Category: არქივი

  • მეტრო შეფერხებით მუშაობს

    თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს, ტექნიკური პრობლემა    „სადგურის მოედანზე“ დაფიქსირდა, სადაც  მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს.

    შეფერხების მიზეზი სავარაუდოდ, კვლავ ელექტროსადენების დაზიანებაა, თუმცა ზუსტი განმარტება ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მხრიდან არ გაკეთებულა.

  • ვაშინგტონში “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

    სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვტილებას და რუსთავის 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვაშინგტონში აფასებენ. პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდიდან, ოპოზიციური მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს, განსაკუთრებით – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

    „მე მესმის, თუმცა მაშფოთებს ეს გადაწყვეტილება. ის გვაჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა საკმაოდ კომპლექსურია. ის პრობლემები, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწია. თუმცა მაშინ, როცა გადაწყვეტილება გასაგებია, მე მომავალზე ვდარდობ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკურებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ეს გადაწვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას, რაც ქვეყანას არ ეხმარება. ეს, სამომავლოდ არ მოახდენს კარგ გავლენას ქართულ დემოკრატიაზე და საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში”, – განაცხადა მან.

    სტრონსკი ამბობს, რომ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა.

    „გასულ თვეში ჩვენ ვიხილეთ, რომ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მოძებნოს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ვსაუბრობთ მედიაში ორ ყველაზე დიდ მოთამაშეზე და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს. ეს საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობ, საქართველოს, ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო“, – აცხადებს სტრონსკი.

    ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოახერხებს ამ პირობებშიც კი საკუთარი მესიჯის გახმოვანებს.
    „მედია გარემოში ამ დრომდე ცოტა მოთამაშე დომინირებდა და ახლა ერთი ხმის გამოკლებით, უფრო მეტ დომინაციას ვიხილავთ. ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი მესიჯები საზოგადოებამდე და ასევე ვიმედოვნებ, რომ სხვა მედია გამოცემები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლები არიან, შესძლებენ ამოავსონ ის სიცარიელეები, რომელიც [რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში] დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ის.

    მაკკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი, კურტ ვოლკერი საუბრობს კანონის უზენაესობის დაცვის და სასამართლო გადაწვეტილებისთვის პატივისცემის მნიშვნელობაზე, თუმცა დასძენს, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნება.

    „წლების განმავლობაში არსებობდა პრობლემები რუსთავი 2-ის საკუთრების გარშემო. კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთრების საკითხის განხილვისას, უნდა მიჰყვე სასამართლოს გადაწვეტილებას. ამას რა თქმა უნდა, ექნება შედეგები, მაგრამ უნდა მიჰყვე კანონის უზენაესობის პრინციპს. მეორეა, რომ საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. ვერ გექნება წარმატებული დემოკრატია, თუ მთელ ინფორმაციას, ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სასამართლოს ეს გადაწვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რაიმე სხვა უნდა შეიქმნას“, – ამბობს ის.

    თავისუფალი მედია, კურტ ვოლკერის თქმით, ყველა პოლიტიკური მოთამაშის ინტერესშია. ის ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს ამ მიზნისკენ წავიდნენ.

    „დაიცავით კანონის უზენაესობა, ყველა შემთხვევაში და ყველასთვის თანაბრად. იმუშავეთ ბევრი თავისუფალი ინფორმაციის და მედია სივრცის შესანარჩუნებლად და გამოჰყავით ეს პოლიტიკური შეჯიბრიდან. ყველა ქართველის ინტერესშია, იქნება ეს ქართული ოცნების თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. როლები იცვლება, ერთ დღესაც ქართული ოცნება ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შექმნისკენ უნდა იმუშაოს“, – თქვა მან.

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

    მალევე, ცვლილება რუსთავის 2-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა. მოგვიანებით, სალია რუსთავი 2-ის ოფისში მივიდა და ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა. გვარამიამ ახალ დირექტორთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თავად სალია კი ჟურნალისტებს განმეორებით, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება.

    წყარო: “ამერიკის ხმა”

  • აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და  მოქალაქე დააკავეს.

