Category: არქივი

  • აქცია დიღომში – ადგილობრივებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს

    ადგილობრივებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს და კომპანია  „ანაგის“ მიერ შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

    ეს არ არის პირველი პროტესტი. მას შემდეგ, რაც ახალი გენერალური გეგმის მიხედვით საკრებულომ დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ – საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭა, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვა გაიცა.

    აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რესტორნის აშენების შემთხვევაში, ტყე-პარკი კომერციულ ზონად იქცევა და ადგილობრივებს აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

    ადგილობრივების პროტესტს უპასუხა დედაქალაქის მერის მოადგილემ. მაია ბითაძე ამბობს, რომ გეგმა მხოლოდ რეკრეაციულ მიზანს ემსახურება. მოხდება მხოლოდ ტყე-პარკში არსებული შენობის გაუმჯობესება და მისი ფუნქციის შეცვლა. იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად საგამოფენო ცენტრის მოწყობა.

  • “გახარია უკვე ფოლკლორის გმირია–ბოროტი,საძაგელი და სისხლიანი“–ნიკა გვარამია

    შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას რუსთავი2–ის დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსს უძღვნის.
    “ბავშვები თამაშობდნენ ეზოს სტადიონზე 12-13 წლისები, ერთმანეთს “გახარიათი” ლანძღავდნენ.
    ასეა, გახარია დიდი ხანია გადააყენა ერმა. ის უკვე ფოლკლორის გმირია – ბოროტი, საძაგელი და სისხლიანი. სხვადასხვა საძულველ სახელებს არქმევენ: თვალთხარია, არგახარია… მალე ბავშვებსაც შეაშინებენ ძილის წინ, აქამდეც მივალთ.
    ასეთი რამ არასდროს არ დამართნია არც ერთ ადამიანს (არა მხოლოდ პოლიტიკოსს, ზოგადად არავის) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამაზე მძიმე განაჩენი არავისთვის არ გამოუტანიათ ქართველებს.
    “როცა ბავშვებს ხვდება ტყვია,გახარიას უხარია”, – ესაა ამ განაჩენის შინაარსი, ლექსად დაწერილი და კარგ და სუპერთანამედროვე მუსიკაზე დადებული. ამ განაჩენს უკვე ხალხი ღიღინებს ქუჩაში, სახლში, ოფისში, აბაზანაში. ეს უკვე ფოლკლორს გაცდენაა და იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებამ (და ვეჭვობ, მალე მწერლობაც) აიტაცა და ბოროტების პარადიგმას ძერწავს ამ პერსონაჟისგან.
    ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს და გინდ გადმოდგეს, ვეღარ გაცოცხლდება და უკვე მითოლოგიური მასშტაბის სიძულვილს ვერ ჩამოირეცხავს. ის ყოველთვის გამოიწვევს ძალადობის და სისხლის ალუზიებს, მისი სიმბოლო ყოველთვის იქნება ამოთხრილი თვალი – საზარელი ძალადობის ხატად უკვე ფოლკლორშიც და თანამედროვე ხელოვნებაშიც დალექილი.
    ეს ამბავი უკვე დასრულებული და შემდგარია. არაფერი აღარ შეცვლის. ფოლკლორიდან ვერაფერს ვერ ამოშლი, თეორიულად შეუძლებელია. არც ხელნაწერები (ხელოვნება, მწერლობა) იწვის, როგორც ცნობილია. ფოლკლორული ანტიგმირები და ბოროტი პერსონაჟები/პარადიგმები ძალიან ღრმად იბეჭდებიან ერის მეხსიერებაში.
    მოკლედ, გახარიას ისტორია დამთავრდა.“ – წერს გვარამია
  • რა მოხდება 18 ივლისს.რუსთავი 2 გამარჯვებისთვის ემზადება,ხელისუფლება ტელეკომპანიის ხალვაშისთვის გადასაცემად

    18 ივლისს, თბილისის დროით ზუსტად 12:00 საათზე სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ამ დღეს მოუთმენლად ელიან. ისინი თვლიან, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცემა.
    ტელეკომპანიის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 18 ივლისისთვის რუსთავი 2–ის ეზოში შეკრება დააანონსა. 

