Category: არქივი

  • “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. “ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცლა წარმოადგენს.

    მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი “რუსთავი 2”-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.

    ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

    “კურიერის” ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება” და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას.

    სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზიციაა არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება “კურიერის” და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე “რუსთავი 2,” არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

    მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს, გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა. ამ ბრძოლაში ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას არხის მოქმედ მენეჯმენტთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდა

    რუსთავი 2 რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

    შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელებულია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებ- გვერდზე უკვე ატვირთულია.

    საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია.

    ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ რეესტრში დაჩქარებული წესით  არხის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის შეცვლა დაახლოებით 1 საათის წინ მოითხოვა.

  • ნეტავ ყველა მეტნაკლებად მსხვილ პარტიას თავის ტელევიზია ჰქონდეს, მაგას რა აჯობებდა?-ცოტნე გამსახურდია

    ცოტნე გამსახურდია “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას  სოციალურ ქსელში ეხმაურება. გამსახურდია აცხადებს, რომ კრიტიკული მედიის არსებობა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია  ხელისუფლება კი  ცდილობს კრიტიკული აზრი ჩაახშოს.

    “ეს ოხერი, ასეთი დაბრმავებულები როგორ ხართ, რომ გვარამიას სიძულვილით ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა?!

    დიახ, რუსთავი 2 იყო და არის ჯერჯერობით ალტერნატიული, კრიტიკული აზრის ფორპოსტი (ვინც არ იცით რას ნიშნავს, დაგუგლეთ)! დიახ, ისინი არც მალავენ, რომ პარტიული ტელევიზიაა, და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ დღეს, ოპოზიციაში, მათი საქმიანობა ფასდაუდებელია! ხელისუფლება კი, როგორც თავის დროზე ნაციონალების მთავრობა, ცდილობს დაადუმოს ყველა კრიტიკოსი, და მოუსპოს ადამიანებს საკუთარ დანაშაულზე და უმოქმედობაზე ინფორმაციის მიღების საშუალება. დიახ, ნეტავ ყველა მეტნაკლებად მსხვილ პარტიას თავის ტელევიზია ჰქონდეს, მაგას რა აჯობებდა? გაიხსენეთ, რამდენი დაფარული, დანაშაულებრივი ფაქტის წინაშე შევიტყეთ რუსთავი ორისგან?! დანაშაულის, რომელიც ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ იყო ჩადენილი.

    მაგრამ საქმე იმაშია, რომ გვარამიას და ნაციონალების სიძულვილით დაბრმავებულ ხალხს არ ესმის: ხელისუფლებას რუსთავი ორის დადუმება კიარა, ჩვენი დაყრუება უნდა!”-წერს გამსახურდია. 

  • “არ დავემსგავსოთ ქოცებს: ნუ დავიწყებთ ევროპის და ევროპული ინსტიტუტების გინებას”-ზურაბ ჭიაბერაშვილი

    “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

    “არ დავემსგავსოთ ქოცებს: ნუ დავიწყებთ ევროპის და ევროპული ინსტიტუტების გინებას.

    გავითვალისწინოთ: ივანიშვილის მომხრეები ისედაც რუსეთისკენ არიან. თუ ახლა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებსაც ევროპაზე გულს ავაცრუებინებთ, პუტინს და ივანიშვილს სწორედ ეს უნდა.

    ემოციამ არ გადაგვძალოს.
    ივანიშვილს ვაჯობებთ. აუცილებლად. ჭკუით.

    P.S. დასავლეთ ევროპაში ჯერ ეროვნული სასამართლო ჰქონდათ და მერე შექმნეს სტრასბურგის თუ ლუქსემბურგის სასამართლოები. შენ საქმეს სხვა არ გააკეთებს”-წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

  • “ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“ – ნიკა გვარამია

    “სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“ – ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილების შემდეგ   გააკეთა.

    „რუსთავი 2″-ის თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი. მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას იმგვარს, რომ მე ჯობია რომ წავიდე, დავემორჩილები, სხვაგვარად, ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია ამ ეტაპზე. მარგამ მათ გადაწყვეტილებას, ადამიანურს, აუცილებლად დავემორჩილები, თუ ესე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდრე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არც ვიცით რა გადაწყვეტილება მიიღეს და ალბათ იტყვიან, მე მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, მანამდე მე არ ვაპირებ “რუსთავი 2”-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად, “რუსთავი 2-“ის მოწინააღმდეგე, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის დასავლურ ფასეულობებზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში, არ ვაპირებ. არც შემთხვევით არ მაცვია კამფულიაჟი, პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“ – განაცხადა გვარამიამ.

  • “სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა “რუსთავი 2″ დაუბრუნდება დამფუძნებლებს” – დვალი და აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ

    “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი 2-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

    “სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

    ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

    ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

  • „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით -თეა წულუკიანი

    „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

    „ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

    დაუშვებლად სცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. 6 ხმით 1 -ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხებათ მოსამართლეებს ურთმელიძესა და თოდუას. ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში

    გადაწყვეტილებას ერთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხიც, რაც შეეხება ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმცირესობაში დარჩენილი იმ ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში სასამართლიანი სასამართლოსი მისცა წინააღმდეგ ხმა. ევროპული სასასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი: მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილ იქნა როგორც: „სრულიად დაუსაბუთებელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

  • “გაოგნებული ვარ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით”-ნიკა გვარამია

    ამ წუთებში ნიკა გვარამ,ია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

    “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

    “რუსთავი 2”-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვტილება წარმოუდგენელია. მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ. მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი არასწორ ინტერპრეტაციას. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას.

    დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2″-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების. ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს საკითხი არის ღიად დაუსაბუთებულიო, მე ვიტყოდი, რომ სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმო მეორე პალატის გადაწყვეტილებას.

    მოვითხოვთ, არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, გადაფორმებული  კანონის დარღვევით და ერთი ადამიანის ინტერპრეტაციით ქიბარ ხალვაშზე ტელეკომპანია. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების და ამ უფლების გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდაღღვევა და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.”-განაცხადა გვარამიამ.

  • ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამია იქნება-ქიბარ ხალვაში

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    „არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

    იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი.

    ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

    მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

    ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

    ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

    ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ,“ – აცხადებს ხალვაში.