Category: არქივი

  • “შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს“–ნიკა მელია

    რუსთავი2–ში განვითარებულ პროცესებს ნიკა მელია ფეისბუქის სტატუსით აფასებს:
    “პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს.

    რუსთავი 2-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს.

    ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს.“– წერს მელია.
  • ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველო მე-5 კალათაში მოხვდა

    2021 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო მეხუთე კალათაში მოხვდა. მასთან ერთად არიან მონტენეგრო ისრაელი და ბელგია.

    კენჭისყრა მიუნხენში 22 ივლისს მიუნხენში გაიმართება. შეგახსენებთ, შესარჩევ ეტაპზე 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ევრობასკეტზე 24 გუნდი გავა. როგორც იცით, 2021 წლის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა, შესაბამისად ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება გარანტირებული აქვს და შესარჩევი ეტაპი მხოლოდ ფორმალობაა.

    2021 წლის ევრობასკეტის მატჩები საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში გაიმართება.

  • საქართველოს საელჩო საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს

    საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ამ ეტაპზე საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა. 

    საქართველოს საკონსულო მოუწოდებს საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში  დარეკონ მითითებულ ცხელ ხაზზე: + 30 699 577 9793 ; 210 748-91-80, 210 771-13-17

    შეგახსენებთ, რომ  საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს მოხდა. 5.3 მაგნიტუდის ბიძგები ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ათენიდან 22 კმ-ში დაფიქსირდა.

  • „არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ” – ლუბა ელიაშვილი

    „არ დატოვოთ და არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ. აკეთეთ თქვენი საქმე პატიოსნად, როგორც კი ხელს შეგიშლიან, ხმამაღლა თქვით ეს ყველაფერი, გახადეთ იძულებული, როგორც ნიკასთან მოუწიათ, ისე გაგაგდონ თქვენ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ თქვენ,“ ეს განცხადება ჟურნალისტმა, ლუბა ელიაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    ელიაშვილი  „რუსთავი 2″-ის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  როდესაც ტელევიზიას აქვს მაღალი რეიტინგი და მფლობელი მაინც მის გენერალურ დირექტორს ცვლის, ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ტელევიზია ბიზნესი იყოს და მას აქვს პოლიტიკური მიზნები. 

    „ნიკა გვარამია შესანიშნავი წარმატებული მედია შექმნა, ცხადია ყველასთვის, ეს მან იცის, თუ იცის, მაშინ რატომ ცვლის. ქიბარ ხალვაში არის სრულიად დამოკიდებული იმ ადამიანზე, ვისაც ღიად გამოუთქვამს სურვილი „რუსთავი 2-ის“ დახურვის და ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მოვა დრო, როდესაც ეს სტაფი, რომელიც დღეს აქ არის და ნიკა გვარამია, დასჭირდება ქიბარ ხალვაშს იმისთვის, რომ თავი შეინარჩუნოს და დაიცვას იმ ადამიანისგან, ვისზეც ჰგონია, რომ დღეს თუ საქმეს აკეთებს სამუდამოდ დაიმეგობრებს. ბიძინა ყველას თავის მეგობარს ბოლოს ემტერება,“ – განაცხადა ელიაშვილმა.

  • ნანა ლეჟავა თუ ნათია ლაზაშვილი.რუსთავი2–ის საინფორმაციოს უფროსთან დაკავშირებით ივანიშვილის კარზე აზრთა სხვადასხვაობაა

    რუსთავი2–ის მფლობელად ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირებისა და ახალ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნის შემდეგ ოფიციალურად ითქვა, რომ არხზე სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ნიკა გვარამიას გარდა ახალი მფლობელი სამსახურიდან არავის გაშვებას არ აპირებს. თუმცა ეს განცხადება რეალობას არ შეესაბამება. ინფორმირებული წყაროს ცნობით სახელისუფლო გუნდში რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი უკვე შერჩეულია და ნოდარ მელაძის გაშვება მხოლოდ დროის და იურიდიული ტექნიკის საკითხია. რუსთავი2–ის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ივანიშვილის გუნდში მუშაობენ. თავდაპირველად საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნათია ლაზაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, რომელიც წლების წინ რუსთავი2–ის სახე იყო, შემდეგ ივანიშვილის მეცხრე არხში მუშაობდა. არხის დახურვის შემდეგ კი მთავრობის პიარსამსახურში გადავიდა და დღემდე იქ მუშაობს.

    ლაზაშვილის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო, ბოლო მომენტში კი მის ნაცვლად ნანა ლეჟავას დანიშვნა გადაწყდა. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა ივანიშვილის გუნდში ამ თემაზე კვლავ არსებობს.  ნანა ლეჟავა იმედის საინფორმაციოს უფროსია, თუმცა ბოლო დროს მხოლოდ ფორმალურად. იმედს ამ ეტაპზე მთლიანად ლაშა ნაცვლიშვილი და მისი გუნდი აკონტროლებენ, რომელთანაც ნანა ლეჟავას ურთიერთობა ვერ აეწყო. ბოლო ვერსიით მას რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადაიყვანენ. ამ გადაწყვეტილებამ როგორც ამბობენ ნათია ლაზაშვილი გაანაწყენა, თუმცა მას ქიბარ ხალვაშის არხზე  სავარაუდოდ სხვა ფუნქციას გამოუძებნიან.

  • საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა-მოსახლეობა პანიკაშია

    საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5.3 მაგნიტუდის ბიძგები ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ათენიდან 22 კმ-ში დაფიქსირდა.
    დედაქალაქში ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ხალხი პანიკაში ჩავარდა. მოსახლეობა მომხდარის შემდეგ ქუჩებში გამოვიდა. მიწისძვრამ ათენში დააზიანა ელექტროგადამცემი და სატელეკომუნიკაციო ხაზები, რის გამოც მოსახლეობა ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.
    სოციალურ ქსელში საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები წერენ, რომ ასეთი მიწისძვრა მათ არ ახსენდებათ, მათი გადმოცემით, დედაქალაქში პანიკა ამ დრომდე იგრძნობა.
    ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ  ინფორმაცია არ ვრცელდება.
    საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს დაფიქსირდა.
  • მსუქანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან- სასულიერო პირის განცხადება რის შემდეგაც სცენიდან გადმოაგდეს (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ბრაზილიელ სასულიერო პილის ქალი სცენიდან აგდებს. როგორც ირკვევა ქალის გაღიზიანება სასულიერო პირის განცხადებამ გამოიწვია.

    “მსუქანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან”, ასე განაცხადა ბრაზილიელმა სასულიერო პირმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სცენიდან გადმოვარდნის შედეგად ის არ დაშავებულა. დაახლოებით 50 ათასი ადამიანი უყურებდა, როგორ “გადმოფრინდა” ის სცენიდან. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს ქალი მენტალური პრობლემებით იტანჯება.

    ინციდენტი სან პაულოში მოხდა. ეკლესია ტვიტერზე წერს, რომ ქალი უკვე დაკავებულია. „მამაო ამ შეტაკებისგან არ დაზარალებულა, ჩვენ მისთვის ვლოცულობთ. საბედნიეროდ, მღვდელს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ მესის გაგრძელება შგვიძლია“, – ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.

  • აგვისტოს ომის მსხვერპლი გივიკოს ემოციური ისტორია

    11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, თუმცა მისით დაზარალებული ადამიანების ისტორიები გრძელდება. “ინდიგო” აქვეყნებს ისტორიას გივიკოს შესახებ.

    13 წლის გი­ვი­კო წვე­რა­ვას გადარჩენას დედამისი შეეწირა. მისი ისტორია ხალხისთვის ცნობილია, თუმცა ის რასაც ახლა იხსენებს, მაინც მძიმე და ემოციური წასაკითხია:

    სიზმრებში ვხედავ დედაჩემს და მეღვიძება. გული მიჩქარდება, ვეღარ ვიძინებ ხოლმე. იმ მომენტს ვხედავ, თვითმფრინავი რო გადაგვაფრინდა თავზე. ყვირილის ხმა მესმის, გარშემო სუ მტვერია. მერე უცბად დედას ვხედავ, სისხლიანია ყველაფერი.

    მარტო ჩემ თავში ვიხსენებ. მეგობრებმა იციან რო არ უნდა ისაუბრონ ამაზე. გაფრთხილებული მყავს.

    პირველი ბომბი რო ჩამოაგდეს ბინის წინ, ქალებს მოხვდათ. ჩვენ გავრბოდით, სარდაფში უნდა ჩავსულიყავით. სადარბაზოს სარდაფი დაკეტილი დაგვხვდა და გვერდზე წავედით. ეზოში ქალები დავინახე, სულ სისხლში იწვნენ, ვიღაცეები ყვიროდნენ. დედაჩემმა თვალებზე ამაფარა ხელი, უკან გავიქცეთო.

    თავზე გადაგვიფრინა თვითმფრინავმა ამ დროს. დედა ჩამეხუტა. ბომბი რო ჩამოვარდა, წნევამ ორივე გაგვისროლა. თავში მოხვდა დედას ნამსხვრევი, მე ფეხში. რო არ გადამფარებოდა სახეში მომხვდებოდა. მახსოვს სისხლში ჩამივარდა ტელეფონი.

    დედასთან მივხოხდი და გავითიშე. მანქანაში მოვედი აზრზე. ჯარისკაცებმა წამომიყვანეს. სულ ვითიშებოდი. თვალს რო ვახელდი მამხნევებდნენ, არაფერიაო. დედა როგორ არის-მეთქი და კარგადააო. ამ დროს ყველაფერი დავინახე, დედაჩემი ჩემ გვერდზე იწვა. ვიცოდი, რაც მოხდა, მარა არ მინდოდა მეფიქრა რო ესე იყო.

    ჰოსპიტალში იმან გამომაფხიზლა, რო თქვეს ფეხი უნდა მოვაჭრათო. ყველა სისხლძარღვი და ნერვი გადაჭრილი აქვსო, ძვალიც გახვრეტილი იყო. ის დიდი ბომბის ნამსხვრევი ფეხში მქონდა გარჭობილი. რო ვუყურებდი გული მიმდიოდა. სამი თუ ოთხი საათი ვიწექი ეგრე. მახსოვს მამაო მოვიდა და ზეთი მცხო. მერე თვითმფრინავმა გადაიფრინა იქაც და გარბოდა ხალხი. მეშინოდა, მაგრამ ვერავის ვერ ველაპარაკებოდი. საკაცეზე ვიწექი, საწოლი აღარ იყო. ჯარისკაცები იყვნენ იმდენი დაჭრილები. მომენტებში ვითიშებოდი ტკივილისგან, სისხლსაც ბევრს ვკარგავდი.

    დედაჩემის მეგობარი დავინახე იქვე, ექიმია და დავუძახე, მომხედე-მეთქი. ეგრევე მანქანა გააჩალიჩა და მე და ერთი ჯარისკაცი წაგვიყვანეს თბილისში. ორივე ფეხი ქონდა იმას მოჭრილი.

    ჟვანიას კლინიკაში შვიდსაათნახევარი მიკეთებდნენ ოპერაციას. ბომბის ნამსხვრევები ხო ცხელი იყო, მაგან მოწვა კანიც და სისხლძარღვებიც, სისხლი შეადედა, თორე დავიცლებოდი სისხლისგან. მთავარი არტერია გადაჭრილი მქონდა.

    თვითმფრინავის ხმას რო გავიგებდი ცუდად ვხდებოდი, გული მიჩქარდებოდა, ფეხი მიხტუნავდა თავისით. ფსიქოლოგებმა გამომიყვანეს, თორე ხანდახან ნემსებით მთიშავდნენ ხოლმე.

    ბებიაჩემს თავიდან ვეუბნებოდი, წადი, დედაჩემთან იყავი-მეთქი. ვითომ მჯეროდა, რასაც მეუბნებოდნენ, საავადმყოფოშია ისიც და უკეთ არისო. მაგ მომენტებში მეც ვაჯერებდი თავს რო ცოცხალია. მერე ბებო “პროფილში” უნდა გამოსულიყო, ეგრე შემთხვევით არ გაიგოსო და ნათესავს თხოვა შენ გააგებინეო. შემოვიდა თუ არა, ვიცი-მეთქი, აღარ ვათქმევინე. გადავბრუნდი და ჩემთვის ვტიროდი ჩუმად.

    ჟვანიაში ბევრი ხალხი მოდიოდა, უცხოები, გვეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ. ჩემმა ექიმმა თვითონ წამიყვანა ოპერაციაზე გერმანიაში. ეგ თვითმფრინავში ასვლა ჩემთვის საშინელება იყო. წამლები დამალევინეს და ეგრე გავუძელი იმ შიშს. ბებო ვერ წამოვიდა, მაგის და გამყვა.

    გერმანიაში ყველაზე ნათლად მახსოვს ფეხი რო დამადგმევინეს პირველად. ისეთი ბედნიერი ვიყავი, პატარა ბავშვივით მიხაროდა. მეტი არაფერი არ მახსენდება ხოლმე. მალე მინდოდა ჩამოსვლა. მეგობრებს ტელეფონით და სკაიპით ველაპარაკებოდი. სუ მირეკავდნენ.