    „გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

  • ახალი სარჩელი რუსთავი2–ზე.ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ კომპანია მისია და არა ხალვაშის

    „გამარჯვებული საქართველს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 19 ივლისს რუსთავი 2-ის საქმეზე სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. საფუძველი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის დადებულია ხელშეკრულებაა, რომელის 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება. დოკუმენტში საუბარია, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი2–თან დაკავშირებულ გარიგებებში ნომინალური პირია და ის ირაკლი ოქრუაშვილს წარმოადგენს.

    ამ დოკუმენტის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ კიდევ 2015 წელს ალაპარაკდა, თუმცა ეს საკითხი დავიწყებას მიეცა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შემდეგ კი ოქრუაშვილმა გადაწყვიტა რუსთავი2–ზე პრეტენზია ოფიციალურად განაცხადოს. „მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისგან 7.700.000 (შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი მიიღო სესხის სახით. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნული თანხის 10%-იანი სარგებელთან ერთად სრულად დაუბრუნებს ირაკლი ოქრუაშვილს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა“. – წერია დოკუმენტში.

    ამ დოკუმენტის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მეშვეობით შეიძინა ტელეკომპანია რუსთავი 2. “მხარეები ადასტურებენ რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაში სსახელითა და მეშვეობით, (აგრეთვე ამ უკანასკნელის საკუთრებაში და კონტროლქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით) შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ტელეკომპანია რუსთავი2–ის 100%–იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით, შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი2–ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2–ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი2-თან დაკავშირებულ არცერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. “–ნათქვამია დოკუმენტში.

  • ვფიქრობ, ქართველი ხალხი არ შეეგუება ისეთ საზოგადოებას, სადაც ვერ შეძლებენ გამოხატონ საკუთარი აზრი – კურტ ვოკერი “რუსთავი2”-ის საქმეზე

    „რუსთავი 2”-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და უკრაინაში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოკერი ეხმაურება. “კურიერთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ქართველ ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს თავისუფლების მიმართ და ასეთ ვითარებაში დამოუკიდებელი მედია ვერ გაქრება.

    კურტ ვოკერი ასახელებს იმ სამ მთავარ პრინციპს, რომელსაც ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – ესენია კანონის უზენაესობის პატივისცემა, დამოუკიდებელი სასამართლოს და თავისუფალი მედიის არსებობა. „მნიშვნელოვანი რამ, დემოკრატიისთვის არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა, ვერ გექნება ის რომ ყველა მედიას ერთი შეხედულება ჰქონდეს.

    ეს არ არის ჯანსაღი რამ დემოკრატიისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესშია ჰქონდეს დამოუკიდებელი მედია. თუ “რუსთავი2” შეიცვლის სარედაქციო ხაზს ეს არ ვიცით, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე რას გააკეთებს კრიტიკული მხარე და ოპოზიციაო იმისთვის, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი საზოგადოებაში. თუ გადავხედავთ, საქართველოში არსებობს სურვილი ისეთი მედიის, რაც ალტერნატიულ მოსაზრებებს ასახავს. დარწმუნებული ვარ რაც არ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების შემდეგა მის სურვილი საქართველოში კვლავ იქნება.

    ვფიქრობ, ქართველი ხალხი არ შეეგუება ისეთ საზოგადოებას, სადაც ვერ შეძლებენ გამოხატონ საკუთარი აზრი, სხვადასხვა შეხედულება. არ იქნება ალტერნატიული მედიასაშუალებები, ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს თავისუფლების დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ვხედავთ ამას აქციებზე. არ არსებობს შესაძლებლობა,რომ ასეთი მედია საქართველოში გაქრება,“-ამბობს ვოკერი.

  • ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული ტელეარხი ყოფილიყო-ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი  სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის” საქმეზე  მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

    როგორც სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა  წერს, ლავროვს რუსთავი 2-ის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

    კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი ყოფილიყო, ლავროვმა უპასუხა:“ მე ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული არხი ყოფილიყო“.

  • არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი2–თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

    არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი2–თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:
    ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

    გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

    არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

    ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

    ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება.

    საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

    მედიის განვითარების ფონდი

    საზოგადოება და ბანკები

    საქართველოს ატლანტიკური საბჭო

    მწვანე ალტერნატივა

    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

    საქართველოს გაეროს ასოციაცია

    ღია საზოგადოების ფონდი

    ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

    სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი