Category: არქივი

  • ზუგდიდში ტაძრის ეზოში სუფრა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

    ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრა გაშალეს და ქვიარ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები ააგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Livepress-ი ავრცელებს.

    “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ხელმოწერებს აგროვებს. საინიციატივო ჯგუფი ასევე ითხოვს ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას.

    საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ უკვე მესამე დღეა რაც ხელმოწერებს აგროვებენ, ტრაპეზი კი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით და ბიზნესმენ გიორგი ბერიშვილის ფინანსური დახმარებით ჩაატარეს.

  • ირანმა ორი ბრიტანული ტანკერი დააკავა

    ირანმა ორი ბრიტანული ტანკერი დააკავა. შემთხვევა ორმუზის სრუტეში მოხდა. ერთი ხომალდი მალევე გაათავისუფლეს, მეორე კი ამ დრომდე ბენდერ-აბასის პორტში რჩება.

    ოფიციალური თეირანის განმარტებით, ტანკერი სათევზაო ხომალდთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. ბორტზე ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფება.

    თეირანის მტკიცებით, ისინი გემს გამოძიების დასრულებამდე ვერ დატოვებენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარს დაუშვებელი უწოდა და ირანს სერიოზული შედეგებით დაემუქრა, თუ ვითარება სწრაფად არ განიმუხტება.

    ირანთან დაძაბულობის გამო 2003 წლის შემდეგ პირველად საუდის არაბეთში სამხედრო კონტინგენტს აგზავნის პენტაგონი. ბაზაზე 500-ს ჯარისკაცს ელოდებიან.

  • მშენებლობაზე დაღუპულ 16 წლის ბიჭს დღეს დაკრძალავენ

    თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებლობაზე გარდაცვლილ 16 წლის გიორგი ბეშკენაძეს დღეს დაკრძალავენ.

    გარდაცვლილის დის, ეთერ ბეშკენაძის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიიდან სადაც არასრულწლოვანი დაიღუპა, ოჯახს არავინ შეხმიანებია.

    „არავინ გამოჩენილა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გარდა, რომლებიც დაკრძალვის ხარჯების დაფარვას დაგვპირდნენ„- ამბობს „პრაიმტაიმთან” ეთერ ბეშკენაძემ.

    გიორგი ბეშკენაძე თბილისში, მშენებლობაზე საკუთარ დაბადების დღეს გარდაიცვალა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი დაკავებულია.

  • სამოქალაქო პროტესტის 1 თვე.პარლამენტთან დღეს 19 საათზე აქცია გაიმართება

    სამოქალაქო პროტესტის 1 თვე. დღეს პარლამენტთან აქცია 19 საათზე განახლდება. ერთი თვეა სხვადასხვა ფორმით მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ 20 ივნისის ღამეს მშვიდობიანი მიტინგის დაშლისა და ადამიანების დაზიანების გამო. მთავარი მოთხოვნა – შს მინისტრის გადადგომა ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა.

    აქციების ორგანიზატორები მოქალაქეებს პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ:

    “1 თვის წინ, რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, ჩვენს პარლამენტში სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან უძღვებოდა.

    1 თვის წინ, შს მინისტრმა, გიორგი გახარია, მთავრობის უმოქმედობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული ადამიანების დარბევის ბრძანება გასცა. შედეგად, მივიღეთ დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, მედიის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებსაც სახლამდე სდიეს, სახეში აფურთხეს, მიჯრით ესროლეს და სცემეს.

    1 თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ, შს მინისტრ, გიორგი გახარიას ბრძანებით, გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წესის დარღვევითა და არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები დაუშინია თავის მოქალაქეებს, მათ შორის, 18 წლის მაკო გომურსაც, რომელმაც, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა.

    1 თვეა, რაც სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ადამიანები სხვადასხვა ფორმით ითხოვენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და დატოვოს თანამდებობა.

    ბიძინა ივანიშვილი კი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის თვალის ამომთხრელი მინისტრი გმირი და “მაგარი კაცია”.

    “გავრილოვის ღამიდან” ერთი თვის თავზე, გამოდი, თუ თბილისში ხარ, ჩამოდი, თუ არ ხარ, ან გადი იქ, სადაც ხარ! ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით, 19:00-დან, გამოდი ქვეყნის სამსახურში!“ –ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.

  • 21-22 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

    უახლოეს დღეებში დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო თბილისში – უმეტესად უნალექო. 21 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი – 25-30 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოშიც ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსია, დღისით კი – 32-37.

    თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით 23, ხოლო დღისით 36 გრადუსი იქნება.

    22 ივლისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსია ნავარაუდევი.

    აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნება.

    თბილისში, 22 ივლისს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.

  • სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებში ხმა ზელენსკის პარტიას მისცენ

    ”ახალ ძალთა მოძრაობა” უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს- სააკაშვილი მხარდამჭერებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

    ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა.

    სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის უნდა მიეცეს შანსი, პარლამენტში უმრავლესობის ფორმირება მოახდინოს და თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია.

    ამასთან, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვების თანახმად, მის პარტიას ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის დაბალი შანსი აქვს.

    უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.

  • რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

    რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი, დავით დვალი საქართველოს პროკურატურას მიმართავს და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ურჩევს.  “ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის – მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2.“ – ამბობს დვალი.

    დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი2–ის დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურაში წლებია ჩივიან, თუმცა მათ საქმეს პერსპექტივა აღარ აქვს. სწორედ მათგან გადაიფორმა თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2–ის წილი. რუსთავი2–ის საქმის სასამართლო დავის პროცესში ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ თუ კომპანიას დაიბრუნებდა, მის 50%–ს დვალს და აქიმიძეს აჩუქებდა, დავით დვალს კი დირექტორად დანიშნავდა, თუმცა რუსთავი2–ის დაბრუნების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა ეს დაპირება დაივიწყა. ირაკლი ოქრუაშვილი კი აცხადებს, რომ სინამდვილეში ქიბარ ხალვაში რუსთავი2–ის მფლობელი არასოდეს ყოფილა. ის მხოლოდ ნომინალური პირი იყო და სინამდვილეში კომპანია მას ეკუთვნოდა. ამ მიზეზით ოქრუაშვილი სასამართლოში ჩივის და რუსთავი2–ის დაბრუნებას აპირებს.

  • საქართველოში ბენზინი გაძვირდა

    ბენზინი ისევ გაძვირდა. ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე 5-5 თეთრით მოიმატა და ღირებულების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ზოგ შემთხვევაში ფასის მატება 15–20 თეთრს აღწევს. 

    ფასების მატებას ნავთობ-იმპორტიორები ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურებით ხსნიან და ფასების ზრდას მომავალშიც აანონსებენ.

    მოსახლეობის ნაწილი ბენზინის ფასის გაძვირებას ხელოვნურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფასების ზრდა ერთეული ადამიანების სასარგებლოდ ხდება.

    გაძვირება ფიქსირდება როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე.

    საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ იზრდება, ამიტომ ნავთობ-იმპორტიორები აცხადებენ, რომ ამ გაძვირების მიზეზი  ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.

    ეროვნული ვალუტა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა.

  • “რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო“–ნიკა გვარამიას პირველი განცხადება რუსთავი2–დან წასვლის შემდეგ

    რუსთავი2–ის დირექტორობიდან გათავისუფლების შემდეგ ნიკა გვარამია პირველ კომენტარს ფეისბუქ გვერდზე ვრცელი სტატუსით აკეთებს. ის რუსთავი2–ის თანამშრომელს, მაია ლომიძეს პასუხობს, რომელმაც მას ემოციური სტატუსი მიუძღვნა, მადლობა უთხრა ერთად გატარებული წლებისთვის და დაწერა, რომ ბედნიერია, რადგან გვარამია რუსთავი2–დან გავიდა დამარცხებული და არა ეროსივით მკვდარი. 

    “მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე – 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე.

    მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში – სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა – ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი. და ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი – რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.

    მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.

    მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.

    მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.

    მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.

    მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი – რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.

    მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.

    რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.

    რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს.“– წერს ნიკა გვარამია.
  • “იმედი მაქვს,რომელიღაც ცხოვრებაში კიდევ გამიმართლებს და მომიწევს შენთან ერთად მუშაობა“–ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას მიმართავს

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი2–ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს, რომელიც არხის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ორი დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა:

    “გუშინ სამსახურში მოვედი და არ დამხვდი. რა ვქნა, ჯერ ვერ ვაცნობიერებ რეალობას:) მინდოდა შენთვის პირადად მეთქვა რაღაცეები. მერე მოგწერე და მივხვდი რომ ისიც არ მეყო. მერე მაიკო ლომიძის სტატუსი ვნახე და “შემშურდა”, გულწრფელობის და სისწორის. ყველაფერი სიტყვა- სიტყვით დაუწერია რასაც ვფიქრობდი.

    ყოველთვის ვამაყობდი რომ ნიკა ტაბატაძის რ2-ში ვმუშაობდი. ჰარვარდ დამთავრებულივით ვიქცეოდი ამ მიზეზის გამო და ახლა უკვე ორი დიპლომით ვარ. შენთან მუშაობით დავამთავრე უნივერსიტეტი სადაც ვისწავლე:

    1. რომ ყოველთვის უნდა ვიბრძოლო.

    2. რომ ნებისმიერი უთანხმოების და კონფლიქტის მიუხედავად მთავარი საერთო ღირებულებებია

    3. რომ 800 კაციან გუნდში ყველა რგოლი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

    4. რომ თავისუფლებას ზღვარი არ აქვს.

    შენი იმედი მქონდა ყოველთვის. მაშინაც კი როცა ავად ვხდებოდი და იცოდე რომ შენი მეგობარი ვარ 4ever. იმედი მაქვს, რომელიღაც ცხოვრებაში კიდევ გამიმართლებს და მომიწევს შენთან ერთად მუშაობა.

    მე მაინც მჯერა რომ ყველა ერთად, სადღაც, ისევ ამოვხეთქავთ.

    #მადლობანიკა“– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.