    ეზოში რო შემოვედი პირველად, ძალიან უცნაური განცდა მქონდა, თან ძალიან მწარე იყო იმის გახსენება, თან მიხაროდა.

    სხვანაირი დამხვდა აქაურობა. ხალხიც შეიცვალა. ზოგი გაგიჟდა საერთოდ, რაც ნახეს როგორ ეყარნენ ქალები, ხელები, ფეხები, სუ აქეთ-იქით ეგდო.

    სუ ჩემთან იყვნენ მეგობრები, სანამ სკოლაში წავიდოდი. პირველ დღეს ტორტი გამიკეთეს. ბევრჯერ ცრემლებიც წამომსვლია იმაზე, რო არ მინდოდა ამხელა ყურადღება და შეცოდება.

    ფეხზე მეუბნებიან მადლობელი არ ხარ, დაჟე ესე რო დადიხარო? გაჭედილია სახსარი, გრძნობა არა მაქვს მაგ ფეხში. ხელოვნური ვენები რო ჩამიდგეს, ფიზიკურ დატვირთვაზე ეგრევე მტკივდება და ათი დღე, ორი კვირა ვწვები ხოლმე. სამსახურში ამდენი ხანი ვინ დაგელოდება. ერთი, ათი სამუშაო მაქვს გამოცვლილი. ბოლოს თევზის ქარხანაში ვმუშაობდი. ხუთასი კილო თევზი გამომქონდა ყოველ დღე. მიწერია დატვირთვა კი არა, ფეხის გაციებაც არ შეიძლებაო. არ გამოდის ეგრე, ვიწექი მერე ერთი თვე.

    ორჯერ ჩავაბარე, არ დამაფინანსეს და გამოვიტანე საბუთები. აქედან წასვლას არ ვაპირებ, ბებოსაც ვერ დავტოვებ.

    მიყვარს ეს ადგილი. სადმე რო მივდივარ სულ მენატრება ხოლმე. იმ დღეს მახსენებს, მარა დედაჩემის საფლავია, ის ადგილიც აქაა, სადაც გადამეფარა და გადამარჩინა. მაგიტო მენატრება ხოლმე.

  • ლარი კვლავ რეკორდულად გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით ერთი დოლარი 2 ლარი და 87 თეთრია. კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში გაცვლით კურსი კიდევ უფრო მაღალია. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი 2.89 ლარი ღირს.

    საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.92 ლარს აღწევს. 1 აშშ დოლარს 2.93 ლარად ყიდის თიბისი ბანკი.

  • ვაპირებ 80% გადავუფორმო 10 მებრძოლ ჟურნალისტს- რა გეგმები აქვს ოქრუაშვილს

    ირაკლი  ოქრუაშვილის უახლოეს გეგმებში “რუსთავი 2”-ის დაბრუნება და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმება  შედის.

    ოქრუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს ღამე დაბრუნდება და იმ ჟურნალისტებს შეხვდება, ვისაც წილს გადაუფორმებს.

    ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა. როგორც  თავდაცვის ყოფილი მინისტრი  აცხადებს,  წილების გადაფორმების შემდეგ ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ტავად იბრძოლებენ. ვინ იქნებიან მის სიაში ოქრუაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. 

    “მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო.

    კარგად მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შეიძლება კითხვა უჩნდებოდეს, მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის და რაზეც ვდავობ, ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად, იმისთვის რომ “რუსთავი2” არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილო კორეას.

    ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას, მონახაზი მაქვს ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს დაახლოებით 80%,“-აცხადებს ოქრუაშვილი.

    ოქრუაშვილი აცხადებს, რომ  ქიბარ ხალვაშს მისი ვალი აქვს.  დავა მიმდინარეობს ფინანსურ ნაწილზე, თუმცა ქიბარ ხალვაში დოკუმენტს აცხადებს ყალბად და არ ცხადდება სამხარაულში,რომ დადგინდეს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა.

    ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში ვერ შეძლებს ამ დოკუმენტის ყალბად გამოცხადებას. ხელშეკრულების ნამდვილობას   ხალვაშის ადვოკატი და “რუსთავი2”-ის ახალი დირექტორი გამორიცხავს და მას ყალბს უწოდებს.