    “ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ რ2ს გადაიბარებს ქიბარი. ტყუილით ნუ ამხნევებთ და ბოლო იმედს ნუ აძლევთ სასოწარკვეთილ მომხრეებს: კი ვართ გაფარჩაკებული, მაგრამ რ2ს წავიღებთ და ამოვისუნთქავთო.

    ტყუილია! რ2 დარჩება იმ სტატუსკვოთი, როგორიც დღესაა. გავიმარჯვებთ აუცილებლად და სამართლიანობა იზეიმებს. სამართლიან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გადაახტება, ვერ გაბედავს და მორჩა. გაბედავს და მოხვდება მწარედ!

    18 ივლისს ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა! ვიკრიბებით რ2ის ეზოში (სანდრო ეულის 5ა), დღის 12საათზე! მოდით! მოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები! დიდი ზეიმი იქნება, გპირდებით!“– დაწერა ნიკა გვარამიამ ფეისბუქ გვერდზე.

    შეუძლია თუ არა სტრასბურგს “რუსთავი 2” მიაკუთვნოს ქიბარ ხალვაშს? – იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ კომპანიის, ან წილის მიკუთვნების საკითხებს, სტრასბურგი არ განიხილავს, შესაბამისად 18 ივლისს, ევროსასამართლო ქიბარ ხალვაშს ვერ მიაკუთვნებს “რუსთავი 2”-ს.
    „ამ შეკითხვაზე მარტივად გაგცემთ პასუხს. არა, სტრასბურგის სასამართლო არ და ვერ გადაწყვეტს, ვის ეკუთვნის ტელეკომპანია “რუსთავი 2” იმიტომ, რომ კომპანიის ან წილის მიკუთვნების საკითხი საერთოდ არ შედის მის კომპეტენციაში. ასეთი საკითხები არ განიხილება სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, დაირღვა თუ არა “რუსთავი 2”-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში. სასამართლოში სამივე ინსტანციამ განიხილა ეს საქმე და “რუსთავი 2” მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, თუმცა “რუსთავი 2”-მა და მისმა მფლობელებმა მიიჩნიეს, რომ მათი უფლებები ამ პროცესის განმავლობაში დაირღვა და სწორედ ამის დასადგენად მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, კერძოდ: სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.
    იურისტი აცხადებს, რომ “რუსთავი 2” დაობს იმაზე, თუ რამდენად ნეიტრალური და ობიექტური იყვნენ მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღების დროს და ასევე რამდენად იყო გადაწყვეტილებები დასაბუთებული. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, დავით ჯანდიერის თქმით, აქ იგულისხმება ის, რომ საქართველოში “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავა მიზნად ისახავდა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.
    იურისტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია თქვას ორი რამ, მათ შორის ის, რომ “რუსთავი 2”-ის მიმართ დარღვეული იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
    „სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია თქვას ორი რამ. პირველი, თქვა ჰქონდა თუ არა “რუსთავი 2”-ის და მისი მფლობელების უფლებების დარღვევას ადგილი და თქვა დაირღვა თუ არა შესაბამისი მუხლი და მეორე, მიაკუთვნოს თანხობრივი კომპენსაცია “რუსთავი 2”-ს და მის მფლობელებს. სასამართლოს შეუძლია თქვას და დაადგინოს როგორც ერთი, ორი ან სამივე მუხლის დარღვევა. ან თქვას, რომ საერთოდ არ ჰქონდა “რუსთავი 2”-ის და მისი მფლობელების მიმართულებების დარღვევას ადგილი, რასაც მე პირადად გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ვესწრებოდი სასამართლო განხილვებს და კარგად ვხედავდი რა ხდებოდა. არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ სტრასბურგმა მაგალითად იმსჯელოს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე. დაადგინოს დარღვევა და თქვას, რომ სხვა მუხლების განხილვა არც კი არის საჭირო იმდენად ნათელი არის სურათი. თუ კი მაგალითად სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, სახელმწიფო ვალდებული იქნება გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის მიკუთვნების შესახებ და ხელახლა განიხილოს “რუსთავი 2″-ის საქმე სტრასბურგის მიერ მითითებული დარღვევების გათვალისწინებით,”-განაცხადა დავით ჯანდიერმა.
    შეუძლია თუ არა ხელისუფლებას 18 ივლისს “რუსთავი 2” გადაუფორმოს ქიბარ ხალვაშს? იურისტი აცხადებს, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება მხარეებს დიდ პალატაში შეუძლიათ.
    „სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევაში, ხელისუფლებას არანაირ უფლება არ ექნება “რუსთავი 2” გადაუფორმოს ქიბარ ხალვაშს იმიტომ, რომ უბრალოდ აღარ იარსებებს ხალვაშისთვის საკუთრების დარეგისტრირების არანაირი კანონიერი კონვენციასთან შესაბამისი აქტი და წინაპირობა. ამ საქმის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, ასეთი შედეგი უნდა დადგეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაშიც. აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, როგორიც არ უნდა იყოს 18 ივლისის გადაწყვეტილება, ის მხოლოდ სამ თვეში შევა ძალაში გამოქვეყნებიდან და მხარეებს როგორც “რუსთავი 2”-ს ასევე მთავრობას, რომელიც არ იქნება კმაყოფილი გადაწყვეტილებით, ან ორივეს ერთად, ამ სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრონ. 18-ის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და უცვლელი გადაწყვეტილება,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.
    ამ დრომდე “რუსთავი 2”-ს სტრასბურგის დროებითი ღონისძიება იცავს, რომელიც არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებას რომ კომპანიაში შემოვიდეს. საია-ში, რომელიც “რუსთავი 2”-ის საქმეზე მესამე მხარედ არის წარმოდგენილი აცხადებენ, რომ დროებითი ღონისძიება მოქმედებას აგრძელებს იმ დრომდე სანამ სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში შევა.
    “სასამართლომ წინამდებარე საქმეში ჩათვალა, რომ არსებობდა გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე “რუსთავი 2”-ისთვის და სწორედ ამიტომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება. დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადას რაც შეეხება, სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებითი ღონისძიება მიღებულია შემდგომ შეტყობინებამდე, რაც გულისხმობს იმას რომ სასამართლოს შემდგომ მითითებამდე მოქმედებს დროებითი ღონისძიება. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება სტრასბურგის სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეზე დავა, დროებითი ღონისძიება მოქმედებას აგრძელებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიების მოქმედება კვლავ გრძელდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სახელმწიფო “რუსთავი 2”-ს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებს, სტრასბურგის სასამართლოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას და ამავდროულად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანობასა და ავტორიტეტს საფრთხის ქვეშ დააყენებს,“-აცხადებს საიას იურისტი ნინო ჯომარჯიძე.
  • “ცალკე მწვადის,ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს“–ნიკა მელია ევროპული საქართველოს ლიდერებს

    ნიკა მელია ევროპული საქართველოს ლიდერებს პასუხობს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მისი ქმედებებს აფასებენ და ამ შეფასებებში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.
    “საზოგადოებისთვის ცნობილია ოთო კახიძის განცხადება, სადაც ის წერს, რომ ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე. შემდეგ, ოთო კახიძის პათოსი სრულად გაიზიარა გიგა ბოკერიამ.
    ოთო კახიძეს, რომელმაც პროვოკატორად გამომაცხადა უაპელაციოდ, პასუხი გუშინვე გავეცი ერთ-ერთ პოსტის კომენტარებში და ვინაიდან მეტს აღარ ვაპირებ პასუხი გავცე მათ განცხადებებს, თქვენის ნებართვით გავიმეორებ იმას, რაც გუშინვე მოვახსენე ბატონ კახიძეს.
    დიახ, მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის.
    ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს.
    ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაოობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას – მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც „ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“.დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ.
    დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს.
    მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია – დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს!“– ამბობს ნიკა მელია.
  • ზელენსკიმ ტურისტებთან და თანამშრომლებთან ერთად ოდესაში ზღვაში იცურავა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ოდესის პლაჟზე დამსვენებლებთან და მისი ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ზღვაში შეცურა. მან გადაწყვიტა პირადად შეემოწმებინა ტემპერატურა შავ ზღვაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიდეო საკუთარ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა სათაურით: წყლის ტემპერატურის ინსპექტირება შავ ზღვაზე. ზღვაში შესვლამდე ზელენსკი და მისი გარემოცვა წყლის ტემპერატურას განიხილავენ, რომელიც მათი აზრით +22, +23 გრადუსია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ბოგდანი ამბობს, რომ წესით პრეზიდენტი დაზვერვაზე პირველი უნდა წავიდეს.
    ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება და განხილვა მოჰყვა.
  • გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი,რომლის მშობლები ბათუმი–ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ემსხვერპლნენ

    ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გარდაიცვალა ექვსი წლის ბიჭი, რომლის მშობლები ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ. ავარიისას 11 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის იყო 6 წლის ბიჭი და მისი 5 წლის და, რომელიც ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

    სხვა დაშვებულები კი ქობულეთის კლინიკაში რჩებიან. მათი მდგომარეობა ექიმების თქმით სტაბილურია. დაშავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

    შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი “მინივენი” შეეჯახა. რა გახდა ავარიის მიზეზი გამოძიება დაადგენს . გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ისრაელის მოქალაქე “აირზენას“ ბარგიდან ძვირფასი ნივთების დაკარგვაში ადანაშაულებს

    საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოსული ქალბატონი დალია ბარუხი ამბობს, რომ უკანა გზაზე, თბილისიდან თელავივში მგზავრობის დროს, ბარგიდან ოქროს ნაკეთობები დაკარგა. დალია ბარუხი ვარაუდობს, რომ ოქროს ნივთები სწორედ თბილისში დაიკარგა. არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ მას, იგივე ოქროს ნივთები ბარგში ჰქონდა შენახული, როდესაც თელავივიდან თბილისში მოემგზავრებოდა, საქართველოში ჩამოსვლისა და შემოწმების შემდეგ კი ყველა ნივთი ადგილზე დახვდა. თუმცა, როდესაც უკან თელავივში გაემგზავრა, ბარგის გახსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პატარა ჩანთა, სადაც ოქროს ნივთები ჰქონდა შენახული, გახსნილი, ხოლო ოქროს ნივთები დაკარგული იყო.

    დალია ბარუხი ამბობს, თელავივის პოლიციას უკვე მიმართა და ახლა პასუხს „აირზენასგან“ ითხოვს. დაზარალებული მგზავრი აცხადებს, რომ ნივთების დაკარგვის შემდეგ, სოციალური ქსელის რამდენიმე ჯგუფში დაწერა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც შეიტყო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და მსგავსი რამ ისრაელის სხვა მოქალაქეებსაც შეემთხვათ საქართველოში. „ოქროულობა მქონდა ჩადებული, ერთი რამე არ დარჩენილა. სიგარეტი მქონდა პაკეტით და ისიც გაუხევიათ და ისე დაყარეს. კრისტალის რაღაცები უყიდა დედამისს ჩემმა ამხანაგმა საჩუქრად და ისინიც წაუღიათ ყველაფერი. ბევრი რაღაცები წაუღიათ…

    მილიციაში რომ წავედი, ვუთხარი, არ დავადებ ხელს, ან ისრაელში მოხდა ან საქართველოში. აქედან რომ წავედი, ჩავდე და ხელი არ მოუკიდებია, საქართველოში რომ ჩავედი ყველაფერი ისე დახვდა და რომ ჩამოვედი საქართველოდან ისრაელში, ყველაფერი ანგრეული იყო,“- ამბობს დალია ბარუხი.

    ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტვირთების გადაზიდვას აკონტროლებს, გამოიკვლევს თუ რა მოხდა სინამდვილეში. „მთელი სამსახური მაქვს აეროპორტში, რომელიც მაგას მიხედავს. არიან სპეცსამსახურები, რომლებიც ამონიტორინგებენ მაგას. ყველა მხრიდან ვიდეოები დგას, თუ ვინმე რამეს მაიმუნობს, ვნახავ…. ეს შემთხვევა მილიონები ხდება საავიაციო გადაზიდვებზე. “აირზენას” რეისზეც ყოფილა ალბათ შემთხვევები, რასაკვირველია. თუ დავიჭერთ იმას, გადავცემთ პასუხისგებაში, გამოიკვლიონ და მერე თუ დადგება საკითხი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია ამაზე იქნება ცალკე მსჯელობა,“ – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

  • აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ საქართველოში.ვინ როგორ ხედავს მელიას პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამეს

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მისი პარტიის წევრების მიერ 20 ივნისის ღამეს და შემდეგ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს და განსხვავებულ პოზიციებს ეხმაურება:

    “მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა.

    ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.

    1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე.

    2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა.

    3. რა თქმა უნდა მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას.

    4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად.

    5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია.

    რაც შეეხება ბატონ მელიას,

    მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება.

    მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთოს პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე ივანიშვილის უადვილებს პროპაგანდას.

    ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია.

    ჩვენი საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს. ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში.“– წერს ბოკერია.

    ამ განცხადებას წინ უძღვოდა გიგი უგულავას განცხადება, რომელმაც თანაპარტიელს, ოთარ კახიძეს უპასუხა. ოთარ კახიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის ღამეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება:

    “შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ არის საჭირო ნახევარი სიმართლით ილაპარაკო. თვალი დახუჭო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც მოხდა და მოხდა არაერთხელ 20-21 ივნისს. არ გჭირდება თვალი დახუჭო და ენა ვერ მოიბრუნო იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე, რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია.

    დიახ, აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 10 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს;

    – პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. ნიკა მელიას გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თითქოს შოკისმომგვრელი სიმშვიდე ჩანს, ჯერ ერთი, არ ფარავს იმ პერიმეტრს, სადაც ზუსტად ამ დროს პოლიციასთან შეტაკება გრძელდება და მეორე, არ ცვლის იმ როლს, რომელიც ნიკა მელიამ ამ აქციაზე მანამდე ითამაშა.

    არცერთი მნიშვნელობის და სიმძიმის ბრძოლაში არ არის ზედმეტი დარჩე ადეკვატური და სამართლიანი.“– თქვა ვერძეულმა.

    ოთარ კახიძემ ვერძეულის პოზიციას “ობიექტურობის” საბურველში შენიღბული სახელისუფლო პროპაგანდის მესიჯბოქსი უწოდა:
    “სოფო ვერძეული აანალიზებს 20 ივნისის ღამეს და “მიუკერძოებელი დამკვირვებლის” სტატუსით სიმართლედ გვასაღებს მთავარ სახელისუფლო ჰედლაინს, რომ “აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი”.

    სინამდვილეში აქცია იყო მრავალათასიანი, ხოლო პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა დაახლოებით ასამდე (შეიძლება ოდნავ მეტი) მომიტინგე. მხატვრის სახლთან და გამზირზე მდგომ ადამიანებს არათუ ძალადობრივი განზრახვა არ ჰქონიათ, არამედ არც კი იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ზემოთ. არ ისმოდა რუპორის ხმა, არ იყო დამონტაჟებული მიკროფონი, ეკრანი და დინამიკები.
    თუ დავიჯერებთ, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, მაშინ ხელისუფლებას მართლაც ჰქონია ლეგიტიმური უფლება, დაეშალა მომიტინგეები. მაშინ გახარიას გადადგომის მოთხოვნა (რომელსაც “ობიექტურობისთვის” აყენებს სტატუსის ავტორი) კიდევ უფრო სადაო ხდება.

    სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგი:
    1. ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა სპონტანური პროტესტის სიმძაფრე და უნდა გადაეყენებინა თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე;

    2. შსს-ს არ უნდა გამოეყვანა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის რკინის ღობის გარეთ და ამით არ უნდა მოეხდინა მომიტინგეებთან ფიზიკური შეხების პროვოცირება;

    3. ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე;

    4. ხელისუფლებას არ უნდა დაერღვია პირობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების შესახებ და ცრემლსადენი გაზი არ უნდა ესროლათ მიტინგის უკანა რიგებში, საიდანაც არავითარი ძალადობრივი საფრთხე არ მოდიოდა;

    5. პოლიციას არ უნდა დაეწყო მიტინგის დაშლა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გაფრთხილების გარეშე;

    6. პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისეთი ტყვიები, რომლებიც აღწევს სხეულში და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას;

    7. პოლიციას არ უნდა ესროლა რეზინის ტყვიები თავის არეში, თვალებში და ახლო მანძილიდან;“ – დაწერა კახიძემ.

    გიგი უგულავამ კი საკუთარ თანაპარტიელს უპასუახა, რომ ახლა კინკლაობის და ხელის გაშვერის დრო არ იყო. იგულისხმება ნიკა მელიას ბრალეულობაზე საუბარი:

    სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა
    “9 აპრილის დარბევამდე ყველაზე დიდი ოვაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების მოწოდებას მოყვა. “აბა რა, ეგრე რა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება”- ისმის ხმები ფოფხაძის პარალელურად. 9 აპრილის შემდეგაც პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის, გადაბრალება. ამ მიმართულებით დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული ეგ ნაცადი ხერხი გახდა. პროტესტის მოტივისგან დამოუკიდებლად, მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები (ზოგჯერ ლეგიტიმური საფუძვლებითაც), მაგრამ არასდროს არაფერი გამოვიდა. რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა” – წერდა გიგი უგულავა.
  • რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში ვეღარ აღდგება–რუსი დეპუტატი

    “რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სავარაუდოდ ვეღარ აღდგება საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში. ვფიქრობ, თანდათანობით ურთიერთობები აღდგება, თუმცა ეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი სრულიად წარმოუდგენლად იქცევიან. ასე იყო ჩვენს კოლეგასთან, სერგეი გავრილოვთან დაკავშირებითაც, რომელმაც რა თქმა უნდა უხელმძღვანელა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას და იმ დარბაზში იმუშავა, სადაც უნდა ემუშავა, და თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო? “ – განაცხადა რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ რუსულ ტელეარხ Russia Today–სთან ინტერვიუში.
    სლუცკიმ დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებულ ინციდენტს გათვლილი პროვოკაცია უწოდა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქართულ სტუმართმოყვარეობასთან.
    “ძალიან ვწუხვარ. ურთიერთობები რთულია, თუმცა ამის მიუხედავად ისინი უნდა გავაღრმაოთ, ინციდენტების მიუხედავად კარგი და კეთილი უნდა ვეძებოთ.“– ამბობს სლუცკი.
  • ძლიერმა წვიმამ ქირაჩმუღლოში მოსახლეობა დააზარალა

    სტიქია სოფელ ქირაჩმუღლოში – ძლიერმა წვიმამ დააზიანა ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდით გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები ექმნებათ.

    მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღლოში ბოლო სამი დღეა ნალექია, თუმცა გუშინ ღამით წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივები დააზარალა

    ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ნალექის მოსვლის ეშინიათ. მათი თქმით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში სტიქიის სალიკვიდაციოდ ტექნიკა დაგვიანებით გააგზავნა.