოტოებს აქვეყნებს წარწერით: “სვანეთი. საქართველო. მიმოიხედავ და სუნთქვის შემკვრელი სილამაზით ხარ გარშემორტყმული“.  ელჩი ტვიტერზე სვანეთიდან ორ ფოტოალბომს აქვეყნებს. ერთი ალბომის სათაური ასეთია: “სვანეთი არაჩვეულებრივია.“

  • შეერთებული შტატების სანაპიროს დამანგრეველი შტორმი უახლოვდება

    ტროპიკული შტორმი „ბარი“, რომელიც ამ დროისთვის მექსიკის ყურეში გადაადგილდება, სავარაუდოდ ქარიშხლად გადაიქცევა. „ბიბისის“ ცნობით, სინოპტიკოსების პროგნოზით, ის ახალ ორლეანს დაარტყამს, რომელიც ძლიერი წვიმების შედეგად დატბორილია.

    დონალდ ტრამპმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნულ გვარდიას მოსახლეობის დახმარება დაავალა.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ივლისს ქარის სიჩქარე საათში 119 კმ-ს მიაღწევს, როდესაც ეს მოხდება შტორმი ქარიშხლად ოფიციალურად გამოცხადდება. ის ლუიზიანას შტატში 25-35 სმ ნალექს გამოიწვევს და შეეხება ტეხასის შტატის ნაწილსაც.

    ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზონასთან მიახლოება აუკრძალა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი დროებით თავშესაფრებში განათავსა.

    მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი ლუიზიანას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, რეგიონში ძლიერ წყალდიდობას ელოდებიან.

  • სალომე ზურაბიშვილი ქართველ ჟურნალისტებს ისევ არ ელაპარაკება

    ქართველ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილი ისევ არ ელაპარაკება. საქართველოს პრეზიდენტს „დოიჩე ველესთან“ გაკეთებული შეფასების განმარტება დღეს მედიის წარმომადგენლებმა სთხოვეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი შეკითხვას, ტრადიციულად, ისევ გაექცა.

    „ეკლესიასთან დაკავშირებით თუ მკითხავთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

    სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიზებულია და ამაში ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ადანაშაულებს. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

  • კილომეტრიანი საცობი – სარფის საბაჟო გადაკეტილია

    ერთკილომეტრიანი საცობია სარფის საბაჟოსთან. დაახლოებით, სამი საათია, რაც სარფის საბაჟო გადაკეტილია და ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.

    სარფის გამშვებ პუნქტამდე საცობი გონიო-კვარიათიდან იწყება. მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟოზე არ ატარებენ და მათთან შეფერხების მიზეზად თურქულ მხარეს არსებულ პრობლემას ასახელებენ.

    სარფის საბაჟოზე მხოლოდ ტრანსპორტის გარეშე მყოფებს შეუძლიათ გავლა.

    ამ დროისთვის ბათუმი-სარფის სატრანსპორტო მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.